გაგრძელება. დასაწყისი იხ. "კარიბჭე" ##13-14
"თქვენი სიცოცხლე მთელი და განუწყვეტელი სათნოებაა, სათნოება, რომლის მაგალითს მარტო იმ მადლით ცხებულს მღვდელ-მონაზვნებს შორის ვპოულობთ
, რომელნიც ერთ დროს ყოფილან ჩვენში, ჩვენდა საუბედუროდ, ახლა აღარ არიან, თქვენ ხორცი დაუმორჩილეთ სულს და ერთი უდიდესი სათნოებაც ეს არის. გშიოდათ, არ სჭამდით, გწყუროდათ და არ სვამდით, გციოდათ და არ თბებოდით, იმისათვის კი არა, რომ ვითაარცა ანგარმა და ძუნწმა ოქრო და ვერცხლი მოიხვეჭოთ, არამედ იმისათვისა, რომ რაც საკუთრად თქვენთვის არ გემეტებოდათ, რასაც თქვენს თავს აკლებდით, ის სხვას შეჰმატეთ, სამადლოდ, საქვეყნოდ გაეცით, თქვენს სამშობლოს მოახმარეთ!" წმიდა ილია მართლის ამ შეფასებაში მარტივად, დიდი ადამიანებისთვის დამახასიათებელი უჩვეულო სისადავით, ამასთან მწყობრი თანმიმდევრობით და ყოვლისმომცველი სისრულით არის გადმოცემული ალექსანდრე ეპისკოპოსის სულიერი დიდებულება, ყოველდღიურ კანონზომიერებასთან მისადაგებული ასკეტი ბერის ამტანობა, თავშეზღუდულობა, უანგარობა, ზნეკეთილობა, სამშობლოს კეთილდღეობისთვის დაუცხრომელი სწრაფვა. იქნებ, ყოველივე ამის გამო იყო ილიას მოძღვრის სიცოცხლე "მთელი და განუწყვეტელი სათნოება", იქნებ, ყოველივე ეს გამოარჩევდა მას დანარჩენი სამღვდელოებისგან და ანათესავებდა "იმ მადლით ცხებულს მღვდელ-მონაზვნებთან, რომლებიც ერთ დროს ყოფილან ჩვენში" და "საუბედუროდ, ეხლა, აღარ არიან..."
მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან ახალგაზრდა მღვდელმონაზონი ალექსანდრე აფხაზეთიდან იწყებს თავის სასულიერო მოღვაწეობას. აქ მას იმთავითვე გაუთქვამს სახელი "ჯერ როგორც აფხაზთა შვილების აღმზრდელს, შემდეგ როგორც მისიონერ მქადაგებელს და ბოლოს როგორც მწყემსმთავარს" (წმიდა ამბროსი).
აფხაზეთში წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის მოღვაწეობა, რომელიც თითქმის ორ ათეულ წელიწადს მოიცავს და უკავშირდება მის იერარქიულ აღმასვლას მღვდელმონაზვნობიდან მღვდელმთავრობამდე, ამ კუთხისთვის მეტად რთულ პერიოდს ემთხვევა. მეფის რუსეთის საქართველოში დამკვიდრებას ყველაზე მეტად ვერ შეგუებია ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს შესისხლხორცებული აფხაზი და საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად დამპყრობლის ყოველ შემოტევას მედგრად ეწინააღმდეგება.
მღვდელმონაზონი ალექსანდრე საქმიანობას აფხაზეთში ილორის სასულიერო სასწავლებლის დაფუძნებით იწყებს: "აფხაზთა შვილებს პირველად ალექსანდრესაგან მოეფინათ სხივნი სწავლა-განათლებისა", - მადლიერებით უთქვამთ მასზე, როცა ამ სასწავლებლის გახსნით არაერთი აფხაზი აზიარა ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებას. სასწავლებლის ასამოქმედებლად გაღებული შემოწირულობისთვის ახალგაზრდა სასულიერო მოღვაწეს უწმიდესი სინოდის მადლობა დაუმსახურებია და სასწავლებლის ზედამხედველობაც მისთვის მიუნდვიათ. 1852 წელს მამა ალექსანდრეს დიდი მონდომებით სოფელ ლიხნში, აფხაზეთის მთავრის, მიხეილ შარვაშიძის საზაფხულო რეზიდენციაში ამოქმედდა ოთხწლიანი სასულიერო სასწავლებელი. "ალექსანდრემ ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ამ სასწავლებელს ფუნქციონირება დაეწყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მისი დაფინანსება პრაქტიკულად დაიწყებოდა. ამის შესახებ მაშინდელ საარქივო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ზედამხედველმა ალექსანდრემ ამ სასწავლებლისთვის თავისი საკუთარი თანხებით 35 ახალი საწოლი, 15 მაგიდა და სხვა საჭირო ნივთები შეიძინა. ვინც ლიხნში შორეული სოფლებიდან იყო ჩამოსული, ზოგიერთ მათგანს ზედამხედველი ალექსანდრე პირადად მფარველობდა, ჰყავდა თავის ბინაში, ასმევდა და აჭმევდა საკუთარი ხარჯით", - აღნიშნავს გ. რიგვავა, რომელსაც სათანადოდ შეუსწავლია ეპისკოპოსის მოღვაწეობა აფხაზეთში.
1898 წელს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ეპისკოპოსთან დაახლოებული პირი და საგამომცემლო საქმიანობაში მისი შემწე და მეოხი ზაქარია ჭიჭინაძე გაზეთ "ივერიაში" წერდა: "რწმუნებულ არს ნათელი ყურადღება მიაქციოთ ახალი თაობის სასულიერო განათლებას, რისთვისაც ვაჟთა და ქალთა სასულიერო სასწავლებლებში სტიპენდიები დააარსეთ და დიდძალს ფონდს სწირავდით. თქვენმა ამგვარმა ზრუნვამ, რათა მოზარდი თაობა სარწმუნოების და ეკლესიის აზრისამებრ ყოფილიყო აღზრდილი, თავი იჩინა აფხაზეთშიც, სადაც თქვენს მცირე საშვალებით მთელს ოცს წელს ინახავდით და თქვენვე მასწავლებლობდით ბავშვებს".
1853-1856 წლების რუსეთ-თურქეთის ომს დიდი ზარალი მიუყენებია აფხაზეთისთვის. ინგლისისა და საფრანგეთის ფლოტის მიერ სანაპირო ზოლის დაბომბვის შემდეგ ილორისა და ლიხნის სასულიერო სასწავლებლებს შეუწყვეტიათ ფუნქციონირება. საომარ მოქმედებათა გამო აფხაზეთის მთავარს სამეგრელოს სოფელ ჭკადუაშში შეუფარებია თავი და თავისი მემკვიდრის აღსაზრდელად მამა ალექსანდრე მიუწვევია. მოძღვარი სამეგრელოში თავის ოთხ აფხაზ მოსწავლესთან ერთად ჩასულა. მათთან ერთად ცხოვრობდა, ომის დამთავრებამდე ასწავლიდა და ინახავდა მათ.
1856 წლის 26 თებერვალს მამა ალექსანდრესთვის არქიმანდრიტად დაუსხამს ხელი აფხაზეთის ეპისკოპოს გერმანეს, რომელიც იმავე წლის 2 ოქტომბრიდან იმერეთის კათედრაზე გადაუყვანიათ, აფხაზეთის ეპარქიის მართვა-გამგეობა კი უწმიდეს სინოდს არქიმანდრიტ ალექსანდრესთვის შეუთავსებია. 1862 წელს სიონის საკათედრო ტაძარში, ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტ ალექსანდრესთვის ეპისკოპოსად ეგზარქოს ევსევის დაუსხამს ხელი და მისთვის კვლავაც აფხაზეთის კათედრა ჩაუბარებია. ომის დასრულების შემდეგ ალექსანდრეს მეტი საშუალება მიეცა, უშუალოდ მიემართა ეგზარქოსისთვის ილორისა და ლიხნის სასულიერო სასწავლებლებში სასწავლო პროცესის განახლების მოთხოვნით. იმ ეტაპზე მის თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია. "რუსეთის უმაღლესი და სასულიერო ხელისუფლება სრულებითაც არ იყო დაინტერესებული აფხაზეთში სასწავლებლის გახსნით, რადგან, მათი ვარაუდით, ეს გააძლიერებდა იქ ქართულ გავლენას. რუსეთის მთავრობისა და უწმიდესი სინოდის განზრახვა იყო, რომ აფხაზი კადრები მოემზადებინათ რუსეთში, საქართველოსგან შორს, რუსების სრულ გარემოცვაში. ამ ხერხით გაერუსებინათ ისინი და დაეპირისპირებინათ ქართველებისთვის, რათა შეერყიათ ის ისტორიული ერთიანობის ფუნდამენტი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა ამ ორ მოძმე ხალხში" (გ. რიგვავა).
როგორც ხედავთ, ადრეული პერიოდიდან დაიწყო რუსული პოლიტიკის გატარება აფხაზეთის საქართველოსგან მოსაწყვეტად. ეს რომ ასე იყო, კარგად ჩანს ლეონიდე ოქროპირიძის 1892 წლის 9 აპრილს ეპისკოპოს ალექსანდრესადმი გაგზავნილ წერილში. "თქვენო მეუფებავ, ძვირფასო ბიძავ ბატონო! დღეის ამას იქით მთელს აფხაზეთში, შკოლებშიც და ეკლესიებშიდაც შეტანილი იქნება მარტო რუსული ენა და ქართული კი გამოიდევნება. ერთი სიტყვით, ეხლა მწამს, რომ აფხაზეთი სრულებით ჩამოაცილეს საქართველოს და პირი აქნევინეს რუსეთისაკენ, ახლა, ყველაფერი გამოაშკარავდა".
მღვდელმთავრობაში, ბუნებრივია, გაიზარდა ალექსანდრეს უფლება-მოვალეობანი და შესაბამისად - მისი საქმიანობის მასშტაბებიც. "ის მუდამ თავგანწირულად ემსახურებოდა აფხაზთა მოქცევის საქმეს, არ ზოგავდა საკუთარ საშვალებას შკოლის დაარსებისათვის, თავისი ხარჯით ზრდიდა აფხაზთა შვილებს და ამზადებდა მათ მღვდლობის ხარისხში სამოღვაწეოდ. მედგრად იცავდა სამღვდელოებისა და სამწყსოს ინტერესებს", - ნათქვამია წმიდა ამბროსის წერილში.
მე-19 საუკუნის II ნახევარში აფხაზეთი დიდმა მღელვარებამ მოიცვა. 1866 წელს ათასობით აფხაზმა აისხა იარაღი რუს დამპყრობთა წინააღმდეგ. ისტორიაში ეს მოვლენა აფხაზთა აჯანყების სახელწოდებით არის ცნობილი. ამბოხება ივლისში დაწყებულა, მას შემდეგ, რაც "სოხუმის განყოფილების" უფროსი, პოლკოვნიკი კონიარი ადგილობრივ მოსახლეობას გადასახლებით დამუქრებია. მეამბოხეებს კონიართან ერთად მოუკლავთ სოფელ ლიხნში გამაგრებული 50 კაზაკი. რუსებს ნოვოროსიისკიდან და სევასტოპოლიდან შემოუყვანიათ დამატებითი საჯარისო ნაწილები. მეამბოხეებმა ვეღარ გაუძლეს და 4 აგვისტოს იარაღი დაყარეს. საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამბოხების მეთაურები საჯაროდ ჩამოუხრჩვიათ, რომელთა შორისაც ყოფილა აფხაზი თავადი ყალიზბეკ მარღანია. აჯანყების მონაწილე 30 აფხაზი გაუციმბირებიათ, მაჰმადიანი აფხაზები კი თურქეთში გადაუსახლებიათ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ეს აფხაზთა მესამე აჯანყება იყო ცარისტული რუსეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ.
ამ აჯანყების უმძიმეს შედეგებზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის ქართულ ემიგრანტულ პრესაში გამოქვეყნებული წერილი "აფხაზეთი უახლოეს წარსულში და დღეს", რომელიც პროფესორ გურამ შარაძის საშუალებით გახდა ხელმისაწვდომი ამ საკითხით დაინტერესებული მკითხველისთვის. მოვიყვანთ რამდენიმე ფრაგმენტს ამ წერილიდან: "წინათ აფხაზეთი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო კუთხე, საქართველოს ჭირისა და ლხინის სრული მონაწილე იყო. რუსეთთან ბრძოლაში კი იგი ვერ დაუკავშირდა სხვა კუთხეებს და მარტო დარჩა... დამარცხებულმა აფხაზებმა მთებს მიაშურეს, შავი ზღვის სანაპიროები კი უცხოელებს დაუთმეს. ზოგი მათგანი მთელი გვარეულობით ოსმალეთში გადაიხვეწა, ზოგი კი მტრის მახვილით იქნა განგმირული, ხოლო მთებში გახიზნული აფხაზები მეტად რთულ პირობებში მოექცნენ. ყოველგვარი ახალი მათგან მოწყვეტილი იყო, ძველი კი გავლენადაკარგული. აფხაზი ყველას ერიდებოდა და ცხოვრობდა თავისთვის წნელისაგან ლამაზად დაწნულ ქოხში. ამ ქოხების გარშემო დათარეშობდა კბილებამდე შეიარაღებული რუსის ჯარი. აფხაზეთის თავზე დატრიალებულმა ბოროტებამ და გაჭირვებამ ის მოთმინებიდან გამოიყვანა, გაამწარა და გააბოროტა. ხშირად იგი ტყედ გადიოდა და პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებდა მტრის წინააღმდეგ. ყველა ამის გამო აფხაზი სხვა ქართველებთან ერთად ციმბირის გზას უდგებოდა".
როგორც ხედავთ, ძლევამოსილი რუსული არმია ხშირად ახდენდა აფხაზეთში "ჯვაროსნულ ლაშქრობებს". განსაკუთრებულ დაუნდობლობასა და სისასტიკეს იჩენდა ამ კუთხის აბორიგენთა მიმართ. გავიხსენოთ უბიხების ისტორია. "ამ უბედურების დროს, როცა აფხაზთათვის ყველა ქრისტიანის მატარებელი საზიზღარი იყო, მხოლოდ ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეს ჰქონდა აფხაზებთან კავშირი, მხოლოდ მას უზიარებდნენ თავიანთ ჭირ-ვარამს, მას ენდობოდნენო", - აღნიშნავდა წმიდა ამბროსი (ხელაია). სწორედ იმხანად ეპისკოპოსთან მისულა ერთი მაჰმადიანი აფხაზი, სახელად ურუსი, თან 12 წლის ვაჟი ხლებია. როცა მღვდელმთავარს მისთვის ჩვეული ალერსიანი ტონით უკითხავს სტუმრობის მიზეზი, ურუსს გულწრფელად მოუხსენებია: "შენთან მოვედი, კეთილო მწყემსო და მამაო! მე სამუდამოდ ვეთხოვები სამშობლოს, მივდივარ ოსმალეთში საცხოვრებლად და ჩემი ვაჟი უნდა დავსტოვო შენთან, მეტი არა გამაჩნია რა, ცოლი და სხვა შვილები ადრე დავკარგე, არ ვიცი, რა მომელის უცხო მხარეში, მაგრამ მაინც ვსტოვებ ჩემს საყვარელ სამშობლოს. არ მინდა ჩემი უბედურება გავუზიარო ჩემს ერთადერთს შვილს და შენთან მოვიყვანე, მოწყალეო მამაო. ვიცი, მიიღებ, აღზრდი ქრისტიანულათ და იქნება ბედნიერიო".
თვალცრემლიანი მამა გამოეთხოვა საყვარელ შვილს, რომელიც განსვენებულის მეოხებითა და საფასით აღიზარდა და მღვდლობაში დიდი სარგებლობა მოუტანა ქრისტიანობას აფხაზეთში.
ამნაირ განწყობას სამწყსოსთან დიდი ნაყოფი მოჰქონდა. იწყეს აფხაზთა ქრისტიანობის მიღება, რომელიც დამთავრდა 80-იან წლებში ნეტარხსენებული აფხაზეთის მოციქულის დროსო," - მოგვითხრობს წმიდა ამბროსი აღმსარებელი. ეს ამბავიც მისი მოგონებიდან შემოგვინახა ისტორიამ.
დიდებულ მღვდელმთავარს ალექსანდრეს აფხაზეთში 2 ეკლესია აღუდგენია თავისი ხარჯით. ერთი - სოხუმის სანაპიროს მახლობლად, სასაფლაოზე აღმართული ქვითკირის ეკლესიაა, მეორე კი - სოხუმიდან 2 ვერსის მანძილზე მდებარე უძველესი ტაძარი.