სამთავის-გორის ტერიტორიაზე არსებული ქალაქების, გორისა და კასპის ისტორიას ქართული წყაროები სამართლიანად მიაკუთვნებენ შორეულ წარსულს. ეს მხარე გარეშე მტრების ხშირი შემოსევისა და შიდა დაპირისპირების გამო მრავალჯერ დარბეულა. ამ კუთხეში ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების შესახებ ნასტაკისის ნაქალაქარის არქეოლოგიური მონაცემები მიანიშნებს. აქ აღმოჩენილია II-III საუკუნეების პირველ ქრისტიანთა საღვთისმსახურო შენობა, რაც მოციქულთა მოღვაწეობის ხანას უკავშირდება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრეს საქრისტიანო ცენტრად იქცა. საეკლესიო ტრადიცია სამთავისში ეპარქიის საკათედრო ტაძრის აგებას წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ეკლესიებთან ერთად მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს. სამთავისში მოღვაწეობდა ცამეტ ასურელ მამათაგან ისიდორე სამთავნელი. უძველესი ეპარქია ოდითგანვე ცნობილი იყო ეკლესია-მონასტერთა სიმრავლით, ბერ-მონაზონთა მოსაგრე და თავდადებული მოღვაწეობით. ტაძართაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ატენის სიონი, არბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
საკათედრო ანუ საეპისკოპოსო ეკლესიებს, რომელთაც "საყდარი" ეწოდებოდათ, ვითარცა საეპარქიო ცენტრებს, როგორც წესი, გააჩნდათ შემოსავალი თავიანთი სამწყსოდან. ჩვენამდე მოღწეულია "სამთავისის ღმერთების საყდრის სამწყსოს დრამისა და შესავლის წიგნი". შემოსავლის აღმნუსხველ ამ წიგნს ასევე "გუჯარიც" ეწოდება, იგი "ძველთაგან განაჩენი" ყოფილა. "ძველთაგან" დამტკიცებული ეს წიგნი, როგორც ჩანს, ხელახლა დაუმტკიცებია 1459 წლის კრებას. წიგნი წარმოადგენს კანონების კრებულს და ეხება სამწყსოს გადასახადს სხვადასხვა სარწმუნოებრივ თუ საყოფაცხოვრებო მომენტთან დაკავშირებით. საქართველოში კანონმდებელს წარმოადგენდა უმაღლესი საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთობლივი კრება, რომელსაც გამოჰქონდა კანონები ანდა ამტკიცებდა ძველს. 1459 წელს პატრონ ერისთავ შალვას წინაშე მისულა სამთავნელი ეპისკოპოსი გრიგოლი, მას მოუხსენებია, მის სამწყსოში წარმოქმნილი მრავალი უწესო საქმის შესახებ. შალვას ბრძანებით: "შევიყარენით ჩუენ ცხრაძმისხევისა სამისავე ხევის კრებულნი და მამასახლისნი და ესე პირი მოვახსენეთ სამთავნელისა და ჯუარსა და ომოფორასა".
ეს სამართლის წიგნი საზღვრავდა სამთავნელი ეპისკოპოსის უფლებებსა და შემოსავალს. პირველი მუხლის მიხედვით, თუ რომელიმე ხუცესი (მღვდელი) უკანონოდ დაწერდა ჯვარს ახლო ნათესავებს, ნათლია-ნათლულს, მონატაცებ ქალს ანუ იმ პირებს, რომელთა ურთიერთქორწინება აკრძალულია - სამთავნელ ეპისკოპოსს უფლება ჰქონდა ორივე მხარისთვის გადასახადი დაედო, ვითარცა დამნაშავეებისთვის და ეს გადასახადი აუცილებლად უნდა გადახდილიყო, თუნდაც ქსნის ერისთავმა ანდა სამთავისის მთელმა სამწყსომ (პატრონმა და ქვეყანამ) უშუამდგომლონ. ამ ძეგლში ორჯერ გვხვდება სიტყვა - "სვინდიკინოზი" (სვინტიკინოზი), რაც ნათლიას, ნათლია-ნათლულს ნიშნავს. "სვინა" ნათლიაა. ეს სიტყვა ათონელთა ნაწერებშიც გვხვდება... ეს წიგნი შედგება სულ 27 მუხლისგან. საფიქრებელია, რომ ეს "სამწყსოს საკანონო წიგნი", რომელიც იყო "ძველთაგან დამტკიცებული", წინ ედო ზემოაღნიშნულ კრებას 1459 წელს. კრებამ ეს წიგნი ხელმეორედ დაამტკიცა და ზედ დაურთო თავისი ახალი ბრძანება.
ეპისკოპოსი, როგორც წესი, სამწყსოს მოივლიდა ხოლმე. ეს გულისხმობდა სოფლებში დიდი ამალით მიმოსვლას. მღვდელმთავარსა და მის ამალას სოფელი ერთი ან რამდენიმე დღის მანძილზე უნდა გამასპინძლებოდა, რაც ბევრს უჭირდა. ამის გამო სამთავნელ ეპისკოპოსს შემოვლის დროს აბრკოლებდნენ. კრებამ დაადგინა: "სამთავნელს სამწყსოში შესვლა ვერავინ დაუშალოს". ეს დადგენილება ანუ კრების სიგელი შემდგომში მეფე შაჰნავაზმა განაახლა.
დროთა განმავლობაში, მტერთა შემოსევებისა და სხვა მიზეზთა გამო, სამთავისის სამღვდელმთავრო კათედრა ნელ-ნელა დაემცრო, ხოლო ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ისიც გაუქმდა. ეპარქიის სრულყოფილი ამოქმედება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
2001 წლის ნოემბრიდან სამთავისისა და გორის მმართველი მღვდელმთავარია ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა).
მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა