ტაო-კლარჯეთი ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება. VIII-X საუკუნეებში, როცა არაბთა ბატონობის გამო ქართლში კულტურული ცხოვრება ჩამკვდარი იყო, რწმენა - მინავლებული, ეროვნული თვითშეგნება - დაქვეითებული, არაბთა შემოსევებით და ქოლერით გაუდაბურებული და გაუკაცრიელებული ტაო-კლარჯეთი ეკლესია-მონასტრებით გადაიფარა. ყოველ მონასტერში იყო სკოლა, სემინარია, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს, ფილოსოფიას, ბერძნულს და სხვა ენებს, გალობას, კალიგრაფიას და სხვა. აქედან გამოდიოდნენ მღვდელ-მოძღვარნი, მთარგმნელნი და გადამწერნი წიგნებისა...
ცნობები ტაო-კლარჯეთში მოღვაწე დედათა და მამათა შესახებ შემოგვინახა წმინდა გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ". გიორგი მერჩულე ხანძთის უდაბნოში მოღვაწეობდა X საუკუნეში. მისი ზედწოდება - მერჩულე - რჯულის მცოდნეს, ღვთისმეტყველს უნდა ნიშნავდეს.
* წმინდა ზაქარია ანჩელი ბავშვობიდან გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით. იგი წმინდა მეფსალმუნე დავითის მსგავსად მწყემსის ლაღი და მკაცრი ცხოვრების წესით იზრდებოდა. წმინდანი ბავშვური გულწრფელობით შემოიკრებდა თანატოლებს და იმეორებდა ეკლესია-მონასტრებში ნანახ და გაგონილ ღვთისმსახურთა მოქმედებებსა და სიტყვებს. ერთხელ მის ასეთ ბავშვურ თამაშობას შეესწრო ანჩელი ეპისკოპოსი, რომელმაც მის თავზე "ზეცით მოწევნული" ნათლის სვეტი იხილა. ღვთის მინიშნებით, სრულწლოვანებას მიღწეული წმინდანი მალე მთელი საძმოს მოძღვარი შეიქნა, მისი ლოცვით უამრავი სასწაული აღესრულებოდა: მან ლოცვით შეაჩერა კედელს მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდი, განდევნა მონასტრის ბაღ-ვენახს შესეული ფრინველები და კალიები, შემუსრა ორი საშინელი გველი, რომელთა შიშით ძმები ვენახში ვეღარ მიდიოდნენ სამუშაოდ. ასეთი სიწმინდით გამორჩეული წმინდა ზაქარია მღვდელმთავრად დაადგინეს ანჩის კათედრაზე.
* წმინდა გრიგოლ ხანძთელის სულიერი შვილები - წმინდა თეოდორე, ნეძვის მაშენებული, და წმინდა ქრისტეფორე მოძღვართან ერთად მოღვაწეობდნენ ჯერ ოპიზაში, შემდეგ ხანძთაში. წმინდა მამებმა გადაწყვიტეს აფხაზეთში წასვლა და იქ სამონასტრო ცხოვრების აღორძინება. გზად სამცხეში ადგილობრივმა აზნაურმა მირიანმა მათ აღსაზრდელად მიაბარა უსაყვარლესი შვილი, 6 წლის არსენი (შემდგომში ქართლის კათალიკოსი არსენი დიდი). ასევე დაიმოწაფეს ყრმა ეფრემი. წმინდა გრიგოლმა ეფრემი და არსენი ხანძთაში დაბრუნებულ თეოდორესა და ქრისტეფორეს ჩააბარა აღსაზრდელად, თანაც პირობა ჩამოართვა, რომ ყრმების აღზრდამდე ისინი ხანძთიდან არ წავიდოდნენ.
როდესაც ეფრემი და არსენი გაიზარდნენ, წმინდა მამებმა დატოვეს ხანძთის უდაბნო და დააარსეს ნეძვისა და კვირიკეთის ცნობილი მონასტრები, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდნენ.
* ოპიზის უდაბნოში მოღვაწეობდნენ მამები, წმინდა ამბა გიორგი, ამონა, პეტრე და მაკარი. ბერმონაზონთა სულიერი გამოცდილების გასაზიარებლად წმინდა გრიგოლ ხანძთელი რამდენიმე მამასთან ერთად ოპიზის უდაბნოში წავიდა, სადაც მან ორი წელი გაატარა. იმ დროს ოპიზის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს წინამძღვრობდა წმინდა ამბა გიორგი, რომელიც სავანის მესამე იღუმენი იყო წმინდა ანდრიასა და წმინდა სამუელის შემდეგ. ამ ნეტარი ოპიზელი მამების წმინდა ცხოვრებაზე დაკვირვებით განიმტკიცა წმინდა გრიგოლმა ლოცვის, მარხვის, სიმდაბლისა და სიმშვიდის სათნოებანი.
* წმინდა მატოც ხანძთის უდაბნოში მოღვაწეობდა. მერეს დედათა მონასტრის წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ იგი ორმოცი წელი წინამძღვრობდა ამ მონასტერს და "ექმნა ყოველთა სახე კეთილისა". მის სიწმინდესა და ასკეტიზმზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ამ ხნის განმავლობაში მას დედებთან ერთად არასდროს უჭამია პური და არც არაფერი გამოურთმევია მათთვის ხელიდან ხელში. ღრმად მოხუცებულმა და დასნეულებულმა წმინდანმა თავი აარიდა დედების ხელით მსახურებას, მამათა მონასტერში მოღვაწე თავის ნათესავს სთხოვა, თან წაეყვანა და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.
* წმინდა ფებრონია სამცხეში მოღვაწეობდა, მერეს დედათა მონასტერში. წმინდა ფებრონიასა და წმინდა გრიგოლ ხანძთელს საღმრთო სიყვარული და გულითადი მეგობრობა აკავშირებდათ ერთმანეთთან.
წმინდა ფებრონიას სიწმინდესა და სიბრძნეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წმინდა მამათა კრებული "თვინიერ დედისა ფებრონიას განზრახვისა საქმესა არა ხელ-ჰყოფდა". წმინდა ფებრონიას ჩააბარა წმინდა გრიგოლ ხანძთელმა მეფე აშოტ კურაპალატის სახლიდან ძალით წამოყვანილი ქალი, რომლის მიმართაც მეფეს "გარდარეული სიყვარული" ჰქონდა. წმინდა ფებრონიამ შეძლო, მეფისთვის მტკიცე უარი ეთქვა დედაკაცის სასახლეში დაბრუნებაზე. ცნობილია, რომ წმინდა ფებრონიას ზეციური ანგელოზები აუწყებდნენ ღვთის ნებას.
წმინდა ფებრონიასთან ერთად მოღვაწეობდა წმინდა თემესტია, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში ემსახურებოდა მერეს დედათა მონასტერში მწირველ მღვდელ წმინდა მატოს. ისეთი მოკრძალებული იყო მათი ურთიერთობა, რომ წმინდა მატოს უშუალოდ მისი ხელიდან საცეცხლურიც კი არ მიუღია არასდროს.
მერეს დედათა მონასტერში დაყუდებით მოღვაწეობდა წმინდა ანატოლე ("რომელსა უწოდეს ანტონიოს"). ზეციურ უხორცო ძალთა მსგავსი ცხოვრებით გაბრწყინებულ წმინდა დედას ხშირად ეცხადებოდნენ ანგელოზები. სანატრელ დედებს თემესტიასა და ანატოლეს ანგელოზთაგან ეუწყათ მათი მოძღვრის, წმინდა მატოს ამ ქვეყნიდან განსვლაც.
წმინდა დედათა დასში ასევე გამორჩეული სიწმინდითა და სიმდაბლით მოღვაწეობდა წმინდა ანასტასია. იგი წარმოშობით აფხაზეთიდან იყო. შემორჩენილია მისი საერო სახელი - ბევრელი. იგი მეფე ადარნასეს ცოლი იყო და, როგორც დედოფალი, უაღრესად შეეწეოდა მერეს დედათა მონასტერს. მეფე ადარნასეს მიერ დედოფლის უკანონოდ მოძულების შემდეგ ბევრელი დედათა მონასტერში აღიკვეცა ანასტასიას სახელით.
წმინდა ანასტასია მონასტერში ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს აღასრულებდა, მარადჟამ ძაძა ემოსა, თავისი ხელით ეზიდებოდა შეშას ტყიდან და გამუდმებით ლოცულობდა.
წმინდა ანასტასიას ყოფილი მეუღლე ადარნასე მოულოდნელად დასნეულდა. მან მოციქულები გაგზავნა ფერსათის მონასტერში, სადაც იმ დროს წმინდა ანასტასია მოღვაწეობდა და შენდობა ითხოვა წმინდანისგან. წმინდა ანასტასიამ ილოცა დასნეულებული მეფისათვის, რის შემდეგაც ადარნასე განიკურნა.
სიწმინდითა და სიმდაბლით გაბრწყინებული წმინდა ანასტასია სიცოცხლის ბოლომდე ფერსათის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა. სიცოცხლეში სასწაულთქმედებით ცნობილი წმინდანი მიცვალების შემდგომაც სასწაულებით განაბრწყინა ღმერთმა - მის საფლავთან განიკურნენ მისი დასნეულებული შვილები, გურგენ კურაპალატი და სუმბატი, რამაც დასაბამი მისცა სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილთა განკურნებას წმინდა ანასტასიას საფლავთან.
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ აღადგინა და თავის იურისდიქციაში გამოაცხადა ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია. ამ წმინდანების სახით კი მოხდა ტაო-კლარჯეთში მოღვაწე, "დიდი სულიერებით, სასწაულთქმედებით, მონასტერთა აღმშენებლობით" გამორჩეულ ღირს მამათა და დედათა კანონიზაცია.
ნეტარი დედები
საცდურისაგან პირჯვრის წერით გადარჩენილიმელანია
თავის დროზე ელეცის მონასტრის დაყუდებულ მონაზონ დედა მელანიას ცდუნებასთან დიდი ბრძოლები ჰქონდა გამოვლილი. ერთხელ, ძილთან ჭიდილში გადაღლილს, თვალწინ წარმოესახა მიწაზე დაშვებული ფრთიანრაშებშებმული ცეცხლოვანი ეტლი. თეთრით მოსილი ყმაწვილი მიუახლოვდა მას და უთხრა: - მომეახლე, რჩეულო უფლისა, მიიღე შენი შრომის საზღაური. შენთან თვით უფალმა გამომგზავნა, მე - თავისი ანგელოზი, რათა აღგიტაცო სამოთხის სანახებში, სადაც მოგელის დაი ეკატერინე.
როდესაც დის სახელი ესმა, მელანიას ისე გაუხარდა, რომ სიხარულით პირჯვრის გადაწერა დაავიწყდა. იგი, თავისივე ხილვაში მყოფი, ეტლში ჩაჯდა და ფრთოსანმა რაშებმა ჰაერში აღიტაცეს სასახლისკენ. ყმაწვილმა ჩამოსვა იგი და სასახლეში უპირებდა შეყვანას, რომ მელანიამ პირჯვარი გადაიწერა და უეცრად ყველაფერი გაქრა. შორიდან მოესმა არაადამიანური ხარხარი. საშინელმა შიშმა მოიცვა იგი - საკუთარი თავი იხილა წისქვილის სიახლოვეს, ხიდის ნაპირას - ყველაზე სახიფათო ადგილზე.
მელანიამ ზარდაცემულმა შეჰყვირა და ხიდზე დაეცა. ყვირილზე წისქვილის მუშები გამოცვივდნენ. მელანია იცნეს. გაუკვირდათ - როგორ აღმოჩნდა აქ ამ შუაღამისასო. ცოცხალ-მკვდარი მონაზონი ძლივს მოაბრუნეს. როდესაც გონს მოეგო, მელანიამ სთხოვა მათ, დაებრუნებინათ მონასტერში. მას შემდეგ მელანია ძალიან ფრთხილი გახდა ყოველგვარი ხილვის მიმართ და ლოცვითა და სიმდაბლით შეიარაღდა ბოროტისგან მოგვრილ საცდურთა წინააღმდეგ. მას უფლისგან მიეცა ნათელხილვისა და კურნების ნიჭი. მასთან მოდიოდნენ დახმარების სათხოვნელად როგორც სასულიერონი, ისე - საერონი.
მონაზონი ლუბა დიდხანს ევნებოდა სიმსივნით გამოწვეული ფეხის ტკივილებით. მან მორჩილი გააგზავნა მელანიასთან წმინდა ლოცვების თხოვნით. მელანიამ ჩაის მცირეოდენი ულუფა გაატანა და დაარიგა, დაუყოვნებლივ დაელევინებინა ფეხმტკივანისთვის.
დილით ავადმყოფმა თავი უკეთ იგრძნო და ახლა უკვე სხვა საქმეზე გაგზავნა მორჩილი მელანიასთან. გზადაგზა მორჩილი თავისთვის ფიქრობდა: "ეტყობა, დედა მელანია უფლის სათნომყოფელია!"
ეს აზრები უტრიალებდა თავში, როდესაც ლოცვის თანხლებით ფანჯარაზე უკაკუნებდა მელანიას. უეცრად სენაკიდან მელანიას ხმა მოესმა: - რას მიწოდებ შენს გონებაში, მე - უპოვარსა და უსინათლოს! თუ კვლავაც ასეთი სახელით მიხმობ, დაივიწყე ჩემი სენაკის გზა. ახლა კი შენს ავადმყოფ მონაზონს გადაეცი, ერთი კვირის შემდეგ მიყიდოს ფუნთუშეული და თვითონ მომიტანოს.
ასეც მოხდა. სნეული უწამლოდ გამოჯანმრთელდა და ყველას გასაკვირად, დათქმულ დღეს თავად მიუტანა ტკბილეული თავის მკურნალს.