საქართველოში მონღოლები ბატონობდნენ. რუსუდანის და ლაშას ძენი ყაენთან დაიბარეს. უმეფო ქართველებს მტერი თავის ჯარში აომებდა.
ახლაც ალამუთში სასანიდების ციხესიმაგრე ალყაში მოუქცევიათ. ალყა 7 წელია გრძელდება. მონღოლთა რაზმში ქართველებიც არიან, ოღონდ ცალკე დაბანაკებულან. ერთ დილით მონღოლთა ბანაკში ჩოჩქოლი ატყდა. ვიღაც კარავში შეპარულიყო და მძინარე ჩაღატა ნოინისთვის დანა შიგ გულში ჩაერტყა. "ქართველები მონღოლთაგან დიდ ჭირში არიან და ეგენი მოკლავდნენო", - თქვა ერთმა. წამოიშალნენ და ქართველთა ბანაკისკენ გაემართნენ. რა ექნათ იბერიელებს, ზოგი პირისპირ შებმას ამჯობინებდა, სხვა თავს იკავებდა - მცირეოდენი ვართო. მაშინ წამოდგა ქართლის ერისთავი გრიგოლ სურამელი და ბრძანა: ჟამი არ არის ბრძოლისა, რადგან ცოტანი ვართ, ჯობს, ბრძოლის ველზე მხოლოდ დიდებულნი გავიდეთ, ჩვენ შევაწყდეთ და სხვანი გადარჩნენ. მაგრამ ჯერ შევევედროთ ღმერთს და მის დედას, ყოვლადწმინდა მარიამს, რომელიც მცველია ყველა ქრისტიანისა. ახლა ყველამ სამ-სამჯერ მუხლი მოვიდრიკოთ და რომელთაც იცით, აღმოთქვით ლოცვა: "მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო"...
მოახლოვდნენ მონღოლნი. სუნთქვაშეკრულნი უყურებდნენ მტერს ქართველნი. უეცრად ლერწმოვანიდან კაცი გამოვარდა, ხელში სისხლით შეღებილი ლახვარი ეჭირა და სპარსულად დაიძახა: "მან ქუშტემ ჩაღატა!" - "მე მოვკალი ჩაღატა!" და ისევ ლერწმოვანში შევარდა. მონღოლებმა შეიპყრეს მკვლელი და ნოინთა წინაშე წარადგინეს. ჰკითხეს, როგორ მოკლა ჩაღატა; რა იყო მისი გამოსვლის და მკვლელობის აღიარების მიზეზი. "მე ვარ მულიდი, მულიდთა შორის საჩინო. დიდძალი ოქროთი მომისყიდეს. შევიპარე ბანაკში, მოვკალი ჩაღატა და ლერწმოვანში დავიმალე. როცა თქვენ საბრძოლველად ემზადებოდით, მოვიდა ჩემთან დედაკაცი ვინმე სიტურფეაღმატებული და მითხრა: - რათა ჰქმენ ეს, კაცო? შენ მოკალი კაცი და დაიმალე. ახლა კი შენი მიზეზით მრავალი სული ტყუილუბრალოდ მოწყდებაო. ვკითხე: - რა ვქნა, დედოფალო? მითხრა: ადექი, გამომყევი და თქვი, რომ შენ მოკალი ის კაცი და გადაარჩინე ურიცხვი სული სიკვდილს. მაშინვე გამოვყევი და თქვენამდე მომიყვანა. როცა ხმამაღლა დავიძახე, ჩაღატას მკვლელი ვარ-მეთქი, დედაკაცი გაქრა. არ ვიცი, ვინ იყო, საიდან მოსულიო".
ასე დაიცვა უფლის დედამ თავისი მოსავნი. აი, ასეთი ძალა აქვს ლოცვას: "მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი