კლდეები - ქვის გიგანტები - დიდებულად გაქვავებულან მიწასა და ცას შორის, თითქოს შესაქმის წიგნის გადაშლილ ფურცელს წარმოადგენენო.
მეტეორაზე ასვლა დღეისათვის არც ისე ძნელია - მთაგორიან ფერდობებზე მიემართება საავტომობილო გზების სერპანტინები, ხოლო მონასტერში ასასვლელად კლდეებში გაჭრილია კიბე. მაგრამ ასვლის ყველა ეს მოხერხებული მეთოდი შედარებით ახალია, XX საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა. მანამდე მხოლოდ დაწნული კალათის ზევით აწევით და მხურვალე ლოცვით, რათა თოკი არ გაწყვეტილიყო, შეეძლო მსურველს მონასტერში მოხვედრა.
ისტორიული მონაცემების მოწმობით, პირველმა მოღვაწეებმა კლდოვან მღვიმეებში XI საუკუნიდან დაიწყეს დამკვიდრება. XI საუკუნის ბოლოს და XII საუკუნის დასაწყისში დუპიანის ანდა სტაგონის სკიტში ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ მცირე სამონაზვნო თემი თავისი საღვთისმსახურო ცენტრით - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრით. პირველი ორგანიზებული მონაზვნური კინოვია მწვერვალებს შორის დაახლოებით 1340 წელს დაფუძნდა ღირსი ათანასე მეტეორელის (1302-1380) მიერ. სწორედ მან მისცა ამ კლდეებს სახელწოდება "მეტეორა", რაც ნიშნავს "ჰაერში ჩამოკიდებულს, მიწასა და ცას შორის". მონასტრის მოწყობის საქმეში ღირსი ათანასეს თანამოსაგრე და მემკვიდრე გახდა ღირსი იოასაფი (1350-1423), წარსულში - იმპერატორ იოანე ურესის პალეოლოგი. ღირსი ათანასეს სავანე "დიდი პლატილიტოსი" ანდა "დიდი მეტეორა" ტყეში ყველაზე დიდ კლდეზე აღმართულა, სწორედ მისი ტიპიკონის განსაზღვრიდან იღებს სათავეს მთის სამონაზვნო "რესპუბლიკა" - წმინდა მეტეორა, რომელიც უცვლელად 600 წელი არსებობს.
ბერმონაზვნური რესპუბლიკის არსებობის მანძილზე მეტეორაზე არსებობდა ოცდაოთხი მონასტერი, მარტომყოფელების სენაკები, ასკიტარიები, სამლოცველოები, სკიტები, მღვიმეები, ქვაბულები, სვეტები. შეიძლება ითქვას, რომ მოსაგრეების ლოცვითა და შრომით აქ ნაკურთხია თითოეული კლდე, გამოქვაბული, ქვა. ზოგიერთმა მონასტერმა დღემდე მხოლოდ ნანგრევების სახით მოაღწია. ამჟამად მეტეორაზე ექვსი მოქმედი მონასტერია: ოთხი მამათა - დიდი მეტეორა (ფერიცვალების), ღირსი ვარლაამის (ყოველთა წმიდათა), წმინდა სამების და წმინდა ნიკოლოზ ანაპავსის (დამამშვიდებლის) და ორი დედათა - წმინდა ბარბარესი (რუსანუ) და წმინდა სტეფანესი. ძველად მეტეორაზე ქალების დაშვება აკრძალული იყო, ისევე როგორც ათონზე. მხოლოდ თურქთა უღელქვეშ ყოფნის წლებში შევიდნენ ქალები კლდოვან მონასტრებში, რათა მოთარეშე აგარიანთაგან ეხსნათ მართლმადიდებლური სიწმინდეები. ესენი იყვნენ ახლომდებარე დასახლებების მაცხოვრებლები, რომელთა შეუპოვრობის შედეგად ბევრი სიწმინდის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. ამის შემდეგ ქალებს წმინდა მწვერვალებზე დასახლების უფლება მიეცათ.
ლევან მათეშვილმა