ღირსი და ღმერთშემოსილი მამა საბა განწმენდილი (+532) - 05 (18) დეკემბერი
ღირსი და ღმერთშემოსილი მამა საბა განწმენდილი (+532) - 05 (18) დეკემბერი
აღაპყრო "ცოდვილი" ხელნი ზეცად და ღმერთმა კოკისპირული წვიმა მოუვლინა პალესტინას
წმინდა ყრმა
ღირსი მამა საბა განწმენდილი დაიბადა 439 წელს, კაპადოკიის სოფელ მუტალასკში. მისი მშობლები - იოანე და სოფიო კეთილშობილი წარმოშობის, ღვთისმოშიში ქრისტიანები იყვნენ. როცა ყრმას 5 წელი შეუსრულდა, ისინი ალექსანდრიაში გაემზგავრნენ. იოანეს მაღალი სამხედრო ჩინი ჰქონდა და ეს გამგზავრება მისი სამსახურით იყო გამოწვეული. საღმრთო განგებულებით, პატარა საბა მამისეულ სახლში დარჩა და მასზე ზრუნვა დედის ძმამ, ერმიმ იკისრა. მას ძალზე ბოროტი ცოლი ჰყავდა, რომელმაც აიძულა საბა, მამის ძმასთან გადასულიყო საცხოვრებლად.

მშობლებს დიდი ხნით მოუწიათ ალექსანდრიაში დარჩენა. მისი ბიძები იოანეს ქონებაზე ეცილებოდნენ ერთმანეთს. საბა გონიერი ბავშვი იყო, უარი თქვა თავის ქონებაზე და ფლავიანელთა მონასტერში დასახლდა. 8 წლის გახლდათ, როცა ანგელოზებრივი სქემა შეიმოსა. მალევე დაისწავლა დავითნი და საღმრთო წერილის სხვა წიგნები, წარემატა სათნოებებში და სამონაზვნო ტიპიკონს ზედმიწევნით ასრულებდა. ცოტა ხნის შემდეგ ბიძები შერიგდნენ და საბას შინ დაბრუნება სთხოვეს, მაგრამ ყრმა ვერაფრით დაითანხმეს.

მეორედ ეშმაკმა პატარა საბას ცთუნება მაშინ მოინდომა, როცა ის მონასტრის ბაღში მუშაობდა. ხეზე ლამაზი ვაშლი შენიშნა, მოწყვიტა და ჩაკბეჩა დაუპირა, მაგრამ უცებ გაახსენდა, რომ ტრაპეზის დრო არ იყო. ვაშლი მიწაზე დააგდო და გათელა, მასთან ერთად გემოთმოყვარეობის ეშმაკსაც გაუჭეჭყა თავი. ამის გარდა აღთქმაც დადო, ვაშლი არასოდეს ეჭამა. მას შემდეგ ყოველივე ხორციელ სურვილს იგი დათრგუნავდა, ცოტას ჭამდა, ცოტა ეძინა, ლოცვასა და შრომაში განლევდა დღეებს.

იმ პერიოდში მონასტრის ერთ-ერთი ბერი - ხაბაზი, რომელიც ღუმელს მეთვალყურეობდა, წვიმაში მოჰყვა. სველი სამოსი ღუმელში შედო გასაშრობად. ცოტა ხნის შემდეგ სხვა მამამ, რომელმაც ეს ამბავი არ იცოდა, ღუმელში შეშა შეაწყო და ცეცხლი შეუნთო. მალევე გაღვივდა. ხაბაზს გაახსენდა თავისი ტანსაცმელი და დიდად შეწუხდა. იქვე იყო ნეტარი საბაც, მაშინვე გამოისახა ჯვარი და აგუზგუზებულ ღუმელში შევიდა. ძმათა სიყვარულის გამო საბა ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა და თან ხაბაზის ტანსაცმელი გამოიტანა. ამის მხილველი ძმები შეძრწუნდნენ: - ვინ იქნება ეს ყრმა მომავალში, თუ სიყრმიდანვე ღვთისგან ასეთი მადლი მიეცაო.

მონასტერში
ამ მონასტერში წმინდა საბამ ათი წელი დაჰყო, და ძალიან წარემატებოდა. მერე კი იერუსალიმში წასვლა და იქ დარჩენა მოინდომა. არქიმანდრიტმა უარი უთხრა, მაგრამ ღვთის ხმა მოესმა: - გაუშვი საბა, რომ მე მემსახუროს უდაბნოშიო. ის ზამთარი იერუსალიმში, პასარიონის მონასტერში გაატარა. აქ შეიტყო წმინდა ექვთიმე დიდის შესახებ (ხსენება 20 იანვარს) და მისი ნახვა მოისურვა. საბა დაემხო ექვთიმეს წინ და ძმობაში მიღება სთხოვა. წმინდა ექვთიმემ იგი ღირს თეოკრატეს (ხსენება 3 სექტემბერს) გაუგზავნა და მასზე ზრუნვა დააკისრა. საბა ბრგე, ღონიერი ვაჟკაცი იყო. ბევრს შრომობდა და დიდ გულმოდგინებას აჩვენებდა.

ერთ, წარმოშობით ალექსანდრიელ ბერს მშობლები დაეხოცა და გადაწყვიტა, მათი ქონებისთვის პატრონი გაეჩინა. თხოვნით შეაწუხა წინამძღვარი: გამიშვი მცირე ხნით ალექსანდრიაში, თან საბაც გამაყოლეო. მოძღვარი დაითანხმა და საბასთან ერთად ალექსანდრიაში ჩავიდა. აქ საბა შემთხვევით თავის მშობლებს შეხვდა. ახლა უფრო დიდი ბრძოლა აუტეხა ეშმაკმა, სცადა ჭაბუკი მშობლების ალერსით ეცდუნებინა. "გაიხადე შავი სამოსი, ჩვენნაირად იცხოვრე, სამხედრო სამსახურში შედიო", - ეუბნებოდნენ ისინი. "თუ თქვენ განაგრძობთ ჩემს დარწმუნებას, რომ ქრისტეს მშვენიერი მხედრობა მივატოვო, მაშინ ჩემს მშობლებად აღარ მოგიხსენიებთო", - უთხრა მათ საბამ. განშორებისას მშობლებმა ორმოცი ოქროს მონეტა მისცეს შვილს, მაგრამ საბამ მხოლოდ სამი ცალი აიღო და ისიც იღუმენ თეოქტისტეს გადასცა.

ათი წლის შემდეგ თეოქტისტე გარდაიცვალა და მონასტრის წინამძღვრად ორი წელი მარინი იყო, მერე კი ღირსი ნიკოლოზი. საბა ამ დროს უკვე 30 წლისა გახლდათ. მან უდაბნოში განმარტოება მოინდომა, მამებმა გასვლის უფლება მისცეს, ოღონდ თანდათანობით უნდა მისჩვეოდა მეუდაბნოე ცხოვრებას. მღვიმეში ხუთწლიანი განმარტოების შემდეგ ექვთიმე დიდმა საბა თავისთან წაიყვანა. წმინდა ექვთიმე დიდმარხვას თავისი ლავრიდან განცალკევებით, უდაბნოში ატარებდა ხოლმე. ერთხელ თან საბა და დომენტიანე (ხსენება ყველიერის შაბათს) წაიყვანა. მან მოისურვა, მკვდარი ზღვის ზემოთ მდებარე უდაბნო გადაევლო. გზაში წყალი გამოელიათ და როცა მწყურვალი და ღონემიხდილი საბა მიწაზე დაეცა, წმინდა ექვთიმეს შეეწყალა იგი, განზე გავიდა და ილოცა: - ღმერთო, მოგვეცი წყალი ამ ურწყულ ადგილას, რათა ღონემიხდილმა ძმამ წყურვილი დათრგუნოსო. ლოცვის დასრულებისთანავე იქვე სამჯერ დაჰკრა ჯოხი მიწას და წყარომ ამოხეთქა. საბამ წყალი დალია და ღმერთმა ისეთი მადლი მისცა, რომ წყურვილის დათმენა შეეძლო.

ექვთიმე დიდის გარდაცვალების მერე მისი მონასტრის ტიპიკონი იცვლებოდა ზოგიერთ ძმათა მიერ. ეს რომ საბამ დაინახა, იქაურობას გაერიდა და იორდანიის უდაბნოში განმარტოვდა, სადაც იმ დროს, ვითარცა ვარსკვლავი, სათნოებებით ბრწყინავდა ღირსი გერასიმე. ეშმაკმა ბევრჯერ სცადა მისი მხნეობის შერყევა, ერთხელ მძვინვარე ლომის სახითაც კი გამოეცხადა, რომელიც მისკენ იწევდა შესაჭმელად, მაგრამ უკან იხევდა. "თუ შენ ღვთისგან ჩემი შეჭმის ნებართვა გაქვს, უკან რად იხევ? თუ არადა, ტყუილად ირჯები, რამეთუ ქრისტეს ჯვრით ვარ შემოზღუდული", - მიმართა ლომს. მხეცისსახე ეშმაკი გაქრა. ამის მერე წმინდა საბამ მხეცებზე ხელმწიფება მიიღო და მათ შორის უშიშრადაც დადიოდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა საბა განწმენდილთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


გამოცხადება უდაბნოში
ერთხელ უდაბნოში ოთხ მშიერ, დაქანცულ სარკინოზს გადაეყარა. წმინდა მამა გაუმასპინძლდა თავისი მწირი ტრაპეზით. არაბებმა მისი ადგილსამყოფელი დაიმახსოვრეს და რამდენიმე დღის შემდეგ სამადლობლად ნობათი მოუტანეს. "ჰოი, სულო ჩემო, - თქვა ღირსმა საბამ, - ამ ხალხმა მცირეოდენი სიკეთისთვის ამგვარი ქველმოქმედება გასწია! ჩვენ კი ვიღებთ ღვთის გამოუთქმელ ნიჭებს და უმადურნი ვრჩებით, ვცხოვრობთ სიზარმაცესა და უდარდელობაში, არ ვასრულებთ მის წმინდა ბრძანებებსო". ამ დროიდან დაიწყეს მასთან ცხოვრება ძმებმა. მათ შორის იყო ნეტარი ანთიმოზი, რომელიც ადრე ღირს თეოდოსისთან ცხოვრობდა. მისი საშუალებით ღირსი საბა წმინდა თეოდოსი დიდს დაუახლოვდა.

უდაბნოში ყოფნის მეოთხე წელს ღირსი საბა ერთ ბორცვზე ავიდა, სადაც უფლის ანგელოზი გამოეცხადა. მან ერთი ველი დაანახა და უთხრა: - თუ გინდა ეს უდაბნო ქალაქად იქცეს, ჩადი ამ ველზე და მის აღმოსავლეთ მხარეს მღვიმეს იპოვიო. გათენებისთანავე წმინდა საბამ მოძებნა მღვიმე და იქ დასახლდა. მაშინ 40 წლისა იყო.

განმარტოება მღვიმეში
მღვიმეს, სადაც წმინდა საბა დასახლდა, მოუხერხებელი შესასვლელი ჰქონდა, ამიტომაც თოკი ჩამოუშვა, რომლითაც წყლისთვის ჩამოდიოდა. თავიდან წმინდანი ბალახებით იკვებებოდა, მერე კი ღმერთმა მას დამხმარედ წარმართები, სარკინოზები გამოუგზავნა. მის მღვიმესთან ერთხელ ოთხმა სარკინოზმა ჩაიარა და შიგ შესვლა მოისურვა, მაგრამ ვერ შეძლო. წმინდა საბამ თოკი ჩაუშვა, სარკინოზები მას ზევით ამოჰყვნენ. მღვიმეში შესულებმა ვერაფერი ნახეს ღირებული. გაოცდნენ წმინდა საბას ღვთისმოშიშებით. ამის მერე ისინი ხშირად მოდიოდნენ და წმინდა საბასთვის პური, ყველი და ფინიკი მოჰქონდათ. წმინდა საბამ ამ მღვიმეში მარტოდმარტომ ხუთი წელი დაჰყო. მერე კი ნელ-ნელა სულიერი შვილები გაუმრავლდა. წმინდა საბა ყველას გულთბილად იღებდა და საცხოვრებლად მოსახერხებელ ადგილას უშვებდა. მცირე ხანში სამოცდაათი ძმა შეიკრიბა. როცა ძმები საკმაოდ გამრავლდნენ, ლავრის მშენებლობა დაიწყეს. ჩრდილო ბორცვზე ეკლესიაც ააშენეს და თუ მასთან ვინმე ღვთისმსახური მოვიდოდა, მას სთხოვდა ხოლმე წირვის აღვლენას.

წყალი ძალზე შორიდან მოჰქონდათ და ისიც აღარ ყოფნიდა გამრავლებულ ძმობას. მაშინ წმინდა საბა ბორცვზე ავიდა, ხელნი აღაპყრო ზეცისკენ და ღმერთს მოხედვა შესთხოვა. ლოცვისას წმინდა საბას ხმა მოესმა. მოიხედა და რას ხედავს - ქვემოთ, სავსე მთავრის შუქზე გარეული ვირი ერთ ადგილას მიწასა ჩიჩქნის. წმინდა საბა მაშინვე ქვემოთ ჩამოვიდა, ვირის ნაჩიჩქნზე მიწა ამოთხარა და მაშინვე წყალუხვი წყარო წამოდინდა. ის დღესაც მოედინება და, რა თქმა უნდა, სასწაულმოქმედიცაა.

მეორე ღამეს, ლოცვისას წმინდა საბამ ერთ ადგილას ზეციდან დაშვებული ცეცხლის სვეტი დაინახა. მეორე დღეს მივიდა იმ ადგილას და საკვირველი ხელთუქმნელი მღვიმე იხილა, რომელიც ეკლესიას წააგავდა. მას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა, შიგნით მზის სხივები სწვდებოდა. ღირსმა მამამ განამშვენა ეს მღვიმე, მოაწყო შიგნით ეკლესია, სადაც ძმობას შაბათ-კვირაობით ღვთისმსახურება უბრძანა, თვითონ იქვე მოაწყო კელია, საიდანაც ეკლესიაში საიდუმლო კარით შედიოდა. ძმობა კი გამრავლდა, მაგრამ აღსარება-ზიარებისთვის სავანის დატოვება უხდებოდათ, წმინდა საბა კი უარს ამბობდა მღვდლად კურთხევაზე. მორჩილ შვილებთან ერთად ისეთი ბერებიც აღმოჩნდნენ მის საძმოში, რომლებიც უკვე დიდი ხანი ათასნაირ ცილს სწამებდნენ ღირს მამას. ბოლოს, ისე გათავხედდნენ, რომ იერუსალიმის პატრიარქს ახალი იღუმენი სთხოვეს. პატრიარქმა გამოარკვია, რომ ისინი წმინდა საბას უჩიოდნენ. დაიბარა ღირსი მამა, ხუცესად აკურთხა და თავის ლავრაში გამოაგზავნა.

წმინდა საბაც, ექვთიმე დიდის მიბაძვით, იანვრის 14-დან განმარტოვდებოდა უდაბნოში მთელ დიდ მარხვას და მონასტერში ბზობის შაბათს ბრუნდებოდა. ერთ-ერთი ასეთი გასვლისას იორდანის ჩრდილოეთით მღვიმე ნახა, სადაც ვინმე დაფარულთმცოდნელი მამა ცხოვრობდა, რომელიც ოცდათვრამეტი წელია, უდაბნოში იყო და ძე კაცისა არ ენახა. ამ წმინდა მამას დაუხუჭეს თვალნი და ქრისტიანული წესითვე დაკრძალეს მღვიმეში.

იმავე წელს ალექსანდრიაში გარდაიცვალა წმინდა საბას ხორციელი მამა. დედამისმა, უკვე საკმაოდ მოხუცებულმა, გაყიდა ყველაფერი და შვილთან ჩამოვიდა. წმინდა საბამ დედა დაარწმუნა, მონაზვნად აღკვეცილიყო. მისი ჩამოტანილი ფულით კი სასტუმრო სახლები ააგო: ერთი იერიქონში, ორი კი ლავრაში - ბერებისა და ერისკაცებისთვის ცალ-ცალკე.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

კასტელის მთაზე
ერთხელ, მარხვისას, ღირსმა მამამ კასტელის მთაზე მოისურვა ასვლა. ეს მთა ლავრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და მაშინ კაცთათვის შეუვალი იყო, რადგან აქ ეშმაკები ბინადრობდნენ. წმინდა საბა ავიდა ამ მთაზე, პატიოსან ჯვართან დანთებული კანდელის ზეთიდან ჯვარი გამოისახა შუბლზე, ზეთივე ასხურა იქაურობას და დიდმარხვა იქ გაატარა. წმინდა საბასაც, ანტონი დიდის მსგავსად, გამოეცხადა უფალი და გააძლიერა. ვეღარ გაუძლეს ეშმაკებმა მის სიწმინდეს და იქაურობა დატოვეს. ღირსი მამა კი აღდგომის მერე დაბრუნდა კასტელის მთაზე, სულიერ შვილებთან ერთად, და კელიები ააშენა. აქვე ნახა მიტოვებული სახლი, რომელიც ეკლესიად აქცია. ასე ააშენა აქ ღირსმა მამამ კინოვია. ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა კინოვიასთან ახლოს მდებარე მონასტრის წინამძღვარს და უთხრა: "მარკიანე, ზიხარ აქ მშვიდად, არაფერი გაწუხებს. ღვთის მონა საბა კასტელის მთაზე ძმებთან ერთად მშიერ-მწყურვალი შრომობს და არავინ არის, ვინც საჭმელს მიუტანს. დაუყოვნებლივ ვინმე გაგზავნე და საჭმელი გაატანეო". მარკიანემ ჯორები დატვირთა და კასტელის მთაზე გაგზავნა.

აშენდა კინოვია. საგულისხმოა ერთი ამბავიც: ენერგიულ ჭაბუკებს და ერისკაცებს ღირსი მამა არც ლავრაში აჩერებდა და არც კასტელის მონასტერში. მათთვის ცალკე მცირე კინოვია ააშენა, სადაც გამოცდილი მოძღვრები მონასტრულ ცხოვრებას ასწავლიდნენ დამწყებებს, რომელთაგან წარმატებულს აძლევდა ნებას, ლავრაში ან დიდ კინოვიაში გადასულიყო. ზოგიერთ ახალგაზრდას კი თეოდოსი დიდს უგზავნიდა, რომელსაც ლავრის დასავლეთით მონასტერი აუგო. ორივე, საბაც და თეოდოსიც, ერთსულოვანნი იყვნენ საქმეში, ამიტომაც მათ იერუსალიმელები ახალ მოციქულებს (ორეულს) უწოდებდნენ, მსგავსად წმინდა პეტრესი და პავლესი. მათვე ჩაბარდა იერუსალიმის მონაზვნებზე ზრუნვა. ღირსი მამის, არქიმანდრიტ მარკიანეს გარდაცვალების შემდეგ შეიკრიბნენ ირუსალიმელი მამები, იმსჯელეს და როგორც დიდ სულიერ მოძღვრებს, წმინდა საბას განდეგილი ბერების წინამძღვრობა დაავალეს, ღირს თეოდოსის კი ერთად მცხოვრებ ბერთა მონასტრები.

განსაცდელები
მიუხედავად იმისა, რომ წმინდა საბა გონივრულად უძღვებოდა მონაზვნებს, ზოგიერთმა, ეშმაკის შთაგონებით, ათასნაირი ცილი დასწამა წმინდა მამას. მათ ორმოცამდე ბერი მიიმხრეს. წმინდა საბამ დაუთმო უსამართლო რისხვას, დატოვა ლავრა, სკვითეპოლის ქვეყანაში გაემგზავრა და მდინარე ღადარინთან მდებარე უდაბნოში გაჩერდა. აქ ლომის ბუნაგში მოისვენა. შუაღამისას მოვიდა ლომი, ტანსაცმელზე კბილები ჩასჭიდა და მღვიმიდან გათრევა მოუნდომა. წმინდა საბას გაეღვიძა, ცოტათი შეშინდა, მაგრამ წამოდგა და ლოცვა დაიწყო. ლომი გარეთ გამოვიდა და უცდიდა, სანამ წმინდა საბა ლოცვას დაასრულებდა. მერე კი კვლავ კბილები ჩასჭიდა სამოსზე მღვიმიდან გასაყვანად. წმინდა საბამ უთხრა მას: "მხეცო, მღვიმე ფართოა და ორივეს გვეყოფა საცხოვრებლად, რამეთუ ერთი შემოქმედის შექმნილნი ვართ. თუ ჩემთან ყოფნა არ გსურს, მაშინ წადი, რამეთუ ღვთის ხელით მის ხატადვე ვარ შექმნილი და ამით გახლავარ შენზე აღმატებულიო". ლომმა შერცხვენილმა დატოვა იქაურობა.

ხმა გავარდა, ლომის ბუნაგში ბერი ცხოვრობსო და უამრავმა ერისკაცმა იწყო მასთან მისვლა. მცირე მონასტერიც შეიქმნა. ამსოფლიური შფოთისგან შეწუხებულმა წმინდა საბამ ამ მონასტერსაც დაუდგინა წინამძღვარი და თვითონ თავის ლავრაში დაბრუნდა. იქ მდგომარეობა უფრო გამწვავებულიყო. ახლა უკვე სამოცამდე ბერი აღუდგა. ღირსი მამა ნიკოპოლის მხარეში გაერიდა მათ. იქაც, ღვთის მადლით, მალევე მონასტერი დაარსდა. ამასობაში, მოძულე ძმებმა ჭორი გაავრცელეს, ჩვენი მამა ლომებმა შეჭამესო. მივიდნენ პატრიარქ ილიასთან და "ლომებისგან დაგლეჯილი" წინამძღვრის ნაცვლად სხვისი გამოგზავნა სთხოვეს. "ღმერთი მართლმსაჯულია და არ დაუშვებდა, ასეთი მოღვაწე ბერი ლომებს შეეჭამათ. ან მოძებნეთ თქვენი მამა, ანდა წყნარად ისხედით კელიებში, ვიდრე ღმერთი არ გამოაჩენსო", - უთხრა მათ პატრიარქმა. მართლაც, 13 სექტემბერს, აღდგომის ტაძრის სატფურების დღესასწაულზე წმინდა საბა იერუსალიმში ჩავიდა. გახარებულმა პატრიარქმა გაუჩინარების მიზეზი გამოჰკითხა, მერე კი ისევ თავის აშენებულ ლავრაში დააბრუნა. ეს რომ ლავრელმა ურჩმა ბერებმა შეიტყვეს, მათ მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა. ეცნენ წმინდა საბას კელიას და დაანგრიეს, წავიდნენ და თეკუას წყაროსთან ლავრა ააშენეს, რომელსაც ნეალავრა ეწოდა. როცა მათი ადგილსამყოფელი შეიტყო, წმინდა საბას შეეწყალა უმოძღვროდ და უმღვდლოდ დარჩენილები, კასტელისა და ლავრის ჯორებს საჭმელი აჰკიდა და მათთან წავიდა. "აქაც კი მოვიდა ეს ფარისეველიო", - გააგონეს კიდეც. მაგრამ უბოროტო მამამ, მათი გაჭირვების შემხედვარემ, დახმარება პატრიარქს სთხოვა. ხუთი თვე დარჩა ნეალავრაში, პატრიარქის გამოგზავნილი ფულით აუშენა ეკლესია, ფურნე, კელიები, დაუდგინა ლავრელი ბერი, წინასწარმეტყველების მადლით ცნობილი იოანე, და უკან დაბრუნდა.

ლავრაში ერთი ბერი ჰყავდათ, იაკობი, რომელმაც მოინდომა, წინამძღვრის გამოჯავრებით, ცალკე აეშენებინა მონასტერი. დრო იხელთა და როცა წმინდა საბა დიდმარხვისას უდაბნოში იყო გასული, მონასტრის შენება დაიწყო. ეს რომ წმინდა საბამ შეიტყო, მივიდა და იაკობს უკან დაბრუნება მოსთხოვა. "თუ არ დამიჯერებ, დაისჯებიო", - უთხრა. იაკობს ისე შეეშინდა, რომ ავად გახდა და სიტყვის წარმოთქმაც ვეღარ შეძლო. მხოლოდ მას შემდეგ გამოჯანმრთელდა, ღირსი მამისგან შენდობა რომ აიღო და ეზიარა. გარკვეული ხნის შემდეგ იაკობი მზარეულად დაადგინეს. ერთხელ იაკობმა ბევრი ცერცვი მოხარშა და ტრაპეზიდან მონარჩენი უფსკრულში გადაყარა. ეს დაინახა წმინდა საბამ, ჩავიდა, აკრიფა ცერცვი, გარეცხა და შეანელა. "დიდი ხანია, ასეთი შენელებული არ მიჭამიაო", - უთხრა აღფრთოვანებულმა იაკობმა. "ეს ის ცერცვია, ძმაო, შენ რომ ხრამში გადაყარე. დამერწმუნე, იმას, ვისაც ზომიერად არ შეუძლია ცერცვის მოხარშვა, ვერც მონასტერს მართავსო", - უთხრა ღირსმა საბამ. შერცხვა იაკობს და შენდობა ითხოვა.

იაკობს ხორციელი ვნებები ტანჯავდა და ამიტომ თავი დაისაჭურისა. ეს რომ მამა საბამ შეიტყო, ლავრიდან გამოაგდო. მხოლოდ თეოდოსი დიდის თხოვნით დააბრუნა, ისიც იმ პირობით, რომ იაკობი არავის დალაპარაკებოდა, მსახურების გარდა, კელიიდან არ გამოსულიყო და ზიარების უფლებაც აჰყარა. გამოხდა ხანი, ღმერთმა შეიწირა იაკობის სინანული და ეს ხილვით აუწყა წმინდა საბას: ახილვა, ვითომდა გარდაცვლილი ყრმა აღადგინა ლოცვით იაკობმა. მაშინღა აზიარა უფლის სისხლსა და ხორცს. კვირის თავზე მიიცვალა იაკობი და ღირსი მამის მიერ სულიერად აღშენებული წარდგა ღვთის წინაშე.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

მოძღვარი
ერთხელ წმინდა საბასთან თეოდოსის მიერ გამოგდებული ბერი მივიდა, აფროდისე. საქმეზე გაეგზავნათ. გზაში ჯორი გაურჩებია, ისეთი შემოუკრავს მისთვის, რომ ჯორი უსულოდ დაცემულა. ეს იყო მიზეზი მისი მონასტრიდან გამოგდებისა. წმინდა საბამ მიიღო და უთხრა: "იჯექი კელიაში, ლავრას ნუ განეშორები, მოთოკე ენა, მუცელი და ცხონდებიო". ზედმიწევნით აასრულა ეს დარიგება აფროდისემ. ოცდაათი წელი ლავრას არ გაშორებია, არც კელიაში ჰქონდა რაიმე ნივთი. ხის ტოტებზე გადაფარებულ ცხვრის ტყავზე იძინებდა. მთელი ღამე ისეთ ტირილსა და გლოვაში ატარებდა, რომ მეზობლად მცხოვრებთ აწუხებდა. საბოლოოდ, წინასწარცნობის მადლიც კი მიიღო. თავისი გარდაცვალების ჟამი შეიტყო და ოცდაათი წლის გლოვის მერე ღირს თეოდოსისთან გამოსამშვიდობებლად ითხოვა წასვლა. წმინდა საბამ წერილი მისწერა თეოდოსის: - შენგან კაცი მოვიდა ჩემთან, მე კი მას ქრისტეს მადლით ანგელოზს გიგზავნიო.

ერთხელ საბა, მოწაფესთან ერთად, იერიქონიდან იორდანისკენ მიდიოდა. მისი გამოცდა მოისურვა და ჰკითხა: - ცალთვალა ქალი თუ დაინახეო. მოწაფე უმტკიცებდა: - გინდა თუ არა, ორივე თვალი ჰქონდაო. საიდან შეიტყვეო, - ჰკითხა საბამ. ყურადღებით დავაკვირდი სახეზე და ორი თვალი ჰქონდაო. ამიერიდან ჩემთან აღარ იქნები, რადგან თვალების დაჭერა არ შეგძლებიაო, - უთხრა საბამ.

ერთხელ ღირს საბას უდაბნოში ლომი შემოეყარა, რომელსაც ეკალი შესობოდა და წმინდა საბას აჩვენა თათი. მან ეკალი გამოუღო. ამის მერე ლომი ღირს მამას აღარ მოსცილებია, ემსახურებოდა - მხეცი, ღირსი მამის კურთხევით, ვირს მწყემსავდა. რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა საბას მორჩილი ფლაისი სიძვით დაეცა სოფელში. იმავე დღეს ლომმა ვირი შეჭამა და გადაიკარგა. მიხვდა ფლაისი, რომ მხეცმა ეს მის სამხილებლად ჩაიდინა და შერცხვენილი თვითონაც გადაიკარგა. წმინდა საბამ მოძებნა იგი, ჩაკეტა კელიაში, სინანულის კანონი დაადო და აცხოვნა შეცოდებული ძმა.

აქვე გვინდა გავიხსენოთ წმინდა საბას ღვაწლი ეკლესიის სიწმინდისათვის ბრძოლაში. ბიზანტიის სამეფო ტახტზე მონოფიზიტი ანასტასი ავიდა, რომელმაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი გადააყენა და იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქებსაც ემუქრებოდა, - თქვენც ეს დღე გელით, თუ მონოფიზიტობას არ აღიარებთო. მაშინ ილია პატრიარქმა პალესტინელი ბერების დელეგაცია გაგზავნა იმპერატორთან მშვიდობის ჩამოსაგდებად. მათ შირის იყო წმინდა საბაც. როცა დელეგაცია იმპერატორის სასახლეში შევიდა, ანასტასიმ იხილა, თუ როგორ მოსდევდა უფლის ანგელოზი წმინდა საბას. ამ ხილვამ და მამების საუბრებმა შეურბილა გაქვავებული გული იმპერატორს. წმინდა საბა მთელი ზამთარი ბიზანტიაში დარჩა და მეფეს ხშირად შეაგონებდა. მაგრამ მისი პალესტინაში დაბრუნებისთანავე ანასტასიმ ჯარი გაგზავნა იერუსალიმში და პატრიარქი ილია გადააყენა, მის მაგიერად კი იოანე აიყვანა, რომელმაც, წმინდა საბას შეგონებით, შეაჩვენა მონოფიზიტობა. გადაირია ანასტასი, მოოხრება მოისურვა იერუსალიმისა და იქაურ ბერებს მოწყვეტას უქადდა, მაგრამ ამ დროს ბარბაროსებთან ომი დაიწყო და მართლმადიდებელთა დასჯა სხვა დროისთვის გადადო. პატრიარქ ილიას გაგდების შემდეგ მთელ პალესტინაში გვალვა ჩამოვარდა. რამდენიმე წელი წვიმა არ მოსულა, ამოშრა ჭები, კალიამ შეჭამა მოსავალი. ხალხი ამაში ღვთის სასჯელს ხედავდა. საშინელი იყო ანასტასი მეფის სიკვდილი. მეხი დაეცა მის სამეფო პალატს. მეხი დასდევდა მეფეს, რომელიც ხან ერთ კუთხეში ემალებოდა ღვთის რისხვას და ხან მეორეში. ბოლოს, მიეწია და მოკლა. ასეთი საშინელი იყო მისი სიკვდილი. დიდად იგლოვა პატრიარქმა და თვითონაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ანასტასის შვილები არ ჰყავდა, ისე გარდაიცვალა, რომ არც მემკვიდრე დაუსახელებია. ახალი იმპერატორის არჩევას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და სრულიად მოულოდ¬ნელად ბიზანტიის იმპერიის ტახტზე ავიდა იმპერატორის სასახლის დაცვის უფროსი იუსტინე.

იგი წარმოშობით ილირიელი გლეხი იყო და კოლტს მწყემსავდა. შემდეგ თავის ძმებთან ერთად კონსტანტინოპოლში ჩავიდა. გამორჩეული იყო ათლეტური აღნაგობით, რის გამოც ადვილად ჩაეწერა იმპერატორის სასახლის დაცვაში. შემდეგ თანდათანობით გაერკვა ჯარისა და სასახლის ინტრიგებში და მოახერხა საიმპერატორო ტახტის დაპატრონება.

იუსტინე მკაცრად იცავდა მართლმადიდებლობას, დევნიდა ერეტიკოსებს, მრავალი სირიელი ეპისკოპოსი - მონოფიზიტი დაითხოვა. ერთ-ერთ ანტიოქიელ მღვდელმთავარს ენის მოჭრასაც უპირებდა ქალკედონის კრების ძაგების გამო.

იუსტინე I-მა განამტკიცა ქალკედონის კრების განჩინება და განდეგილი მართლმადიდებელი მამები თავის ადგილას დააბრუნა.

ამასობაში პალესტინაში გვალვის მეოთხე წელი მიიწურა. ამ პერიოდში მხოლოდ ერთხელ იწვიმა, ისიც მხოლოდ წმინდა საბას ლოცვით და მხოლოდ მის ლავრასთან. პატრიარქმა იოანემ კაცი გაგზავნა საბასთან - ღვთისგან წვიმა გამოითხოვოსო.

- მე ვინ ვარ, რომ ღვთის რისხვა შევაჩერო, ცოდვილი ვარო, - თქვა წმინდა ბერმა, მაგრამ მორჩილებით მაინც აღაპყრო ხელნი ზეცად და ღმერთმა კოკისპირული წვიმა მოუვლინა პალესტინას.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წათეს წითელი წაღებით მოხიბლული იუსტინე I


ცნობილია, რომ იმპერატორ იუსტინეს კავშირი ჰქონდა ქართველ მეფეებთან. იმ დროს ლაზიკა (ეგრისი) ბიზანტიის გავლენის ქვეშ იყო. მაგრამ მეფე წათე I ცდილობდა, გათავისუფლებულიყო ამ გავლენისაგან. უარყო ქრისტიანობა და ირანელთა მხარეზე გადავიდა, შაჰი კავად I ვერ დაეხმარა და წათე I იძულებული შეიქნა, ისევ ბიზანტიელებს შერიგებოდა.

523 წელს იგი იმპერატორის მოთხოვნით, კონსტანტინოპოლში ჩავიდა, ხელახლა მოინათლა.

ქვრივმა ცოლად შეირთო ბიზანტიელი დიდმოხელის, პატრიკიოს ნომეს ასული ვალერიანა და ეგრისში დაბრუნდა. ბიზანტიის ჯარის დახმარებით წათე I-მა უკუაგდო ირანელთა შემოსევა, თუმცა, ბიზანტიელებს დიდი დახმარება არ გაუწევიათ მისთვის.

523 წელს კონსტანტინოპოლში მეფე წათეს თან ახლდა იბერიის მეფე გურგენი. გურგენი მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ირანის წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ მან თავისი ოჯახითა და მომხრე აზნაურებით ჯერ ეგრისს, მერე ბიზანტიას შეაფარა თავი.

პროკოფი კესარიელის ცნობით, იმავე 523 წელს ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს, მაგრამ სხვა ბიზანტიის წყაროებით ირკვევა, რომ გურგენი არ ყოფილა ქართლის უკანასკნელი მეფე და ერთხანს მის შემდეგაც, ქართლის ერთ ნაწილში, გრძელდებოდა მეფობა.

იუსტინე მოიხიბლა წათეს მარგალიტებით და ქრისოლითური არწივებით გაწყობილი ლაზური წითელი წაღებით. მან გადაიღო წათესგან წაღების ჩაცმის სტილი და ამიერიდან ბიზანტიის იმპერატორების სამეფო ინსიგნიად იქცა წითელი წაღები.

* * *
უბრალო, გაუნათლებელ გლეხს, იუსტინეს, რომელმაც დაახლოებით 70 წლის ასაკში დასაბამი დაუდო ახალ საიმპერატორო დინასტიას, ძალიან გაუჭირდებოდა მისთვის მინდობილი მოვალეობისათვის თავის გართმევა, გვერდით რომ არ ჰყოლოდა სანდო მრჩეველი: ეს იყო მისი ძმისწული იუსტინიანე. იუსტინიანე ჯერ კიდევ პირტიტველა ჭაბუკი იყო, როცა ბიძამისის მიწვევით ჩავიდა კონსტანტინოპოლში, სადაც რომაული და ქრისტიანული აღზრდა მიიღო. საქმეში ნაცადს, გამჭრიახი გონებისა და ჩამოყალიბებული ხასიათის პატრონს ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ, რომ ახალი მბრძანებლის მრჩეველი გამხდარიყო.

და მართლაც, 518-დან 527 წლამდე, ის, იუსტინეს სახელით მართავდა იმპერიას ერთპიროვნული მმართველობის მოლოდინში, მმართველობისა, რომელიც 527-დან 565 წლამდე გაგრძელდა.
ამრიგად, იუსტინიანე თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე განაგებდა აღმოსავლეთ რომის იმპერიის ბედ-იღბალს.


წმინდა საბა ძალზე მოხუცდა, მაგრამ 91 წლისას მაინც მოუხდა კონსტანტინოპოლში ჩასვლა, რათა პალესტინელებზე შემომწყრალი იუსტინიანე შემოერიგებინა. როგორც ერთ დროს ანასტასიმ, იუსტინიანემაც წმინდა საბასთან შეხვედრისას ხილვა ნახა, უბრწყინვალესი ნათლის გვირგვინი ედგა თავზე წმინდა საბას. შეშინდა მეფე, წამოდგა ტახტიდან და თაყვანი სცა ღირს მამას. მეფე არათუ შეურიგდა პალესტინელებს, უამრავი ოქრო შესწირა იქაურ მონასტრებს. ღმერთმა ათასწილ მიაგო იუსტინიანეს. მან მცირე ხანში დაამარცხა ორი მეფე, ამით რომიც დაიბრუნა და აფრიკაც.

იერუსალიმში დაბრუნებული წმინდა საბა ავად გახდა. იოანეს ადგილას ახლა უკვე პეტრე იჯდა. პეტრე ეწვია საბას, წაიყვანა საპატრიარქოში და თავისი ხელით ემსახურებოდა. ღირს საბას ღვთისგან ეუწყა აღსასრულის ჟამი და პატრიარქს სთხოვა, - ჩემს ლავრაში დამაბრუნეო. აკურთხა ლავრის ძმობა და 5 დეკემბერს 94 წლისამ ჩააბარა სული თვისი უფალს, რომელსაც სიყრმიდანვე ემსახურა.

წმინდა საბა 532 წელს გარდაიცვალა. 547 წელს როცა მისი საფლავი გახსნეს, ღირსი საბას სხეული უხრწნელი იხილეს და კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. რამდენიმე საუკუნის შემდეგ წმინდა საბას უხრწნელი სხეული ჯვაროსნებმა ვენეციაში გადაასვენეს და დასვენებული იყო სან ანტონიოს ტაძარში. წმინდა საბას უხრწნელი სხეული 1965 წელს დაუბრუნდა თავის აშენებულ სავანეს. როგორც უცხოურ ინტერნეტ საიტებზე მოგვითხრობენ (მათი ნათქვამის სინამდვილეზე თავს ვერ დავდებთ, თუმცა მომხდარი მოვლენები გვარწმუნებენ, რომ ამაში სიმართლის მარცვალი შეიძლება იყოს-კ.კ.). წმინდა საბა გამოეცხადა რომის პაპს იოანეს და უთხრა, რომ თავის სავანეში, შვილებთან უნდოდა დაბრუნება. თუმცა რომის კათოლიკური ეკლესიის სინოდს უარი განუცხადებია. ამასობაში პაპი იოანე ოცდამესამე გარდაიცვალა (1963 წელს). წმინდა საბა ახლა ახალ პაპს პავლე მეექვსეს გამოეცხადა და მასაც გაუმეორა თხოვნა. მანაც გაითვალისწინა წინა პაპის მაგალითი და ღირსი საბას წმინდა სხეული თავის სავანეში დააბრუნა.ეს მოხდა 1965 წლის 12 ნოემბერს.

ღირსი საბა ეხლაც უამრავ სასწაულს აღასრულებს, განსაკუთრებით შეეწევა უშვილოებს. ლავრაში მოგცემენ მისი ლოცვით სასწაულებრივად გახარებული პალმის რტოებს. მხოლოდ 40-დღიანი მარხვის დაცვის შემდეგ შეუძლია წყვილს ამ პალმის ნაყენის მიღება, რის შემდეგაც მათ უფლის ლოცვა-კურთხევით, შვილი მიეცემათ. წყალობდეს ღირსი საბა ჩვენს სამშობლოს და სრულიად საქრისტიანოს!!!

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა საბა განწმენდილის წინასწარმეტყველება, რომელიც ექვსი საუკუნის შემდეგ აღსრულდა


ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი "ძუძუსმაწოვებელი" ამჟამად იმყოფება ათონზე, კარაის კელიასთან მდებარე ეკლესიაში და ქილანდარის მონასტერს ეკუთვნის. თავდაპირველად ეს ხატი იყო საბა განწმენდილის ლავრაში.

ამ ლავრის წმინდა დამაარსებელმა თავის აღსასრულთან დაკავშირებით იწინასწარმეტყველა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლავრას სერბეთიდან მეფური შთამომავლობის თანამოსახელე ვინმე საბა ესტუმრებოდა და რომ ლავრა მას, ლოცვა-კურთხევის ნიშნად, ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მიუძღვნიდა.

წმინდა საბა მშვიდობით წარდგა ღვთის წინაშე VI ს-ში, ხოლო მისი წინასწარმეტყველება ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ აღესრულა: - XIII საუკუნეში პალესტინა მოინახულა წმინდა საბა სერბმა, მას გადაეცა წმინდა საბა განწმენდილის წინასწარმეტყველური ანდერძი და ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის ხატი.

სერბეთში დაბრუნების შემდეგ წმინდა საბამ ხატი ქილანდარის მონასტერს გადასცა. აღსანიშნავია, რომ ჩვეულების წინააღმდეგ, ის წმინდა საბამ კანკელზე აღსავლის კარის არა მარცხენა, არამედ მარჯვენა მხარეს მოათავსა, სადაც ჩვეულებრივ მაცხოვრის ხატია ხოლმე, ხოლო ყოვლისმპყრობელი უფლის ხატი მარცხენა მხარეს, ღვთისმშობლის ხატის ადგილასაა მოთავსებული.

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატს "ძუძუსმაწოვებელი" ევედრებიან მეძუძური და მშობიარე დედები.
..........................

ტროპარი:
მთიებო ყოვლადბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბა, დაგვიფარენ განსაცდელთაგან.

სხვა ტროპარი:
ცრემლთა მდინარითა უდაბნოი უქმი მოიმუშაკე, და სიყრმით სულისათ სულ თქმათა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყვენ, და იქმენ მნათობ, და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო საბა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი:
სიყრმითგან მსხვერპლად ღმრთისა უბიწოდ შეწირულ იქმენ და კეთილითა მოქალაქობითა ნეტარება მოიგე, უწინარეს შობისაცა სარწმუნოდ ღმრთისად გამოსჩნდი ღირსთა ყოველთა განმაშუენებელ, ნეტარო საბა, რამეთუ უდაბნონი ქალაქ-ჰყვენ, ღირსო, რომლისათუისცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადპატიოსანო.
...............
წმინდა საბა განწმენდილთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


18 დეკემბერს წმინდა საბა განწმენდილის ხსენების დღეა.

წმინდა საბას ლავრა-ქართული კულტურის ცენტრი


ეპისკოპოსი პეტრე კონჭოშვილი-ლავრა წმიდა საბასი

უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა


ღირსი მამა საბა განწმენდილის ლოცვით აქ აშენდება დიდებული მონასტერი საბა განწმენდილის სახელობისა

საფარა ისტორიულ წყაროებში X საუკუნიდან მოიხსენიება

საფარა


"ძუძუსმაწოვებელი"


ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები

იხილეთ დასაწყისი
ბეჭდვა
1კ1