მართალია, ბერძენთა მსგავსად, თავიანთი მითებისა და ღმერთების ალბათ ნაკლებად სჯეროდათ, მაგრამ, სამაგიეროდ, როგორც ეს ურწმუნოებს და მცირედმორწმუნეებს ახასიათებთ, საშინელი ცრუმორწმუნეობით იყვნენ შეპყრობილნი; რომაელთა როგორც საზოგადოებრივი, ასევე კერძო ყოფა სავსე იყო ადათებითა და რიტუალებით, რომლებითაც მტრული და ბოროტი ძალების მოგერიებას ან მათი გულის მოგებას ცდილობდნენ; წყევლა აშინებდათ, მომავალს ფრინველებისა და მსხვერპლის შიგნეულზე მკითხაობდნენ, არჩევდნენ კეთილსა და ბოროტ დღეებს; ბოლოს ყოველივე ამას აღმოსავლეთიდან შემოჭრილი მოგვების ხელოვნება - ვარსკვლავთმრიცხველობაც დაემატა.
ტრადიციად იქცა იმპერატორისთვის ღმრთეებრი პატივის მიგება და თაყვანისცემა. გარყვნილი და ბოროტი იმპერატორები - ტიბერიუსი და კალიგულა ღმერთებად შერაცხეს, საკურთხევლები აუგეს, სადაც მათ, ვითარცა კერპებს, მსხვერპლს სწირავდნენ და გუნდრუკს უკმევდნენ. წარმართული რელიგია, ცრუმორწმუნეობრივი შიშის, ჩვევებისა და სამოციქულო დადგენილებათა წყალობით, შერყეული რწმენის საპირისპიროდ, საკმაოდ მტკიცე იყო, თვით ფილოსოფოსებიც და განსწავლული მწერლებიც კი, რომელნიც თავიანთ თხზულებებში ღმერთებს დასცინოდნენ, რიტუალებში მონაწილეობაზე უარის თქმას ვერ ბედავდნენ.
მდიდარი რომაელების ცხოვრება სრულ ფუქსავატობაში, გაუთავებელ ნადიმებსა და გარყვნილებაში მიდიოდა, რის გამოც სულისა და გონების ყოველი ცხოველი ძალა, გაზულუქებული სხეულისგან განსხვავებით, ჩამკვდარი იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ყოველი ამაღლებულისა და მშვენიერისადმი გულგრილ რომაელებს, რომელთაც ხელოვნების დიდებული ქმნილებანი უკვე აღარ ხიბლავდა, მხოლოდ ადამიანთა ტანჯვის გამომხატველი სანახაობანი იზიდავდა; მათი მთვლემარე სულის გამოღვიძება ენით უთქმელ სისასტიკეს და დაუნდობლობასღა შეეძლო.
მდიდრებს არც საშუალო და დაბალი ფენა ჩამორჩებოდა, ცრუმორწმუნე და უვიცი ხალხი, რომელთა ცხოველური ინსტინქტების გაღვიძებას ხელისუფლებაც გულმოდგინედ ხელს უწყობდა, მხოლოდ ძალასა და სიმდიდრეს ეთაყვანებოდა. მათი გულის მოსაგებად იმპერატორებს მხეცები აფრიკიდან ჩამოჰყავდათ, არც სამსხვერპლო ადამიანები აკლდათ: თავდაპირველად - სამხედრო ტყვეები და სიკვდილმისჯილები, ხოლო შემდეგ - ქრისტიანები. ამგვარ "გართობას" მრავალი ქრისტიანის სიცოცხლე შეეწირა.
და აი, წარმართობის წყვდიადში უცბად ღმრთაებრივი ნათლის სხივები გაბრწყინდა. ამ უქნარა და გარყვნილ საზოგადოებაში უცბად გაისმა სიტყვები მოყვასის სიყვარულზე, შეურაცხყოფის მიტევებაზე, გულმოწყალებაზე, თავმდაბლობასა და მორჩილებაზე, მახლობელთათვის თავგანწირვასა და მტრებისთვის ლოცვაზე. როგორი სიხარული უნდა გამოეწვია დაჩაგრულთა და განწირულთა გულებში იმის შეტყობას, რომ ისინი სრულიადაც არ იყვნენ დავიწყებულნი და მიგდებულნი, რადგან მათზე თვით ყოვლისშემძლე და ყოვლადსახიერი ზეციერი მამა ზრუნავდა. ეს იყო იმედის ნაპერწკალი, რომელიც გაღვივდა და ცეცხლად აენთო და შთანთქა წარმართული სიბნელე.
ვიდრე რომის იმპერია ქრისტიანობას, როგორც იუდაიზმის ერთ პატარა სექტას, ისე უყურებდა, იგი სწრაფად ვრცელდებოდა და უჩვეულოდ იზრდებოდა. გაძლიერება-განმტკიცებამდე უფალმა ქრისტიანები დაიფარა. იმ დროს, როცა მდიდრული და გარეგნულად ბრწყინვალე წარმართული რომი დაღუპვის პირას იდგა, მიწისქვეშა კატაკომბებში, სადაც პირველი ქრისტიანები უცხო თვალისგან მოფარებულად ლოცულობდნენ, ახალი ცხოვრება იბადებოდა. როცა იმპერიამ, ახალ რელიგიას ბოლოს და ბოლოს ყურადღება მიაქცია, ქრისტიანები უკვე ქრისტეს მტკიცე მხედრები იყვნენ.
რატომ დევნიდნენ რომაელები ასე სასტიკად ქრისტიანებს მაშინ, როცა სხვა ხალხთა რელიგიებს გულგრილად და ერთგვარი შემწყნარებლობითაც კი უყურებდნენ? ამის მიზეზი რამდენიმეა: ერთ-ერთი მათგანია ის, რომ ქრისტიანთა სათნოებანი წარმართული საზოგადოებისთვის მუდმივი საყვედური და მხილება იყო. არც საკუთარი და არც სხვა რელიგიები, რომელთაც იცნობდნენ, ისე ცხოვრებას, როგორც ისინი ცხოვრობდნენ, არ უშლიდნენ, ქრისტიანობა კი ცხოვრების წესის ზნეობრივი თვალსაზრისით ძირფესვიანად გარდაქმნას მოითხოვდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ზნეობრიობა ცხოველური ინსტინქტებისა და მისწრაფებების ალაგმვას მოითხოვს, მის მქადაგებლებს რომაელები კაცობრიობის სიძულვილს აბრალებდნენ; წარმართებს ურწმუნოებად მიაჩნდათ ის, რომ ახალი რელიგიის მიმდევრები თავიანთ ღმერთს მსხვერპლს არ სწირავდნენ და მათ უღმერთოებს, ათეისტებს უწოდებდნენ (იმ დროს ქრისტიანებზე ასეთი ანეკდოტიც კი დადიოდა: - ქრისტიანები იმდენად ღარიბები არიან, რომ სულ რაღაც ერთი ღმერთი ჰყავთო.). ამასთან, რადგან ქრისტიანები ცოცხალი ადამიანების - იმპერატორების გაკერპებასა და მათ პატივსაცემად დადგენილი ადათების დაცვაზე უარს ამბობდნენ, ხელისუფლება მათ ურჩ მოქალაქეებად მიიჩნევდა; დაბოლოს, ყოველივე ამას ემატებოდა საგანგებოდ შეთხზული და ოსტატურად გავრცელებული ცილისწამებანი, თითქოს ქრისტიანები თავიანთ შეკრებებზე საზარელ დანაშაულს სჩადიოდნენ - ჩვილებს ხოცავდნენ და მათ ხორცს ჭამდნენ. ყველაზე ძნელად შესაგუებელი ის იყო, რომ სასტიკი და გარყვნილი წარმართული საზოგადოება ქრისტიანობას სწორედ იმას აბრალებდა, რაც თავადვე ახასიათებდა. წარმართი სწავლულები დასცინოდნენ გალილეველთა (ასე უწოდებდნენ ქრისტიანებს) სიგიჟეს, რომელნიც ჯვარცმულ ღმერთს ეთაყვანებოდნენ და მკვდართა აღდგომას ელოდებოდნენ. ამგვარ ცილისწამებებს, დაცინვასა და დევნას ქრისტიანები მომავალი ცხოვრების რწმენით მშვიდად ხვდებოდნენ და მტრებისთვის ლოცულობდნენ.
64 წელს რომში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც ქალაქის დიდი ნაწილი გაანადგურა. ნერონმა ხანძრის გაჩენაში ქრისტიანები დაადანაშაულა (ნამდვილი დამნაშავე კი თვითონ იყო), რის გამოც იმპერიაში მათი სასტიკი დევნა დაიწყო, რომელიც ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში პირველი დევნის სახელითაა ცნობილი. წამების ხერხები წარმართული რომისთვისაც კი უჩვეულო იყო. ქრისტიანების ტანჯვით თვით სასტიკ სანახაობებს მიჩვეული წარმართებიც კი ძრწოდნენ. რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი წერდა, რომ ქრისტიანები "დაისაჯნენ არა იმდენად ხანძრის გაჩენისთვის, რამდენადაც კაცობრიობის სიძულვილისთვის (რომელსაც ისტორიკოსი არ აკონკრეტებს). ისინი საშინელი წამებით დაიხოცნენ, წამებას ლანძღვა და დაცინვაც ემატებოდა. ზოგი ჯვარზე გააკრეს, ზოგიც ნადირის ტყავებში ჩააკერეს და დასაგლეჯად ძაღლებს მიუგდეს; ზოგიერთს ტანი გაუფისეს და ლამპართა ნაცვლად ანათებდნენ ნერონის ბაღებს... ქრისტიანთა დანაშაული, რა თქმა უნდა, სამაგალითოდ დასჯას იმსახურებდა, მაგრამ საერთო სიძულვილი სიბრალულმა შეცვალა, რადგან ეს საცოდავები არა იმდენად საქვეყნო საქმისთვის, არამედ ნერონის სასტიკი გულის დასაცხრომად დაისაჯნენ".
ქრისტიანთა ამ დაუნდობელი დევნის დროს პეტრე და პავლე მოციქულები რომში ჩავიდნენ და სახარებას უშიშრად ქადაგებდნენ. ჭეშმარიტი სიტყვის ძალამ თვით იმპერატორის სასახლეშიც შეაღწია - პავლე მოციქულმა ნერონის ერთ-ერთი საყვარელი ცოლი ქრისტიანობაზე მოაქცია. როგორც გადმოგვცემენ, ამ დროს რომში ცნობილი მაგი სიმონ მოგვიც იმყოფებოდა, რომელიც პეტრე მოციქულმა ჯერ კიდევ სამარიაში ქადაგებისას ამხილა. მას ქრისტიანები, რამდენადაც მათში საკუთარი თვისებების საპირისპიროს ხედავდა, ჭირის დღესავით სძულდა. სატანური ამპარტავნებით შეპყრობილი სიმონი თავს ხან ღმერთად, ხან კიდევ სამყაროს შემქმნელ ღმრთეებრივ ძალად აცხადებდა. ცრუ სასწაულებით მან მრავალი რომაელი აცდუნა და, რაც მთავარია, იმპერატორ ნერონზეც დიდი ზეგავლენა მოიპოვა. ცხადია, ამის გამო იმპერატორი ქრისტიანობის მიმართ სიძულვილით განიმსჭვალა. ძველი მწერლები ბევრს მოგვითხრობენ პეტრე მოციქულთან მოგვის პაექრობაზე. სიმონმა განაცხადა, რომ ყველას თვალწინ ზეცაში ამაღლდებოდა. დანიშნულ დღეს ამ "სასწაულის" სანახავად უამრავი ხალხი შეიკრიბა, მოციქულებიც იქ იყვნენ და ლოცულობდნენ, უფალს ევედრებოდნენ უწმინდური ძალის დამხობას, რომელიც სიმონს ეხმარებოდა. მოგვი ცოტათი მართლაც ამაღლდა, მაგრამ შემდეგ ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. ქედმაღალმა სიმონმა საჯაროდ შერცხვენა ვერ გადაიტანა და თავი მოიკლა. ცრუმორწმუნე წარმართებმა მისი მარცხი მოციქულების იქ ყოფნას მიაწერეს და ქრისტიანთა დევნა კიდევ უფრო გააძლიერეს...
მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა