70 წლის გაზაფხულზე, პასექის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, იერუსალიმს უზარმაზარი ლაშქრით მიადგა ტიტუსი და ელეონის მთაზე დაბანაკდა. დადგა დრო, რომელიც მაცხოვარმა უწინასწარმეტყველა ქალაქს, როცა მას ელეონის მთიდან დაჰყურებდა: "უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თვალთაგან შენთა, რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარე-მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო და დაგარღვიონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაი ქვასა ზედა შენ შორის ამისთვის, რამეთუ არა გულისხმა-ჰყავ ჟამი მოხედვისა შენისაი" (ლუკა 19:42-44).
ებრაელთა შორის შუღლის მოსპობა ვერც კარს მომდგარმა საფრთხემ შეძლო, ერთმანეთთან ქიშპობასა და დავაზე ხელი ვერა და ვერ ააღებინა. მართალია, დროდადრო ახერხებდნენ ურთიერთის მიმართ მტრობის დავიწყებას და თავგანწირული სიმამაცით რომაელებსაც კი განაცვიფრებდნენ, მაგრამ ეს მცირე ხანს გრძელდებოდა; უმთავრესად კი ერთმანეთის ანუ საკუთარი ერის დამარცხებისთვის იღვწოდნენ. პასექის დღესასწაულზე ელეაზარმა, რომლის ხელშიც იყო ტაძარი, ის მლოცველებისთვის გააღო, რითაც იოანემ ისარგებლა, მასში შეიარაღებული მეომრები შეიყვანა, ელეაზარის მომხრენი ამოწყვიტა და ტაძარსა და მის შემოგარენს დაეუფლა. ამასობაში ქალაქის ზემო ნაწილი სიმონმა დაიჭირა. დაპირისპირებულ მხარეთა შორის სისხლისმღვრელი ომი გაიმართა. იერუსალიმი დაჭრილთა გოდებამ და მომაკვდავთა გმინვამ აავსო. ერთმანეთზე გაცოფებულნი ანადგურებდნენ ხორბალს, რომელიც ალყისთვის მოემარაგებინათ, ამსხვრევდნენ იარაღს, წვავდნენ სახლებს... ქალაქის დიდი ნაწილი აკვამლებულ ნანგრევებად იქცა.
და მაინც, იერუსალიმი ისე კარგად იყო დაცული, რომ მტრის მოგერიების იმედი ჯერ კიდევ არსებობდა. ორ ბორცვზე გაშენებულ ქალაქს ქვის სამმაგი კედელი იცავდა, რომელშიც ოთხმოცდაათი მტკიცედ ნაგები კოშკი იყო ჩატანებული. საუკუნეთა მანძილზე იუდეველები არც ენერგიასა და არც სახსრებს არ იშურებდნენ იმ ქალაქის გასამაგრებლად, რომელშიც მათი მთავარი სიწმინდე - ტაძარი - იდგა. ამ მხრივ იუდეის უკანასკნელმა მმართველებმაც ბევრი რამ გააკეთეს - მათ მნიშვნელოვნად აამაღლეს კედლები, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა, ჰეროდემ, სამი აუღებლად მიჩნეული კოშკი ააგო.
თვითონ ტაძარი ქალაქის შუაგულში, მაღალ ბორცვზე იდგა, ყოველი მხრიდან მტკიცე კედლებით დაცული, და გალერეით მძლავრ ციხეს უერთდებოდა; ასე რომ, გამაგრებულ ქალაქში თვითონაც სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი სიმდიდრე და დიდებულება ადამიანის ყოველგვარ წარმოსახვას აღემატებოდა. ამაში ყოველ იუდეველს ჰქონდა წვლილი, რადგან ყოველი მათგანი, განურჩევლად იმისა, სად ცხოვრობდა, ტაძრის სასარგებლოდ გადასახადს იხდიდა.
წმინდა ტაძარი, რომელშიც წინასწარი განწმენდის ადათის აღსრულების გარეშე შესვლაც კი იკრძალებოდა, ახლა ყოველდღე იბილწებოდა მოკლულთა სისხლით, მკრეხელობითა და დანაშაულით. ძალიან ხშირად მლოცველნი და თვით მღვდლებიც კი, რომელნიც მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ, თანამემამულეთა ხელით ეცემოდნენ. და ამას სჩადიოდნენ იუდეველები, რომელთაც შჯული თითქოს სიცოცხლეზე ძვირფასად მიაჩნდათ. ბოროტებისგან გონებადაბინდულნი ვეღარ ხვდებოდნენ, რომ ცოდვის მორევში ჩაფლულებს ღვთის რისხვა უახლოვდებოდათ. ის კი არა, ზეციდან სასწაულებრივ შემწეობას ელოდნენ და იმედს არ კარგავდნენ, რომ ღმერთი მათ არა მხოლოდ რომაელთა მონობისგან იხსნიდა, არამედ მსოფლიო ბატონობასაც მიანიჭებდა. ტიტუსმა არაერთგზის შესთავაზა დანებება და აღუთქვა, რომ ასეთ შემთხვევაში ქალაქიც და ტაძარიც ხელშეუხებელი დარჩებოდა, მაგრამ ცრუ იმედით გულმიცემულმა იუდეველებმა მისი წინადადება ამაყად უარყვეს.
ამასობაში ტიტუსმა ჯერ პირველი, ხოლო შემდეგ მეორე კედელიც აიღო და ქალაქის ახალ ნაწილს დაეპატრონა. მან იფიქრა, რომ იუდეველები ახლა მაინც შეიგნებდნენ თავიანთ უსასოო მდგომარეობას და დანებების ფასად ერთხელ კიდევ შესთავაზა შეწყალება, მაგრამ ამაოდ.
ამასობაში ქალაქს ახალი მტერი გაუჩნდა - შიმშილი. რაკი ალყა პასექის წინა დღეებში დაიწყო, იერუსალიმში დღესასწაულზე ჩასული მრავალი იუდეველი ჩარჩა, რამაც მოსახლეობის რიცხვი ერთიორად გაზარდა. შიმშილობის ჩამოვარდნას ხელი შეუწყვეს ერთმანეთზე გადამტერებულმა პარტიებმაც, რომელნიც ერთმანეთს სურსათ-სანოვაგის მარაგს გულმოდგინედ უნადგურებდნენ. ქალაქში უკვე ყველაფერს ჭამდნენ, რის ჭამაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა, თვით გვამებსაც კი, რამაც საშინელი სენის გავრცელება გამოიწვია. ზოგიერთი საჭმლის მოსაპოვებლად მოალყეებისგან შეუმჩნევლად ცდილობდა ქალაქგარეთ გასვლას, მაგრამ მათი დიდი ნაწილი რომაელებს უვარდებოდა ხელთ და ჯვარზე ასრულებდა სიცოცხლეს. ხანდახან ჯვარზე დღეში ხუთასი კაციც კი იღუპებოდა. ბოლოს ტიტუსმა გამოქცეულთა შეწყალება და დაპურება ბრძანა, მაგრამ მრავალი მათგანი დიდი ხნის შიმშილობის შემდეგ ჭამისგან იხოცებოდა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ქმრები ცოლებს სტაცებდნენ ხელიდან საჭმელს, მშობლები - შვილებს. ადამიანები, რომელთა არსებაში ყოველგვარი გრძნობა ჩაკვდა, მტაცებელ მხეცებზე საშიშნი გახდნენ. ბოლოს ახდა მოსეს ყველაზე საშინელი წინასწარმეტყველებაც: ერთმა ახალგაზრდა დიდგვაროვანმა ქალმა, რომელიც იერუსალიმში დღესასწაულზე ჩამოვიდა და ომის გამო უკან დაბრუნება ვერ შეძლო, ახალშობილი შვილი შეჭამა.
იუდეველები ვერც ამან მოიყვანა გონს, ვერ მიახვედრა, რომ იესო ქრისტეს ჯვარცმისათვის ღმერთის შურისძიება ატყდებოდათ თავს.
ამასობაში რომაელებმა აიღეს მთავარი ციხე, რომელიც ტაძარს გალერეით უკავშირდებოდა და უკვე გამარჯვების აღსანიშნავი ზეიმისათვის ემზადებოდნენ, მაგრამ იუდეველებმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბეს, ათსაათიანი ხელჩართული ბრძოლის შედეგად მტერი მოიგერიეს და გალერეა გადაწვეს. ტიტუსს, რომელიც უკვე მთელ ქალაქს ფლობდა, ტაძრის დანგრევა არ უნდოდა, ამიტომ ებრაელებს ერთხელ კიდევ შესთავაზა დანებება, მაგრამ იოანესგან პასუხად მიიღო, რომ ღმერთი მის ტაძარს მტრებს არ ჩაუგდებდა ხელში. სამწუხაროდ, არც იოანესა და არც სხვებს გონიერება არ ეყოთ იმის მისახვედრად, რომ თავიანთი უდიდესი სიწმინდე ურჯულოებით თვითონვე შეურაცხყვეს.
ხელჩართული ბრძოლების შემდეგ ერთმა რომაელმა მეომარმა ტაძრის სარკმელში ანთებული მუგუზალი შეაგდო და ხანძარმაც აღარ დააყოვნა. ამაო გამოდგა ტიტუსის მცდელობა ტაძრის გადარჩენისა; იუდეველების ხანგრძლივი და ჯიუტი წინააღმდეგობით გაღიზიანებული მეომრები მას უკვე აღარ უჯერებდნენ. მით უმეტეს, რომ დიდი იყო ცდუნება ტაძრის ზღაპრული სიმდიდრის დატაცებისა.
70 წლის 10 აგვისტოს, ზუსტად იმ რიცხვში, როცა ნაბუქოდონოსორმა პირველი ტაძარი გადაწვა, მეორეც ცეცხლს ემსხვერპლა. მრავალი იუდეველი ცეცხლში ჩავარდა, რათა ტაძართან ერთად დაღუპულიყო. ათასობით ადამიანი, რომელმაც დაიჯერა რომელიღაც ცრუ წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომ მესია სწორედ იქ გამოჩნდებოდა და ტაძარს დაიხსნიდა, აბრიალებულ გალერეაში შევარდა და დაიღუპა.
რომაელებმა მთელი ქალაქი ცეცხლითა და მახვილით მოსრეს, ხოლო ტაძარი საძირკვლამდე დაანგრიეს იმის იმედით, რომ იქ ჩამარხულ განძს იპოვიდნენ. სიტყვასიტყვით აღსრულდა მაცხოვრის სიტყვები: ტაძრისგან ქვა ქვაზე აღარ დარჩა. გადარჩა მხოლოდ სამი კოშკი, რომლებიც ტიტუსმა რომაელთა სიმამაცისა და მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების მოწმეებად დატოვა. ქალაქის სიმაგრეთა დათვალიერებისას მას უთქვამს: თვითონ ღმერთი, იუდეველთა ბოროტებით განრისხებული, დამეხმარა, თორემ ასეთი სიმაგრის აღება ადამიანური ძალისთვის შეუძლებელიაო.
მიახლოებითი გამოთვლით, იერუსალიმის ალყის დროს შიმშილის, სენისა და მახვილისგან მილიონ ასი ათასი ებრაელი დაიღუპა, ხოლო მთელი ომის მანძილზე - მილიონ ოთხასი ათასი. დაახლოებით ასი ათასი ტყვედ ჩავარდა. მათი დიდი ნაწილი რომში გაგზავნეს გასართობი თამაშებისთვის უზარმაზარი შენობის - კოლიზეუმის ასაგებად. ურიცხვი იუდეველი რომში, კესარიასა და სხვა დიდ ქალაქებში სწორედ ამგვარი თამაშობებისას დაიღუპა. ბევრიც ეგვიპტეში გაგზავნეს მიწაზე სამუშაოდ და იქ მონებად გაყიდეს.
იერუსალიმის აღებიდან ერთი წლის მანძილზე რომაელები მთელ ქვეყანას დაეპატრონნენ, იუდეველთა მიწები გაყიდეს, ხოლო მისი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ომსა და შიმშილს გადაურჩა - სხვადასხვა მხარეს მიმოფანტეს. იუდეველები იძულებულნი იყვნენ, გადასახადი, რომელსაც თავიანთი ტაძრისთვის იხდიდნენ, ახლა იუპიტერის ტაძრისთვის - კაპიტოლიუმისთვის გაეღოთ. წარმართული ტაძრისთვის გადასახადის გადახდა მათთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იყო. ვერც ამ უბედურებამ აუხილა სულიერი თვალი ამპარტავნებითა და პატივმოყვარეობით დაბრმავებულთ და გონს ვერ მოიყვანა. კვლავ ჭირის დღესავით სძულდათ ქრისტიანები და წარმართებს მათ წინააღმდეგ ამხედრებდნენ, კვლავ ელოდნენ მესიას, ამიტომაც ადვილად უჯერებდნენ წინასწარმეტყველებს. მრავალი მათგანი კვირენეს უდაბნოში დაიღუპა, სადაც იმ იმედით გავიდა, რომ უფლისგან მოვლენილ ნიშნებსა და სასწაულებს იხილავდა.
ქრისტიანი გულგრილი არ უნდა დარჩეს იმ ხალხის მიმართ, რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე იცავდა ღვთისგან ბოძებულ გამოცხადებას, მაგრამ რომელსაც თავისივე ურწმუნოებისა და სისასტიკის გამო ზუსტად აუხდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებანი (II შჯ. 28:47-68).
იერუსალიმის დაცემა ქრისტეს ჯვარცმიდან დაახლოებით ორმოცი წლის შემდეგ მოხდა. იმხანად ჯერ კიდევ ცოცხლები იქნებოდნენ ებრაელები, ქრისტეს ჯვარზე გაკვრას რომ მოითხოვდნენ და გაჰყვიროდნენ, მისი სისხლი ჩვენსა და ჩვენს შვილებზე იყოსო.
მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ლევან დავითაშვილმა