ქრისტიანი მეომრები მუხლებზე დაეცნენ და ღვთისგან შეწევნა ითხოვეს. უეცრად ზეცა ტყვიისფერმა ღრუბელმა დაფარა და კოკისპირულმა წვიმამ რომაელები გამოაცოცხლა, ხოლო საშინელმა ქარიშხალმა და ჭექა-ქუხილმა, რომელიც წვიმას თან ახლდა, მტერს თავზარი დასცა - გერმანელები გაიქცნენ. მართალია, წარმართმა რომაელებმა ეს სასწაულებრივი გადარჩენა თავიანთ ღმერთებს მიაწერეს, მაგრამ თვითონ იმპერატორმა, რომლის თვალწინაც მოხდა ყველაფერი, აღიარა, რომ მისი ჯარი ქრისტიანების ლოცვამ გადაარჩინა და მათი დევნის შეწყვეტა ბრძანა.
უფალმა მარკუს ავრელიუსს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მისცა. იმ ხანებში იტალიის ოლქებში ჭირი გავრცელდა. დამფრთხალი ადამიანები სიკვდილის შიშით ახლობელთა მოვლა-პატრონობას ერიდებოდნენ. ქრისტიანები, არათუ ახლობლებს, არამედ დაავადებულ გადამტერებულთაც კი თავგანწირვით უვლიდნენ, ხოლო გარდაცვლილებს მარხავდნენ. ქრისტიანთა კაცთმოყვარებას ბოჰემიის მთებში მიღებული შთაბეჭდილება თითქოს უნდა გაეღრმავებინა და მარკუს ავრელიუსისთვის ჭეშმარიტების შესაცნობად თვალი აეხილა, მაგრამ პირიქით მოხდა: იმპერატორმა დევნის განახლება ბრძანა. დევნის თავიდან ასაცილებლად ამ პერიოდში რამდენიმე აპოლოგია (ქრისტიანობის დასაცავი წერილი) დაიწერა მარკუს ავრელიუსისთვის გადასაცემად, რომელთაგან განსაკუთრებით ცნობილია სარდიის ეპისკოპოსის მელიტონის, აპოლინარი იერაპოლელისა და ათენაგორასი, სწავლული ფილოსოფოსისა, რომელიც წარმართობიდან ქრისტიანობაზე მოიქცა. სამწუხაროდ, ქრისტიანებმა სასურველ შედეგს ვერც ამ გზით მიაღწიეს. ძნელად ასახსნელია ის ფაქტი, რომ იმპერატორი, რომელიც გულმოდგინედ სწავლობდა ფილოსოფიას და თავის თხზულებებში მასზე დამყარებული ზნეობრიობისა და სათნოების კანონებს იძლეოდა, ვერ ხედავდა, რომ ქრისტიანები პრაქტიკულად ავლენდნენ უფრო წმინდასა და მაღალ ზნეობას, ვიდრე ამას ფილოსოფოსები ქადაგებდნენ. დევნას, რომელიც იმპერიაში მარკუს ავრელიუსის მეფობის წლებში მძვინვარებდა, ურიცხვი ქრისტიანის სიცოცხლე შეეწირა.
მაშინ სარწმუნოებრივი სიმტკიცე განსაკუთრებით გალიის ქრისტიანებმა გამოიჩინეს. ზოგიერთი ძველი ეკლესიის ისტორიკოსი (ევსევი კესარიელი, ეპიფანე კვიპრელი, თეოდორიტე) ამტკიცებს, რომ გალიაში ქრისტიანობა პავლე მოციქულის მოწაფემ, კრისკენტიმ, იქადაგა. სხვები კი იუწყებიან, რომ იქაურები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ლუკა მახარებელმა მოაქცია. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში I საუკუნესა და II საუკუნის I ნახევარში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ მეტისმეტად მწირი ცნობები მოგვეპოვება; ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია, რომ II საუკუნის შუა ხანებში გალიაში მქადაგებლები პოლიკარპე სმირნელს წარუგზავნია, რომელთაგან ყველაზე ცნობილნი პოთინი და ირინეოსი იყვნენ. მათ მისიონერულ მოღვაწეობას განსაკუთრებით კარგი შედეგი გამოუღია და ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ქალაქში, ლიონში, საეპისკოპოსო კათედრაც კი დაარსებულა. ლიონის პირველი ეპისკოპოსი პოთინი გახდა, ხოლო ყველაზე ცნობილი - ირინეოს ლიონელი. მარკუს ავრელიუსის ბრძანებით, ქრისტიანთა დევნა გალიაშიც დაიწყო. საშინელ ცილისწამებებსა და შეურაცხყოფას 177 წლიდან უკვე ქრისტიანთა დაკითხვები და მათთვის გამოტანილი სხვადასხვა სახის სასჯელი მოჰყვა. ევსევის "ეკლესიის ისტორიაში" დაცულ წერილში, რომელიც, როგორც ფიქრობენ, ირინეოსს ეკუთვნის, დაწვრილებითაა მოთხრობილი ლიონელი ქრისტიანების ტანჯვა-წამების შესახებ. წერილი წარმოადგენს ლიონისა და ვიენის ქრისტიანთა სახელით მცირე აზიის ეკლესიებისადმი მიმართვას.
დევნა დაიწყო იმით, რომ რამდენიმე ქრისტიანი შეიპყრეს და დასაკითხად წაიყვანეს მოედანზე, სადაც ურიცხვი ხალხი იყო შეკრებილი. რადგანაც მათ საკუთარი რწმენა მტკიცედ აღიარეს, ოლქის პროკონსულის მოსვლამდე საპყრობილეში ჩაყარეს. რამდენიმე დღის შემდეგ პროკონსულმა შეპყრობილები დაკითხა. მეტისმეტად უხეშად და მკაცრად ეპყრობოდა, რამაც მოედანზე მყოფ ერთ ახალგაზრდა ქრისტიანს მოთმინება დააკარგვინა და ითხოვა, მისთვის ქრისტიანთა დაცვის უფლება მიეცათ. ეს ახალგაზრდა იყო ვეტიუს ეპიგატი, ცნობილი მოქალაქე, ყველასაგან პატივცემული პატიოსნებისა და სამართლიანობისთვის. როცა მისი მგზნებარე სიტყვა მოისმინა, პროკონსულმა ჰკითხა, ისიც ქრისტიანი ხომ არ იყო. ახალგაზრდა კაცმა თავისი რწმენა საჯაროდ აღიარა, რის გამოც მაშინვე შეიპყრეს. მისმა საქციელმა სარწმუნოების საჯაროდ აღიარება სხვა ქრისტიანებსაც შთააგონა, რომელთაგან შემდგომში სიკვდილის შიშით რწმენა მხოლოდ ათამდე კაცმა უარყო.
საპყრობილეები ქრისტიანებით აივსო, მათ შორის იყვნენ ლიონსა და ვიენაში ეკლესიის დამაარსებელნიც. თვითონ ქრისტიანები წამებამ ვერ გატეხა, სამაგიეროდ, მათმა მონებმა მისცეს იმგვარი ჩვენებანი, როგორსაც მოსამართლეები ითხოვდნენ. შეპყრობილთა შორის ერთი ახალგაზრდა მონა ქალი ბლანდინაც იყო. ყველას ეშინოდა, რომ სუსტი და ფაქიზი აგებულების ბლანდინა წამებას ვერ გაუძლებდა, მაგრამ უფალმა მას დათმენის ზებუნებრივი ძალა მიანიჭა. ყველაზე საშინელი წამების დროსაც კი მხოლოდ იმეორებდა: "მე ქრისტიანი ვარ და ჩვენ შორის არავითარი დანაშაული არ ხდება". მისმა თავდადებამ და სიმტკიცემ მხნეობის სული იმათაც შთაბერა, რომელთაც შიშით უარყვეს რწმენა, და თავი ისევ ქრისტიანებად აღიარეს. ბევრი წამებას გადაჰყვა, ბევრსაც ნესტიან საპყრობილეში წამებამდე ამოხდა სული.
დაკითხვაზე დაიბარეს ლიონის ეპისკოპოსი პოთინიც. 90 წლის მოხუცს სიარული არ შეეძლო და ხელით შემოიყვანეს. პროკონსულის კითხვას: "ვინ არის ღმერთი ქრისტიანთა?" - ეპისკოპოსმა მშვიდად მიუგო: "გაიგებ, თუ ღირსი იქნები". ამ პასუხმა ბრბო გააცოფა, სეირის მოყვარულნი მოხუც ეპისკოპოსს მისცვივდნენ, მუშტები და ჯოხები დასცხეს, ზოგმა არც ქვა დაიშურა. პოთინი ცოცხალ-მკვდარი გაიყვანეს საპყრობილეში, სადაც ორი დღის შემდეგ აღესრულა.
ბლანდინა ბოძზე ჯვრისებურად გააკრეს და მხეცები მიუსიეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მხეცები ადამიანებზე ლმობიერნი აღმოჩნდნენ და ქალს ახლოსაც არ გაეკარნენ. იგი ისევ საპყრობილეში შეაგდეს.
ლიონელ ქრისტიანთა ტანჯვა-წამება დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს და ბოლოს რომიდან მოვიდა პასუხი მარკუს ავრელიუსისა. იმპერატორი ბრძანებდა, დაესაჯათ ყველა, ვინც ქრისტეს არ უარყოფდა, ხოლო უარისმყოფელნი გაეთავისუფლებინათ. დასჯისთვის დაინიშნა დღე რომელიღაც დღესასწაულისა, რომელიც იმპერატორ ავგუსტუსის პატივსაცემად იმართებოდა. პროკონსულმა ყველა ტყვე კიდევ ერთხელ დაკითხა. პასუხი ერათი და იგივე იყო. მათაც კი, რომელთაც პირველად სისუსტე გამოიჩინეს, განაცხადეს, რომ სარწმუნოებას არ უარყოფდნენ. ერთმა ექიმმა, სახელად ალექსანდრემ, რომელიც დაკითხვას ესწრებოდა, თავი ქრისტიანად აღიარა და წამებულებს შეუერთდა.
პროკონსულმა სისასტიკეში იმპერატორსაც გადააჭარბა: შეპყრობილებს სხვათა წამების ყურებას აიძულებდა. ყველაზე ბოლოს დასასჯელად ბლანდინა და 15 წლის ყმაწვილი პონტიკუსი გამოიყვანეს. ყმაწვილმა წამებას ბოლომდე გაუძლო და ლოცვაში ამოხდა სული. ბლანდინა მხეცებს მიუგდეს, რომლებიც მას სისხლიან არენაზე ათრევდნენ, ბოლოს იგი დანით დაკლეს. ჭეშმარიტების მტრები ქრისტიანთა სიკვდილმაც კი ვერ დააკმაყოფილა, ისინი გვამებსაც შეურაცხყოფდნენ, საჯიჯგნად ძაღლებს უყრიდნენ, დღისით და ღამით დარაჯობდნენ, რომ ქალაქში დარჩენილ ქრისტიანებს მიწისთვის არ მიებარებინათ. ექვსი დღის შემდეგ წამებულთა გვამები დაწვეს და ფერფლი მდინარე რონაში გადაყარეს. ეგონათ, ამით დანარჩენ ქრისტიანებს მათი აღდგომის იმედს მოუსპობდნენ.
მარკუს ავრელიუსის ბრძანებით დაწყებულ დევნას ლიონში 48 ქრისტიანი შეეწირა. როცა დევნის პერიოდი ჩაწყნარდა, ლიონელმა ქრისტიანებმა ეპისკოპოსად ირინეოსი აირჩიეს.
მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა