ჩვენი ქვეყნის საგანძურის დიდი ნაწილი თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული და მის შესახებ ცოტა თუ ვიცით.
ამჯერად ჭყონდიდის მარტვილის მონასტრიდან შემონახულ სიწმინდეებს გაგაცნობთ.
მარტვილის მონასტერი დაარსებულია VI-VII სს-თა მიჯნაზე. გადმოცემით, აქ წარმართები თავიანთ კერპს - ჭყონდიდს (დიდი მუხა) დედისერთა ჩვილ-ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. მარტვილის ტრაპეზი სწორედ ამ მუხის ძირზეა დადგმული, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოქცევისას ანდრია პირველწოდებულმა სასწაულებრივად მოკვეთა. დიუბუა დე მონპერეს აზრით, დღევანდელი ტაძრის კედლებში ჩატანებულია მანამდე აქ მდგარი საკერპო სალოცავის ზოგიერთი ნაშთი.
VI-VII სს-ში, როდესაც აქ მოწამეთა (მარტვილთა) ეკლესია ააგეს და მონასტერი გაშენდა, მას მარტვილი ეწოდა. საეპისკოპოსო კათედრას ჭყონდიდის სახელი შერჩა.
X ს-ში აფხაზთა მეფე გიორგი II-მ აღადგინა ტაძარი.
მარტვილის მონასტერი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. აქ მოღვაწობდნენ ცნობილი მწიგნობარნი: იოანე მინჩხი - ჰიმნოგრაფი (X ს.), სტეფანე სანანოისძე (X ს.), გიორგი ჭყონდიდელი (XI ს.), იოანე მთავარეპისკოპოსი (XI ს.), იოანე მესვეტე (XI ს.), წმ. მღვდელმთავარი ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი (XVIII-XIX სს.), რომანოზ მესვეტე (XIX ს.), დავით ჭყონდიდელი (XIX ს.), გიორგი ჭყონდიდელი (XIX ს.) და სხვ.
მონასტერში იყო კრიპტერია - გადამწერ ბერთა სამყოფი. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები.
აქ მოღვაწეობდა დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და ერთგული მოკავშირე გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. ჭყონდიდლად იწოდებოდა თამარის დროის ცნობილი მოღვაწე ანტონ გლონისთავისძეც.
ჭყონდიდის მარტვილის მონასტრის სიწმინდეებიჭყონდიდის მარტვილის ეკლესიიდან ( X ს.) არის ტიხრული მინანქრით, ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს სამღვდელმთავრო გულსაკიდი ჯვარი-სანაწილე.
ჭყონდიდის მარტვილის მონასტრიდან (X ს.)გახლავთ ასევე აღდგომის სცენის გამოსახულებიანი პანაღია-სანაწილე. სანაწილე ოქრო -ვერცხლით, ტიხრული მინანქრით და მარგალიტებით არის გამშვენებული.
ხელოვნების მუზეუმში მარტვილის ეკლესიიდან (X ს.) კიდევ ერთი ტიხრული მინანქრით და ძვირფასი თვლებით შემკული სამღვდელმთავრო გულსაკიდი ოქროს ჯვარი-სანაწილეა.
შეგვეწიოს ჯვრის ძალა და მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს!