გურია ოდითგანვე საქართველოს განუყოფელ კუთხედ და ქართლოსის, ბიბლიური ნოეს ძის იაფეტის შთამომავლის, სამკვიდრო მამულად ითვლებოდა.
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოს ზღვისპირა მხარესა და "ფაზისის იბერებში" მოციქულების - ანდრია პირველწოდებულის, მატათასა და სვიმონ კანანელის - მოღვაწეობას უკავშირდება. IV საუკუნეში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, გურიაც გაქრისტიანდა, თუმცა ქრისტიანობის ადრეული ხანის საღვთისმსახურო კერები ამ კუთხეში არ შემორჩენილა.
VII საუკუნიდან გურია ცალკე პროვინციად მოიხსენიება, ხოლო XI-XII საუკუნეებიდან მის მმართველ ერისთავად იხსენიება გურიელი. XVII საუკუნეში გურიის მთავარი მალაქია გურიელი იმერეთის (ანუ აფხაზეთის) კათოლიკოსიც კი გამხდარა.
VI-VIII საუკუნეებში, ბიზანტიელთა მმართველობის დროს, ამ მხარეში ბერძნულენოვანი მსხვილი საეკლესიო ერთეული - ლაზიკის სამიტროპოლიტო იყო დაფუძნებული. მას ექვემდებარებოდა გურიის ნაწილი, ხოლო დანარჩენი გურია, ისევე როგორც მთელი პროვინცია ბიზანტიელთა ექსპანსიამდე, მცხეთის საყდრის იურისდიქციაში მოიაზრებოდა.
საქართველოს ერთიან ეკლესიას გურია ქვეყნის სახელმწიფოებრივი მთლიანობის აღდგენის შემდეგ დაუბრუნდა. XI საუკუნიდან ეს პროვინცია ქუთაისის ეპარქიაში შედიოდა. XV საუკუნის შუა ხანებისთვის, ქვეყნის პოლიტიკური დანაწევრების პარალელურად, გურიის სამთავრო იმერეთის სამეფოს გამოეყო და იქ ერთიმეორის მიყოლებით წარმოიშვა გურიის სამი სამღვდელმთავრო კათედრა: შემოქმედისა (ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, "მთის ძირში არს შემოქმედი, ეკლესია დიდშენი, გუნბათოვანი, შემკული ყოვლითა, იყო ესე საარქიმანდრიტო, აწ არს საეპისკოპოზო. ზის ეფიზკოპოზი, მწყემსი მას ქვეითის გურიისა"), ჯუმათისა (ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, "არს თხემსა ზედა ეკლესია ჯუმათს, დიდი, გუნბათიანი, დიდშენი, მჭვრეტი ზღვისა და გურია-ოდიშისა, არამედ ზამთარ არს გაუძლისი და ზაფხული - საამო, მშვენი, კეთილჰაოვანი; ზის ეპისკოპოზი, მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა. და არს მთა ესე ჯუმათისა ტყიანი, შენობა-დაბნებიანი, ვენახ-ხილ-მოსავლიანი და ნადირ-ფრინვლიანი") და ნინოწმინდისა. შემოქმედელი მღვდელმთავარი გურიის სამთავროს უმაღლესი სასულიერო ხელისუფალი იყო. რიგითი ეპისკოპოსებისგან განსხვავებით, მას შეეძლო მოეწვია საეკლესიო კრება და მის დაქვემდებარებაში მყოფ ეპისკოპოსთა თანდასწრებით ეკურთხებინა ახალი მღვდელმთავარი. შემოქმედელი მთელი გურიის საეკლესიო საქმეთა მსაჯულადაც ითვლებოდა. მიტროპოლიტის არჩევაში ამ მხარის ყველა ეპისკოპოსს უნდა მიეღო მონაწილეობა.
საქართველოში რუსეთის შემოსვლიდან და იმერეთის საკათალიკოსოს გაუქმებიდან 1827 წლამდე გურიის ეკლესიის საქმეებს დამოუკიდებლად განაგებდა გურიის ერისთავთა სახლის წევრი ნიკოლოზ ჯუმათელი. 1844 წლის 1 აპრილს გურიაში დაწესდა გურიის ეპარქიის სამღვდელმთავრო კათედრა, რომელიც 1885 წელს ოდიშისას შეუერთდა და გურია-სამეგრელოს ეპარქია ეწოდა. 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, პირველსავე საეკლესიო კრებაზე აღდგა 13 ეპარქია. იმ დროს განახლებული ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის შემადგენლობაში მოიაზრებოდა გურიაც. 1995 წლის 5 აპრილს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიას გამოეყო შემოქმედის ეპარქია, რომელსაც იმავე წლის 7 აპრილიდან ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი იოსები (კიკვაძე).
მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა