სერბებს შორის ქრისტიანობის დამკვიდრებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი კირილესა და მეთოდეს და მათი მოწაფეების მოღვაწეობამ, რომლებიც მორავიიდან ოქრიდის მხარეში (თანამედროვე მაკედონიაში) გადასახლდნენ.
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის წმინდა საბა I-ს. ის სერბეთის მმართველის სტეფან ნემანის უმცროსი ვაჟი იყო. 17 წლისა ის ფარულად გაემგზავრა ათონის მთაზე და წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში ბერად აღიკვეცა, შემდგომ კი ხილანდარის სავანის წინამძღვარი გახდა.
სერბეთში არეულობა რომ დაიწყო, წმინდა საბა სამშობლოში დაბრუნდა და ერთმანეთსYმტრად მოკიდებული თავისი ძმები შეარიგა.
1219 წელს პატრიარქმა მანუელმა, რომელიც ნიკეაში იმყოფებოდა, სერბეთის საარქიეპისკოპოსოს დამოუკიდებლობა ცნო და წმინდა საბას არქიეპისკოპოსად დაასხა ხელი.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ წმინდა საბამ ადგილობრივი ეკლესიის მოწყობა დაიწყო. დააარსა 8 ახალი ეპარქია, სადაც ეპისკოპოსებად თავისი მოწაფეები - ხილანდარისა და სტუდენიცის მოღვაწეები - დაადგინა. არქიეპისკოპოსის რეზიდენცია ჟიჩის მონასტერში მდებარეობდა.
სერბეთის ეკლესიის ეს პერიოდი 1346 წლამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში საჭეთმპყრობლის ტახტზე 12 არქიეპისკოპოსი შეიცვალა, რომელთა შორისაც იყვნენ ბრწყინვალე დიპლომატები, ქტიტორები, მთარგმნელები და გამოჩენილი საეკლესიო მწერლები. წმინდა საბას მემკვიდრეები ღირსეულად განაგრძობდნენ მის საქმეს.
1253 წელს წმინდა არსენ I-მა, სრემეცმა, სერბეთის საარქიეპისკოპოსო რეზიდენცია პეჩში გადაიტანა. სერბეთის სახელმწიფოს საზღვართა გაფართოების კვალდაკვალ გაიზარდა ეპარქიების რაოდენობაც. 1346 წელს მეფე სტეფან დუშანმა სკოპიეში მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც სერბეთის ეკლესია საპატრიარქოს რანგში აღიყვანა. პეჩის საპატრიარქო აღიარა ტირნოვის პატრიარქმა და ოქრიდის არქიეპისკოპოსმა, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კალისტომ კი ის 1352 წელს ანათემას გადასცა. შეჩვენება მხოლოდ 1374 წელს მოიხსნა.
XV საუკუნეში, თურქეთის მიერ სერბეთის მიწების დაპყრობის შემდეგ, სერბეთის ეკლესია ოქრიდის არქიეპისკოპოსს დაექვემდებარა. მისი დამოუკიდებლობა XVI საუკუნეში აღდგა.
1766 წლის 11 სექტემბერს თურქეთის სულთანმა გამოსცა ბერატი (დადგენილება), რომლის მიხედვით პეჩის საპატრიარქო სამიტროპოლიტოს ხარისხამდე იქნა ჩამოქვეითებული და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაექვემდებარა. მიტროპოლიტის ტახტი და საეპისკოპოსო კათედრები ბერძნებმა დაიკავეს. ბერძნული ენა დამკვიდრდა ღვთისმსახურებაში, ქადაგებაში, სწავლებაში, საქმის წარმოებაში.
ბერძენი ეპისკოპოსები ცენტრალურ სერბეთში ეკლესიას 1766 წლიდან 1833 წლამდე მართავდნენ.
მას შემდეგ, რაც სერბეთი დამოუკიდებელ სამთავროდ ცნეს, ბერძენი მღვდელმთავრები სერბებმა შეცვალეს, ხოლო 1831 წელს ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან სერბეთის მიწებზე ავტონომია მიიღო.
1878 წელს სერბეთმა სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1879 წლის 10 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იოაკიმ III-მ გამოსცა ტომოსი სერბეთის სამიტროპოლიტოს ავტოკეფალიის შესახებ სერბეთის სამთავროს პოლიტიკურ საზღვრებში. სერბეთის უკანასკნელი მიტროპოლიტი დიმიტრი (პავლოვიჩი, 1905-1920წ.წ.) შემდგომში გაერთიანებული სერბეთის ეკლესიის პატრიარქი გახდა.
ჩერნოგორიის (სერბეთის ერთ-ერთი მხარის) სამთავრო, მიუხედავად მუდმივი სამხედრო ექსპედიციებისა, თურქეთმა ვერა და ვერ დაიმორჩილა. XVII ს-ში ცეტინის მიტროპოლიტი დანიელ ნეგოში ჩერნოგორიის მმართველად აირჩიეს. ამის შემდეგ ქვეყანას მართავდნენ ჩერნოგორიელი მიტროპოლიტები, რომელთა ხელშიც თავმოყრილი იყო სამოქალაქო და სასულიერო ხელისუფლება.
1766 წლის შემდეგ ცეტინის სამიტროპოლიტო ფორმალურად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაემორჩილა, მაგრამ ამ დამოკიდებულებას, პრაქტიკულად, არ ცნობდნენ: კონსტანტინოპოლის პატრიარქების დადგენილებანი ცეტინის არც ერთ მიტროპოლიტს არ მიუღია. საეპისკოპოსო ხელდასხმები სრულდებოდა რუსეთში, გარდა ორი გამონაკლისისა, როცა ხელდასხმა სრემსკის კარლოვიცაში მოხდა.
1857 წლიდან ჩერნოგორიაში მიტროპოლიტის ძალაუფლება მხოლოდ საეკლესიო საკითხებით შემოიფარგლებოდა.
1690 წელს 40 ათასი სერბული ოჯახი პეჩის პატრიარქის არსენ III-ის მეთაურობით ავსტრიის სამფლობელოში გადასახლდა. ავსტრიის იმპერატორის ლეოპოლდ I-ის მიერ ბოძებული პრივილეგიის საფუძველზე დაარსდა ახალი სერბეთის კრუშედოლსკის სამიტროპოლიტო, რომელიც ვოეპიდინის სერბულ მოსახლეობას, ხორვატიასა და სლოვენიას აერთიანებდა. 1710 წელს ამ სამიტროპოლიტომ საპატრიარქოსგან მიიღო ავტონომია მიტროპოლიტების არჩევის უფლებითურთ. მას შემდეგ, რაც სამიტროპოლიტო რეზიდენციამ სრემსკის კარლოვიცაში დაიდო ბინა, მას კარლოვიცის სამიტროპოლიტო დაერქვა. მიტროპოლიტის არჩევა, მნიშვნელოვანი საკითხებისა და საერო საქმეების გადაწყვეტა დაეკისრა საეკლესიო სახალხო კრებას, რომელიც სასულიერო და საერო დეპუტატებისგან შედგებოდა.
1766 წელს სერბეთის ეკლესია ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ტერიტორიაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შევიდა, თანაც - ბერძენი ეპისკოპოსების მმართველობით. XIX საუკუნის დასასრულისთვის ეპისკოპოსებად აქ ისევ სერბები გამოჩნდნენ, თუმცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქცია სერბეთის ეკლესიის გაერთიანებამდე იყო შენარჩუნებული.
I მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა სერბეთის, ხორვატიისა და სლოვენიის ერთიანი სამეფო (1929 წლიდან - იუგოსლავია), რომლის შემადგენლობაშიც, სერბეთის, ხორვატიისა და სლოვენიის გარდა, მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ჩერნოგორია, დალმაცია და სხვა მიწებიც შედიოდა. გაჩნდა რეალური შესაძლებლობა, ამ მიწების მართლმადიდებელი მოსახლეობა ერთიანი საეკლესიო ხელისუფლების ქვეშ გაერთიანებულიყო. 1919 წელს ბელგრადში გამართულ საეკლესიო კრებაზე გამოცხადდა სერბეთის ეკლესიის სასულიერო და ადმინისტრაციული ერთიანობა იუგოსლავიის ტერიტორიაზე. სათანადო თხოვნით მიმართეს კონსტანტინოპოლის პატრიარქს, რომელმაც სულ მალე გამოსცა ტომოსი ერთიანი სერბეთის საპატრიარქოს აღდგენისა და აღიარების შესახებ. იმავე დღეს პატრიარქად აირჩიეს სერბი მიტროპოლიტი დიმიტრი (პავლოვიჩი). მისი ინტრონიზაცია მოგვიანებით პეჩის უძველეს მონასტერში აღსრულდა.
სერბეთის ეკლესიას II მსოფლიო ომმა უმძიმესი განსაცდელი დაატეხა თავს. 1941 წელს, იუგოსლავიის ოკუპაციისთანავე, გერმანელებმა დააპატიმრეს სერბი პატრიარქი გაბრიელი და დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. ხორვატიის ახალწარმოქმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სერბეთის ეკლესიას სისტემატურად ანადგურებდნენ. ამავე დროს იუგოსლავიის ტერიტორია მოიცვა სამოქალაქო ომის ცეცხლმა, რომლის პირველი მსხვერპლი ეკლესია აღმოჩნდა. მაგალითად, ჩერნოგორიის ტერიტორიაზე მართლმადიდებელი სამღვდელოება პარტიზანმა კომუნისტებმა ომის დასასრულისთვის, პრაქტიკულად, სრულიად გაანადგურეს. ომის დაწყებიდან 1945 წლის 9 მაისამდე ეკლესიამ სულ 544 მღვდელი და ცხრა მღვდელმთავარი დაკარგა.
განსაცდელი არც ომის შემდეგ შეწყვეტილა. კომუნისტურმა მთავრობამ პატრიარქ გაბრიელს მხოლოდ 1946 წლის ნოემბერში დართო სამშობლოში დაბრუნების ნება. სამღვდელოების შევიწროება გრძელდებოდა. ჩატარდა საეკლესიო მიწებისა და ქონების ნაციონალიზაცია. ტაძრებსა და მონასტრებს ანგრევდნენ. ხელისუფლება საღვთისმეტყველო სკოლებს დიდხანს არ აძლევდა მუშაობის გაგრძელების უფლებას. ეკლესიის საგამომცემლო მოღვაწეობა მკაცრად იყო რეგლამენტირებული.
პატრიარქი გაბრიელი 1950 წლის 6 მაისს გარდაიცვალა. იმავე წლის 2 ივლისს შედგა ინტრონიზაცია ახალი პატრიარქის ბიკენტისა (პროდანოვის), რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის დროს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დარღვეული კავშირის აღდგენაში. მისივე ძალისხმევით შესაძლებელი გახდა სამღვდელოების სოციალური უზრუნველყოფა.
1958-1990 წლებში სერბეთის საპატრიარქოს საჭეთმპყრობელი იყო პატრიარქი გერმანე (ჯორიჩი). მისი მმართველობის დროს დაფუძნდა რამდენიმე ახალი ეპარქია, გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები, დაიწყო ტაძრების რესტავრაცია და მშენებლობა, საეკლესიო პერიოდული გამოცემების ბეჭდვა. ამავე პერიოდში სერბეთის ეკლესიაში ორი განხეთქილება მოხდა: 1963 წელს - ამერიკული და 1967 წელს - მაკედონიური.
1990 წლის 1 დეკემბერს სერბეთის ეკლესიის პატრიარქად აირჩიეს რაშკო-პრიზრენის ეპისკოპოსი პავლე. ახალი პატრიარქის ერთ-ერთი პირველი დამსახურება გახდა საეკლესიო განხეთქილების დაძლევა ამერიკასა და კანადაში.
იუგოსლავიის რღვევის პროცესს XX საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში თან სდევდა სისხლისმღვრელი და დამანგრეველი სამხედრო შეჯახებები მისი ყოფილი რესპუბლიკების ტერიტორიაზე: ხორვატიაში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში. ომის ქარცეცხლში აღმოჩნდა სერბეთის ეკლესიის 10 ეპარქია. ტაძრები, მონასტრები, საეკლესიო შენობები და მართლმადიდებლური სასაფლაოები უსასტიკეს საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა. სერბეთის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების მიზნით მათი ძარცვა-რბევა სერბი მოსახლეობის გაძევების შემდეგაც გაგრძელდა. საერთო ჯამში დაინგრა და გაიძარცვა 580-ზე მეტი ეკლესია.
სერბეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორია და მორწმუნე ხალხი კვლავ სახელმწიფო საზღვრებით აღმოჩნდა გათიშული. ამას დაერთო სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რბევა კოსოვოსა და მეტოქიაში. ოფიციალური მონაცემებით, 1999 წლის ივნისიდან განადგურდა და წაიბილწა ათასამდე ეკლესია-მონასტერი.
სიწმინდეების ხელყოფა დღემდე არ წყდება. მართლმადიდებელი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს ტერიტორია დატოვა.
მიუხედავად სირთულეებისა, ომით განადგურებულ ეპარქიებში ეკლესიური ცხოვრების აღსადგენად მაინც იღვწიან. მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება ევროპაში უდიდესი წმინდა საბას სახელობის ტაძრის მშენებლობა ბელგრადში.
ამ დროისთვის სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში შედის 3500 სამრევლო, 204 მონასტერი, მოღვაწეობს 1900-მდე მღვდელი, 230 ბერი და 1000-მდე მონაზონი. მოქმედებს 6 სემინარია: ბელგრადში, სრემსკში, კარლოვიცაში, ნიშეში, კრკას მონასტერსა და კრაგუევაში, - და ორი საღვთისმეტყველო ფაკულტეტი: ერთი - ბელგრადში, მეორე - ლიბერტივილეში (აშშ). სემინარიებში - 1000-ზე მეტი მოსწავლე, ხოლო საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე და აკადემიაში 1000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
1993 წელს სერბეთის ეკლესიამ ბელგრადში დააარსა ხელოვნებისა და რესტავრაციის აკადემია ხატწერის, ფრესკული მხატვრობისა და რესტავრაციის განყოფილებებით.
მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა