ხონის ეპარქია დაარსდა XVI საუკუნეში იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის მიერ, იმერეთის რამდენიმე მცირე საეპისკოპოსოდ დაყოფის შედეგად.
პირველ ხონელ მთავარეპისკოპოსს, მანუელს (ჩხეიძეს), აფხაზეთის კათოლიკოსმა დაასხა ხელი, მის ეპარქიაში გაერთიანდა მთელი ვაკე იმერეთი. მე-17 საუკუნის კათოლიკე მისიონერი ქრისტოფორო კასტელი იცნობს ამ ეპარქიას, ხონის საკათედრო ტაძარი დატანილია არქანჯელო ლამბერტის რუკაზეც. სამეფო დომენში შემავალ ხონის ეპარქიაზე განსაკუთრებით ზრუნავდა სამეფო ოჯახი. ხონელი მღვდელმთავარი გავლენიან ეპისკოპოსად ითვლებოდა და მისი სამწყსო ტერიტორია თავიდანვე საკმაოდ განვრცობილი იყო.
მეორე ხონელ მთავარეპისკოპოსს, ზაქარიას (ჩხეიძეს), მონაწილეობა მიუღია 1550 წელს მოწვეულ საეკლესიო კრებაში, სადაც ხალხის ზნეობრივი ცხოვრების ასამაღლებლად შეიმუშავეს ე.წ. "სამართალი კათალიკოზისა".
XVI-XVII საუკუნეებში მოღვაწეობდა ხონელი მთავარეპისკოპოსი გედეონი, რომლის სახელი ერთმა ხატმა შემოინახა. უნდა აღინიშნოს, რომ ხონელი მთავარეპისკოპოსები თავიანთ სამწყსოში ათობით ბერ-მონაზონს, დიაკონს და მღვდელს ხელმძღვანელობდნენ, განაგებდნენ დიდძალ საეპარქიო მამულს.
ხონის ეპარქიის შემდგომი მმართველი იყო ცაიშელ-ჯუმათელ-ხონელ მთავარეპისკოპოსად წოდებული მალაქია კათოლიკოსი, რომლის გავლენა, უცხოელ მოგზაურთა და მისიონერთა თქმით, არ ჩამოუვარდებოდა იმერეთის მეფისა და მთავართა ძალმოსილებას. 1634 წელს მალაქია კათოლიკოსმა პატივით მიიღო იტალიელი მისიონერები: ჯუზეპე ჯუდიჩე, არქანჯელო ლამბერტი, ქრისტოფორო კასტელი, ანტონი ჯარდინა.
მალაქია კათოლიკოსს ცვლის მაქსიმე (მაჭუტაძე), ისიც ცაიშელ-ჯუმათელ-ხონელ მთავარეპისკოპოსად წოდებული.
ხონელი მთავარეპისკოპოსი სვიმონი (ჩხეიძე) მრევლზე დიდად მზრუნველი მღვდელმთავარი ყოფილა. მთავარეპისკოპოს სვიმონს (ჩიჯავაძეს) კი ეპარქიაში ახალი სამწყსო გაუერთიანებია. მე-17 საუკუნეში მოღვაწეობდა ხონელი მთავარეპისკოპოსი რომანოზი (ერისთავი). მან მოაწესრიგა ეპარქიის საკათედრო ტაძრის საგადასახადო ნუსხები.
ხონელი მთავარეპისკოპოსი იოსებ მროველმყოფელი მონაწილეობდა 1761 წელს მეფის მიერ მოწვეულ საეკლესიო კრებაში. იმერეთის მეფე-დედოფლებმა ეკონომიკურად განამტკიცეს ხონის ეპარქია, ისინი ეხმარებოდნენ ხონელ მთავარეპისკოპოს მაქსიმეს (იაშვილს) სამონასტრო სკოლისა და ქსენონის შენახვაში.
განსაკუთრებით გაძლიერდა ხონის სასულიერო ეპარქია მთავარეპისკოპოს ანტონის (ჩიჯავაძის) დროს. მან აამოქმედა დიდი სამრევლო სკოლა, ააგო სახლი ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვებისთვის, 100-ადგილიანი საავადმყოფო (სასაპყრე), სადაც ეპარქიის ხარჯზე იზრდებოდნენ და მკურნალობდნენ ბავშვებს. ანტონ მთავარეპისკოპოსმა აქტიური მონაწილეობა მიიღო იმერეთის ამბოხებაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, რის შემდეგაც რუსმა მოხელეებმა ეს უდიდესი დამსახურების მქონე მღვდელმთავარი ხონიდან გააძევეს.
1817 წელს საქართველოში დანიშნულმა რუსმა ეგზარქოსმა მოითხოვა იმერეთის 9 ეპარქიის სამამდე შემცირება, რასაც სამღვდელოება და მოსახლეობა წინ აღუდგა. ეგზარქოსის ძალისხმევით დააპატიმრეს მღვდელმთავრები და რეფორმაც ადვილად გატარდა.
1821 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით, საქართველოს საეგზარქოსომ ხონის ეპარქია გააუქმა. მიუხედავად მძლავრი ზეწოლისა, XIX საუკუნის ბოლო მესამედში იმერეთის ეპისკოპოსის, წმინდა გაბრიელის (ქიქოძის) მოღვაწეობის დროს, ხონის ეპარქიის ტერიტორიაზე მრავალი ეკლესია აღდგა და განახლდა, ამ მხარეში ბოლომდე იყო შენარჩუნებული ქრისტიანული ცხოვრება. 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ხონის ეპარქიის ტერიტორია განახლებული ქუთაის-გაენათის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა.
საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა აღდგენა იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მამამთავრობის ხანაში. 1996 წელს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა.
ხონის ეპარქიის გაუქმებიდან 176 წლის შემდეგ, 1996 წელს, საქართველოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხონის ეპისკოპოსად ხელი დაასხა მეუფე საბას (გიგიბერიას).
მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა