V საუკუნემდე დაკია შედიოდა სირმის საარქიეპისკოპოსოში, რომელიც რომს ემორჩილებოდა. ჰუნების მიერ სირმის განადგურების შემდეგ (V ს.) დაკია გადავიდა სლუნის არქიეპისკოპოსის გამგებლობაში, რომელიც ხან რომს, ხანაც კონსტანტინოპოლს ემორჩილებოდა. VIII საუკუნეში იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა საბოლოოდ დაუმორჩილა დაკია კონსტანტინოპოლის პატრიარქის კანონიკურ ხელისუფლებას.
რუმინეთი ისტორიულად სამ ოლქად იყოფა: ვლახეთი (სამხრეთი), მოლდოვა (აღმოსავლეთი) და ტრანსილვანია (ჩრდილო-დასავლეთი). ამ მიწების ისტორია სხვადასხვაგვარად იქმნებოდა.
VIII საუკუნის ბოლოს ვლახეთი შევიდა პირველი ბულგარული სამეფოს შემადგენლობაში. მისი ეკლესია დაემორჩილა ბულგარეთის ეკლესიის კანონიკურ ხელისუფლებას (ოქრიდის, შემდეგ კი ტირნოვოს საპატრიარქოს). დაახლოებით 1324 წელს ვლახეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. 1359 წელს ვლახეთის ვოევოდა ნიკოლაი-ალექსანდრე I-მა მიაღწია კონსტანტინოპოლის პატრიარქის თანხმობას, რომ მისი ტერიტორიის ეკლესია სამიტროპოლიტო ავტონომიის რანგში აემაღლებინა, რომელსაც ექნებოდა უფლება, დამოუკიდებლად აერჩია და გაესამართლებინა თავისი მიტროპოლიტები. ეს კი ავტოკეფალიის ტოლფასი იყო.
XV საუკუნის დასაწყისში ვლახეთმა აღიარა თურქეთის სულთნისადმი ვასალური დამოკიდებულება.
მოლდოვა X საუკუნიდან კიევის რუსეთის გავლენის სფეროში მოექცა. XII საუკუნის ბოლოს, ყივჩაღებისა და პაჭანიკების შემოჭრის შემდეგ აქ სლავური მოსახლეობა გაქრა. XIII საუკუნის ბოლოსა და XIV საუკუნის დასაწყისში თათარ-მონღოლების უღელი გადააგდეს და 1359 წელს წარმოიქმნა დამოუკიდებელი მოლდავეთის სამთავრო. მის შემადგენლობაში შევიდა ბუკოვინა. XIV საუკუნის მიწურულს შეიქმნა მოლდოვის სამიტროპოლიტო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში (პირველად 1386 წლიდან იხსენიება).
1456 წელს მოლდოველმა მთავრებმა აღიარეს თურქეთის სულთნისადმი ვასალური დამოკიდებულება. მოლდოვა და ვალხეთი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ თავიანთი მმართველის არჩევის უფლებას, მაგრამ XVI საუკუნის დასაწყისიდან სულთანი თვითონ ნიშნავდა მმართველებს. ამავე დროს, მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებდა უფლებას, დაუბრკოლებლად აღესრულებინა ღვთისმსახურება, აეშენებინა ახალი ტაძრები და დაეარსებინა მონასტრები, მოეწვია საეკლესიო კრებები, გამოეცა ქრისტიანული ლიტერატურა. ხელშეუხებელი რჩებოდა საეკლესიო საკუთრება.
XI-XII საუკუნეებში ტრანსილვანიის ტერიტორია უნგრელებმა დაიპყრეს. მართლმადიდებელ მოსახლეობას სისტემატურად ავიწროებდნენ. ვლახეთის მთავრის მიხაი მამაცის მმართველობის დროს (1562-1601) ტრანსილვანია, ვლახეთი და მოლდოვა მცირე ხნით ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა. ამ გაერთიანების შედეგად 1599 წელს ტრანსილვანიაში დაფუძნდა დამოუკიდებელი სამიტროპოლიტო. 1697 წელს ტრანსილვანია ჰაბსბურგებმა დაიმორჩილეს. ამის შემდეგ, 1700 წელს, მართლმადიდებელი მიტროპოლიტი ათანასე, სამღვდელოების ერთ ნაწილთან ერთად, შევიდა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან უნიაში.
მართლმადიდებლობის ერთგული რუმინელები მღვდლებს სერბი ეპისკოპოსებისგან ღებულობდნენ, რომლებიც ავსტრიის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. 1783 წელს მართლმადიდებლური ეპარქია აღდგა. იგი შევიდა კარლოვაცის სამიტროპოლიტოს შემადგენლობაში.
1711 წელს მოლდოვას და ვლახეთის ვოევოდებმა რუსეთის მეფე პეტრე I-თან ერთად გაილაშქრეს თურქების წინააღმდეგ. რუსეთის ჯარი დამარცხდა. ამის შემდეგ ვლახების და მოლდოველების ურთიერთობა ოსმანთა იმპერიასთან გაუარესდა.
1716 წლიდან ვლახეთსა და მოლდოვაში ვოევოდებად ინიშნებოდნენ ბერძენი ფანარიოტები. ამ მიწებზე გაძლიერდა ეკლესიის ელინიზაციის პროცესი. ვლახეთის და მოლდოვას სამიტროპოლიტოში ეპისკოპოსებად ეთნიკური ბერძნები ინიშნებოდნენ და ღვთისმსახურება ბერძნულ ენაზე აღევლინებოდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, რუსეთ-თურქეთის ომების შემდეგ, რუსეთმა ვლახების და მოლდოველების მფარველობის უფლება მიიღო. 1789 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დააფუძნა მოლდოვა-ვლახეთის საეგზარქოსო. 1806-1812 წლების ომების დროს რუსეთის ჯარები ოთხი წლის განმავლობაში (1808-1812) აკონტროლებდნენ მოლდოვასა და ვლახეთის სამთავროებს. 1808 წლის მარტში მიტროპოლიტი გაბრიელი (ბანულესკო-ბოდონი) მოლდოვას, ვლახეთის და ბესარაბიის ეგზარქოსად დაინიშნა. 1812 წლის ბუქარესტის მოლაპარაკების შედეგად ბესარაბია შევიდა რუსეთის შემადგენლობაში (მდინარე პრუტსა და დნესტრს შორის მდებარე მიწები). მაშინ, როცა მოლდოვის და ვალხეთის ტერიტორიებზე ფანარიოტების ძალაუფლება აღდგა, ბესარაბიის მართლმადიდებელ სამრევლოებში წარმოიშვა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის კიშინიოვის ეპარქია. მოლდოვა-ვლახეთის საეგზარქოსო გაუქმდა 1821 წლის 20 მარტს.
1822 წელს თურქეთის სულთანმა აღუდგინა მოლდოვას და ვლახეთის მოსახლეობას მმართველობის დამოუკიდებელი არჩევის უფლება. 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად ვლახეთმა მიიღო ავტონომია, რომლის გარანტად რუსეთი გამოდიოდა. 1859 წელს ვლახეთი და მოლდოვა გაერთიანდა რუმინეთის ერთიან სახელმწიფოში მთავარ ალექსანდრეს მეთაურობით. რუმინეთის მთავრობა აქტიურად ერეოდა საეკლესიო საქმეებში. 1863 წელს ჩატარდა სამონასტრო ქონების სეკულარიზაცია. სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა მონასტრების უძრავი და მოძრავი ქონება.
1865 წელს, საერო ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, კონსტანტინოპოლთან შეუთანხმებლად, გამოცხადდა რუმინეთის ეკლესიის ავტოკეფალია. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა სოფრონიუსმა არ ცნო ეს აქტი.
რუმინეთის მთავრობამ დაიწყო საეკლესიო ცხოვრებაში საზღვარგარეთის კულტურის ელემენტების დანერგვა, გრიგორიანული კალენდრის გავრცელება, ნება დართეს ღვთისმსახურებაზე რწმენის სიმბოლოს გალობისას Fილიოგუე ჩაერთოთ. პროტესტანტულმა აღმსარებლობამ ქადაგების სრული თავისუფლება მიიღო. საერო ხელისუფალთა ჩარევამ საეკლესიო საქმეებში რუმინელი და მოლდოველი საეკლესიო იერარქების პროტესტი გამოიწვია.
1866 წელს შეთქმულებმა ალექსანდრე კუზა ჩამოაშორეს ხელისუფლებას. რუმინეთის მმართველი გახდა მთავარი კარლ I ჰოჰენცოლერნი. მან დაიწყო მოლაპარაკება კონსტანტინოპოლთან რუმინეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების თაობაზე.
1877 წლის 9 მაისს, რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის დაწყების შემდეგ, რუმინეთის პარლამენტმა ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რომელიც 1878 წელს ბერლინის კონგრესზე აღიარეს. ამის შემდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იოაკიმე III-მ გამოსცა აქტი რუმინეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ბოძების შესახებ, მაგრამ დაიტოვა უფლება მირონის მიწოდებისა. რუმინეთის საეკლესიო იერარქიამ უარი განაცხადა ამაზე და პატრიარქის კურთხევის გარეშე ბუქარესტის საკათედრო ტაძარში ჩაატარეს წმინდა მირონის მოხარშვის საეკლესიო ღვთისმსახურება. ამის შემდეგ იოაკიმე III-მ კვლავ შეწყვიტა კანონიკური ურთიერთობა რუმინეთის ეკლესიასთან.
1885 წელს ორი ეკლესია საბოლოოდ შერიგდა. იმავე წლის 23 აპრილს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იოაკიმე
IV-მ გამოსცა ტომოსი, რომელმაც რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სრული ავტოკეფალია ცნო. 1885 წლის 13 მაისს ტომოსი საზეიმოდ წაიკითხეს ბუქარესტში. რუმინეთის მოსახლეობა ავსტრია-უნგრეთის ტერიტორიაზე გაერთიანდა ორ დამოუკიდებელ სამიტროპოლიტოში: სიბიუსის (ან გერმანშტატის, რომელიც დაფუძნდა 1864 წელს) და ბუკოვინა-დალმაციის (ან ჩერნოვიცის, დაფუძნდა 1873 წელს).
I მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ავსტრია-უნგრეთის იმპერია დაიშალა. ტრანსილვანია, ბუკოვინა და ბესარაბია რუმინეთის სამეფოს შეუერთდნენ, ამ ტერიტორიებზე არსებული სამიტროპოლიტოები და ეპარქიები რუმინეთის ერთიანი ეკლესიის შემადგენლობაში შევიდნენ. 1925 წლის 4 თებერვალს რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო საპატრიარქო ეკლესიის სტატუსი. ამ გადაწყვეტილების კანონიერება დაადასტურა კონსტანტინოპოლის პატრიარქის 1925 წლის 30 ივლისის ტომოსმა. იმავე წლის 1 ნოემბერს შედგა რუმინეთის პირველი პატრიარქის უნეტარესი მირონის საზეიმო ინტრონიზაცია.
II მსოფლიო ომის დროს რუმინეთი ფაშისტური გერმანიის მოკავშირე იყო. მოლდოვის მარცხენა ნაპირის რაიონები, ოდესის, ნიკოლაევსკის და ვინიცის ოლქების ნაწილი შევიდა რუმინეთის ოკუპაციის ზონაში, რომელმაც ოფიციალური სახელწოდება მიიღო - ტრანსდნისტრია (ზადნესტროვიე). ამ ტერიტორიებზე გავრცელდა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ხელისუფლება. რუმინეთის სამხედრო ხელისუფლების მხარდაჭერით აქ გაიხსნა ტაძრები და მონასტრები, რომელთაც საბჭოთა ხელისუფლების დროს შეწყვიტეს მოღვაწეობა. 1944 წლის 12 სექტემბერს აღდგა ომამდელი საზღვარი რუმინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის. აღმოსავლეთ მოლდოვა და ჩრდილო ბუკოვინა ხელახლა შევიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაც აღდგა.
1947 წლის 30 დეკემბერს რუმინეთის მეფე მიხაი გადადგა. გამოცხადდა რუმინეთის სახალხო რესპუბლიკა. ქვეყანაში დაიწყო სოციალისტური გარდაქმნები.
1948 წლის ოქტომბერში ლიკვიდირებულ იქნა უნიატების ეკლესია, რომელსაც ტრანსილვანიაში სამრევლოების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰქონდა. კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ყოფილი უნიატების ნაწილი კვლავ დაბრუნდა უნიაში.
მიუხედავად მკაცრი სოციალისტური რეჟიმისა, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ განიცდიდა სისტემატურ დევნას. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია იურიდიულად არ იყო გამოყოფილი სახელმწიფოსგან, 1965 წლის კონსტიტუციამ მხოლოდ სკოლების ეკლესიისგან გამოყოფა გამოაცხადა. თანახმად დეკრეტისა "რელიგიური აღმსარებლობის საერთო მოწყობაზე", ეკლესიას ჰქონდა უფლება, შეექმნა საქველმოქმედო ორგანიზაციები, რელიგიური საზოგადოებები, გაეწია საგამომცემლო მოღვაწეობა, ჰქონოდა უძრავ-მოძრავი ქონება, ესარგებლა სახელმწიფო სუბსიდიებით და დოტაციებით სამღვდელოებისა და რელიგიის მასწავლებლებისთვის. რუმინეთის პატრიარქი დიდი ნაციონალური კრების წევრი იყო.
1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ მოლდოვის (მოლდავეთის) ტერიტორიაზე, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, დააფუძნა ბესარაბიის სამიტროპოლიტო. მას სათავეში ჩაუდგა ეპისკოპოსი პეტრე (პედურარუ), რომელსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისგან აკრძალული ჰქონდა მღვდელმოქმედება. ამ სამიტროპოლიტოს შემადგენლობაში შევიდა მოლდოვის მართლმადიდებელი სამრევლოების უმნიშვნელო ნაწილი. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთის და რუმინეთის ეკლესიებს შორის სიტუაციის ნორმალიზაციისთვის.
დღეს რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში შედის 10 ათასზე მეტი სამრევლო, 531 მონაზვნური თემი, 11 ათასზე მეტი სამღვდელოება, 7 ათასზე მეტი მონაზონი და 19 მილიონი ერისკაცი, მოქმედებს ორი საღვთისმეტყველო ინსტიტუტი (ბუქარესტსა და სიბიუსში) და 7 სასულიერო სემინარია. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაყოფილია 29 ეპარქიად, რომელნიც განლაგებული არიან როგორც თვით რუმინეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ეპარქიები გაერთიანებულია 5 სამიტროპოლიტო ოლქში.
მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა