მონოფიზიტობის ერესი და IV მსოფლიო კრება
მალე კონსტანტინოპოლში ახალი შფოთი წარმოიშვა. ღვთისმოსავი ეპისკოპოსები, რომელთათვისაც მთავარი ეკლესიის კეთილდღეობა და მშვიდობა იყო, საღვთისმეტყველო კამათის წამოწყებას, რაც ასე საშიშია ქრისტიანული სიყვარულისთვის, ერიდებოდნენ.
მათ იცოდნენ, როგორ აღვივებს ამგვარი კამათი ურთიერთმტრობას, რა ხშირად ემსახურება ის ცალკეულ პირთა ანგარებიან მიზნებს და როგორ ხდება იარაღი სიძულვილისა და პატივმოყვარეობისა. მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი ეპისკოპოსებიც აღმოჩნდნენ, რომელნიც პირადი მიზნებისთვის ხალისით იწვევდნენ მღელვარებას. მათ რიცხვს ეკუთვნოდა წმინდა კირილეს მემკვიდრე ალექსანდრიის კათედრაზე დიოსკორე. ქედმაღალი და უფლებისმოყვარე დიოსკორესთვის კონსტანტინოპოლის კათედრის პირველობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველობა არავითარ ძალაუფლებას არ იძლეოდა, უსიამოვნო იყო. დიოსკორეს თავი ჭეშმარიტების მგზნებარე დამცველად მოჰქონდა, ყველგან ერესის კვალს ეძებდა, განუწყვეტლივ აყენებდა ახალ-ახალ ბრალდებებს და ხან ერთსა და ხან მეორე ეპისკოპოსს კიცხავდა, რაც, ბუნებრივია, შფოთის მიზეზი ხდებოდა. მისი დევნის პირველი ობიექტი თეოდორიტე კვირელი გახდა, რომელსაც დიოსკორემ მეფის წინაშე ცილი დასწამა და ანათემას გადასცა.მალე ქრისტიანული სამყარო დიოსკორეს სხვა საქმეებმაც აღაშფოთა.
კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი მონასტრის ბერი, არქიმანდრიტი ევტიქი, რომელმაც თავი გამოიჩინა როგორც ნესტორის შეურიგებელმა მოწინააღმდეგემ, მეორე უკიდურესობაში ჩავარდა და ახალი ერესის ერთ-ერთი მამამთავარი გახდა. მისი მტკიცებით, რამდენადაც უფალ იესო ქრისტეში ღმრთაებრივმა ბუნებამ კაცობრივი მთლიანად შთანთქა, განხორციელების შემდეგ მისი მხოლოდ ერთი - ღმრთეებრივი - ბუნება უნდა ვაღიაროთ. ზოგიერთმა ეპისკოპოსმა ევტიქი მონოფიზიტური ერეტიკული შეხედულებების გამო დედაქალაქის პატრიარქის ფლაბიანეს წინაშე ამხილა, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა მოითხოვა, ეს შეხედულებანი კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე განეხილათ, რომელიც სწორედ იმ დროს მიმდინარეობდა. სათნო და მშვიდობის მოყვარე ფლაბიანეს არ სურდა კამათის წამოწყება, რადგან კარგად იცოდა, რომ ამგვარ განყენებულ საკითხზე მსჯელობისას, ყოველგვარ დაუფიქრებელ გამოთქმას, ადვილი შესაძლებელი იყო, ერესის მნიშვნელობა მისცემოდა. მას ეშინოდა ეკლესიაში სულ ცოტა ხნის წინათ დამყარებული მშვიდობის დარღვევისა, ამიტომ შეეცადა, ევტიქი გონს მოეყვანა და მის შეხედულებათა სიმცდარეში დაერწმუნებინა, მაგრამ ამაოდ. მაშინ კრება იძულებული გახდა, მიეღო საჩივარი და ევტიქი პასუხისთვის გამოეძახა, მაგრამ ის კრებაზე არ გამოცხადდა. მაშინ ფლაბიანემ შეუთვალა, რომ არაფრის შინებოდა - ცდომილებისგან არავინ არის დაზღვეული; მთავარია, ადამიანს ამის აღიარებისა არ შერცხვესო. მესამე მიწვევის შემდეგ ევტიქი კრებაზე შეირაღებული მცევლის (!) თანხლებით გამოცხადდა. ეპისკოპოსებს კითხვებზე ორაზროვნად პასუხობდა, ხოლო ფლაბიანეს მეტად აგდებულად ექცეოდა. კრებამ ევტიქი ერესში ამხილა და მისთვის საეკლესიო ხარისხის ჩამორთმევა განაჩინა. ევტიქი ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და საქმის ხელახლა გადახედვა მოითხოვა. ამ მიზნით მან წერილი მისწერა რამდენიმე ეპისკოპოსა და რომის პაპს ლეონ დიდს. მისდამი მიწერილ უსტარში იგი ფლაბიანეს ნესტორის ერესის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა. მაგრამ პაპმა საქმის ნამდვილი ვითარება თვითონ ფლაბიანესგან გაიგო და თავის წერილში გადმოსცა ეკლესიის სწავლება ქრისტეში ორი: ღმერთეებრივი და კაცობრივი - ბუნების შეერთების შესახებ. როგორც ვხედავთ, ეს სწავლება ევტიქის შეხედულებათა საპირისპირო იყო, მაგრამ მას ძლიერ მფარველთა იმედით ფარ-ხმალი არ დაუყრია. მას მფარველობდნენ დედოფალი ევდოქსია და იმპერატორი თეოდოსის საყვარელი ჯარისკაცი ქრისანთე, რომელსაც ფლაბიანე სძულდა, რადგან მან ხელდასხმისას ფული არ მისცა და ასეთი პასუხით გაისტუმრა: ეკლესიის ფული მის საჭიროებასა და ღატაკებს უნდა მოხმარდეთო. ევტიქიმ კიდევ ერთი ერთგული მოკავშირე იპოვა. ეს იყო დიოსკორე, რომელსაც უხაროდა, რომ საშუალება მიეცა, კონსტანტინოპოლის პატრიარქის წინააღმდეგ გაელაშქრა. ამ უღირსმა მოკავშირეებმა ფლვიანეს ერესში დასდეს ბრალი და მეფე დაარწმუნეს, რომ კრება ეფესოში მოეწვიათ. ეს მოხდა 449 წელს.
კრებას დიოსკორე უძღვებოდა. ამგვარად, ფლაბიანეს ბედი გადაწყვეტილი იყო. დიოსკორეს, გარდა იმისა, რომ კრებაზე ათსამდე ერთგული ბერი მიეყვანა, შეიარაღებულ მეომართა რაზმიც ემორჩილებოდა, ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად კი ცბიერმა ერეტიკოსმა ხმა გაავრცელა, რომ ფლაბიანე და მისი მომხრეები ერთ უფალს - იესო ქრისტეს - ორად ყოფდნენ. როცა დიოსკორემ ევტიქის სწავლების სისწორე აღიარა, ზოგიერთმა ეპისკოპოსმა კრებაზე პაპის წერილის წაკითხვა მოითხოვა, მაგრამ თავმჯდომარემ უარი თქვა და ფლაბიანე გადაყენებულად გამოაცხადა, ხოლო თეოდორიტე კვირელი და დომნე ანტიოქიელი - ერეტიკოსებად შერაცხა.
დიოსკორეს ყოველ სიტყვას მისი მომხრეები ხმამაღალი შეძახილებით უჭერდნენ მხარს და, როგორც კრების დადგენილებანი, აქტებში შეჰქონდათ, ხოლო იმათ გამოსვლებს, რომელთაც საპირისპიროს თქმა სურდათ, ყვირილითა და ხმაურით ახშობდნენ. დააპირა თუ არა ფლაბიანემ, ამ უკანონობის წინააღმდეგ ხმა ამოეღო, დიოსკორემ მეომრებს უხმო. ერეტიკოსები, რომელნიც ქრისტეს ორად გაყოფას ბედავენ, ცეცხლში უნდა დაიწვან და ორად განიკვეთონო, - შესძახეს მათ და ბერებთან ერთად თავს დაესხნენ წმინდა პატრიარქს. თავდამსხმელებმა ფლაბიანეს იმდენი მძიმე ჭრილობა მიაყენეს, რომ იგი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. დიოსკორემ ეკლესიიდან პაპის განკვეთაც გამოაცხადა და ეს უკანონო კრება, რომელსაც სამართლიანად ეწოდა ყაჩაღთა კრება, ხმაურითა და შფოთით დასრულდა.
იმპერატორი, რომელსაც კრების მსვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, მოტყუვდა და მისი უკანონო დადგენილებანი დაამტკიცა, მაგრამ ერეტიკოსებმა სიმართლის მიჩქმალვა მაინც ვერ შეძლეს. ეპისკოპოსები ხმამაღლა უჩიოდნენ კრების მესვეურთა მხრიდან ძალადობასა და შევიწროებას, რის გამოც პაპმა ლეონმა აღმოსავლეთის რამდენიმე ეპისკოპოსთან ერთად თეოდოსი დაარწმუნა, მსოფლიო კრება მოეწვია.
450 წელს თეოდოსი II მოულოდნელად გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა მისი უფროსი და პულქერია, რომელმაც სამეფო ხელისუფლება თავის მეუღლეს, მარკიანეს გაუყო. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ანატოლიმ კორონაცია - გვირგვინის კურთხევა - საეკლესიო წესით შეასრულა, რაც შემდეგ ევროპულ ქვეყნებში ტრადიციად იქცა. პულქერიასა და მარკიანეს და რომის ახალ პაპს ლეონს შორის მომავალი კრების თაობაზე გაცხოველებული მიწერ-მოწერა გაიმართა. 451 წლის 17 მაისის ბრძანებით, მარკიანემ კრების ადგილად ნიკეა გამოაცხადა, მაგრამ შემდეგ საზოგადოების მოთხოვნით ის ქალკედონში გადაიტანა.
კრების სხდომები, რომელთაც 630 ეპისკოპოსთან ერთად იმპერატორიცა და დედოფალიც ესწრებოდნენ, წმინდა მოწამე ეფთვიმიას სახელობის ტაძარში ტარდებოდა. კრებას კონსტანტინოპოლის პატრიარქი ანატოლი თავმჯდომარეობდა. მამებმა გაკიცხეს ევტიქის ერეტიკული მოძღვრება და იგი დიოსკორესთან ერთად ეკლესიიდან გაკვეთეს. კრებამ კიდევ ერთხელ ამხილა და დაგმო ნესტორის ერესიც. სხდომებზე დიდი დრო დაეთმო ეკლესიის ცნობილი მოძღვრების: ბასილი დიდის, გრიგოლ ღმრტისმეტყველის, იოანე ოქროპირის, ამბროსი მედიოლანელის, კირილე ალექსანდრიელისა და სხვათა თხზულებებიდან იმ ადგილების წაკითხვას, რომლებშიც იესო ქრისტეში ღმრთეებრივ და კაცობრივ ბუნებათა შეერთების საკითხი იყო განხილული. ეკლესიის მნათობთა ნააზრევის საფუძველზე კრებამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა დოგმატური სწავლება სამების მეორე ჰიპოსტასზე - სიტყვა ღმერთსა და მის განკაცებაზე. მის მიხედვით, იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცია, ერთარსი მამისა ღმრთეებით და ერთარსი ჩვენი კაცებით (ადამიანურობით), ჩვენივე მსგავსი გარდა ცოდვისა, ღმერთეებით მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ხოლო კაცობრივად ჩვენთვის და ჩვენივე ხსნისთვის შობილი ქალწულისგან მარიამისა. განხორციელების შემდეგ ის ერთი პირია, მაგრამ ორი ბუნების მქონე, რომლებიც მასში შეურწყმელად, უცვლელად, განუყოფლად და განუყრელადაა შეერთებული.
როგორც კი სარწმუნოებრივი განსაზღვრება ხმამაღლა იქნა წაკითხული, იგი კრებამ ერთსულოვნად მიიღო. ქალკედონის კრებამ დაამტკიცა აგრთვე წინა სამი მსოფლიო კრების განსაზღვრებანი. სულ მან 30 კანონი გამოსცა, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესოა 28-ე, რომლის მიხედვითაც კონსტანტინოპოლის კათედრა რომის შემდეგ რიგით მეორედ, მაგრამ ღირსებით მის თანაბრად ცხადდებოდა.
მიუხედავად ამისა, შფოთი და მღელვარება ეკლესიაში მაინც არ ჩამცხრალა. ეგვიპტემ, სირიამ, პალესტინამ და სომხეთმა ქალკედონის კრების დადგენილება არ მიიღეს და ერთიან ეკლესიას ჩამოშორდნენ. ეგვიპტისა და სირიის ეკლესიებმა, რომლებსაც I-IV საუკუნეებში მსოფლიო ეკლესიაში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდათ, V საუკუნის მეორე ნახევარში მეორე პლანზე გადაინაცვლეს.
ევტექის მონოფიზიტური ერესის მიმდევარნი (ქრისტეს ერთი ბუნების აღმსარებელნი) ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს ქალკედონის კრებამ ნესტორის ცრუ სწავლება აღიარა. დიოსკორეს მრავალრიცხოვანმა მომხრეებმა ალექსანდრიის ახალი პატრიარქი პროტერიოსი დრტვინვით მიიღეს და რამდენიმე ხნის შემდეგ მუხანათურად მოკლეს.
ქალკედონის კრების დადგენილებებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია ეგვიპტემ და ეს გასაგებიც იყო - ყაჩაღების კრებას მოთავე დიოსკორე ხომ ეგვიპტელი გახლდათ. არეულობა ალექსანდრიელმა ხუცესმა ტიმოთე ელურმა წამოიწყო, რომელსაც მეტსახელად მეტსახელად ცოფიანი ეწოდა. ბარბაროსმა მწვალებლებმა, მას შემდეგ, რაც ალექსანდრიის მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსი პროტერიოსი აღდგომის დღეს სანათლავში მოკლეს და მისი აკაფული გვამის ნაწილები მთელ ქალაქში ათრიეს, ხოლო ქალაქის დამცველთა გარნიზონი ვერაგულად გაანადგურეს, ტიმოთე ეპისკოპოსად გამოაცხადეს. მან სინოდის პირველივე სხდომაზე არა მხოლოდ ქალკედონის კრების მომხრე ეპოისკოპოსები, არამედ მეფეცა და პატრიარქიც განკვეთილად გამოაცხადა, საეკლესიო დიპტიქებიდან მთავარეპისკოპოსი პროტერიოსის სახელი ამოშალა და მის ნაცვლად დიოსკორესი შეიტანა.
მოაზმადა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა