* * *
ერთხელ წმინდა ამბროსისთან არაწმინდა სულით შეპყრობილი ყრმა მიიყვანეს მედიოლანის მახლობლად მდებარე დაბიდან; გზაში, ჯერ კიდევ ქალაქის კარიბჭეს არ მიდგომოდნენ, რომ ბოროტი სული გამოვიდა ყრმისგან, და იგიც სრულიად განკურნებული წარუდგა მღვდელმთავარს. ეს ყრმა საკმაოდ დიდხანს დარჩა ამბროსისთან. შემდეგ დატოვა მედიოლანი და შინისკენ გაეშურა; და აი, ზუსტად იმ ადგილას, სადაც იგი უწინ დატოვა დემონმა, ახლა კვლავ ეკვეთა ყრმას მზაკვარი სული და ქენჯნა დაუწყო. როცა შემლოცველებმა ჰკითხეს, რატომ არ სტანჯავდი ყრმას მედიოლანშიო, დემონმა მიუგო:
- მე ამბროსის შემეშინდა და ამიტომ მედიოლანამდე დავტოვე ყრმა, მაგრამ ამავე ადგილას ველოდებოდი მას, და როცა უკან დაბრუნებული დავინახე, ხელახლა ვეკვეთე!..
თუკი შეცოდებებში ჰბაძავ დავით მეფეს, მაშინ სინანულშიც უნდა მიჰბაძო!
იმ ხანებში თესალონიკის მოსახლეობა თავის მმართველ ბოტერიქეს აუჯანყდა, რომელიც თეოდოსის პირადი მეგობარი იყო, და მოკლა იგი. ხელმწიფე ამის გამო დიდად განრისხდა და მრავალრიცხოვანი მხედრობა გაგზავნა აჯანყებულ მოქალაქეთა დასასჯელად; იმ დღეებში შვიდი ათასამდე თესალონიკელი იქნა მოკლული, რომელთა შორის ბევრი სრულიად უდანაშაულოც იყო, რადგან მეფის მეომრები სულაც არ ეძიებდნენ მმართველის მკვლელებს - ისინი ქალაქის ქუჩებში დადიოდნენ და ყველა შემხვედრს ხოცავდნენ განურჩევლად, მოხუცებსაც, ჭაბუკებსაც და ყრმებსაც კი.
როცა ეს ამბავი წმინდა ამბროსიმ შეიტყო, მეტისმეტად დამწუხრდა და მართალი რისხვით განურისხდა იმპერატორს ასეთი განუსჯელი სისხლისღვრისთვის. და აი, ერთხელაც, როცა ხელმწიფე თავის ამალასთან ერთად საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიაში დღესასწაულში მონაწილეობისათვის, წმინდა მღვდელმთავარი უშიშრად გამოვიდა მის შესახვედრად, ტაძარში შესასვლელი გადაუღობა და შემდეგი სიტყვებით ამხილა უსამართლო მკვლელობაში:
- არა ჯერ-არს შენდა, მეფეო, წმინდა ზიარებას მიეახლო ერთგულ ქრისტიანებთან ერთად, რადგან მიზეზი გახდი ესოდენი მკვლელობებისა და ჯერ არ შეგინანია შენი საქციელი!.. როგორ უნდა მიიღო ქრისტეს წმინდა სხეული იმ ხელებით, რომლებიც ქრისტიანთა უდანაშაულო სისხლითაა შეღებილი (ძველ დროში მორწმუნენი ხელში იღებდნენ ზიარების ნაწილთ და თვითონვე იდებდნენ პირში). ან კი როგორ მიიღებ ქრისტეს სისხლს იმ ბაგეებით, რომლებმაც ბრძანება წარმოთქვეს ხალხის სასტიკი ამოწყვეტის შესახებ?!.
- დავით მეფემაც ხომ შესცოდა, - შეეპასუხა იმპერატორი, - მანაც ხომ ჩაიდინა მკვლელობა და მრუშობა, მაგრამ ამისთვის არ მოჰკლებია ღმერთის წყალობას!..
მაგრამ წმინდა ამბროსიმ უპასუხა:
- თუკი შენ შეცოდებებში ჰბაძავ დავით მეფეს, მაშინ სინანულშიც უნდა მიჰბაძო!
იმპერატორი ღრმად დამწუხრებული დაბრუნდა სასახლეში და გულწრფელად ნანობდა თავის შეცოდებას. მალე მან ზედმიწევნით აღასრულა ის ეპიტიმია, რომელიც წმინდა ამბროსიმ განუწესა: საჯაროდ მოინანია თავისი ცოდვა, ქვე იყო დამხობილი ეკლესიის წინ სხვა მონანულებთან ერთად როგორც უბრალო მლოცველი და ცხარე ცრემლებს ჰღვრიდა; ამასობაში ქრისტეს შობის დღესასწაულიც დადგა, თეოდოსი კი თვალცრემლიანი იჯდა სასახლეში და ფიქრობდა, აი, ჩემს მსახურთა და გლახაკთათვის ღიაა ტაძარი, ჩემთვის კი, ამ დღესასწაულზე იგი მიუწვდომელიაო. როცა მეფის დამწუხრების მიზეზი შეიტყო, მისი ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული კარისკაცი რუთინე სასწრაფოდ წმინდა ამბროსისთან გაეშურა, რათა დაეთანხმებინა იგი ეპიტიმიის მოხსნაზე. მის კვალად ეკლესიაში თვით თეოდოსიც მოვიდა. წმინდა მღვდელმთავარმა თავიდან მკაცრად მიიღო ხელმწიფე, და იცოდა რა მისი გულფიცხი ხასიათი, დაჟინებით მოსთხოვა ისეთი კანონის მიღება, რომლითაც სამსჯავროთა განაჩენები სიკვდილით დასჯისა და ქონების ჩამორთმევის შესახებ უნდა დამტკიცებულიყო მხოლოდ 39 დღის შემდეგ. იმპერატორი დათანხმდა და დაშვებულ იქნა ეკლესიაში. აქაც მან ღრმა სინანული გამოხატა თავისი შეცოდების გამო: ქვე¬დამხობილი შუბლს იატაკს სცემდა და ცრემლებით დაალტობდა ფილაქანს. ამის შემდეგ ამბროსიმ, ბოლოს, წმინდა ზიარების მიღების ნებაც დართო იმპერატორს. ხელმწიფემ საკურთხეველში შესვლა დააპირა, რადგან ფიქრობდა უწინდებურად მღვდელმსახურებთან ერთად უნდა მივიღო ზიარებაო, მაგრამ წმინდა ამბროსიმ მთავარდიაკვანი გამოუგზავნა გარეთ და უბრძანა, საკურთხევლის წინ დაელოდე ზიარების მიღებას სხვა ერისკაცებთან ერთადო; ამასთან ესეც შეუთვალა მეფეს - "ძოწეული მხოლოდ სამეფო ღირსებას შეგძენს, და არა სამღვდელოსაცო". ხელმწიფემ მორჩილად მოისმინა ეპისკოპოსის ბრძანება და სხვა მორწმუნეებთან ერთად დადგა საკურთხევლის წინ. თუმცა მან ისიც უთხრა მთავარდიაკვანს, რომ კონსტანტინოპოლში არსებობს ჩვეულება მეფეთა საკურთხეველში ზიარებისა მღვდელმსახურებთან ერთად. შემდგომში, კონსტანტინოპოლში ყოფნისას იმპერატორი თეოდოსი არ შევიდა ზიარებისთვის საკურთხეველში და პატრიარქ ნექტარიოსის შეკითხვაზე, რატომ საკურთხეველში არ შემობრძანდები სამეფო ჩვეულებისამებრ და უბრალო მორწმუნე ერთან ერთად მის გარეთ რად ელოდები წმინდა ზიარებასო, ამოოხვრით მიუგო:
- აქამდე არ ვუწყოდი განსხვავება მეფესა და ეპისკოპოსს შორის, აწ კი ვიცი, რადგან ვისწავლე ეს სიმართლის მოძღვარ ამბროსისგან, რომელიც ერთი იმსახურებს ეპისკოპოსის წოდებას!..
* * *
ერთხელაც მედიოლანში სპარსეთიდან ჩამოვიდა ორი განსწავლული ბრძენკაცი. მათ ბევრი სმენოდათ წმინდა ამბროსის სიბრძნის შესახებ და აწ სურდათ თვითონვე დარწმუნებულიყვნენ ამაში, რისთვისაც წინდაწინ მოემზადებინათ ბევრი შეკითხვა. ისინი დიდხანს ესაუბრნენ მღვდელმთავარს და მეტად ჰკვირობდნენ მისი ღვთისმეტყველების სიღრმესა და გონების ამაღლებულობას. მერმე მათ ხელმწიფის წინაშეც დაადასტურეს, რომ მხოლოდ ამბროსის გულისთვის დასდგომოდნენ ესოდენ შორეულ გზას აღმოსავლეთიდან დასავლეთში, რადგან სურდათ ენახათ ეს ღმრთივსულიერი კაცი და დამტკბარიყვნენ მისი სიბრძნით...
იმპერატორ თეოდოსის კონსტანტინოპოლში დაბრუნების შემდეგ ვალენტინიანე უმცროსი მისივ მცველთა უფროსის, არბოგასტეს ღალატით მოკლეს ქალაქ ვიენაში, და მის ნაცვლად საიმპერატორო ტახტზე დაბალი წარმოშობის კაცი - ევგენი აიყვანეს, რომელიც ვალენტინიანეს მდივნად მსახურობდა და მხოლოდ სახელად იყო ქრისტიანი, შინაგანად კი უფრო კერპთაყვანისმცემლობისკენ და წარმართული ცრუ-რწმენებისა და მოგვობისკენ მიიდრიკებოდა (შემდგომში არბოგასტეს წინააღმდეგ თეოდოსიმ გაილაშქრა, დაამარცხა იგი და ევგენიც სიკვდილით დაასჯევინა). ამ ევგენიმ, სურდა რა თავი მოეწონებინა რომის ხელისუფალთათვის, სადაც კვლავაც ბევრნი იყვნენ კერპთაყვანისმცემლები და ეშმაკის მსახურები, ბრძანა გაეხსნათ საკერპე ბომონები და განეახლებინათ დემონური მსხვერპლშეწირვები. როცა ეს უკეთური ხელმწიფე მედიოლანისაკენ გაემართა, წმინდა ამბროსიმ დატოვა ქალაქი და ჯერ ბოლონაში წავიდა, შემდეგ კი ფლორენციაში გადავიდა, რადგან არ სურდა შეხვედროდა ამ პირმოთნე ადამიანს, რომელიც თავს ქრისტიანად ასაღებდა, სინამდვილეში კი უზნეო წარმართი იყო. წმინდა მღვდლმთავარი უშიშრად ამხელდა მას წერილობით, და ღმერთის სამსჯავროთიც აშინებდა, მაგრამ მის ამ მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია - ევგენი კვლავაც უკეთურობის გზას ადგა...
ფლორენციაში წმინდა მღვდელმთვარი ერთი ღვთისმოშიში მართლმადიდებელი კაცის -დოკენტის სახლში ცხოვრობდა, რომლის მცირეწლოვანი ვაჟიშვილი - პანსოფი არაწმინდა სულით იყო შეპყრობილი და ძალზე იტანჯებოდა. წმინდა ამბროსიმ ლოცვებითა და ხელდასხმით განკურნა იგი. რამდენიმე დღის შემდეგ პანსოფი ანაზდად ავად გახდა და სულიც დალია. მისმა დედამ, კეთილმსახურმა დედაკაცმა, ყოვლად აღსავსემ რწმენითა და ღვთისმოშიშებით, ამბროსის ოთახში შეასვენა მიცვალებული და რადგან მღვდელმთავარი იქ არ იყო, მის საწოლზე დადო და წავიდა. შინ დაბრუნებულმა ამბროსიმ თავის საწოლზე დასვენებული მკვდარი ყრმა რომ დაინახა, მაშინვე ჩაკეტა კარი, ლოცვად დადგა და დიდხანს ევედრა ღმერთს დიდი სასწაულის მომადლებას. შემდეგ წამოდგა და, ელისე წინასწარმეტყველის მსგავსად, (იხ. IV მეფ. 45, 31-35) საწოლს მიუახლოვდა, დაიხარა მიცვალებულ ყრმაზე და სული შთაბერა. ყრმა მკვდრეთით აღდგა და წმინდა ამბროსიმაც უზომოდ გახარებულ დედას ჩააბარა გაცოცხლებული ვაჟიშვილი.
ამასობაში უკეთური ევგენი ლაშქრით დაიძრა მედიოლანიდან თეოდოსის წინააღმდეგ. ქალაქის დატოვებისას მან დაიქადნა, გამარჯვებული რომ დავბრუნდები, მედიოლანის ტაძარს საჯინიბოდ გადავაქცევ ჩემი ცხენებისთვის, მღვდელმსახურებს კი მახვილს შემოვარტყამ წელზეო, ანუ მეომრებად ვაქცევო. მაგრამ მისი ბოროტი განზრახვა განუხორციელებელი დარჩა - იგი დამარცხდა და უსახელოდ იქნა მოკლული კეთილმსახურ იმპერატორთან ბრძოლაში. წმინდა ამბროსი საზეიმოდ შეეგება კეთილმსახურ იმპერატორ თეოდოსის როგორც ძლევაშემოსილს ქრისტეს ეკლესიის მტერთან ბრძოლაში, მაგრამ ხელმწიფე მღვდელმთავარს ფეხქვეშ ჩაუვარდა და მადლობა შესწირა, რადგან სწორედ მის ლოცვა-ვედრებას მიაწერდა თავის გამარჯვებას.
რამდენიმე ხნის შემდეგ, 395 წელს, იმპერატორმა თეოდოსიმ მშვიდობით მიაბარა სული უფალს და წმინდა ამბროსიმ ღმრთივსულიერი სიტყვით მიაგო პატივი მის ხსოვნას. ამ კეთილმსახურმა ხელმწიფემ ღვთის სათნო-მყოფელად იმეფა ამქვეყნად და ქრისტეს მარადიულ სამეფოში გადასახლდა. მის შემდგომ ტახტზე მისი ძენი ავიდნენ - აღმოსავლეთში არკადი, რომელიც 390-408 წლებში ზეობდა, დასავლეთში კი ჰონორე (390-413). ჰონორემ მეფობის დროს წმინდა ამბროსის მიერ მოპოვებულ იქნა უფლის მოწამეთა ნაზარისა და კელსის წმინდა ნაწილები (მათი ხსენება აღესრულება 14 ოქტომბერს). ამის შესახებ შემდეგს მოგვითხრობს პავლინე ხუცესი, მოწაფე და მდივანი მღვდელმთავარ ამბროსისა (აღსანიშნავია, რომ ნეტარი ავგუსტინეს თხოვნით, რომელიც ამბროსიმ მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სწორედ პავლინემ დაწერა შემდგომში წმინდა ამბროსი მედიოლანელის ცხოვრება).
მოწამე ნაზარის წმინდა ნაწილები
იმ ხანებში ამბროსიმ წმინდა მოციქულთა ეკლესიაში გადაასვენა მოწამე ნაზარის წმინდა ნაწილები, მოპოვებულნი ქალაქგარეთ მდებარე ბაღში. ,,საფლავში, სადაც მოწამის წმინდა ნაწილები ესვენა, - წერს წმინდა ამბროსის ცხოვრების აღმწერი პავლინე ხუცესი, - ჩვენ დავინახეთ სისხლი, თითქოს ეს-ესაა წარმოდინდაო; თავი თმა-წვერითურთ ისე უხრწნელად იყო შენახული, თითქოს ახლახან დადეს საფლავადო, სახე კი მოწამეს ისეთი ნათელი ჰქონდა, ახლად განბანილი გეგონებოდა... ისეთი კეთილსურნელება შევიგრძენი, რომელიც ყოველგვარი სუნამოსას აღემატებოდა. როგორც კი მოწამე ნაზარის წმინდა ნაწილები ეტლში გადავასვენეთ, ჩვენ წმინდა ამბროსისთან ერთად მაშინვე შე¬უდექით მოწამე კელსის წმინდა ნაწილების აღმოყვანებას, რომლებიც იმავე ადგილას იყო. ამ ბაღის პატრონთაგან შევიტყვეთ, რომ წინაპართაგან ანდერძად ჰქონდათ გადმოცემული ბრძანება - არასდროს მიეტოვებინათ ეს ადგილი და თაობიდან თაობისთვის გადაეცათ მემკვიდრეობად, რადგან აქ უდიდესი საუნჯეა დამარხულიო... როცა ამ მოწამეთა წმინდა ნაწილები მოციქულთა სახელობის ეკლესიაში შევასვენეთ, მღვდელმთავარმა ამბროსიმ უქადაგა იქ შეკრებილ მორწმუნე ერს. ამ დროს ხალხის ჯგუფიდან ხმამაღლა დაიყვირა ერთმა ეშმაკისაგან შეპყრობილმა კაცმა:
- მე ამბროსი მტანჯავს!
წმინდანი მისკენ მიტრიალდა და უთხრა:
- დადუმდი, ეშმაკო! ამბროსი კი არა, წმინდა მოწამეთა სარწმუნოება გტანჯავს შენ, აგრეთვე შენი ბოროტი შურიც, რადგან ხედავ, რომ კაცნი ამაღლდებიან ზეცად და იმკვიდრებენ იმ ადგილს, საიდანაც შენ იქმენ დამხობილი. ამბროსიმ კი არ უწყის ამპარტავნობით ქადილი!
მღვდელმთავრის ამ სიტყვების შემდეგ დემონი დადუმდა, თავის მიერ პყრობილი კაცი კი პირქვე დაამხო იატაკზე..."
* * *
ხმამ წმინდა ამბროსის დიდების შესახებ მარკომანების (ერთ-ერთი გერმანული ტომის) დედოფალ ფრიტიგილდას ყურამდეც მიაღწია, და მან მსახურნი გამოუგზავნა მღვდელმთავარს თხოვნით, ქრისტეს სარწმუნოებაში დამმოძღ¬ვრეო. ამბროსიმ ვრცელ ეპისტოლეში დაწვრილებით გადმოსცა მისთვის ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლები და დაარწმუნა დედოფალი ქრისტიანობის ჭეშმარიტებაში. ფრიტიგილდამ თავისი მეუღლეც მოაქცია ქრისტეს რწმენაზე და დაიყოლია იგი საზავო ხელშეკრულება დაედოთ რომის იმპერიასთან. ამის შემდეგ დედოფალი ფრიტიგილდა მედიოლანს გაემართა, რადგან ძალზე სურდა თავისი სულიერი მოძღვრის ხილვა, მაგრამ უკვე ვეღარ ჩაუსწრო ცოცხალს - წმინდა ამბროსიმ მშვიდობით მიაბარა სული უფალს 397 წლის 4 აპრილს...
წმინდა ამბროსი დიდი კრძალულებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, სრულყოფილი სულიერი სიფხიზლით ჰგიებდა ამქვეყნად; იგი განუწყვეტლივ მარხულობდა, გარდა შაბათ-კვირისა და საეკლესიო დღესასწაულებისა, წმინდა მოწამეთა მოსახსენიებელი დღეებისა; ასევე განუწყვეტლივ ლოცულობდა დღითა და ღამით; ყოველ საქმეს უდიდესი გულმოდგინებით აღასრულებდა და წერილებსა თუ წიგნებსაც თავისი ხელით წერდა, - მალიადმწერლის სამსახურით მხოლოდ მაშინ სარგებლობდა, როცა სხეულებრივი სნეულებით იყო შეჭირვებული. დიდად ზრუნავდა იგი თავისი ეპარქიის ყველა ეკლესიაზე, რაც მეტისმეტად ძნელი, ერთი ადამიანისთვის შეუძლებელი საქმეც კი იყო, რამეთუ მისი გარდაცვალების შემდეგ ხუთი ეპისკოპოსი ძლივს აუდიოდა ამ დიდი ეპარქიის მართვა-განმგებლობას. ასევე უსაზღვროდ დიდი იყო მისი მზრუნველობა ღარიბ-გლახაკთადმი, სნეულებისადმი და ტყვეობაში მყოფთადმი - მათ წმინდა მღვდელმთავარი მთელ სახსრებს ახმარდა. ეპისკოპოსად არჩევის უმალვე წმინდა ამბროსიმ ქონება - ოქრო-ვერცხლი და მამულები ეკლესიას შესწირა, ქვრივ-ობლებს, ღარიბ-გლახაკებს დაურიგა და ტყვეთა გამოსასყიდად გაიღო. თავისი ქონების მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი გამოჰყო თავისი დის შესანახად, თავისთვის კი არაფერი დაუტოვებია, რათა მთლიანად გათავისუფლებულს ქვეყნიურ საზრუნავთაგან, მთელი თავისი ცხოვრება და უნარი ქრისტეს სამსახურისთვის მიეძღვნა, რომელმაც თვით მოგვცა მაგალითი ასეთი ცხოვრებისა - გლახაკივით ჰგიებდა ამქვეყნად, რათა ჩვენ განვმდიდრებულიყავით მისი სიგლახაკით (II კორინთ. 8, 9). ამბროსის უხაროდა გახარებულთა თანა, და ტიროდა მოტირალთა თანა, რამეთუ როგორც ჭეშმარიტი მწყემსი, თავისი სამწყსოს ცხოვრებას იზიარებდა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე