პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
5. იუსტინიანე
(მესამე ნაწილი, გაგრძელება)
(მესამე ნაწილი, გაგრძელება)
იუსტინიანეს ნამდვილი აბსოლუტიზმი შფოთით აღსავსე მეხუთე მსოფლიო კრების ისტორიულ პერიოდში გამოვლინდა. შფოთის გამომწვევმა გარეგნულმა მიზეზებმა, ერთი შეხედვით, შეიძლება შემთხვევითობის შთაბეჭდილება დატოვოს და ამიტომ ძნელია იმ შინაგან კანონზომიერებებში გარკვევა, რის საფუძველზეც მოცემულ პერიოდში მართლმადიდებლური დოგმატის კრისტალიზება მოხდა. ასევე ადვილი არ არის კრების მიმდინარეობის სამწუხარო გარეგნულ სახეში ისეთი მიზეზებისა და თავისებურებების დანახვა, რის გამოც ამ კრებას უდავო მსოფლიო ავტორიტეტი შეუნარჩუნდა.
ყველაფერი ორიგენესეულ ღვთისმეტყველებასთან დაკავშირებით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ალექსანდრიელმა ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა, მისი სწავლების ზოგიერთი პუნქტი თავიდანვე ეჭვს იწვევდა. მესამე საუკუნის დასასრულს მეთოდე ოლიმპიელმა სერიოზული ეჭვი გამოთქვა სულების წინასწარცხოვრებისა და სხეულთა აღდგომის შემდგომი ბუნების ორიგენესეული სწავლების თაობაზე; ასი წლის შემდეგ ერესების ცნობილმა მამხილებელმა ეპიფანე კვიპრელმა ორიგენეს ღვთისმეტყველებაში წინაარიანული - მამას დაქვემდებარებული ძე დაინახა; ორიგენეს წინააღმდეგ ნეტარი იერონიმეც წერდა; ბოლოს 400 წელს ალექსანდრიაში შემდგარმა კრებამ, რომელსაც თეოფილე ალექსანდრიელი ხელმძღვანელობდა, ორიგენესეული მაცთუნებელი სწავლება საზეიმოდ დაგმო. როგორც უკვე ითქვა, ორიგენემ პირველმა სცადა ქრისტიანობისა და ელინიზმის სინთეზის განხორციელება, მაგრამ ამ სინთეზში თავისი არსით ელინიზმი საბედისწეროდ "ამდაბლებდა" და "აბრკოლებდა" ქრისტიანობას. ამიტომ, როგორც პატრიოტული ეპოქის ისტორიული არსის შესახებ მსჯელობის დროს აღვნიშნეთ, ორიგენეს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ასპექტი ელინიზმის "გაეკლესიურების" შეუძლებლობიდან გამომდინარეობდა. ეკლესიამ ორიგენეს მემკვიდრეობა გადაამუშავა, ყველაფერი, რაც ეკლესიურობისთვის მიუღებელი იყო, ჩამოიშორა, ფასეული განავითარა და სრულყო. მაგრამ მსოფლიო მასშტაბით ორიგენეს შესახებ მსჯელობა ჯერ კიდევ შემდგარი არ იყო. ამ დრომდე "ორიგენიზმი" მხოლოდ სამების გარშემო დავების დროს განკაცებულ ღმერთთან დაკავშირებული საღვთისმეტყველო ენის თანმიმდევრული დახვეწის პროცესში იქნა დაძლეული. აქ წამყვანი როლი იმან ითამაშა, რომ დავებში, სავსებით ბუნებრივად, დიდი უპირატესობა ეკლესიის წმინდა გადმოცემას ენიჭებოდა.
მეხუთე საუკუნის დასასრულსა და მეექვსე საუკუნის დასაწყისში ორიგენიზმში მწვავე რეციდივები გამოიკვეთა: ამ დროს, ეკლესიურ თვითშეგნებაშიც კი, ნათლად გამოვლინდა ჯერ კიდევ გადაულახავი ელინური მოტივები და ის ჩაუმქრალი ამაოება, რომელიც ქრისტიანობას ფილოსოფიური "რაციონალიზაციის" საცდურად ევლინებოდა. ორიგენიზმისადმი ინტერესის გამოცოცხლება სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა გავიგოთ. შემთხვევითი არ არის, რომ ორიგენეს გარშემო დაწყებული დავები, რომლებმაც იუსტინიანეს დროს უმწვავესი ხასიათი მიიღო, უწინარეს ყოვლისა, ბერმონაზვნობის წრეებში მიმდინარეობდა. ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ბერმონაზვნობა გაჩნდა როგორც სახარებისეული მაქსიმალიზმის "პრაქტიკული" გამოვლინება. მოგვიანებით მის წიაღში ასკეტური გამოცდილების "გააზრება" დაიწყო და ეს გამოცდილება ნელ-ნელა თეორიის საფარმა გადაფარა. თეორიული საფუძვლების ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი იყო ორიგენეს და მთლიანად ალექსანდრიული ტრადიციის ზეგავლენა. აშკარა იყო წმინდა წერილის მისტიკური და სულიერი ანალიზისკენ ლტოლვა, მისი იდეალების, როგორც უმაღლესი მიზნის, ჭვრეტისა და "განღმთობის" გზისადმი ინტერესი. ორიგენეს გამო ბერებს შორის დავა საკმაოდ ადრე დაიწყო. გადმოცემის თანახმად, უკვე წმინდა პახუმი დიდი უკრძალავდა თავის მოწაფეებს ორიგენეს ნაწარმოებების კითხვას. სხვა მხრივ ორიგენეს გავლენა შეიგრძნობა წმინდა ათანასე დიდის მიერ აღწერილ "წმინდა ანტონის ცხოვრებაში". ერთხანს ორიგენემ წმინდა ბასილი დიდი და მისი ბერძნული ბერმონაზვნური ტრადიციების სულის ჩამდგმელი მეგობრებიც დააინტერესა. დაბოლოს, ორიგენეს გავლენა სრულიად უდავოა ევაგრე პონტოელის შემოქმედებაზე, რამაც მთელი აღმოსავლეთი მოიარა და მომდევნო თაობების ასკეტიკურ შემოქმედებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. მიუხედავად ალექსანდრიული ტრადიციებიდან მრავალი სასიკეთოს შეთვისებისა, სულ უფრო მეტად შეიგრძნობოდა ამ სიახლეების თანამდევი საფრთხეც: მისი შინაარსი ქრისტიანობის "სპირიტუალიზებაში", ზედმეტად გასულიერებასა და ადამიანის არსის უსხეულოებამდე მიყვანაში მდგომარეობდა; ეს იყო საფრთხე, რომელიც ჯერ კიდევ გადაულახავი ბერძნული იდეალიზმიდან მომდინარეობდა, რომლის მიხედვითაც "გადარჩენა" და "ცხონება" "განჭვრეტით" უნდა ჩანაცვლებულიყო.
მეექვსე საუკუნის დასაწყისში ორიგენესთან დაკავშირებული ეჭვები და დავები, რომლებიც ბერებს შორის მიმდინარეობდა, არ დამცხრალა. პირიქით, კითხვის ნიშნები უდაბნოს სივრცეებს გასცდა და უფრო ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. 531 წელს პალესტინის ლავრის დამაარსებელი, უკვე ღრმად მოხუცებული წმინდა საბა, სამარიელთა ბუნტის გამო დარბეული პალესტინისთვის მთავრობისგან დახმარების გამოთხოვნის მიზნით კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. მას ახლდა ლავრაში ორიგენეს ერთ-ერთი მთავარი ქომაგი ბერი ლეონტი. კონსტანტინოპოლში საბამ მონოფიზიტებთან დავაში მიიღო მონაწილეობა. კამათის პროცესში ლეონტის ორიგენელობა გამოიკვეთა და საბას მისგან განდგომა მოუხდა. მოგვიანებით კონსტანტინოპოლში ცნობილი ორიგენელი თეოდორე ასკიდა ჩამოვიდა. ის ისე დაუახლოვდა იუსტინიანეს, რომ იმპერატორმა ასკიდას კაპადოკიის კესარიის კათედრა ჩააბარა. იმპერატორის თანადგომით გათამამებულმა ორიგენელებმა თავი ყველგან წამოყვეს. მაგრამ სწორედ ამ დროს კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში საეკლესიო დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, აღმოსავლეთში რომის პაპის წარმომადგენელი ან "აპოკრისიარი" რომაელი სწავლული დიაკონი პელაგიოსი იყო. არ შეიძლებოდა, ორიგენეს მიზეზით ბერებს შორის წამოჭრილი დავისთვის მას ყურადღება არ მიექცია. დასავლეთში ორიგენე ერეტიკოსად უკვე დიდი ხნის წინ იყო მიჩნეული და ამიტომ პელაგიოსმა დიდი ხმაური ატეხა. მისი მოთხოვნით, ანტიოქიის პატრიარქმა ეფრემმა ორიგენე საზეიმოდ დაგმო. ამ ამბით გამოწვეულმა მღელვარებამ ბოლოს კონსტანტინოპოლამდე ჩააღწია. თეოდორე ასკიდას მცდელობის მიუხედავად 543 წელს იმპერატორმა ედიქტის სახით გამოსცა გრძელი ჩამონათვალი, რომელშიც დასაბუთებულად იყო გაკიცხული ორიგენესეული ყველა დებულება, რომლებიც ეკლესიურ სწავლებას ეწინააღმდეგებოდა. ხუთივე პატრიარქმა ამ დოკუმენტს ხელი უყოყმანოდ მოაწერა და დავა მხოლოდ პალესტინელ ბერებს შორის გრძელდებოდა. ამრიგად, საღვთისმეტყველო პრობლემა სახელმწიფოებრივი ედიქტის საშუალებით იქნა დაძლეული (როგორც ცნობილია, ეს მოვლენა არავის გაუპროტესტებია), ხოლო ორიგენიზმის უკიდურესი ფორმები ეკლესიურ თვითშეგნებაში უკვე დაძლეული იყო.
პარადოქსია, მაგრამ ორიგენეს დაგმობამ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარება უფრო მოგვიანებით გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ თეოდორე ასკიდამ ორიგენეს საწინააღმდეგო ედიქტს ხელი მოაწერა, მან პელაგიოსს და მისი სახით დასავლეთის ეკლესიას მაინც არ აპატია საყვარელი მასწავლებლის დამხობაში გადამწყვეტი როლის შესრულება. ასკიდამ იუსტინიანე დაარწმუნა, რომ ორიგენეს შემდეგ მას კიდევ სამი ნესტორიანობასთან ასე თუ ისე დაკავშირებული ანტიოქიელი ღვთისმეტყველი უნდა დაეგმო. ესენი იყვნენ: თეოდორე მოპსუეტელი, თეოდორიტე კვირელი და ივა ედესელი. სიტუაციას ის ამწვავებდა, რომ სამივე მოძღვარი ალექსანდრიელების მიერ წამოყენებული ბრალდებისგან ქალკედონის კრებამ გაამართლა და ისინი თავის დროზე ეკლესიის სრულფასოვან წევრებად მიიცვალნენ. ქალკედონი კი საღვთისმეტყველო თვალსაზრისით პაპ ლევ IV დიდისა და მისი სახით მთელი დასავლეთის გამარჯვებად ითვლებოდა. "სამ დიდ მოძღვარზე" (ან, როგორც მათ უწოდებდნენ, ეკლესიის სამ სათავეზე) თავდასხმით (რაც იმპერატორის სამ თავად შედგენილ ედიქტში აისახა) თეოდორე ასკიდამ დასავლეთი შეურაცხყო. დღემდე გაურკვეველი რჩება ამ ინტრიგის მიზანი: ორიგენიზმთან დაკავშირებული მარცხის "რევანში" თუ რომთან ურთიერთობის გაფუჭება. ასეა თუ ისე, იმპერატორის კარზე, იმ ვიწრო წრეში, სადაც ორიგენეს საწინააღმდეგო ედიქტი დაიწერა, დაახლოებით 544 წელს შეიქმნა ახალი დოკუმენტი, რომელიც საზეიმოდ გმობდა თეოდორე მოპსუეტელს და თეოდორე კვირელისა და ივა ედესელის იმ ნაშრომებს, რომლებითაც ისინი თავის დროზე კირილე ალექსანდრიელს ეკამათებოდნენ. ეს იდეა იმპერატორსაც მოსწონდა, რადგან მონოფიზიტებთან მიმდინარე ადმინისტრაციულ ბრძოლაში ახალი ედიქტი კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მართლმადიდებლების მიერ ნესტორის კატეგორიულ უარყოფას, რასაც, ცხადია, მათ მოქცევაზე შეიძლებოდა დადებითი ზემოქმედება მოეხდინა.
მაგრამ თუ ორიგენეს დაგმობას არავითარი გაუგებრობა არ გამოუწვევია, 544 წლის ედიქტს დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. პაპის ახალმა წარმომადგენელმა სტეფანემ, რომელიც პელაგიოსის ნაცვლად იყო მოვლინებული, ხელის მოწერაზე კატეგორიული უარი განაცხადა. აღმოსავლეთის ოთხმა პატრიარქმა კი მხოლოდ დამხობისა და გადასახლების მუქარით მოაწერა ხელი და მათი ხელმოწერა იმ პირობით ინარჩუნებდა ძალას, თუ ედიქტს რომის პაპიც დაეთანხმებოდა, სხვა შემთხვევაში საკუთარ ხელმოწერაზე უარს აცხადებდნენ. იმპერატორი თავის პოზიციას არ თმობდა. მან იცოდა, რომ დამოუკიდებელი დასავლეთი მათ, ვინც ქალკედონის კრებამ გაამართლა, ნებით არ დაგმობდა; და აი, ღვთისმსახურების დროს პაპი ვიგილი შეიპყრეს, გემზე დასვეს და კონსტანტინოპოლისკენ გაამგზავრეს. სიცილიაში ის მილანის არქიეპისკოპოს დიათის და აფრიკის ეკლესიების წარმომადგენლებს შეხვდა. ედიქტით ყველა უკმაყოფილო იყო, რადგან ის ქალკედონის კრების გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებოდა. კონსტანტინოპოლში რომის პაპი ვიგილი მხოლოდ 547 წელს ჩავიდა. აქ ის დიდი პატივითა და სიყვარულით მიიღეს. იმპერატორმა პაპს პლაკიდას ტაძარი გამოუყო. ხანგრძლივი ტრაგედია სწორედ ამის შემდეგ დაიწყო და ამ მოვლენების გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ წარმოქმნილმა ურთულესმა მდგომარეობამ საბოლოოდ დადებითი შედეგი გამოიღო. პაპმა დასაწყისში კატეგორიული პოზიცია დაიკავა და ყველა იმ პატრიარქთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა, ვინც ეკლესიის "სამი დიდი მოძღვრის" წინააღმდეგ შედგენილ ედიქტზე ხელი მოაწერა. მაშინ იუსტინიანე ვიგილის ღვთისმეტყველურად დამუშავებას შეუდგა. უნდა ითქვას, რომ ბიზანტიელ ღვთისმეტყველებს სამართლიანი არგუმენტები ჰქონდათ. თეოდორე მოპსუეტელი, როგორც უკვე აღინიშნა, უდავოდ ნესტორიანობის მამაა და ნესტორიანობის გაჩენაში მისი წვლილი უფრო დიდია, ვიდრე მისი მოწაფე ნესტორისა. მეორე მხრივ, თუკი ეკლესიამ წმინდა კირილე უდავო მართლმადიდებელ მამად აღიარა, მაშინ როგორ უნდა შეფასებულიყო ის მწვავე და აშკარა უსამართლო ბრალდებები, რომლებიც მის წინააღმდეგ თეოდორიტემ და ივამ წამოაყენეს? ამ არგუმენტების საწინააღმდეგოდ, პაპი ქალკედონის კრების გადაწყვეტილებაზე მიუთითებდა, მაგრამ მას პასუხად ეუბნებოდნენ, რომ ქალკედონის კრებამ ისინი ნესტორის დაგმობის გამო გაამართლა და რომ კრებაზე მათი ღვთისმეტყველური ნაშრომები არც კი განუხილავთ. ბოლოს პაპი დანებდა და "სამი დიდი მოძღვრის" მგმობელთა რიცხვს შეუერთდა. მაგრამ ახლა მღელვარებამ დასავლეთში გადაინაცვლა. იქ პაპ ვიგილის საქციელში განდგომა და ქალკედონის ღალატი დაინახეს. ამ გრძნობას ისიც აძლიერებდა, რომ ცნობილმა აფრიკელმა ღვთისმეტყველმა ფაკუნდო გერმიანელმა "სამი დიდი მოძღვრის" დასაცავად წიგნი გამოსცა. ამ წიგნმა სენსაცია მოახდინა. კრება კრებას მოსდევდა, ყველგან "სამი დიდი მოძღვრის" წინააღმდეგ ხელისმომწერთა გმობა ისმოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ აფრიკაში რომის პაპი ეკლესიიდან იქნა განკვეთილი. იუსტინიანე მიხვდა, რომ რომის პაპის ხელმოწერამ ამჯერად პრობლემა ვერ მოაგვარა. შეშინებული ვიგილი იუსტინიანეს ევედრებოდა, საქმე თავიდან განეხილა და მტკიცებულებათა გაძლიერებისთვის მსოფლიო კრება მოეწვია. იმპერატორმა რომის პაპისგან წერილობითი პირობა აიღო, რომ ის კრებაზე "სამი დიდი მოძღვრის" წინააღმდეგ გამოვიდოდა და კრების სამზადისი ბრძანა. შესაბამისად, აქამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდა.