ღვთისმშობელს ცრემლები ისე უხვად სდიოდა, რომ იატაკზე ტბორად დადგა
08.07.2010
ანდროსის მონასტერი. კუნძულ ანდროსზე მდებარე წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის მონასტერი ეგეოსის ზღვის მარგალიტთაგანია. ანდროსი ათენის აღმოსავლეთით მდებარეობს და კიკლადის კუნძულებს მიეკუთვნება.
წმინდა ნიკოლოზის მონასტერი მყუდრო ადგილას არის აშენებული. მონასტერზე პირველი ცნობები მერვე საუკუნისაა - აქ მოსულმა ორმა ბერმა აღადგინა ძველი ტაძარი და წმინდა ნიკოლოზის სახელზე აკურთხა. საკურთხეველთან სასწაულმოქმედი წმინდა წყარო მოედინება. მეკობრეები ხშირად ესხმოდნენ კუნძულს თავს. XVII საუკუნეში მონასტრის გაძარცვა განიზრახეს, მაგრამ ისინი წმინდა იოანე ნათლისმცემელმა შეაჩერა. ავაზაკებმა დაინახეს მოპირდაპირე ბორცვზე მდგარი ნათლით მოსილი უფლის წინამორბედი და შეშინებულნი გაიქცნენ. ნათლისმცემლის გამოცხადების ადგილას ბერებმა ეკვდერი ააშენეს.
მონასტერში ინახება წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ნაწილები და პატიოსანი თავი ახალმოწამე ნიკოლოზ ვუნინელისა, რომელიც 720 წელს აწამეს მეკობრეებმა. სოფელ ვუნინში, იმ ადგილას, სადაც იგი მოკლეს, დღემდე მოედინება სისხლივით წითელი მაკურნებელი წმინდა წყალი. აქვეა დავანებული წმინდა კოზმა ეტოლელის წმინდა ნაწილიც.
"იესეს ძირი". უამრავი მორწმუნე მოდის მონასტერში 2 ივლისს (ძვ. სტ.) ღვთისმშობლის ხატის, "იესეს ძირის" თაყვანსაცემად. ეს ხატი XV საუკუნეში შეიქმნა და კონსტანტინოპოლში, წმინდა ნიკოლოზის მონასტრის მეტოქიონში იმყოფებოდა. ბიზანტიის დამხობის შემდეგ ამ მონასტერში გადმოასვენეს. ხატი ვერცხლით არის მოჭედილი, მასზე გამოსახულია ტახტზე მჯდომი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ღვთაებრივი ყრმით ხელში. მის ფერხთან, ვითარცა ძირი, გამოსახულია წინასწარმეტყველი იესე, რომლიდანაც ამოზრდილია რტო - უფლის დედისა და მაცხოვრის გამოსახულება. მის ორივე მხარეს, რტოებზე იმ წინასწარმეტყველთა სახეებია, რომელთაც გვაუწყეს იესო ქრისტეს მოსვლა.
1986 წელს მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა დოროთემ აღმოაჩინა, რომ ხატზე ღვთისმშობლის მარჯვენა თვალიდან წითელი სისხლის ცრემლი მოედინებოდა. მეორე დღეს ცრემლდენა შეწყდა და ხატიდან ძლიერი სურნელება წამოვიდა. მას მერე ხატის პერანგი თითქმის მუდამ მირონის თხელი ფენით არის დაფარული, რომელიც სასწაულებრივად მოედინება ხატიდან. ძმები მირონს აგროვებენ და მორწმუნეებს ურიგებენ. ხატის წინ პატარა ვერცხლის დისკები ჰკიდია, რომლებიც მოწმობენ იმ ასეულობით სასწაულზე, რომელიც ღვთისმშობლის შუამდგომლობით აღსრულებულა.
ერთ-ერთი საოცარი შემთხვევა მოხდა 1991 წელს ფრანგი ექიმის, ანა გილსის თავს, რომელსაც კიბოს სწრაფად პროგრესირებადი ფორმა აღმოუჩინეს. ანა, დედასთან, დასთან და პატარა ვაჟთან ერთად, მონასტერში მოვიდა, რათა ხატის წინ ელოცა და თავისი სულიერი მამის, არქიმანდრიტ დოროთეს რჩევა მიეღო. 15 აგვისტოს (ძვ. სტ.), მარიამობას, ისინი ღამისთევის ლოცვას დაესწრნენ და მსახურების შემდეგ თავიანთ ოთახში შევიდნენ. ანა ხილვამ გამოაღვიძა, მის წინ იღუმენიას სამოსით მოსილი ძალზე მაღალი ქალბატონი იდგა. ანას მტკიცე რწმენით, ის ღვთისმშობელი იყო. დედა, და და ვაჟი ხედავდნენ, რომ ანა ელაპარაკებოდა ვიღაცას, რომლის ხმა გარკვევით არ ისმოდა, მათ კი ვერ შეძლეს თავის მობრუნება მის დასანახავად, რადგან, მათივე თქმით, უხილავი ძალა აკავებდათ. ანას მხოლოდ ის ახსოვს, მრავალგზის პასუხობდა "დიახ". მას რაღაცის გაკეთებას სთხოვდნენ, ის კი პირობას აძლევდა. როცა წინამძღვარს მოუყვა ეს ამბავი, მასაც ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ ანას ღვთისმშობელი გამოეცხადა. რამდენიმე დღის მერე ანა სამსახურში დაბრუნდა და ანალიზი გაიკეთა. სიმსივნე გამქრალიყო. მისი მკურნალი ექიმები ვერ იჯერებდნენ ანალიზის შედეგებს და რამდენჯერმე გაიმეორეს. ბოლოს დაადასტურეს, რომ ანა სრულიად ჯანმრთელი იყო.
ქალბატონ სტენისის ვაჟი ექიმებმა ფსიქიკურად ავადმყოფად მიიჩნიეს და დედას უთხრეს, ინვალიდის ეტლიდან ვერასოდეს წამოდგებაო. დედამ ღვთისმშობლის ხატის მირონით გაჟღენთილი ბამბით შვილს ხელზე ჯვარი გამოსახა. ის მაშინვე განიკურნა.
ერთ ათენელ დედაკაცს შვილი დიდხანს არ ეყოლა. მოვიდა მონასტერში და მირონით გაჟღენთილი ბამბა ითხოვა. წინამძღვარმა იგი აკურთხა და ბამბა მისცა. ქალმა არა მარტო იცხო მირონი, ისე, როგორც წესია, ილოცა და ბამბა გადაყლაპა. მალევე დაფეხმძიმდა, ცოლ-ქმრის ბედნირებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ცხრა თვის მერე ბავშვი დაიბადა.
ამ ამბავმა გაგრძელება რუსეთში პოვა. მოსკოველ ირინა და ვლადიმირ ბელოვებს შვილი არ ეძლეოდათ. საბერძნეთში მიმავალ ნაცნობ მონაზონს, დედა ნექტარიას, სიწმინდეების ჩამოტანა სთხოვეს. დედა ნექტარიამ ხუთი თუ ექვსი სიწმინდე ჩამოუტანა და თითოეულის მნიშვნელობა აუხსნა. ხუთი თვის შემდეგ მონაზონმა დაურეკა და ამბავი ჰკითხა. ირინამ უთხრა, - მე ეს სიწმინდეები არც გამომიყენებია, რადგან თუ არ მიშველიან, მეშინია, რწმენა არ დავკარგოო. მონაზონმა ის გაამხნევა. იმავე ღამეს ირინამ სიწმინდეთა ყუთიდან აიღო ღვთისმშობლის წმინდა ხატიდან მომდინარე მირონით გაჟღენთილი ბამბა და ნახევარი გადაყლაპა. იმავე ღამეს მოხდა ჩასახვა. ამაში ის სრულიად დარწმუნებული იყო, რადგან მეორე დღეს მიძინების მარხვა იწყებოდა, ქმარი წინა დღეს ჩამოუვიდა ხანგრძლივი მოგზაურობიდან.
წმინდა ნიკოლოზის მონასტრის კარიბჭეში გამოსახულია XV საუკუნის ღვთისმშობლის ფრესკა, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იტირა. განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ეს 1991 წელს, სპარსეთის ყურეში ომის დაწყებისას და სერბეთის კონფლიქტებისას. ფრესკა პირდაპირ ქვის კედელზეა დახატული და მუდმივად შროშანის სურნელი ასდის. მაგრამ ეს სურნელი უფრო მსუბუქია, ვიდრე თვითონ ყვავილისა და აშკარად განსხვავდება სუნამოს სურნელისგანაც. დედა ნექტარია ჰყვება, თუ როგორ ტიროდა ღვთისმშობლის ხატი. ღვთისმშობელს ცრემლები ისე უხვად სდიოდა, რომ იატაკზე ტბორად დადგა. ის მონაზვნებმა ფრთხილად მოწმინდეს, ამ ცრემლების კვალი კი რამდენიმე დღე ეტყობოდა.
მონასტრის ტაძრის კარიბჭეში XVII ს-ის წმინდა ნიკოლოზის მოქარგული ხატია. ერთხელ მონასტრის წინამძღვარი რაღაც საქმეზე სმირნაში იყო წასული. იქ ის შეხვდა ერთ უსწავლელ დედაკაცს, რომელიც ექიმბაში გახლდათ და არა მარტო ბალახით კურნავდა ხალხს, მაგიასაც ეწეოდა. ქალი დახმარებია მდიდარ თურქ ფაშასაც, რომელსაც განკურნებისთვის ერთი ქისა ოქრო უჩუქებია. წინამძღვარმა დედაკაცი დაარწმუნა, საფრთხეში სხვებსაც აგდებ და საკუთარ თავსაცო. ქალი გაჰყვა მას ანდროსზე, დასახლდა სოფელ მესერიონში და მონაზვნად აღიკვეცა ლეონიდას სახელით. იგი 11 წელი ქარგავდა წმინდა ნიკოლოზის ხატს. ძაფად, რომლითაც ნიკოლოზის სახე და ხელები ამოქარგა, საკუთარი თმა იხმარა. ამის გარდა, მას ორი ვერცხლის კანდელი შეუწირავს მონასტრისთვის.
ამ მონასტერში მოგიყვებიან წმინდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებულ რამდენიმე სასწაულს.
ყოველ ნიკოლოზობას მამა დოროთე მორწმუნეებს პატარა პაკეტებით ურიგებს ლიტიაზე ნაკურთხ ხორბალს. ერთხელ მეთევზე მივიდა მამა დოროთესთან, მაგრამ მან ხორბლის ნაცვლად პატარა ფლაკონით წმინდანის ხატის კანდელის ზეთი გაატანა. რამდენიმე დღის შემდეგ სათევზაოდ გასული კაცი ნაპირს ძალზე დაშორდა, ამ დროს შტორმი დაიწყო. სიკვდილი გარდაუვალი ჩანდა. კაცმა ილოცა, ფლაკონი ამოიღო და ზეთი ზღვაში ჩაასხა. ქარი უმალ დაცხრა და ნავის გარშემო წყალი სარკესავით გახდა. მეთევზე შინ მშვიდობით დაბრუნდა და მადლობა შესწირა წმინდა ნიკოლოზს.
ერთხელ ნიკოლოზობისთვის სკიტში თევზი არ ჰქონდათ. წინამძღვარი, მამა დამასკინი შეწუხდა და წმინდა ნიკოლოზს მიმართა: - გვაპატიე, რომ თევზი არა გვაქვს და დღესასწაულს შესაფერისად ვერ ვიზეიმებთო. რამდენიმე საათის მერე მონასტერში ერთი მეთევზე მოვიდა და დიდი ტომრით თევზი მოიტანა - ეს თქვენო. კაცი მეორე ნახევარკუნძულელი აღმოჩნდა. თევზაობის დროს ქარს მისი ნავი ათონის ნაპირთან მოეცურებინა. უფიქრია, რომელიმე მონასტერს მივყიდი თევზს, სანამ გახმებაო. ამ დროს ტყიდან გამოსულა ბერიკაცი, მისი თევზი უყიდია და უბრძანებია, - სკიტში წაიღე ჩემს დღესასწაულზეო. წინამძღვარმა ჰკითხა, როგორ გამოიყურებოდა ის კაციო. "აი, ასეო", - და მეთევზემ წმინდა ნიკოლოზის ხატზე მიუთითა. წინამძღვარი, როცა ამას უყვებოდა მამა დოროთეს, წუხდა, რომ ვერ მოიფიქრა, გამოესყიდა მეთევზისგან ის ფული, რომელიც მას წმინდა ნიკოლოზმა მისცა.
რამდენიმე წლის წინ მონასტერში ერთი სალონიკელი დედაკაცი მოვიდა და წინამძღვარს უამბო: თურმე ის და მისი 4 წლის ვაჟი ეკლესიაში მიდიოდნენ. ბავშვი დედას ხელიდან გაუსხლტა და გზაზე გადაირბინა. დედამ წმინდა ნიკოლოზის სახელის მოხმობა მოასწრო და პატარას დიდი სისწრაფით მომავალმა სატვირთო მანქანამ გადაუარა. შერწუნებულმა მიირბინა შვილთან. ის სრულიად უვნებელი იხილა. ბიჭმა დედას უთხრა, მოხუცი პაპა გადამეფარაო.
25 წლის წინ, როცა მამა დოროთე მონასტერში მარტო ცხოვრობდა, მოიჯარე ფერმერებმა მუქარით მიწის დათმობა მოსთხოვეს. ერთ ღამეს მიუხტნენ კიდეც მუქარის შესასრულებლად. ალაყაფის კარებთან ჭაღარა, ყავისფერმოსასხამიან ბერიკაცს შეეჯახნენ, რომელმაც ისინი შეაჩერა: "წადით აქედან, მე აქ ვარ!" "მერე რა, რომ აქ ხარ? გზიდან ჩამოგვეცალე, პაპავ!" ხელი ჰკრეს და შესვლა სცადეს. ბერიკაცმა ხელმწიფების ხმით უთხრა: "შემომხედეთ!" ფერმერებმა გაოცებულებმა მოხედეს. მოხუცის თვალთაგან სხივები იფრქვეოდა. შეშინებული ფერმერები უკანმოუხედავად გაიქცნენ.
მეორე დღეს, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, ერთ-ერთმა ფერმერმა უზარმაზარი არტოსი მოიტანა. წინამძღვარმა ღიმილით ჰკითხა: - კიდევ რამეს ხომ არ გეგმავთ ჩემს წინააღმდეგო. არაო, - უპასუხა დარცხვენით კაცმა და მამა დოროთეს შენაწირი გადასცა.