ძველი სტილით 25 დეკემბერს (ახლით - 7 იანვარს) აღსრულდა წინასწარმეტყველება: უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მაცხოვარი სოფლისა, იშვა ყოვლად უბიწო ქალწული მარიამისგან.
ქრისტესშობის მოლოდინი
როდესაც ადამი და ევაა ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო. ამ აღთქმაში ყოვლადწმინდა ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველებაც იყო: "თესლი დედაკაცისა დათრგუნავს თავსა გველისასა". მხსნელის შესახებ უფლის პირველი სასიხარულო უწყება ბევრჯერ განმეორდა, რათა ადამიანები მესიის მომავალი მოსვლისათვის მოემზადებინა. მართლაც, ქრისტეს შობამდე მხსნელის მოვლინების საყოველთაო მოლოდინი სუფევდა. იუდეველები ამ მოვლენას წინასწარმეტყველების მიხედვით ვარაუდობდნენ. წარმართები ასევე მოუთმენლად ელოდნენ გამოხსნას ურწმუნოებისა და ყოველგვარი ურჯულოებისაგან.
საინტერესოა, გავიხსენოთ, როგორი იყო მსოფლიო, როდესაც დედამიწას უფალი ჩვენი იესო ქრისტე უნდა მოვლენოდა. იუდეველების გარდა, რომელთაც ერთი ღმერთის შესახებ გამოცხადებით ეუწყათ, ყველა ერის ზნეობრივი მდგომარეობა ფრიად სავალალო იყო – ისინი კერპებს სცემდნენ თაყვანს. იმხანად უძლიერეს და გაბატონებულ ხალხად რომაელები ითვლებოდნენ; მათ იარაღით დაიპყრეს და თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მოაქციეს თითქმის მთელი მაშინდელი მსოფლიო. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერებისა და დიდების უმაღლეს საფეხურს მიაღწიეს, მათი შინაგანი მდგომარეობა უმძიმესი იყო. რომში – მსოფლიოს ამ მედიდურ და მდიდრულ დედაქალაქში – ბატონობდა ყველაზე გაუგონარი კერპთაყვანისმცემლობა ან სრული ურწმუნოება მდაბიურ და სულელურ ცრურწმენებთან ერთად. რომაელების კერპთმსახურებასა და რელიგიაში არაფერი იყო ისეთი, რასაც შეეძლო ადამიანის სულიერად ამაღლება და მისთვის ზნეობისა და სიკეთის შეგონება. რომში უკიდურეს ზღვარს მიაღწია გარყვნილებამ და სისასტიკემ, განცხრომამ და წარმოუდგენელმა ფუფუნებამ. რომაელთა უმრავლესობა მარტოოდენ ხორციელი სიამოვნებისათვის ცხოვრობდა: სვამდა, ჭამდა, მხიარულობდა და არ ზრუნავდა საკუთარ სულზე; ისინი ყოველდღიურ, წარმავალ და ხშირად სასტიკ გართობებში ხარჯავდნენ გონებისა და გულის მთელ ძალას. მაგრამ ასეთ ფუჭ ცხოვრებას სასჯელიც მოსდევს: უსაზღვრო ფუფუნებაში ჩაფლულ და მიწიერი დიდების სიმაღლეზე ატყორცნილ რომაელებს მოწყენილობა და ნაყროვანება ტანჯავდა.
თავად წარმართებს იმ დროისთვის უკვე ნაკლებად სწამდათ თავიანთი ღმერთებისა, თუმცა მათ პატივსაცემად მაინც აგრძელებდნენ წარმართული კანონითა და ტრადიციით დადგენილი მსახურებებისა და მსხვერპლშეწირვების შესრულებას. მაგრამ ადამიანს აქვს თანდაყოლილი ლტოლვა – სწამდეს უზენაესი ძალისა და შეიცნოს ჭეშმარიტება, რაც პიროვნებას სრული დაცემისაგან იცავს მანამ, სანამ ამ წადილს არ მოაშთობს ცარიელი და ამაო ცხოვრება. რომში ეს მისწრაფება ნაკლებად იჩენდა თავს – იგი ჩაახშო ცხოვრების ხმაურმა და ბრწყინვალებამ.
მაგრამ სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით საბერძნეთსა და აღმოსავლეთში, აღნიშნული ლტოლვა ადამიანთა გონებაში ღვთის შეცნობისა და ბუნების საიდუმლოთა შესწავლის წადილს აღძრავდა. საბერძნეთმა, ოდესღაც ძლიერმა ქვეყანამ, იმ დროისთვის უკვე დაკარგა სამოქალაქო დამოუკიდებლობა და რომაელების მიერ შექმნილი უზარმაზარი იმპერიის ერთი ნაწილი გახდა. მიუხედავად რომისადმი დაქვემდებარებისა, საბერძნეთმა მასთან შედარებით უდიდესი უპირატესობა შეინარჩუნა – იგი მთელ მსოფლიოში ყველაზე განათლებული ქვეყანა იყო, სადაც ყვაოდა მეცნიერება და ხელოვნება. საბერძნეთში ყველა ქვეყნიდან ჩადიოდნენ განათლების მისაღებად. ბუნებრივია, განსწავლულ ბერძნებს წარმართთა ღმერთებისადმი ბრმა რწმენა ვერ ექნებოდათ, წარმართული სწავლების მიღმა ისინი ჯიუტად ეძებდნენ ჭეშმარიტებას, ცდილობდნენ ბუნების და სამყაროს შექმნის საიდუმლოებათა ამოხსნას, ადამიანის დანიშნულების გარკვევას. განმარტებათა და დასკვნათა სიმრავლის შედეგად წარმოიშვა სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლები და სისტემები. ფილოსოფოსი ნიშნავს სიბრძნის მოყვარულს – ასე უწოდებდნენ სწავლულებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება სიბრძნის შეცნობას მიუძღვნეს. ფილოსოფოსთა ზოგიერთი სწავლება საკმაოდ ამაღლებული იყო, განადიდებდა სათნოებას და, თუმცა ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გადმოსცემდა ცნებებს ღმერთსა და სულის უკვდავებაზე. მაგრამ ზეგარდმო გამოცხადების გარეშე ადამიანს არ ძალუძს უზენაესი ჭეშმარიტების – ღმერთის შეცნობა და ფილოსოფოსებიც, მიუხედავად გონებისა და ნების მთელი ძალისხმევისა, წყვდიადში დაეხეტებოდნენ ეჭვებითა და გაურკვევლობით გაწამებულნი.
ადამიანთაგან შექმნილ მოძღვრებათა უკუნში მხოლოდ იუდეველთაგან წამოსული ჭეშმარიტების სუსტი სხივები კიაფობდა. იმხანად იუდეველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ გაფანტულნი და უცხო ტომის ხალხებს განუმარტავდნენ ცნებას ერთ ღმერთზე, სამყაროს შემოქმედზე. ამ ერების მრავალმა წარმომადგენელმა მიიღო კიდეც მოსეს რჯული, რასაც ძლიერ შეუწყო ხელი იმ გარემოებამ, რომ ქრისტესშობამდე 280 წლით ადრე წმინდა წერილი ბერძნულ ენაზე ითარგმნა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მაგრამ აღმოსავლეთში იუდეველთაგან გადმოღებულ ცნებებს შეერია ნაირგვარი, უცნაური და გამოგონილი განმარტებანი, რითაც იქაური სწავლულები ცდილობდნენ, აეხსნათ სამყაროს შექმნა და ბუნების მოვლენები.
ახლა თვალი გადავავლოთ ისრაიტელთა ცხოვრებას – ვნახოთ, დაიცვა თუ არა შეუბღალავად თავად ღმერთის მიერ მათთვის გაცხადებული ჭეშმარიტება ერმა, რომელიც უფალმა ამოირჩია და რომელსაც სიყვარულით უჩვენებდა თავის მართალ გზას? გამოიღო თუ არა მოსალოდნელი ნაყოფი ღმერთის მიერ ამ ხალხისთვის მოვლენილმა ამდენმა ქველმოქმედებამ და სასწაულმა?
ძველი აღთქმის წიგნებიდან ვიცით, რომ ისრაიტელები ხშირად ივიწყებდნენ უფალს და გულგრილად არღვევდნენ რჯულს – მათ იზიდავდათ ირგვლივ არსებული კერპთაყვანისმცემლობა. უფალი თავის ერს მძიმე განსაცდელებით სჯიდა, მაგრამ მათთვის არ წაურთმევია სასოება მხსნელის მოვლინებისა. ქრისტესშობამდე ბოლო ასწლეულების მანძილზე იუდეველები მუდამ სხვისი ქვეშევრდომები იყვნენ: ისინი ჯერ ბერძნებმა დაიპყრეს, შემდეგ მათზე ეგვიპტელები და სირიელები გაბატონდნენ, ბოლოს კი რომმა დაიმორჩილა. მრავალ განსაცდელგამოვლილ იუდეველებს უკვე აღარ იზიდავდა კერპთაყვანისმცემლობა – პირიქით, ისინი ზიზღითა და ამრეზით შეჰყურებდნენ წარმართულ მრავალღმერთიანობას, განსაცდელებს მოსეს რჯულიდან ხშირი განდგომის სასჯელად მიიჩნევდნენ და მის ზუსტად დაცვას ცდილობდნენ. მაგრამ ეს ერი გულით მაინც ვერ მიუახლოვდა ღმერთს და ამიტომაც დარჩა მისთვის ამოუცნობი თავად რჯულის შინაარსი და სული. ისინი მხოლოდ გარეგნულ წესებს ასრულებდნენ და ამით იმედოვნებდნენ უფლის წინაშე მართლად ყოფნას. ღვთისგან მონიჭებულ სიკეთეებს საკუთარ დამსახურებად თვლიდნენ და ნაცვლად იმისა, რომ უფლისადმი სიყვარულითა და მადლიერებით გამსჭვალულიყვნენ, გაუჩნდათ ამპარტავნული გრძნობა საკუთარი უპირატესობისა დანარჩენ ერებზე და მათდამი ზიზღით აღივსნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ამ უკანასკნელთ სამუდამოდ განეშორა მადლი ღვთისა და მათი გადარჩენა შეუძლებელია. იუდეველები, როგორც აბრაამის შთამომავლები, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მხოლოდ მათ ეკუთვნით დიდება, უპირატესობა და ცხონება; მესიის მოსვლისაგან მხოლოდ გარეგან სიკეთეებს ელოდნენ; მაცხოვარი წარმოედგინათ დიად და ძალმოსილ მეფედ, რომელიც მათ რომაელთა ქვეშევრდომობისგან გაათავისუფლებდა და ყველა ერზე მეტად განადიდებდა. არ ესმოდათ, რომ მაცხოვრის შესახებ წინასწარმეტყველებებში საუბარი იყო სულიერი თავისუფლების, ზეციური სიკეთეებისა და არაამქვეყნიური სამეფოს შესახებ; რომ მესიის მისაღებად საჭირო იყო სინანულით, თავმდაბლობითა და სიყვარულით მომზადება. რა თქმა უნდა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, თუმცა ცოტანი, რომლებიც მზად იყვნენ ქრისტეს მადლით გაცისკროვნებისთვის. გასაგებია, თუ რაოდენ მძიმე იყო იუდეველებისათვის მათთვის საძულველი და საზიზღარი რომაელების ქვეშევრდომობა და როგორ მოუთმენლად ელოდნენ ისინი მხსნელს. თავად იუდეველები მრავალ, ურთიერთისადმი მტრულ სექტებად იყვნენ დაყოფილნი და განსხვავებულად განმარტავდნენ წმინდა წერილის შინაარსს.
ამრიგად, ძველი მსოფლიოს მდგომარეობა ცხადად ადასტურებს, თუ რაოდენ უძლურია ადამიანური შესაძლებლობა, ჭეშმარიტებით განანათლოს კაცი და მის სულს ნუგეში და სიმშვიდე მიანიჭოს. წარმართულმა სამყარომ გონებრივი განვითარებისა და მიწიერი დიდების მაღალ დონეს მიაღწია, მაგრამ რა მოიგო? უგუნური კერპთაყვანისმცემლობა, ბნელი ცრურწმენა და – რაც ადამიანის სულისთვის ყველაზე მძიმეა – მტანჯველი ეჭვები, გარყვნილება და შემზარავი სისასტიკე. იუდეველების მაგალითით უფალმა ცხადყო, რომ ზეციური გამოცხადების ბოძებაც ვერ გიშველის, თუ ღმერთის მიმართ გულს სისასტიკით აივსებ; რომ ჭეშმარიტების მადლმოსილი სხივები მხოლოდ იმ გულებში გაბრწყინდება, რომლებიც მას თავმდაბლად, მადლობითა და სიყვარულით შეიწყნარებენ. ზეციური ჭეშმარიტების მისაღებად საჭიროა კეთილი ნებაც.
შობა
ყველა წინასწარუწყება და წანასწარმეტყველება, რომელიც ძე ღვთისას განკაცებასთან იყო დაკავშირებული, აღსრულდა. პატრიარქმა იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ იუდას ტომი სკიპტრას დაკარგავდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა გვაუწყა, რომ ქრისტეს მეუფება დადგება მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება სამეფო მყარი, როგორც რკინა, რომელიც ყველაფერს დააქცევს და დაარღვევს და რომ ქვეყნიერების მხსნელი იერუსალიმის აღდგენის შესახებ ბრძანების გამოსვლიდან სამოცდაათი შვიდეულის შემდეგ მოევლინება.
და აი, ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც სკიპტრა წაერთვა იუდას შთამომავლობას და ჰეროდე იდუმიელის ხელში გადავიდა; გაჩნდა რომის რკინის სახელმწიფო - ყოვლის დამაქცეველი და დანიელის უწყებული თარიღიც მოვიდა. ქვეყნიერებაზე მშვიდობა დამკვიდრდა, რომელიც წინასწარმეტყველების მიხედვით წინ უნდა გაძღოლოდა ქრისტეს, როგორც ცისა და მიწის შემაერთებლის მოსვლას.
რომმა თავისი რკინის სკიპტრა იმ დროისათვის არსებულ თითქმის ყველა ქვეყანას გადააწვდინა და ერთ იმპერიად გააერთიანა; პალესტინა რომის პროვინცია გახდა. სარწმუნოების საკითხებს დიდი სინედრიონი განაგებდა, რომელშიც მღვდელმთავრები, ღვთისმსახურები და მოხუცებულები შედიოდნენ. ადამიანთა მოდგმის მოლოდინი მაშინ ახდა, როცა რომის იმპერიას ავგუსტუსი, ხოლო იუდეას ჰეროდე მართავდა.
ქრისტეს შობის შესახებ მოგვითხრობენ სახარება და წმინდა საეკლესიო გარდამოცემა
თოთხმეტი წლის ქალწულ მარიამს მღვდელმთავარმა მეურვედ დაუნიშნა ხურო იოსები, 80 წლის მოხუცებული. იუდეველთა ტრადიციისამებრ, იმისათვის, რომ ქალწულ მარიამს კანონიერი ადგილი დაეკავებინა მეურვის ოჯახში, ის ფორმალურად დაწინდეს იოსებზე. შერთვამდე ქალწული სასწაულებრივად მიუდგა სულიწმინდისგან. იოსები გაოცდა - ეგონა, მარიამმა ქალწულობის აღთქმა დაარღვია. ამის გამხელა არ უნდოდა და გადაწყვიტა, ფარულად გასცლოდა მას. ქალწულმა მარიამმა ხარების დღიდანვე იცოდა, მაცხოვრის მშობელი რომ უნდა გამხდარიყო, მაგრამ უდიდესი სიმდაბლის გამო ამის შესახებ იოსებისთვის არ უთქვამს.
ძილად მისულ ხუროს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყუანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელ-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს. შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი იესო, რამეთუ მან იხსნეს ერი თვისი ცოდვათა მათთაგან" (მთ. 1:20-21). ანგელოზის ბრძანებისამებრ, იოსებმა წაიყვანა მარიამი და "არა იცოდა იგი" (მთ. 1:25).
ამ დროისათვის გამოვიდა ავგუსტუს კეისრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მის მიწაზე და მათ შორის იუდეაშიც ხალხის აღწერა უნდა ჩატარებულიყო. ამ ბრძანების ძალით ყველა ისრაელიანი თავისი მშობლიური ქალაქისაკენ ისწრაფოდა, რათა სახელმწიფო აღწერაში მოხვედრილიყო. საოცარია ღვთაებრივი განგებულების საქმე! თავისი ამქვეყნიური დიდებით გაამაყებული კეისარი უფლის ნების ბრმა იარაღად გვევლინება, ღვთის განზრახვას ემსახურება. ქვეყნიური მეფის ნებამ მოუხმო იოსებსა და მარიამს ბეთლემისაკენ, რათა ზეციური მეუფის ნება აღსრულებულიყო. იოსები და მარიამი აუცილებლად უნდა წასულიყვნენ ბეთლემში - დავით მეფის სამშობლოში, სადაც სამეფო შტოს საგვარეული ნუსხები ინახებოდა და სახელი იესოსი, რომლის წინაშეც ყოველთა ზეციურ ძალთა მუხლი იდრიკება, წარმართი ხელისუფალის ქვეშევრდომთა შორის ჩაწერილიყო.
რაკი იოსები და ქალწული მარიამი წმინდა წინასწარმეტყველი მეფის დავითის შთამომავლები იყვნენ, დაბა ბეთლემში, დავითის სამშობლოში უნდა წასულიყვნენ. წლის მკაცრ სეზონზე და სრულიად უსახსროდ, არასასურველ ვითარებაში უნდა დასდგომოდნენ იოსები და მარიამი ძნელ გზას. ამ გზის გასავლელად საუკეთესო შემთხვევაში სამ დღე-ღამეზე მეტი იყო საჭირო. ბეთლემი, პატარა ქალაქი, რომელსაც ადრე ევფრათა ეწოდებოდა, იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარეობდა, ქებრონის გზაზე და ნაზარეთიდან სამი დღის სავალი აშორებდა. დავითი ბეთლემში დაიბადა და მისი მეფედ ცხებაც აქ აღსრულდა. ბეთლემში იყო დავითის მთელი მოდგმა და ამიტომ ის დავით მეფის საგვარეულო ქალაქად სამართლიანად იწოდებოდა.
ბოლოს მათ მიაღწიეს ბეთლემს, მაგრამ აქ მოსასვენებელი ვერსად იპოვეს. პატარა ქალაქი მომსვლელებით იყო სავსე. წმინდა მწირები ამაოდ ეძებდნენ თავშესაფარს. არავინ მიიღო ისინი, "რამეთუ არა იყო მათა ადგილი სავანესა". მთელ ქალაქში თავისუფალი კუთხეც კი არსად მოიძებნა. ისინი ადამიანთა საცხოვრებელს უდრტვინველად გაშორდნენ და სადგომს ქალაქის შემოგარენში, ჭიშკართან ახლოს ეძებდნენ. ბეთლემის ჩრდილოეთით, დავითის წყაროდან ორასიოდე ნაბიჯზე, კლდეებს შორის არის გამოქვაბული, რომელშიც ქარიშხლის და უამინდობის დროს მწყემსები პირუტყვთან ერთად თავს აფარებდნენ. გამოქვაბულის სიღრმეში ქვის კლდეში ამოკვეთილი ჩაღრმავება ცხოველებს ბაგის მაგივრობას უწევდა. ამ ღატაკურ გამოქვაბულში მოთავსდნენ წმინდა მგზავრები და სრულ სიწყნარესა და სიმშვიდეში იმყოფებოდნენ, ბრბოს მღელვარებას და ქაოსს მოშორებულნი - მარტონი, უხილავ შემოქმედთან ერთად. საიდუმლოების ფარდა ჩამოეფარა ძე ღვთისას აკვანს და ამგვარად აღესრულა ისაიას წინასწარმეტყველება: "აი, ვინ დაივანებს მაღალში, კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი".
ამ მყარ კლდეებში შუაღამისას ქალწულმა მარიამმა წინასაუკუნეთაგან მამისაგან შობილი უხრწნელი შვა და "მიაწვინა იგი ბაგასა". სასწაულებრივი, ადამიანური ბუნებისათვის მიუწვდომელი იყო მისი მუცლადღება, ასევე სასწაულებრივად, ასევე ზებუნებრივად მოხდა მისი მოვლინება ყმაწვილი დედის წინაშე. ასე სხივმფენი მნათობი გაარღვევს მეყდეყლად ღრუბელს, რათა თავისი სინათლითა და სითბოთი ქვეყნიერებას სიცოცხლე მოჰფინოს.
მხსნელის შობას ტკივილები არ სდევდა თან, ქალწულმა იმგვარად შვა, რომ მთელი თავისი მხიარულება და ძალა შეინარჩუნა. როდესაც ყოვლადწმინდამ ძე თვისი და ღმერთი ჩვენი შვა, დაუყოვნებლად მის სამსახურს შეუდგა. სხვათა დახმარება არ სჭირდებოდა, არც ტკივილსა და არც იმ უძლურებას არ გრძნობდა, რომელსაც ჩვეულებრივ განიცდიან ქალები. დედა ღვთისამ ყოვლადწმინდა ხელებით თვითონვე შეახვია იგი, ბაგაში მიაწვინა და პირველმა სცა თაყვანი. თრთოლვითა და მოკრძალებული მდუმარებით სცა თაყვანი იოსებმა ყოვლადწმინდა დედასა და მის ძეს - ჩვენს ღმერთს. განცვიფრების სიხარულით შეპყრობილმა ზებუნებრივი სასწაული განჭვრიტა და დაუყოვნებლივ შეიგრძნო, რომ მისი ძე ჭეშმარიტად სულიწმინდისაგან არის, მიხვდა, რომ იმ დრომდე, სანამ არ შვა ძე თვისი პირმშო, პირმშო ახალი ცხოვრებისა, პირმშო ახალი აღთქმისა, ღვთისმშობელს არ იცნობდა იოსები, არ იცოდა, ვინ იყო იგი და რისი ღირსი გახდა თვითონ, არ იცნობდა მას - დედას ღვთისას, იმიტომ, რომ იოსებისთვის დაფარული იყო, თუ რაგვარი ღვთაებრივი საიდუმლო იმალებოდა მასში. მხოლოდ აქ, ძის ბუნებითი შობის დროს მან მთლიანად გაიაზრა, რომ ამაზე იყო ნათქვამი: "ქალწულმან მუცლად იღოს".
მწყემსების გამოცხადება
შობის ღამეს მწყემსებს, რომლებიც ადერის კოშკში იყვნენ დაბანაკებულნი და თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ, ბრწყინვალე გაბრიელი გამოეცხადა. მთავარანგელოზმა მათ მაცხოვრის შობა ამცნო და მისცა ნიშანი - მას შეხვეულს და ბაგაში მწოლიარეს იპოვითო. იმავე წამს მწყემსებმა იხილეს ანგელოზთა სიმრავლე და ესმათ მათი საკვირველი გალობა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ. 2:14). მწყემსებმა სასწრაფოდ მიაშურეს ბეთლემის გამოქვაბულს და იხილეს უდიდებულესი დიდება, ყრმა მაცხოვარი ღმერთად ირწმუნეს და თაყვანი სცეს. ეკლესიის მოძღვრები განგვიმარტავენ, რომ მწყემსებად უნდა ვიგულისხმოთ უბრალო ადამიანები, რომლებიც წმინდა გულით ადიდებენ ღმერთს.
მოგვთა თაყვანისცემა
როგორც სახარება იუწყება, მწყემსების შემდეგ პირველები, რომლებმაც თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს, აღმოსავლელი მოგვები იყვნენ. მოგვებმა ზედმიწევნით კარგად იცოდნენ ასტრონომია. ქრისტეს შობა მათ ეუწყათ ახალი, უჩვეულოდ კაშკაშა ვარსკვლავის გამოცხადებით. ეს ვარსკვლავი უძღოდა მოგვებს მაცხოვრისკენ. მოგვთა რწმენა, ეს ბრძენთა და ფილოსოფოსთა რწმენა იყო, რომლებმაც ღმერთი ხილული სამყაროს და წმინდა წიგნების მეშვეობით შეიცვნეს, მოგვთა რწმენა ეს ღმერთისკენ მიმავალი ძნელი და გრძელი გზაა - ბაბილონიდან ბეთლემამდე. მოგვები ცრუ ღმერთების მსახურები იყვნენ, მაგრამ ჭეშმარიტმა სიბრძნემ ისინი ჭეშმარიტ ღმერთამდე მიიყვანა. როდესაც მოგვები შევიდნენ იერუსალიმში, იკითხეს სად დაიბადა თქვენი მაცხოვარი: "ვითარცა ესმა ესე ჰეროდე მეფეს, შეძრწუნდა და ყოველი იერუსალიმი მის თანა". რატომ შეძრწუნდა ჰეროდე მეფე? მან იგრძნო, რომ დაიბადა მისი მეტოქე მეფობისა. მისმა მწირმა გონებამ საღმრთო მოვლენა ვერ განჭვიტა ჰეროდემ შეიტყო მოგვების შესახებ. იუდეველი ისტორიკოსების მოწმობით. ჰეროდე ეჭვიანი ბუნებისა იყო. მან სასიკვდილოდ შვილებიც კი გაიმეტა. ამით ის იცავდა სამეფო საზღვრებს. ჰეროდეს სამეფო ტახტი მითვისებული ჰქონდა მას, არ ეკუთვნოდა მეფობა უბრალოდ რომაელი იმპერატორის მიერ იყო დასმული იუდეველთა მეფობის ტახტზე. მზაკვარია ჰეროდე, შეკრიბა ყოველი მღვდელთმოძღვარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სად დაიბადა ქრისტე. ჰეროდეს სურდა მოეკლა ყმა, ის ნებისმიერ ხერხს მიმართავდა, რომ აღესრულებინა კაენისეული სისაძაგლე. უპასუხეს ჰეროდეს ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრედ წერილ არს. ზაკვრობა კაცთა ზედმიწევნით კარგად იციან ძველი აღთქმის სწავლულებმა ქრისტეს შობის შესახებ და ყოველი ის წინასწარმეტყველება, რომელიც ქრისტეს შეეხება. ყრმას რომ იპოვით, მეც შემატყობინეთ მისი ადგილსამყოფელი, - სთხოვა ჰეროდემ მოგვებს, - რათა მეც ვეახლო და თაყვანი ვცეო.
მოგვები ეახლნენ ღვთაებრივ ყრმას, თაყვანი სცეს მას და მიართვეს ძღვენი: ოქრო, მური და გუნდრუკი. ოქრო - როგორც მეფეს; მური - როგორც ადამიანს (მიცვალებულებს მურით ასუნნელებდნენ); გუნდრუკი - როგორც ღმერთს.
გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელმა, ცოტახნით ადრე მის მიძინებამდე, მოგვების მიერ მაცხოვრის შობისას მირთმეული ძღვენი იერუსალიმის ეკლესიას გადასცა. სიწმინდეები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ბიზანტიაში არ აღმოჩნდა. 400 წელს, ბიზანტიის იმპერატორმა, არკადიმ, ისინი კონსტანტინეპოლში, ახალ დედაქალაქში გადაიტანა. კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე სიწმინდეები ბიზანტიის იმპერატორების პირად საგანძურში ინახებოდა.
1433 წელს, სერბეთის მთავარი, გიორგი ბრანკოვიჩი იძულებული გახდა თავისი მცირეწლოვანი ასული მარო (მარიამი) მურატ II-თვის, თურქეთის სულთანისთვის, მიეცა ცოლად. სწორედ ამ სულთანის ვაჟმა, მუჰამედ II-მ დაიპყრო კონსტანტინეპოლი. მარომ კი, რომელსაც უფლება ჰქონდა თავის ღმერთზე ელოცა, მრავალი სიწმინდე გადაარჩინა დაპრყობილ მართლმადიდებლურ ქალაქში.
კონსტანტინეპოლის დაცემიდან ოციოდე წლის შემდეგ მარო ათონის მთაზე გაემგზავრა, რათა მოგვთა ძღვენი წმინდა პავლეს ტაძრისთვის გადაეცა. ეს სიწმინდეები დღესაც ამ მონასტერში ინახება. ოქრომ ჩვენამდე 28 ცალი, 7ხ5 სანტიმეტრის ზომის, კვადრატული და სამკუთხედის ფორმის ფირფიტების სახით მოაღწია.
ეს ფირფიტები ერთამენთს წააგავს, მხოლოდ ორნამენტებით განსხვავდებიან. გუნდრუკი და მური კი ერთმანეთშია გადაზელილი და დაახლოებით 70 ცალი მუქი ფერის ბურთულების სახით არის შენახული. ოქროს წყლის კურთხევისთვის იყენებენ. ხანდახან, ძალიან იშვიათად, მოგვების ძღვენი ათონიდან გააქვთ, ამ სიწმინდეების საშუალებით ეშმაკეულებს დევნიან.
გადმოცემის თანახმად ერთი მოგვი სპარსი იყო, მეორე - არაბი, მესამე კი - ეთიოპელი. მათი სახელებია: გასპარი, მელქიოფი და ბალთაზარი. ახალშობილი მაცხოვრის თაყვანისცემიდან სამ ათწლეულზე ცოტა მეტი ხნის შემდგომ, მოგვები მოინათლნენ (მოციქულ თომასგან) და თავად გახდნენ ქრისტიანობის მქადაგებლები. მათი წმინდა ნაწილები III საუკუნესი აღმოაჩინეს და ამჟამად გერმანიაში, კიოლნის ტაძარში ინახება.
შობა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია. მას მეორე აღდგომასაც უწოდებენ. ეკლესიის მოძღვრები გვასწავლიან, რომ ქრისტიანული დღესასწაული ადამიანის სულის მომზადებაა ზეციური სასუფევლისთვის. შობა დიდებული, საყოველთაო დღესასწაულია და მას განსაკუთრებული სიხარული მოაქვს. მაგრამ ის არ ნიშნავს ზღვარდაუდებელ დროსტარებას ან ჭამა-სმას. შობის ამგვარად გატარება მისი რელიგიური მნიშვნელობის - ადამიანის სულიერი აღდგენისა და განახლების - უგულებელყოფაა და სულიერი სარგებლის ნაცვლად ყალბ ემოციებს სძენს ადამიანს. ესაა შობა ქრისტეს გარეშე, ხორციელი სიხარული სულიერის გარეშე.
ქრისტეშობის დღესასწაული მოციქულებმა დააწესეს, ხოლო IV საუკუნეში, როცა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა, - მსოფლიო ეკლესიამაც.
შობის მღვიმე
უმეტეს ჩვენგანს ქრისტეს შობის ადგილი წარმოდგენილი აქვს ჩვენებურ ხის ბაგიან ბოსლად. ეს არასწორი წარმოდგენა პალესტინის ბუნებრივი მდგომარეობის უცოდინარობის ბრალია. პალესტინაში პირუტყვის სადგომად მღვიმეები გამოიყენება. გამოქარული მღვიმე უამრავია იერუსალიმის სიახლოვეს და ბეთლემის გზაზე. ზოგჯერ ისინი ბედუინ-მეაქლემეებს აქვთ დაკავებული, უმეტესობა ცარიელია. ამგვარი იყო მღვიმე, რომელსაც თავი შეაფარა ბეთლემში აღწერაზე წასულმა წმინდა ოჯახმა. მაცხოვრის აღდგომისა და ამაღლების შემდეგ ის ქრისტიანთა სტუმრობის ადგილად იქცა.
იმპერატორ ადრიანეს სურდა, ქრისტიანთა ხსოვნიდან აღეხოცა იესო ქრისტეს სახელი და ბრძანა, მღვიმეზე ღმერთ ადონისის ტაძარი აეშენებინათ. მაგრამ ვერ გააქრო გარდამოცემა. ქრისტეშობის მღვიმეზე IV საუკუნეში ქრისტეშობის ტაძარი აშენდა. მღვიმეში შემორჩენილია ძველი ჭის ნაშთი, სადაც ბეთლემის ვარსკვლავი ჩავარდა. ამბობენ, თუ დიდხანს ჩააჩერდები ჭის ფსკერს, ბეთლემის ვარსკვლავის მკრთალ ნათელს დაინახავო.
მიწისქვეშა ტაძარი აქ წმინდა ელენეს დროიდანაა. ქრისტეს შობის ადგილი იატაკზე ვერცხლის ვარსკვლავით არის აღნიშნული. ვარსკვლავს 14 სხივი აქვს. ამ ვარსკვლავის ზემოთ ჰკიდია 16 ლამპარი, რომელთაგან 6-6 მართლმადიდებლებსა და სომხებს ეკუთვნით, 4 - კათოლიკეებს.
ქრისტეს ბაგა
მღვიმის სამხრეთ ნაწილში ბაგის ეკვდერია. მღვიმეში ეს ერთადერთი ადგილი ეკუთვნის კათოლიკეებს. ეკვდერში შესასვლელიდან მარჯვნივ იმ ბაგის ადგილია, სადაც შობის მერე ქრისტე დააწვინეს. ბაგის შიგნითა ნაწილი, როგორც დიდი სიწმინდე, VII საუკუნიდან რომში, სანტა მარია მაჯორეს ტაძარშია დასვენებული. რამდენიმე წლის მერე წმინდა მიწა მუსლიმანებმა დაიპყრეს. ბეთლემში დარჩენილ ბაგის ნაწილს მერე მარმარილო შემოაკრეს. ბაგის ზემოთ ხუთი გაუქრობელი ლამპარი კიდია. მის იქით, კედლისკენ არის პატარა ხატი - ბეთლემელ მწყემსთა თაყვანისცემა ყრმა იესოსადმი.
ქრისტეს შობის ტაძარი
ადრე ქრისტეს შობის ტაძარს სამი კარი ჰქონდა. ორი ამოქოლეს. ერთი კი ზემოდან ისე გადაღობეს, თავდაუხრელად შიგ ვერ შეხვალ. ამ კარს "სიმდაბლის კარი" ჰქვია. დაიმდაბლებ თავს და შეხვალ პალესტინის ერთ-ერთ უძველეს ტაძარში, რომელიც არსებობის 16 საუკუნის მანძილზე არასოდეს შეუმუსრავთ. ტაძრის თაღები ეყრდნობა 44 მარმარილოს სვეტს, რომელზეც ზეთის საღებავებით წმინდანების და წინასწარმეტყველთა ფრესკებია გამოსახული. მხატვრობის ამგვარი ტექნიკა წმინდა მიწაზე სხვაგან არსად გვხვდება. იატაკზე ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდის (IV ს.) დროინდელი მოზაიკაა შემორჩენილი. ტაძრის შესასვლელიდან მარჯვნივ რვაწახნაგიანი ბაპტისტერიუმია. ტაძრის მთავარ ნაწილში, კათოლიკონში, არის კანკელი, სომხური საკურთხეველი და მოგვთა საკურთხეველი, ანუ ის ადგილი, სადაც, გარდამოცემით, მოგვებმა, ვიდრე მღვიმეში შევიდოდნენ თაყვანსაცემად, თავიანთი ცხენები მიაბეს.
ტაძარში, მაცხოვრის შობის მღვიმის შესასვლელთან, არის მაცხოვრის წინადაცვეთის ბერძნული საკურთხეველი, სადაც, გარდამოცემით, მერვე დღეს წინადაცვითეს ქრისტე მაცხოვარი. მაცხოვრის შობის ტაძარი ბეთლემში, 339 წლის 31 მაისს აკურთხეს და მას მერე იქ წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა.
...........................
ტროპარი: შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.
კონდაკი: ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი