შიშითა და კრძალვით მიუახლოვდნენ მონასტერს
შიშითა და კრძალვით მიუახლოვდნენ მონასტერს
ქვაბთახეველი მოწამენი
თითქოს მისი ერთი შემოსევა არ ეყოფოდა დასაქცევად ჩვენს ქვეყანას, თემურ ლენგმა რვაჯერ დალაშქრა საქართველო. ერთ-ერთი ასეთი შემოსევისას თათრებმა ლამის ნახევარი საქართველო მოითარეშეს, მოაოხრეს და გადაწვეს. "წმიდანი ეკლესიანი და მონასტერნი დააქცინეს და დაწვეს ცეცხლითაო", - მოგვითხრობს მემატიანე. მტერი მდინარე კავთურას სათავესთან მდებარე ქვაბთახევის ულამაზეს მონასტრამდეც მისულა: "მოიწივნეს ქვაბთახევს და იგიცა მოიცვეს და წარმოსტყუნეს".

ქვაბთახევის მონასტრისთვის იმ დროს უამრავ ხალხს შეეფარებინა თავი. იქ იყვნენ მახლობელი მონასტრებიდან გამოქცეული ბერ-მონაზონნი, მღვდელნი, დიაკონნი, გარშემო სოფლების მკვიდრი ერისკაცნი და გლახაკნი.

ერთხანს გაუძლო უთვალავ მტერს მონასტრის ციხიონმა, მაგრამ ბოლოს უთანასწორო ბრძოლაში დაეცა.

მონასტერში შეჭრილი მომხდური უმოწყალოდ ჟლეტდა დიდსა თუ მცირეს. სისხლით შეიღება იქაურობა.

თათრები ქართველთა ხოცვით რომ მოიქანცნენ, შეჩერდნენ, სული მოითქვეს, ტყვედ წასაყვანი ახალგაზრდობა გადაარჩიეს, დანარჩენები კი ერთად შეყარეს. მერე გართობა მოინდომეს, გამოიყვანეს მონაზვნები, აასხეს ტანზე "სამეჩანგონი შესასხმელნი", დაჰკიდეს ეჟვნები და იცეკვეთო, უბრძანეს. როდი ეშინოდათ სიკვდილისა ქვაბთახეველ დედებს, მაგრამ მათ ნებას თუ არ დავყევით, ვაითუ ახალგაზრდები ამოწყვიტონო და ამ საყოველთაო გლოვაში, ურჯულოთა მხიარული შეძახილების თანხლებით, "ფერხისა" ჩააბეს...

გართობით გული რომ მოიჯერეს, კვლავ მახვილი მოუღერეს ტყვეებს თათრებმა და რჯულის შეცვლა მოსთხოვეს. ვინც სულმოკლე აღმოჩნდა და ქრისტე უარყო, თან წაიყვანეს, ყოვლადწმინდა სამების ერთგულნი კი შეკრეს, ეკლესიაში შეყარეს და ცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლის ენები და სასიკვდილოდ განწირულთა გოდება ცას მისწვდა ("იყო ხმა მათი ვაებისა და ოხრებისა, ვითარცა ქუხილი ცისაო", - ბრძანებს ანტონ კათოლიკოსი). დამწვარი ხორცის სუნი საკმეველივით დატრიალდა გარშემო.

თანდათან მიწყდა მოწამეთა გმინვა-ვაება, გარეთ კი მტერი მონასტერს ანგრევდა.

როგორც იქნა, აიყარა თათრის ჯარი და სხვა მხარის დასარბევად წავიდა.

მტერი თვალს რომ მიეფარა, ქართველები, რომელთაც თავდასხმისას მიმალვა მოესწროთ, შიშითა და კრძალვით მიუახლოვდნენ მონასტერს, მიფანტ-მოფანტეს ნაკვერჩხალი და ტაძარში შევიდნენ. მტვერსა და ნაცარში მოწამეთა ძვლები ეყარა. ქართველებმა მოაგროვეს წამებულთა სისხლში აზელილი მტვერი და ნაცარი და უცნაური რამ დაინახეს: ეკლესიის იატაკზე მოწამეთა სხეულის ნაწილნი აღბეჭდილიყო. აგერ თავი, ხელები, ფეხები... ურვისგან გაქვავებული გულები კიდევ ერთხელ შეემუსრათ, ღვარად წამოუვიდათ ცრემლი... წაღები გაიხადეს, მუხლი მოიდრიკეს... ტაძარში ღვთის სადიდებელი საგალობელი გაისმა. მზის სხივი შემოიჭრა სარკმლიდან, თითქოს გამურულ კედლებზე დიდებული ფრესკების კვალს დაეძებსო, მერე იატაკს დაეცა და აელვარდა. მღელვარებისგან სუნთქვაშეკრულ ქართველებს მოეჩვენათ, თითქოს წამოდგნენ წმინდა მოწამენი, აკურთხებდნენ და განამტკიცებდნენ მიწაზე დარჩენილთ და თავიანთ ახოვან სულს შთაბერავდნენ - მრავალი მათგანი ხომ მტრის მომდევნო შემოსევას შეეწირებოდა, მათი უკვდავი სულებიც სხვა მოწამეთა დარად შეერთვოდა ზეციურ მხედრობას...

KARIBCHE

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. წესად იქცა, ქვაბთახევის მონასტრის ეკლესიაში უთუოდ ფეხშიშველნი ან საგანგებოდ შეკერილი რბილი ფაჩუჩებით შესულიყვნენ, რომლებიც ტაძრის წინკარში ინახებოდა. ვერავინ ბედავდა ამ ადათის დარღვევას. ეს ტრადიცია მაჰმადიან დამპყრობლებსაც კი დაუცავთ. პლატონ იოსელიანი ორ ასეთ ამბავს ჰყვება.

ერთხელ თურქეთის ფაშა, რომელსაც რეზიდენცია გორში ჰქონდა, კავთისხევის მთებში წასულა სანადიროდ. გზად მისთვის ქვაბთახევის მონასტერში ქართველთა წამების ამბავი მოუყოლიათ. ფაშამ თურმე სავანის მონახულება მოინდომა და მცველებთან ერთად მონასტრის გალავანს მიადგა. წინამძღვარი იმ დროს იქ არ ყოფილა. შეშინებული ბერები იქვე მყოფ ქართველ თავადს გაუმხნევებია და კარის გაღება უთხოვია. ბერებმა ფაშას შეწყალება სთხოვეს. მე თქვენი ვარ და თქვენ - ჩემი, რისი გეშინიათო, - დაამშვიდა თურმე თურქმა, - მოდით, მთელ საქართველოში განთქმული თქვენი ტაძარი მაჩვენეთო. ერთმა ძმათაგანმა, რომელმაც თურქული იცოდა, ჰკადრა დამპყრობელს: ჩვენ, დიდი სულთნის ქვეშევრდომნი, მორჩილნი ვართ ჩვენი სჯულისა; ერთსა გთხოვთ მხოლოდ - იმ ღვთის გულისთვის, ვის სადიდებლადაც არის აგებული ეს ტაძარი, დაემორჩილოთ ჩვენს ტრადიციას და მუსულმანთა სჯულის მიხედვით ფეხშიშველი შებრძანდეთო. თანახმა ვარო, - ბრძანა ფაშამ, ფეხთ გაიხადა და ორ ფეხშიშველა მხლებელთან ერთად შევიდა ეკლესიაში.

ტაძრის დათვალიერების შემდეგ ფაშამ უხვად დაასაჩუქრა მონასტრის ძმები.

მეორე ამბავი კი მეთვრამეტე საუკუნეში მომხდარა. ნადირ შაჰის ჯარი ქართლში ხარკის აკრეფისას თურმე ქვაბთახევის მონასტერსაც მიადგა, თუმცა შაჰს ეს არ უბრძანებია. მტრის რაზმს პავლე წინამძღვარი გამოეგება და ძვირფასი საჩუქრებით სცადა მეთაურის გულის მოგება - ოქროს თასი და ძვირფასი იარაღი მიართვა. მან თავდაპირველად თურმე იუარა, მაგრამ მერე მოლბა, ფეხზე გაიხადა და ისე შევიდა ტაძარში (შემდგომში ეს ხანი კახეთში, ლეკებთან ბრძოლისას დაიღუპა და უნებურად გაცემული ძღვენი თეიმურაზ მეორემ უკანვე დაუბრუნა მონასტერს).

სანამ თემურ ლენგი დაარბევდა, ქვაბთახევის მონასტერში დედები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი მამათა სავანედ გადაუკეთებიათ. პლატონ იოსელიანი წერს, რომ იმ ტრაგიკული დღის შემდეგ ქალებს არათუ ტაძარში, არამედ მონასტრის ტერიტორიაზეც კი არ ჰქონდათ ფეხის დადგმის უფლება. მონასტრიდან ერთი ვერსის დაშორებით მაჩვენეს ნანგრევები ქვის კედლისა, რომელიც ქალებს მონასტრისკენ მიმავალ გზას უკეტავდა; ასე მკაცრად იცავდნენ ამ წესს 1796 წლამდეო, - უთქვამს პლატონისთვის დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარს იოანეს.

KARIBCHE

მიუხედავად ჟამ-ჟამად დარბევისა, ქვაბთახევის მონასტერი მაინც დგებოდა ფეხზე და ძალას იკრებდა. მისთვის მრავალ მეფეს გაუწევია დახმარება. მათ შორის - ალექსანდრე I-ს (1412-1443), რომელსაც "მრავლითა ჭირითა და რუდუნებითა" აღუდგენია მონასტერი. XV საუკუნეში სავანეს დახმარებიან გიორგი მერვე, ავგაროზისძენი, ქვლივიძენი... მონასტერს არც მომდევნო საუკუნეებში მოჰკლებია მეფეთა თუ აზნაურთა მზრუნველობა. ბოლოს სავანე იმდენად მოძლიერებულა, რომ სიმონ მეფის გამოსასყიდად თურქებისთვის ოქროთი და ვერცხლით 70 000 ლევი გადაუხდია.

სხვათა შორის, ლუარსაბ II-მ (1606-1615) გიორგი სააკაძის დაზე ქვაბთახევში დაიწერა ჯვარი.

მეთვრამეტე საუკუნეში ლეკიანობამ კატასტროფის პირას მიიყვანა სავანე. წინამძღვრის რეზიდენცია კავთისხევში გადაიტანეს - მონასტერში ყოფნა უკვე საშიში იყო. პლატონ იოსელიანი მოგვითხრობს: 1799 წელს პატრიარქი ანტონ II სწვევია მონასტერს, თან 500 შეიარაღებული ქართველი ხლებია. გარშემო, ბუჩქებში, ლეკნი მიმალულიყვნენ, მაგრამ ამდენ ქართველზე თავდახმას როგორ გაბედავდნენო, - ბრძანებს მემატიანე. უწმინდესს ფეხთ გაუხდია, შესულა ტაძარში, მუხლი მოუდრეკია. ასევე მოქცეულა მისი ამალაც. ცრემლი სდიოდა თურმე პატრიარქს, ტიროდა და ისე ავედრებდა უფალს სამშობლოს, სავანეში ბერების დასახლება კი მომავლისთვის გადაუდვია.

მონასტერში მრავალი სიწმინდე იყო დავანებული. თვით ტაძარსაც ზოგიერთ წყაროში ვლაქერნისად მოიხსენიებდნენ. გადმოცემით, მონასტრის საფუძველში ჩაუტანებიათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ნაწილიო, - ბრძანებს პლატონ იოსელიანი. მისივე აღწერით, 1845 წელს ტაძარში დასვენებული ყოფილა თავი ხატი "მიძინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა", რომელიც მეფე არჩილს მოსკოვს თან წაუბრძანებია, იქ გაუმშვენებიათ და 1751 წელს კვლავ ქვაბთახევში დაუბრუნებიათ. აქვე ყოფილა ხატი ღვთისმშობლისა ჩვილედი, რომელიც გიორგი XI-ის თანამეცხედრეს ხორეშანს გაუმშვენებია. სხვა სიწმინდეებთან ერთად ტაძარში ყოფილა დაბრძანებული თომა მოციქულის თავის ქალა, წმინდა მოწამე ევგენის თავის ქალა, წმინდა გიორგის წვივის ძვლის ნაწილი, წმინდა თეოდორე სტრატილატის თითის ნაწილი და ქამარი, წმინდა დიდმოწამე ევსტათის წვივის ძვლის ნაწილი, წმინდა ნაწილი დიდმოწამე დიმიტრისა. აქვე მდგარა ვერცხლის პატარა კიდობანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულებით, სადაც წმინდანთა ნაწილები ინახებოდა.

მონასტრის მთავარი სიწმინდე ყოფილა პინაკი ანუ ლანგარი, რომელზეც აღასრულა უფალმა საიდუმლო სერობა. პინაკი დაფარული ყოფილა თხელი მოოქრული ვერცხლის ფირფიტებით, რომლებზეც სხვადასხვა ფიგურა გამოესახათ. ვერცხლს ქართული წარწერა ჰქონია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მოუჭედავთ. თვით ფიცარი ისეთი ძველია, ხელის მიკარებაზეც კი იმსხვრევაო, - ამბობს პლატონ იოსელიანი. გადმოცემით, პინაკი ბიზანტიიდან ჩამოუტანია ბაგრატ კურაპალატის მეუღლეს, ბიზანტიის მეფის ასულს ელენეს.

1735 წელს, ლეკების შემოსევისას, მონასტრის ეს სიწმინდენი მთებში გადაუმალავთ. ბევრი უძებნია მამა დოსითეოს ფიცხელაურს და 1809 წელს ქვით ოსტატურად ამოქოლილ მღვიმეში მიუგნია.

მონასტერში მრავალი ღირსი მამა მოღვაწეობდა. მოწიწებით შეგახსენებთ მათ წმინდა სახელებს. 1460 წელს მონასტერს წინამძღვრობდა ყვარყვარე ათაბაგის სიმამრი მამა გერმანე გიორგიყოფილი, 1517 წელს - სილიბისტრო მაღალაძე, 1568 წელს - დავითი, 1596 წელს - თომა ბერძენი. XVI საუკუნის საბუთებში იხსენიება არქიმანდრიტი ფილიპე ბარათაშვილი. ერთხანს მონასტერს წინამძღვრობდა იოანე ავალიშვილი, შემდგომში - მთავარეპისკოპოსი ტრიფილე, იმერელ თავადთაგანი, რომელიც შაჰ-აბასმა მოკლა 1617 წელს. წინამძღვართა ნუსხას განაგრძობენ დავით სააკაძე, იოსებ ნასიძე, რომელმაც ჯვარი დასწერა მეფე ლუარსაბსა და სააკაძის დას, აღაპიტე თარხნიშვილი, ნიკოლოზ ჩხეიძე, რომელმაც 1680 წელს ტაძრის წინკარი ააშენა. 1695 წელს წინამძღვრად ყოფილა მამა დიმიტრი, 1716 წელს - ნიკოლოზ II ავალიშვილი, შემდეგ - მამა ექვთიმე, მამა ქრისტეფორე, რომელიც მოხსენიებულია მეფე ბაქარის სიგელში, მამა პავლე, რომელიც 1739 წელს ლეკებმა მოკლეს. მისი გარდაცვალების შემდეგ მონასტერი დაცარიელდა და წინამძღვრის რეზიდენცია, როგორც ვთქვით, კავთისხევში გადავიდა. ძველ საბუთებში იხსენიებიან მამა იოანე და მამა ანტონი თარხნიშვილი, რომლებიც XVIII საუკუნეში მოღვაწეობდნენ. დიდად იღვწოდა მონასტრის კეთილდღეობისთვის არქიმანდრიტი ათანასე თარხნიშვილი. ამასთან ერთად, "ბრძოდა ძლიერად ლეკისა ჯართა" და მრავალგზის "გაიმარჯვა მათ ზედა". არანაკლები ღვაწლი მიუძღვით მომდევნო წინამძღვარს დოსითეოს ფიცხელაურსაც (1801-1810), რომელმაც განაახლა მონასტერი და "დაადგინა ბერები" და არქიმანდრიტ ტარასი ალექსი-მესხიშვილს (1854-1874), რომელზეც, ალბათ, ცალკე უნდა მოგითხროთ... აქვე გვსურს გავიხსენოთ ქვაბთახევში მოღვაწე მღვდელმონაზონი ნეოფიტე ვარდუაშვილი, რომელიც 1932 წელს ცემით მოკლეს ყაჩაღებმა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
19.12.2019
წმიდა ნიკოლოზი ღრმა სიბერეში, 342 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა.  დაკრძალეს იქ, სადაც მოღვაწეობდა – ქალაქ მირონ-ლუკიის (დღევანდელი ანტალია) საკათედრო ტაძარში.
08.12.2019
გივი ჩიღვინაძე
ახლახანს მიწისძვრისაგან დანგრეული ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის აღდგენა დაიწყო.
06.12.2019
როგორც კი ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის კარიბჭეს შეაღებთ მაშინვე თვალში მოგხვდებათ ლამაზად მოწყობილი ეზო, კარ-მიდამო.
19.10.2019
როგორც კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ტაო-კლარჯეთის კურაპალატების თაოსნობით საქართველოს ეკლესიური და კულტურული დამოუკიდებლობის მოპოვება,
01.10.2019
წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მამათა მონასტერი ცაგერის რაიონში მდებარეობს. VII საუკუნეში მოღვაწე წმინდა მამის საფლავიც იქვე, ტაძარში, გამშვენებულ ლუსკუმაშია ჩაბრძანებული.
17.09.2019
ჯვრის მონატრიდან დაღმართისკენ მიმავალი გზა წმინდა ნინოს სახელობის მცირე ტაძრისკენ მიუყვება.
23.08.2019
ქვემო რაჭაში,  ამბროლაურის ისტორიულ ცენტრში იმერეთის მეფეთა ყოფილი საზაფხულო  რეზიდენციის ტერიტორიაზეა აღმათულია მაჩაბლის ისტორიული კოშკი.
20.02.2019
რუის-ურბნისის ეპარქიის იეროდიაკონი ირინეოსი (შენგელია) ათონის ივერთა მონასტრის შესახებ მოგონებებს "კარიბჭის" მკითხველს უზიარებს.
13.02.2019
უწმინდესისა და ჩრდილოეთ ამერიკის მღვდელმთავრის, მეუფე საბას (ინწკირველი) ლოცვა-კურთხევით, არცთუ ისე დიდი ხანია რაც კანადაში, ვანკუერში მართლმადიდებლურ ტაძართან 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტერი დაფუძნდა,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.