მალტიდან გატჩინაში გადასვენება ძელიცხოვლის ნაწილისა, ფილერმის ღვთისმშობლის ხატისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მარჯვენისა - 12 (25) ოქტომბერი
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
1798 წელს, როცა მალტა ფრანგებმა დაიპყრეს, მალტელმა რაინდებმა დაცვისა და მფარველობისთვის რუსეთს მიმართეს. 1799 წლის 12 ოქტომბერს მათ ეს ძველი სიწმინდეები იმპერატორ პავლე I-ს მიართვეს, რომელიც იმ დროს გატჩინაში იმყოფებოდა. ამ მოვლენის აღსანიშნავი დღესასწაული 1800 წელს დაარსდა. ძველი გარდამოცემით ფილერმის ღვთისმშობლის ხატი წმინდა ლუკა მახარებლის დახატულია. ის იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში ჩაიტანეს და ვლაქერნის ტაძარში დააბრძანეს. XIII საუკუნეში ხატი ჯვაროსნებმა გაიტაცეს და მას მერე იოანიტთა ორდენში ინახებოდა.