21.08.2017
1921 წელს საქართველოდან გატანილი იქნა და 1945 წელს პარიზიდან დაბრუნდა ქართველი ერისათვის უმთავრესი სიწმინდე,წმინდა თამარ მეფის კუთვნილი გულსაკიდი ჯვარი.
ჯვარი რომ ნამდვილად მეფე თამარს ეკუთვნოდა, ეს ჩანს მის ზურგზე განაწილებული ქართული ასომთავრული წარწერიდან. ჯვარი გახლავთ ხალასი ოქროსგან დამზადებული, შემკული პატიოსანი თვლებით. წინა პირს ამშვენებს ოთხი ზურმუხტი, ხუთი ლალი და ექვსი მოვარდისფრო მარგალიტი, რომელიც დღემდე სიცოცხლეს ინარჩუნებს. ზურგზე დატანილია მუქი, შავი ფერის სევადით შესრულებული საქტიტორო ქართული ასო მთავრული წარწერა: "ძელო ჭეშმარიტო. ძალო ჯვარისაო შენითა წინა ძღრომითა, ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფეს და დედოფალს თამარს". მეფეთა მეფე თამარის სანაწილე გულსაკიდი ჯვარი XII საუკუნის II ნახევრის პოლიქრომულ-დეკორატიული სტილის გამორჩეული ქმნილებაა, რომელიც მხატვრული გადაწყვეტილი და შესრულების ოსტატობით მსოფლიო კულტურის საგანძურში კუთვნილ ადგილას იმკვიდრებს. ჯვრის წარწერიდან ნათლად ჩანს, რომ მასში თავის დროზე ძელი ჭეშმარიტის ნაწილები იყო დაუნჯებული. თამარი, მეფე და დედოფლის ტიტულატურით არის მოხსენიებული. ამიტომ ჯვარი მისი მამის გარდაცვალების შემდეგ უნდა იყოს შესრულებული. ჯვარი XII საუკუნის ბოლო მეოთხედს უნდა განეკუთვნებიდეს. ამ ჯვრისთვის როგორც ჩანს იმთავითვე შეუკვეთიათ ორ კარიანი შესანახი ბუდე, მის ერთ მხარეს ამოჭრილია ჯვრის ბუდე, რაშიც ჯვარი იდო. მის ორივე მხარეს ანგელოზები, ღმრთისმშობელი, იოანე მახარებლის ფერწერული ნახევარფიგურები გამოისახებიან. მეორე ფრთაზე პიეტაა. საინტერესოა სტავროთეკის ზურგის მეორე შემკულობა. ერთ მხარეს გამოსახულია პანტოკრატორის ნახევარფიგურა,ხოლო მეორე მხარეს 9 მედალიონია, ხუთი დიდი და 4 მომცრო, აქედან დიდ მედალიონებში გამოსახულია ოთხში მღვდელმთავრის ნახევარფიგურა. ცენტრალური გამოსახულება ბასილი დიდს ეკუთვნის..(ბასილი დიდს აქვს ტიხრული მინანქრითვე შესრულებული განმსაზღვრელი წარწერა) შემდეგ მოდის გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, წმინდა ანტონი. მეხუთე ფიგურა იონაე მახარებელს გამოსახავს. ამათ განმსაზღვრელი წარწერები ჭედვით აქვთ შესრულებული. რაც შეეხება მცირე ზომის ოთხ მედალიონს, ისინი ტიხრული მინანქრისაა, გაცილებით უფრო ადრეული ხანის, ვიდრე სტავროთეკაა. აქ გვაქვს წმინდა დიმიტრის, ღვთისმშობლის ნახევარფიგურა და წმინდა გიორგის ნახევრფიგურები.
ამ ფრთას სისქეზე გარშემოუყვება განმაახლებლის ქართული ასომთავრული საქტიტორო წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ერისთავთ ერისთავი შერგირ დადიანი, მეუღლე მისი ნათელი, ძენი მათნი-ცოტნეთურთ. ქართლის ცხოვრებაში ცოტნე დადიანი ის გამორჩეული პიროვნებაა, რომელმაც XIII საუკუნის შუა ხანებში მონაწილეობა მიიღო თათარ-მონღოლთა წინააღმდეგ მოწყობილ კოხტას თავის შეთქმულებაში. ამდენად, შერგირ დადიანს სტავროთეკა XIII საუკუნის შუა ხანებში განუახლებია. ასე, რომ ხობის სიწმინდეებს განსაკუთრბეული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის სიძველეთა შორის.