გურია, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ეგრისის (ლაზიკის) ადრეფეოდალური სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიშვა.
ჯუმათის წმინდა გიორგის ხატის ასომთავრულ წარწერაში ვკითხულობთ:
"ახოვანო მხედარო ქრისტესაო, შემწე ეყავ მონასა შენსა ერისთავთ-ერისთავსა ვარდენ ვარდენის ძესა. ამინ". ვარაუდობენ, რომ ეს წარწერა X-XI საუკუნეებისაა და ამიტომაც მიიჩნევენ, რომ გურიის პირველი მთავარი ვარდენ ვარდანიძეა.
ერისთავთ-ერისთავს გურიის მხარის ერისთავები ემორჩილებოდნენ. გურიის ერისთავთ-ერისთავებს რეზიდენცია ლეხოურში ჰქონდათ. ვარაუდობენ, რომ სწორედ მისი ნაშთია დღემდე შემორჩენილი IX საუკუნის ციხე კარის ეკლესიითა და საგვარეულო საძვალით.
ვარდანიძეებს საისტორიო წყაროებში ხშირად იხსენიებენ. ერთ-ერთი მათგანი, სუთმონ გურიელი, ზარზმის (სამცხე) ფრესკის წარწერაში სვანთა ერისთავადაც მოიხსენიება. ზარზმის ფრესკაზე გურიელი უკვე მხცოვანია გამოსახული. ეს ფრესკა ადასტურებს, რომ სუთმონ გურიელი ამ დროისთვის ანუ XIII საუკუნის 30-40-იან წლებში პოლიტიკურ მოღვაწეობას ჩამოშორებულია და ბერად აღკვეცილია. ამაზე მიუთითებს ბერული შესამოსელიც.
შემოქმედის მთავარეპისკოპოსის მეუფე იოსების (კიკვაძის) ლოცვა-კურთხევით, შემოქმედის ეპარქიის შესახებ გვესაუბრება ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზი ბასილი (კვირჩილაძე). მამა ბასილი შემოქმედის ეპარქიის გამომცემლობის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
- მამაო ბასილ, შემოქმედის ეპარქია ერთ-ერთი უძველესთაგანია და საკმაოდ ხანგრძლივი წარსული აქვს. რა იცით ეპარქიის ადრინდელ მღვდელმთავრებზე?
- ვარაუდობენ, რომ პირველი შემოქმედელი მღვდელმთავარი XV საუკუნის მეორე მეოთხედში მოღვაწეობდა, მაგრამ სამწუხაროდ მისი ვინაობა არ არის ცნობილი. იგივე ითქმის მომდევნო ეპისკოპოსებზე.
შემოქმედელი მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ბესარიონი (მაჭუტაძე), ისტორიულ წყაროებში XVI-XVII საუკუნეებში მოიხსენიება, ბესარიონ შემოქმედელის მემკვიდრე კი (1635 წლამდე) მაქსიმე მაჭუტაძე გახლდათ. საგულისხმოა, რომ მღვდელმთავარი მაქსიმე იმერეთის კათოლიკოსის ტახტს ითავსებდა 1628 წლამდე.
შემოქმედელ მღვდელმთავართა შორის აღსანიშნავია მიტროპოლიტ იაკობ დუმბაძის მოღვაწეობა, რომელიც 1647-1658 წლებში განაგებდა ეპარქიას. მიტროპოლიტი იაკობი ეპისკოპოსის ტახტზე მალაქია გურიელმა შეცვალა, რომელიც ეპარქიას 1684 წლამდე უძღვებოდა.
1684 წელს შემოქმედის ეპარქიას დროებით იმერეთის კათოლიკოსი დავით ნემსაძე ჩაუდგა სათავეში. 1689 წელს მალაქია გურიელი ისევ დაუბრუნდა შემოქმედის ეპარქიას, ამავე დროს მან გურიის სამთავრო ტახტიც დაიკავა, მაგრამ მამია გურიელთან წარმოშობილი წინააღმდეგობის შემდეგ ორივე ტახტი დათმო.
მამია III გურიელმა შემოქმედის ეპარქია მღვდელმთავარ იოანეს უწყალობა (1689-1719წ.წ.). იოანეს გვარი დღემდე უცნობია, მაგრამ დადასტურებულია, რომ მას მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა და შემოქმედის ეპარქიის ტახტზე 1713 წლამდე ბრძანდებოდა.
1713-1776 წლებში შემოქმედის ეპისკოპოსობა ნიკოლოზ ბატონიშვილს, მამია III-ის ძეს, ერგო, რომლის შემდეგ, 1777 წლიდან, მიტროპოლიტად იოსებ თაყაიშვილი განაწესეს. იგი შემოქმედის კათედრას 17 წლის განმავლობაში განაგებდა და 1788 წლიდან ჯუმათის კათედრაც შეითავსა.
იოსებ შემოქმედელის გარდაცვალების შემდეგ ეპარქია ჯუმათელ მღვდელმთავარ იოანე ხინოწმინდელს (წუწუნავას) მიანდეს, მაგრამ ეს თანამდებობა მას ფორმალურად და მცირე ხნით ეჭირა.
1797 წლიდან 1827 წლამდე შემოქმედის ეპარქიის მღვდელმთავარი ნიკოლოზ შერვაშიძე-ერისთავი გახლდათ. მისი გარდაცვალების შემდეგ ვითარება დაიძაბა. ცარიზმს არ სურდა, გურიის ეპარქია ქართველ მღვდელმთავრებს ემართათ, მაგრამ წინააღმდეგობა იმდენად მძაფრი იყო, რომ განზრახვაზე ხელი აიღეს.
ბევრი ფიქრის შემდეგ ეპისკოპოსის ტახტი ჩააბარეს შემოქმედის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ არსენს (მგალობლიშვილს). ისიც გონივრულად უძღვებოდა ეპარქიას, ვიდრე 1833 წელს ის იმერეთისას არ შეუერთეს. ასე გაგრძელდა 1844 წლის 1 აპრილამდე, შემდეგ კი გურიაში სრულიად ახალი საეკლესიო კათედრა - გურიის საეპისკოპოსო შემოიღეს. მაგრამ ამ კათედრამ მხოლოდ 41 წელი გაძლო და 1885 წელს ოდიშის ეპარქიასთან შეერთებით დაასრულა არსებობა.
1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ ჩვენს ამჟამინდელ კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს პირველ შემოქმედელ ეპისკოპოსად დაასხა ხელი და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად დანიშნა. შემდეგ შემოქმედისა და ბათუმის ეპარქიები გაერთიანდა და ეწოდა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია. 1995 წლის 4 აპრილს წმინდა სინოდის განჩინებით შემოქმედის ეპარქია კვლავ აღდგა. ამჟამად იგი მოიცავს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონებს.
1995 წლის 7 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და წმინდა სინოდის განჩინებით შემოქმედის ეპარქიის მმართველად ეპისკოპოსი იოსები (კიკვაძე) დაინიშნა.
- თუ შეიძლება, მეუფე იოსებზეც გვიამბეთ...
- შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი იოსები (ერისკაცობაში - გივი-გიორგი კიკვაძე), დაიბადა 1959 წლის 17 სექტემბერს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო ფარცხმაში. ჩოხატაურის პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ - ბათუმის, ხოლო შემდეგ - თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა. სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1978 წელს, ხაზვა-ხატვის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ჩოხატაურის კულტურის სახლში.
პედაგოგად მუშაობის დროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, საიდანაც 1981 წელს დაბრუნდა და მუშაობა განაგრძო ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში, ხატვისა და ქანდაკების მასწავლებლად. რამდენიმე წლის შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც 1989 წელს წარჩინებით დაამთავრა. სტუდენტობისას სიონის საკათედრო ტაძრის მრევლი გახდა. 1987 წელს კი წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სტიქაროსნად აკურთხეს. 1989 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიაში. მეორე კურსის სტუდენტი მორჩილად აკურთხეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მორჩილად იყო საფარის მამათა მონასტერში. 1991 წლის 26 მაისს სვეტიცხოველშივე ბერად აღიკვეცა, შვიდი დღის შემდეგ კი, 23 მაისს, დავით გარეჯელის ხსენების დღეს, კათოლიკოს-პატრიარქმა ბერ-დიაკვნად აკურთხა. 1991 წლის 3 ნოემბერს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისა და წმინდა ნინოს დედათა მონასტრის მღვდლად განაწესა. ერთი წლის შემდეგ ანტონ მარტყოფელის სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, ხოლო 1993 წელს, დიდ მარხვაში, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. 1995 წლის 7 აპრილს, ხარებას, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შემოქმედელ ეპისკოპოსად ეკურთხა და შემოქმედის ეპარქიის მმართველად დანიშნა. 2000 წლის ნოემბერში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვარში, ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის კურთხევისას, მეუფე იოსები მთავარეპისკოპოსის ხარისხში აღიყვანეს.
პირველი სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვა მეუფე იოსებმა 1995 წლის 23 აპრილს, აღდგომა დღეს, შემოქმედის ტაძარში აღავლინა.
- შემოქმედის მონასტერი გურიელთა უკანასკნელი განსასვენებელი იყო და ამავე დროს ერთ-ერთ უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა საქართველოში... თავად ამ სამონასტრო კომპლექსის შესახებაც ხომ არ გვიამბობთ რამეს?
- შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. მასში შედის შუა საუკუნეების (XIIს.) ღვთაების ტაძარი, XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია ზარზმა, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერისცვალების ხატი (ეკლესიის სახელიც აქედან მოდის) და 1831 წელს აგებული სამრეკლო.
მონასტრის გორაკის ძირში გამოქვაბულია. წინათ ის დაყუდებული ბერების ნავსაყუდელი ყოფილა. შემოქმედის მონასტერი მართლაც უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა. იგი რამდენიმეჯერ გაძარცვეს, მაგრამ სიდიადე მაინც ვერ დაუკარგეს. ხელმრუდეთა კვალი ახლაც ატყვია შემოქმედის მონასტერში დაცულ ხატებს: ზოგს თვალი აქვს დათხრილი, ზოგსაც ბუდიდან თვალმარგალიტი აქვს ამოგლეჯილი.
ისტორიკოს თედო სახოკიას ცნობით, აქ ყოფილა "სახარება ძვირფას თვალმარგალიტით შეჭედილ-შემკული... მესამოცე წლებში, ამ ძვირფასი სახარების მაგიერ, რაღაც მანქანებით, მხოლოდ ვერცხლით შეჭედილი სახარება დარჩა ამ მონასტერში".
წყაროებში მიუთითებენ, რომ შემოქმედის მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა. აქ დაცული ყოფილა ორი შესანიშნავი ხელნაწერი: "გულანი" და "ფუტკარი" ანუ ლოცვანი და ბერძნული ეკლესიის ზოგი წმინდანის ცხოვრების კრებული.
შემოქმედის გულანი 1004 სქელი ქაღალდის ფურცელს შეიცავს და ზუსტად ორ ფუთს იწონის. იგი XVIII საუკუნის I ნახევარში გადაუწერიათ საბა და იოსებ ტუსკიებს. ამჟამად იგი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდ "გურიაში". მეორე ხელნაწერი, გარდა წმინდანთა ცხოვრებისა, სხვა საინტერესო თხზულებებსაც შეიცავს. მათგან აღსანიშნავია ვრცელი ტრაქტატი, "თქმული წმიდისა მამისა ჩუენისა არსენისა მცხეთელი კათალიკოზისა". ამ ტრაქტატში მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების განხეთქილების ამბავი VI-VII საუკუნეების ქალკედონის კრების შემდეგ.
შემოქმედის მონასტერი გურიელთა სამარხიც გახლავთ. აქ განისვენებენ მამია V გურიელი, დედამისი - დედოფალი მარინე, ქაიხოსრო გურიელის მეუღლე ელისაბედ ერისთავი, შემოქმედელი ეპისკოპოსები.
- დანარჩენ ეკლესია-მონასტრებზე რას გვეტყვით?
- 1987 წლიდან 1995 წლამდე გურიაში რვა ეკლესია-მონასტერი მოქმედებდა: შემოქმედის, აჭის, ლიხაურის, კვირიკეთის, დვაბზუს (ოზურგეთის რაიონი), ჯიხეთის დედათა მონასტერი (ლანჩხუთის რაიონი), ჩოხატაურის გრიგოლ ხანძთელის სახელობის და უდაბნოს მამათა მონასტერი. დღეს წირვა-ლოცვა გურიის ეპარქიაში 50-ზე მეტ ეკლესია-მონასტერში აღევლინება.
მონასტრებიდან აღსანიშნავია შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარი და მამათა მონასტერი, ჯუმათის მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი, აჭის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი, ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი, სამება-ჯიხეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დედათა მონასტერი, უდაბნოს მამათა მონასტერი, გრიგოლეთის გრიგოლ ღვთისმეტყველის მამათა მონასტერი, ეკლესიებიდან - მაკვანეთის ხარების სახელობის ეკლესია, ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ეკლესია, ბახვის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, ჭაჭიეთის შალვა ახალციხელის სახელობის ეკლესია, ცხემლისხიდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, გორაბეჟოულის კვიპრიანესა და იუსტინას სახელობის ეკლესია, სამება-ჯიხეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სამება-ჯიხეთის წმინდა გიორგის ეკლესია, ჯუმათის ხარების ეკლესია, ლანჩხუთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარი, ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ხევის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, ნაგომარის წმინდა მარინეს ეკლესია, მთისპირის ფერისცვალების ეკლესია, ლანჩხუთის წმინდა ბარბარესა და წმინდა პანტელეიმონის ეკლესია, ჩოხატაურის გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია, ფარცხმის ხარების სახელობის ეკლესია, გვიმბალაურის თამარ მეფის ეკლესია, ოზურგეთის საეპისკოპოსო რეზიდენცია და წმინდა ნინოს ტაძარი და სხვა მრავალი.
ეპარქიაში შენდება ახალი ტაძრები - ბახვის გაბრიელ ქიქოძის სახელობის ეკლესია, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი, ჩოხატაურის იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარი, მაკვანეთის აღდგომის სახელობის ტაძარი, სამების ეკლესია, საჭამიასერის ხარების სახელობის ეკლესია, გომის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
ეპარქიაში ოცზე მეტი სასულიერო პირი მსახურობს. მათგან ერთი არქიმანდრიტი ანდრია კბილაშვილია, ორი - იღუმენი: მამა მიქაელი (გიგინეიშვილი) და მამა პეტრე (ანდღულაძე); მღვდელ-მონაზვნები - მარკოზი (გურგენიძე), ზაბულონი (ხუბუკელაშვილი), იოსები (ღლონტი), ელიზბარი (ბაბუხადია), დეკანოზები მამა მათე (გორდელაძე), მამა სვიმეონი (სვანიძე), მამა კვირიკე (ხეცურიანი), მღვდლები - მამა თომა (სიხარულიძე), მამა დავითი (მექვაბიშვილი), მამა მათე (დოლიძე), მამა საბა (ჟღენტი), მამა გიორგი (ჟღენტი), მამა ბართლომე (რუხაძე), მამა მიქაელი (ტუღუში), მამა მოსე (ჩხარტიშვილი), მამა ვახტანგი (თოხაძე), მამა ბესარიონი (ლომინეიშვილი), მამა დავითი (ჯანჯღავა), მამა შალვა (ჯინჭარაძე).
- ეპარქიაში საგამომცემლო საქმიანობასაც ეწევით. რომელი ჟურნალ-გაზეთები იბეჭდება თქვენთან?
- შემოქმედის ეპარქიაში რამდენიმე გაზეთი და ჟურნალი გამოიცემა, მათ შორის - გაზეთი "შემოქმედის ეპარქია", ჟურნალი "ანი და ჰოე".
ჩვენი ეპარქია მომავალი თაობის აღზრდას დიდ ყურადღებას აქცევს. ეპარქიაში სამი მართლმადიდებლური გიმნაზიაა: ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობისა, რეალური (ასე ჰქვია მრავალპროფილიან სასწავლებელს) და ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის გიმნაზია.
მეუფე იოსებს კიდევ ბევრი კეთილი ჩანაფიქრი აქვს, დანარჩენს კი მომავალი გამოაჩენს.
ღმერთმა დაგლოცოთ!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი