სამხრით ურბნისისა არს, რუისის მთის ძირს, დაბა დიდი რუისი და ეკლესია ღვთაებისა, გუნბათიანი, დიდი, დიდშენი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისა ზეითის ქართლის, ლიხ-ტაშის-კარამდე. და აწ ესევ მწყსის ხეობასა და სადგერს, ვინათგან მაწყვერელი არღარა არს. შემუსრა ლანგ თემურ; აღაშენა ეკლესია ესე მეფემან ალექსანდრემ. შემდგომად კვალად განაახლა და შეამკო დედოფალმა მარიამ და ამ რუისის მთის სამხრეთით მინდორი ნიქოზამდე და ლიახვით დვანის-წყლამდე ირწყვის ორის ლიახვის რუთი, თამარ მეფის ქმნულითა, და ნაყოფიერებენ დაბნები ყოვლითავე მრავალნი. ხოლო სალთვისის რუ განაახლა მეფემან ვახტანგ, არამედ აწ უქმი იყო, ხოლო რუისი არს უწყალო, თვინიერ წყაროსა ერთისა, რომელ არს ეკლესიისა თანა, არამედ სცხორებენ მით რუთი. და ირწყვის მინდორი ურბნისამდე ამითვე". აქ მოიწვია წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის სახელით ცნობილი დიდი საეკლესიო კრება. "შეიკრიბა ღვთის მოყვარე ეპისკოპოსთა, პატიოსან მღვდელთა, ღირს დიაკვანთა, ქრისტესმოყვარე მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთა კრება ქართლის მიდამოებში, ორ ახლოს მდებარე საეპისკოპოსოში - რუისსა და ურბნისში: ქართველთა უბიწო სარწმუნოებას რაიმე ბიწი არ შეჰხებია, ეს ღმერთმა ნუ ქნას! - არ გეცრუებით შენ, ჩვენი სიწმინდით მშობელო წმიდაო კათოლიკე ეკლესიაო! არცა გაგცემთ შენ, ჩვენო სიამაყევ - მართლმადიდებლობავ, რომელისთვისაც არაოდეს გვიღალატნია, რაც მისი შეცნობის ღირსნი გავხდით და რისი მოწმეც ჭეშმარიტებაა". ეპარქიის ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა. ორივე საკათედრო ტაძარსა და ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავები იყო. ქრისტესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე...
ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა. 1996 წლის ოქტომბრიდან ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).
მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა