VII საუკუნეში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დასახლდნენ სლავური ტომები, რომელთა წიაღშიც ქრისტიანობა ბიზანტიასთან ურთიერთობის წყალობით აღწევდა.
VII საუკუნის მეორე ნახევარში ბალკანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დამკვიდრდა თურქული მოდგმის ხალხი ბულგარები, რომლებიც შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროდან მოვიდნენ და თავიანთი სახელმწიფო დააარსეს.
ბულგარები დროთა განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას შეერწყნენ, სახელი ბულგარებისა დარჩათ, ხოლო ენა სლავებისგან მიიღეს.
865 წელს ბულგარელმა თავადმა ბორის I-მა ბიზანტიელი ეპისკოპოსის ხელით ნათელ იღო. ამას ბულგარელების მასობრივი გაქრისტიანება მოჰყვა. მაგრამ ბულგარეთის ახალგაზრდა ეკლესიამ კონსტანტინოპოლისგან ეპისკოპოსები ვერ მიიღო. მეფე ბორისი იძულებული გახდა, რომის პაპ ნიკოლოზ I-თან ელჩობა მიევლინა. სთხოვდა, ბელგრადში მღვდელმთავრები გამოეგზავნა და ბულგარეთის ეკლესია საპატრიარქოს, თუნდაც საარქიეპისკოპოსოს რანგში აღეყვანა.
ბულგარეთის ეკლესიამ რომაელი პონტიფიკოსის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და კვლავ კონსტანტინოპოლის პატრიარქს დაემორჩილა.
870 წელს, კონსტანტინოპოლის კრების განჩინებით, ბულგარეთის ეკლესია აღყვანილ იქნა საარქიეპისკოპოსოს რანგში. პირველი არქიეპისკოპოსი გახდა წმინდა იოსები, რომელმაც ხელდასხმა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ეგნატიოსისგან მიიღო.
IX საუკუნის მიწურულს ველიკომორავიის სახელმწიფოდან დევნილმა ძმებმა, მოციქულთა სწორებმა კირილემ და მეთოდემ, ბულგარეთს შეაფარეს თავი. დაიწყო სლავური დამწერლობის ისტორიის დიდებული პერიოდი, რომელმაც აყვავებას ბორისის ძის, მეფე სიმეონის ზეობის წლებში (893-927) მიაღწია.
919 წელს, პრესლავის კრებაზე, დადგინდა ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალია. ამავე კრებაზე გამოცხადდა მისი საპატრიარქოს რანგში აყვანის შესახებ. კონსტანტინოპოლმა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 927 წელს ცნო.
თავდაპირველად საპატრიარქო ტახტი დოროსტოლში იდგა. მას შემდეგ, რაც ბიზანტიამ ბულგარეთის ნაწილი დაიპყრო, საპატრიარქო ჯერ ტრიადიცაში (ახლ. სოფიაში) გადაიტანეს, შემდეგ პრესპაში და ბოლოს ოქრიდში - დასავლეთ ბულგარეთის სამეფოს დედაქალაქში, რომელსაც სათავეში მეფე სამუელი (976-1014) ედგა.
როცა ბასილი II ბულგართმმუსვრელმა (1018-1019 წ.წ.) მთელი ბულგარეთი დაიპყრო, ბულგარეთის ეკლესიას მოაკლდა საპატრიარქო ღირსება და საარქიეპისკოპოსომდე იქნა დაყვანილი.
ოქრიდის არქიეპისკოპოსები იმპერატორის ბრძანებით ინიშნებოდნენ და თითქმის ყველა, გარდა არქიეპისკოპოს იოანესი, ბერძენი იყო. ამ ეპოქის საეკლესიო მოღვაწეთა შორის ერთ-ერთი გამოჩენილი პირი გახლდათ არქიეპისკოპოსი თეოფილაქტე ბულგარელი, უამრავი თხზულების ავტორი.
1185-1186 წლების აჯანყების შემდეგ ბულგარული ეკლესიის დამოუკიდებლობა აღდგა. არქიეპისკოპოსის რეზიდენციად იქცა ტირნოვი.
კონსტანტინოპოლმა ტირნოვის პირველი არქიეპისკოპოსი არ ცნო, მაგრამ მოგვიანებით, XIII საუკუნეში, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა ეს ძლევამოსილი იმპერია აიძულა, შეერბილებინა თავისი პოზიცია ბულგარეთის ეკლესიის მიმართ.
1235 წელს ბულგარეთის მეფემ არსენ
II-მ ნიკეის იმპერატორთან იოანე დუკასთან სამხედრო ხელშეკრულება დადო. ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა ტერნოვის არქიეპისკოპოსის პატრიარქად ცნობა გახლდათ.
იმავე წელს ბერძნული და ბულგარული სამღვდელოების კრებამ, რომელსაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი გერმანე II თავმჯდომარეობდა, ცნო ტირნოვის არქიეპისკოპოსის იოაკიმეს საპატრიარქო ღირსება. კრების განჩინებას აღმოსავლეთის ყველა პატრიარქი დაეთანხმა და ახალ პატრიარქს "თანხმობის ხელწერილიც" გაუგზავნეს.
ბულგარეთის მეორე საპატრიარქომ 158 წელიწადი იარსება. 1393 წელს, ბულგარეთის სამეფოს დაცემასთან ერთად, ტირნოვის კათედრა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაემორჩილა და სამიტროპოლიტოს უფლება მიიღო. ეს სტატუსი ბულგარეთის ეკლესიამ XIX საუკუნის ბოლომდე შეინარჩუნა.
ბულგარეთის ეკლესიის აღორძინება XVIII საუკუნის დასასრულს დაიწყო. ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა წმინდა პაისი ხილენდარელმა (1722-1798). მან მოაგროვა ისტორიული მასალა და 1762 წელს გამოსცა "სლავურ-ბულგარული ისტორია ხალხების, მეფეებისა და ბულგარელი წმინდანების შესახებ", რომელშიც ბულგარელი ხალხის წარსულ დიდებაზე მოუთხრობდა.
1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ რუსეთისა და ბულგარეთის კავშირი განმტკიცდა. ბულგარელ სტუდენტებს რუსეთის სასულიერო სკოლებში სწავლის საშუალება მიეცათ.
XIX საუკუნის შუა წლებიდან ბულგარელებმა დაჟინებით მოითხოვეს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. 1858 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ მოწვეულ კრებაზე ბულგარეთის წარმომადგენლებმა ბულგარეთის ეკლესიის ორგანიზაციის ცვლილების თაობაზე რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს, მაგრამ ბერძნებმა ეს მოთხოვნები უარყვეს.
1860 წლის 3 აპრილს, კონსტანტინოპოლში, ბულგარულ ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურების დროს, მაკარიოპოლის ეპისკოპოსმა ილარიონმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნაცვლად მართლმადიდებელი ეპისკოპოსები მოიხსენია. პასუხად პატრიარქმა იოაკიმე II-მ ეპისკოპოსი ილარიონი და მისი მომხრე იერარქები განკვეთა. განკვეთილი მღვდელმთავრები ამ განკარგულებას არ დაემორჩილნენ. დაიწყო საეკლესიო განხეთქილება.
1870 წლის 28 თებერვალს თურქეთის მთავრობამ გამოაქვეყნა სულთნის ბრძანება დამოუკიდებელი ბულგარეთის საეგზარქოსოს დაარსების შესახებ. საეგზარქოსოს დაევალა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიება ღვთისმსახურების დროს, გადაწყვეტილებათა მასთან შეთანხმება და მირონის კონსტანტინოპოლიდან წამოღება. ამ ფირმანის საფუძველზე 1871 წლის თებერვალში კონსტანტინოპოლში მოწვეულ იქნა პირველი ბულგარული საეკლესიო-სახალხო კრება, რომელმაც ბულგარეთის საპატრიარქოს წესდება შეიმუშავა.
1872 წლის 11 თებერვალს პირველ ეგზარქოსად არჩეულ იქნა ლოვჩანის ეპისკოპოსი ილარიონი, მაგრამ ხუთი დღის შემდეგ მან ავადმყოფობის გამო ტახტზე უარი განაცხადა. მისი მემკვიდრე გახდა ვიდინის მიტროპოლიტი ანთიმოზი (1816-1888), რომელიც მოსკოვის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული იყო. ეგზარქოსმა თურქეთის მთავრობისგან მიიღო ბერატი, რომელიც მისი არჩევის კანონიერებას ადასტურებდა.
1872 წლის 1 მაისს მიტროპოლიტმა ანთიმოზმა კონსტანტინოპოლის ბულგარულ ტაძარში აღასრულა ღვთისმსახურება, რომლის დროსაც წაკითხულ იქნა ბულგარეთის ეკლესიის ავტონომიის გამოცხადების აქტი. პასუხად საპატრიარქოს სინოდმა ანთიმოზს ღვთისმსახურება აუკრძალა.
1878 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, ბულგარულ ეკლესიას თავისუფალი ქვეყნის ფარგლებში მართავდა სინოდი, რომელსაც სათავეში დროებითი თავმჯდომარე ედგა.
ეგზარქოსი კვლავ კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა, რადგან ოსმალთა იმპერიის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ბულგარელი იყო დარჩენილი. ეგზარქოსი მხოლოდ 1913 წელს გადავიდა სოფიაში, კონსტანტინოპოლში კი თავისი მემკვიდრე დატოვა.
1921-1922 წლებში მეორე საეკლესიო-სახალხო კრებამ მიიღო ბულგარეთის ეკლესიის ახალი წესდება - მართვის სინოდური სისტემა, რომლის თანახმად, საეკლესიო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში ერისკაცებიც აქტიურად უნდა ჩარეულიყვნენ, მაგრამ სახელმწიფომ ეს წესდება მხოლოდ 1937 წელს უამრავი შემოკლებისა და ცვლილებების შემდეგ ცნო.
1945 წლის 22 თებერვალს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თანადგომით ბერძენ-ბულგართა სქიზმა გადალახულ იქნა. 25 თებერვალს ბერძენმა და ბულგარელმა მღვდელმთავრებმა კონსტანტინოპოლში ერთად აღავლინეს საღვთო ლიტურგია.
13 მარტს ბულგარეთის ეკლესიის წარმომადგენლებს გადასცეს პატრიარქ ბენიამინისა და კონსტანტინოპოლის წმინდა სინოდის ყველა წევრის ხელმოწერილი ტომოსი, რომელიც ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალიას ადასტურებდა.
1953 წლის 10 მაისს, მესამე საეკლესიო-სახალხო კრებაზე, აირჩიეს და საზეიმოდ აღასაყდრეს ბულგარეთის პატრიარქი კირილე. ამ აქტის კანონიერება კონსტანტინოპოლმა მხოლოდ 1961 წელს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაჟინებული შუამდგომლობით აღიარა. 1971 წლიდან ბულგარეთის ეკლესიას ხელმღვანელობს უწმინდესი პატრიარქი მაქსიმე.
XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებში ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მძიმე განსაცდელი დაატყდა თავს.
1991 წელს "ხსნის ქრისტიანული კავშირის" მეთაურმა, პარლამენტის დეპუტატმა მღვდელმონაზონმა ქრისტეფორემ, ბულგარეთის მინისტრთა საბჭოს რელიგიის საქმეთა კომიტეტის წევრებთან ერთად გამოაცხადა პატრიარქ მაქსიმეს გადაყენების შესახებ, რომელიც ვითომდა კომუნისტურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. 1992 წლის 9 მაისს ბულგარეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება დაადასტურა. წმინდა სინოდის ზოგიერთმა წევრმა მთავრობას მხარი დაუჭირა, დანარჩენები კი ამტკიცებდნენ, რომ კანონები მთავრობას უფლებას არ აძლევდა, ასე უხეშად ჩარეულიყო საეკლესიო საქმეებში.
სამი ეპისკოპოსი, რომელთაც მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს, გაერთიანდა და საჯაროდ მოუწოდა პატრიარქს, გადამდგარიყო.
1992 წლის 25 მაისს რელიგიის საქმეთა კომიტეტმა ცირკულარულ წერილში კიდევ ერთხელ დაადასტურა პატრიარქის გადაყენების ფაქტი. 1992 წლის მაისიდან დაიწყო მოქმედება თვითგანწესებულმა "სინოდმა", რომელიც ბულგარეთის მთავრობამაც ცნო. განხეთქილების მოთავეთა რეზიდენცია ბლაგოევგრადში დაფუძნდა. სექტემბერში კი განდგომილებმა სოფიის სემინარია მიიტაცეს.
1995 წელს ზოგიერთმა მეამბოხე იერარქმა მოინანია და პატრიარქმა მაქსიმემ მიიღო ისინი, მაგრამ განხეთქილება ამით არ დასრულებულა. 1996 წლის 3 ივნისს სოფიაში ჩატარდა მეამბოხეთა საეკლესიო-სახალხო კრება, რომელმაც პატრიარქად პიმენი აირჩია. ახალი "მწყემსმთავრის" ინტრონიზაცია ჩატარდა 4 ივლისს, წმინდა პარასკევას სახელობის ტაძარში, ასევე უკანონოდ არჩეული კიევის პატრიარქის ფილარეტის (დენისენკოს) მონაწილეობით.
1997 წლის 5 მარტს ბულგარეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გამოაცხადა, რომ პატრიარქ მაქსიმეს ჩამოერთვა უმაღლესი ეკლესიის მართვის უფლების სახელმწიფო რეგისტრაცია. მეორე დღეს უწმინდესი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა და განუცხადა, რომ ტახტს არ დატოვებდა.
1997 წლის 2-4 ივლისს მოწვეულ იქნა მეოთხე საეკლესიო-სახალხო კრება. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და მოსკოვის საპატრიარქოთა წარმომადგენლებმა. კრებამ დაამტკიცა პატრიარქ მაქსიმეს უფლებამოსილების კანონიერება, დაგმო განხეთქილებაში მყოფთა მოქმედება და მათ მონანიებისა და დედაეკლესიის წიაღში დაბრუნებისკენ მოუწოდა. თვით საეკლესიო-სახალხო კრება აღიარებულ იქნა მუდმივმოქმედ ორგანოდ, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ უნდა შეკრებილიყო.
1998 წელს სოფიაში ჩატარდა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გაფართოებული სხდომა, რომელშიც 6 პატრიარქი და 20 მიტროპოლიტი მონაწილეობდნენ. სხდომის თავმჯდომარე იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი. სინოდმა შეარიგა მტრული მხარეები. ეპისკოპოსებმა, რომელნიც განხეთქილებაში იმყოფებოდნენ, მოინანიეს და კვლავ მიღებულ იქნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ განხეთქილებაში მყოფი მიტროპოლიტების ნაწილმა უარყო მონანიება.
1997 წლის საეკლესიო-სახალხო კრების მონაცემების თანახმად, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში შედის 11 ეპარქია, რომელთაც მიტროპოლიტები ხელმძღვანელობენ.
ბულგარეთის ტერიტორიაზეა 1000 სამრევლო, სადაც 1500 მღვდელი მსახურობს, და 120 მონასტერი. ამ დროისთვის ბულგარეთში მოქმედებს რამდენიმე სემინარია პლოვდივსა და სოფიაში და ღვთისმეტყველების ფაკულტეტები სოფიის უნივერსიტეტსა და წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტში.
ბულგარეთის ეკლესიის შემადგენლობაში შედის საზღვარგარეთის ორი ეპარქია. ბულგარეთის გარეთ სამრევლოები არსებობს უნგრეთში, რუმინეთში, ავსტრიაში, ასევე - ბერლინში, ნიუ-იორკსა და მოსკოვში.
მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა