იმ დღიდან არ ყოფილა არც ერთი ჟამი ჩემი ცხოვრების, არც სიხარულის და არც ტკივილისა, რომ ღვთისმშობლის თანაგრძნობა და ძალა არ მეგრძნო. არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ მადლიერებას შეეფერება და ვერც ვერანაირი მეხსიერება და გული დაიტევს მის წყალობას. აქ მოხმობილი ამბები ზღვაში წვეთია იმ უფსკერო დედობრივი სიყვარულისა, რომელსაც ყოველი ქრისტიანი შეიგრძნობს აშკარად თუ გულისგულით.
ღვთისმშობლის საიდუმლო ხომ - სიყვარულის საიდუმლოა...
***
1931 წელს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინ, კუნძულ პაროსზე შორეულ მდელოსთან მეთევზეთა სამმა ჯგუფმა მოიყარა თავი, რომელნიც ღამღამობით პაროსსა და ნაკროსის კუნძულთა შორის მდებარე წყლებში თევზაობდნენ. იმ ღამით კიდევ ერთი ჯგუფი დარჩა ყურეში. მეთევზეები სასმელს მიეძალნენ და როცა დათვრნენ, ბილწსიტყვაობა და ღვთისმშობლის სახელის შეურაცხყოფა იწყეს... მათი შეჩერება ვერც პორტის მცველმა შეძლო და ვერც - ტავერნის მეპატრონემ...
უეცრად ზღვა აღელდა და ნახევარი საათის შემდეგ მთის სიმაღლის ტალღა წამოიმართა, მეთევზეთა კუთვნილი ნავები ზღვაში შეათრია და ხმელეთზე ისეთი ძალით გამოტყორცნა, მათგან მხოლოდ ნაფოტები დარჩა.
როცა ზღვა დაწყნარდა, ჰორიზონტზე კუნძულ ნაკროსიდან მომავალი გემი გამოჩნდა, ხმელეთზე გადმოსულმა მისმა კაპიტანმა გაკვირვებით მოათვალიერა ნავთა ნაფოტები და იკითხა:
- როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო, ზღვა ხომ სრულიად წყნარი იყო?
- ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულია, - მიხვდა ერთი მეთევზეთაგანი.
უმრავლესობა დაეთანხმა, მაგრამ რამოდენიმემ ირონიულად დასძინა: - ეს ხომ, უბრალოდ, ქარბორბალა იყო! ერთმა მეთევზემ, გრეგორი ლიაკურმა კი დასძინა:
- რა სასწაული, რის სასწაული, სად აქვს ამდენი ძალა ღვთისმშობელს, რომ ჩვენ, მეთევზეებს გვდიოს! იგი თავისი ნამსხვრევებად ქცეული ნავის სანახავად გაემართა და როდესაც ნაფოტების გროვა იხილა, გადააფურთხა, კიდევ ერთხელ შეურაცხყო ყოვლადწმინდა ქალწული და დასაძინებლად წავიდა.
ის-ის იყო ზღვის ნაპირას დაწვა, რომ სიზმარ-ცხადში მის წინ მთელი სიმაღლით ღვთისმშობელი წარდგა და უთხრა:
- შვილო, რატომ მაძაგებ?!
- რას ლაპარაკობ, - გაბრაზდა მეთევზე, - არც კი გიცნობ, როგორ გაძაგებდი?
- არ მიცნობ? მაშ, გამუდმებით რატომ მლანძღავ?
გაღიზიანებული ღვთისმგმობი წამოხტა და შეეცადა, მას მივარდნოდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო, - ფეხები მუხლებამდე ჩაეფლო სილაში... მეთევზემ პირჯვარი გამოისახა, კვლავ ცხადად დაინახა ღვთისმშობელი და მისი ხმა გაიგონა:
- მიდი ჩემს სახლში, ასკარას მონასტერში, რომელიც კუნძულ პაროსზე, პარიკიის დასახლებაშია და თაყვანი მეცი!
ამ ბრძანების აღსასრულებლად ლიაკური იმავე წამს გაეშურა, ასკარაში მზის ჩასვლის შემდეგ მიაღწია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან მიიჭრა და მის ღვთაებრივ პირისახეში ჩვენებაში ნანახი ქალბატონი შეიცნო...
მუხლებზე დამხობილმა რამდენიმე საათს ილოცა და მხოლოდ მომდევნო დღეს დაუბრუნდა უწინდელ ადგილს, სადაც ახალი სასწაული ელოდა: - ყველა ნავი, მათ შორის, მისიც, მთელი და უვნებელი იდგა ნაპირთან...
***
ერთ სასულიერო პირს ქვეყანაში არსებული ქაოსის გამო უიმედობა დაუფლებოდა. გაბრიელ ბერთან რომ მისულა, ამ უკანასკნელს მკვახედ უთქვამს: - "ეგ როგორ იფიქრე?! განა ცისა და ქვეყნის დედოფალი თავის წილხვედრ ივერიას მიატოვებდაო?"დარცხვენილ სასულიერო პირს მუხლმოყრილს უთხოვია შენდობა და გამოსტყდომია: სვეტიცხოვლიდან რომ გამოვდიოდი, ღვთისმშობელს დავუჩოქე და შევჩივლე, - როგორ მიგიტოვებია საქართველო, ამ მიწაზე ერთი წმინდა ბერიც ვერ ვნახე-მეთქი, მამა გაბრიელს კი სიყვარულით უთქვამს: "ძმაო, მე კი არა, წადი და შენდობა ღვთისმშობელს სთხოვეო!" და გულში ჩაუკრავს.
ქვეყნისთვის თავდადების პირველ ნაბიჯად ადამიანს საუფლო გზაზე შედგომას უთვლიდა და იტყოდა ხოლმე: "ზოგი ამბობს, - როდის გაბრწყინდება საქართველოო?.. დალოცვილო, აღსარება თქვი, ეზიარე, ვინ გიშლის ცხონებას?! ფიალა უკვე ავსებულია, მაგრამ ღვთისმშობელი მალე შეიწყალებს საქართველოს, ოღონდ ის სულ სხვა სიკეთე იქნებაო...
გაბრიელ ბერს ქართული მიწის ყოველი გოჯი და მისხალი სტკიოდა, როცა საქართველოზე დარდი მოაწვებოდა, მომვლელ მონაზონს უხმობდა და სთხოვდა: - დაო, მოდი, იავნანა მიმღერეო...
- ვაი იმ ბერსა და მონაზონს, იმ ადამიანს, ვისაც თავისი ერის სატკივარი არა სტკივაო, - იტყოდა ხოლმე.
უკანასკნელ ჟამს მომრავლებული სისხლიანი შეტაკებები და ირგვლივ მოზუზუნე ტყვიები გულს უფლეთდა და სისხლიან შეტაკებებს საკუთარი ცოდვებივით განიცდიდა. სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებას უდიდეს ნიჭად თვლიდა, განუყოფელ ცნებებად მიაჩნდა და ამბობდა, - მხოლოდ მათთვის თავგანწირვასა და წამების დათმენას ძალუძს უყოყმანოდ მოგვახვეჭინოს სასუფეველიო.
სანამ ბაგრატოვანი მეფე არ დაბრუნდება, საქართველოს არაფერი ეშველება... ახლა პატრიარქის ჯვარი დამძიმდა, რადგან საკუთარი და მეფის კუთვნილი ჯვრის ტვირთვაც თავად უწევს... ლაზარე ყარდა და საქართველოც დაიშლება, მაგრამ უფალმა ლაზარე რომ აღადგინა, რომელიმე ნეკნი აკლდა? საქართველოც ასევე აღდგება ნიკოფსიითგან დარუბანდამდეო.
როდესაც მავანმა პატრიარქი განიკითხა, განრისხებულმა Gგაბრიელ ბერმა ასე უპასუხა: როგორ ბედავ?! შეხედე ჩემს მუხლებს, ხომ ხედავ, როგორ მაქვს გადაყვლეფილი დღე და ღამ მასზე ლოცვით?! ამას რომ ამბობ, გაქვს კი მისი სიყვარული? მე მაქვს უფლება და თუ საჭიროა, თავადვე ვეტყვიო.
***
სიწმინდეში მყოფნი, როდესაც ცოდვილი აზრი მოუვიდოდათ, მყისვე შეებრძოლებოდნენ და განაგდებდნენ. პავლე მოციქული ოცდამეათე საფეხურზე იყო, მისი წმინდა გონება, როცა ბრძოლა მიემთხვეოდა, ბოროტ აზრებს ისხლეტდა და არ ღებულობდა; იოანე ღვთისმეტყველმა თავისი ღვაწლით მიაღწია, რომ ვერ ეკარებოდნენ. ღვთისმშობელს კი საერთოდ არ გაუვლია ცუდი აზრიო.მამა გაბრიელს განსაკუთრებული სიმდაბლისა და სიყვარულისათვის უფალმა დიდი მადლი უბოძა. თურმე ცრემლიანი თვალებით იტყოდა ხოლმე: "ეს ჯვარი მე თქვენამდე სულ სისხლით ვატარე. ნეტავ ცოტათი მაინც გამიგოთ, ნეტავ, ცოტათი მაინც გესმოდეთ ჩემი... ადამიანთა სიყვარულმა შიო მღვიმელი თორმეტმეტრიან ჭაში ჩაიყვანა და იქ მოღვაწეობდა თხუთმეტი წელიწადი. განა ეს ადვილი იქნებოდა?"
თურმე, გული ძალზე სწყდებოდა, ქართველები სასწავლებლად ან სამუშაოდ უცხო ქვეყნებში რომ მიდიოდნენ და იტყოდა ხოლმე: "ეს განსაცდელი მათთვისაა დაშვებული, ისინი კი ამას გაურბიან. სამშობლოდან ქართველის გაქცევა ღვთისმშობელს ძალიან სწყინს. არ მიატოვოთ საქართველო, არ განგირისხდეთ დედა ღვთისმშობელი! ადამიანი სადაც დაიბადება, იქ გადმოდის მასზე კურთხევა".
ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი გამორჩეულად უყვარდა და მის წინაშე საათობით ლოცვად დადგებოდა ხოლმე. თურმე ხშირად ეკითხებოდნენ:
"მამა Gგაბრიელ, რატომ არ იქადაგა ღვთისმშობელმა საქართველოში, წილი რომ მოუვიდა?
- ის ხომ დედოფალია ცისა და ქვეყნისა და უფალს არ უნდოდა, მის დედას კარდაკარ ევლო.
- რატომ იღებს ბოროტი მაცხოვრის სახეს, ჯვარცმისა და ღვთისმშობლის სახეს კი ვერა?
- უფალმა თავი დაიმდაბლა და ჰნერწყვიდნენ, მაგრამ არავის მისცემს იმის ნებას, რომ ვინმე მის დედას მიემსგავსოს".
***
გაბრიელ ბერისათვის მრევლს ქართველი ერის აღორძინება-გამრავლებისათვის პარაკლისის გადახდა უთხოვია, მანაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე აღავლინა პარაკლისი წმინდა სამების სახელობის ტაძარში, რის შემდეგაც საშინელი გამოცხადება ჰქონდა:"ორნი მოვიდნენ, ძველი მეომრებივით ეცვათ. ერთმანეთს ჩემზე მიუთითეს, - აი, ეს არისო. აქეთ-იქიდან ამომიდგნენ და სადღაც წამიყვანეს. ძლივს გავარჩიე, თეთრი შენობა იყო, ოღონდ ჯვარი არ ჰქონდა. სადღაც, ბნელ ოთახში შემიყვანეს, კარი მომიკეტეს და დამტოვეს. თვალი რომ კარგად შევაჩვიე, დავინახე ქვის იატაკზე მოფენილი, თითის სიგრძე, მკვდარი, გასისხლიანებული ბავშვები, ჭერზე არსებული ხვრელიდან კი კვლავ დახოცილი ბავშვები ცვიოდა ისე, რომ ფეხი არსად დაიდგმებოდა. იქაურობა სისხლით იყო მოსვრილი. ფეხი რომ არაფრისთვის დამედგა, მივიწიე და ფეხის წვერებზე შევდექი. ამ დროს კარი გაიღო და ხმა გაისმა: "მობრძანდება! მობრძანდება!" მე გამიკვირდა: ვინ მობრძანდება? ალბათ, ამათი უფროსია, ვთხოვ და იქნებ გამიშვას-მეთქი. ისევ ის ორნი შემოვიდნენ, ისინი, ვინც აქ მომიყვანეს, შესასვლელსა და გასასვლელში ჩადგნენ და აღარ მიშვებდნენ. კედელს ავეკარი. ავიხედე და დავინახე ანგელოზებითა და წმინდანებით გარშემორტყმული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მობრძანდა. თეთრი სამოსელი ეცვა. მაშინვე ვიცანი. "აი, ეს არის, გამრავლებას რომ ითხოვდაო" - და იმ ორმა ჩემზე მიუთითა. ღვთისმშობელმა მკაცრად შემომხედა, იატაკზე სისხლით მოსვრილ ბავშვებზე მიმითითა და მითხრა: "ამისთვის მეხვეწები? ასე გამრავლდება საქართველო?"
გატრიალდა და წავიდა. იმ ორმა წამომიყვანა და ჩემს კელიაში დამაბრუნა."
ეს ჩვენება მამა გაბრიელმა მეორე დღესვე მოუთხრო მათ, ვინც პარაკლისს ესწრებოდა, შემდეგ კი ყველა ქალს, დიდსა თუ პატარას, შესთხოვდა და ევედრებოდა: "დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ, საქართველო დაღუპვას გადაარჩინეთო".
ბერი არავის შეიწყნარებდა, თუ ის წმინდა სამოციქულო ეკლესიასა და მის პატრიარქს უპატიოდ შეეხებოდა, ამბობდა: - განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია, ვინც პატრიარქს განუდგება, სექტაა! ვინც პატრიარქს ფიზიკურად უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით, ადგილზევე უნდა მოიკლასო.
***
იმ სასწაულის სახსოვრად, რომელიც რუსეთში, ბრიანსკის ოლქის სოფელ ჩუბკოვიჩის ტაძარში რამდენიმე წლის წინ აღსრულდა, ტაძრის ეზოში ობელისკი აღმართეს.- არანაირი რეკლამა არ მჭირდება, - უთხრა ამ აშკარა სასწაულის დასაფიქსირებლად მისულ ჟურნალისტებს წმინდა ანას სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა იგორმა, თუმცა, მცირე ხნის შემდეგ საუბარზე დათანხმდა.
წყალქვეშა ნავ "კურსკის" ტრაგედიას მამა იგორი საკუთარივით განიცდიდა, ალბათ, იმიტომ, რომ ერისკაცობაში ბალტიის ფლოტში მსახურობდა, ტაძარში მისი უახლოესი დამხმარეებიც ყოფილი მეზღვაურები არიან.
რამდენიმე წლის წინ, დიმიტრის შაბათს, მამა იგორმა გადაწყვიტა, "კურსკზე" დაღუპულ ეკიპაჟის წევრთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი აღევლინა და დაღუპულთა რაოდენობის შესაბამად, ასთვრამეტი ცვილის, ჩვეულებრივი სანთელი გადათვალა... რადგან სასანთლეები არ ეყოთ, ქვიშით სავსე დიდი ყუთი გამოიყენეს, რომელიც, როგორც წესი, ღვთისმშობლის იმ სასწაულთმოქმედი ხატის წინ მოათავსეს, რომელსაც წმინდა ეკლესია "ოდიღიტრიად" მოიხსენიებს... მისი ხსენების დღეს, 10 აგვისტოს იქ დიდძალი მომლოცველი მიდის.
რამდენადაც დაღუპულ მეზღვაურთა სახელები არ უწყოდა, მოძღვარი მათ ასე იხსენიებდა: "უფალო, მათი სახელები თავადვე უწყი..."
- ტაძარში 200 კაცი იქნებოდა, - იგონებდა მამა იგორი, - ამ დროს საკურთხეველში ვმსახურობდი და მხოლოდ მრევლის გაოცების გამომხატველი ამოოხვრა შემეძლო გამეგონა, რომლის თვალწინაც, თურმე, სასწაული აღესრულებოდა: - თავიდან ასთვრამეტივე სანთელი თანაბრად იწვოდა, შემდეგ - შუა სანთლებმა სწრაფად იწყეს წვა და ქვიშამდე რომ ჩავიდნენ, მოულოდნელად წითლად დაიღვენთნენ (შეგახსენებთ, რომ სანთლები სრულიად ჩვეულებრივი, ცვილისფერი იყო), დანარჩენი სანთლები კი კვლავ თანაბრად იწვოდა... ყუთში ქვიშა შედედებული, სისხლისფერი სითხით დაიფარა... ამ სანახაობამ თვითმხილველები შოკში ჩააგდო... წითელი სითხის კონტურებმა ზოგს საბჭოთა კავშირის რუკა მოაგონა, ზოგს - "კურსკის" კორპუსი... სუდარაგადაფარებული ყუთი ტაძარში ათ თვეს განისვენებდა და მის წინ სხვადასხვა ტაძრიდან სასწაულის სანახავად ჩამოსული მოძღვრები პანაშვიდებს აღავლენდნენ, ყუთის ნახვა კი ყველა მსურველს შეეძლო.
მოგვიანებით რაიონული ცენტრიდან "კურსკზე" დაღუპული კაპიტან-ლეიტენანტის მშობლებიც ჩამოვიდნენ და იკითხეს: "მამაო, რატომ ასთვრამეტივე სანთელი არ დაიღვენთა სისხლისფრად?!
- უფალმა უწყის, - უპასუხა მოძღვარმა.
მამა იგორმა დაკრძალვის წესი აღასრულა, შემდეგ ყუთი კოლოფში ჩადეს და ტაძრის მახლობლად დაკრძალეს, ზედ კი ძეგლი აღმართეს. ქვაზე ამოტვიფრული ტექსტი ლიტურგიისას აღსრულებული სასწაულის შესახებ იუწყება.
და მაინც, რა დაიკრძალა?
ჯერ კიდევ ყუთის დამარხვამდე მამა იგორს არაერთგზის შესთავაზეს, ქვიშაში გამჯდარი წითელი სითხე ქიმიური ანალიზისათვის რაიონულ ცენტრში წაეღოთ, მაგრამ მოძღვარი შეუვალი იყო: "ეს მკრეხელობაა, ეს იგივეა, მიცვალებულს ნაწილი მოჰგლიჯო, მათ კი, ვისაც არ სჯერა, ექსპერტიზის შედეგები ვერაფერს დაუმტკიცებსო.
- მამა იგორ, რატომ აღსრულდა სასწაული მაინცდამაინც ბრიანსკის სიღრმეში, იმ ადგილას, რომელსაც "კურსკის" ტრაგედიასთან უშუალო შეხება არ აქვს?
- ჩვენი ტაძარი 800 წლისაა, აქ სასწაულთმოქმედი ხატი განისვენებს და ნებისმიერი სასწაული შეიძლება აღსრულდეს..."
დაბოლოს: - სასწაულთმოქმედი ხატის წინ, ლოცვის აღვლენის შემდეგ, წამოდგა და სიარული დაიწყო 3 წლის ბიჭუნამ, რომელსაც მანამდე განძრევაც კი არ შეეძლო. რაიონული ცენტრის ექიმები, საიდანაც ბიჭი მოიყვანეს, გაოცებისაგან ხელებსღა შლიდნენ.
***
2004 წლის დეკემბერში დამასკო და საუდის არაბეთი დიდმა სასწაულმა შეძრა: - ერთმა არაბმა მედიას თავისი სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ ძალზე ამაღელვებელი ამბავი მოუთხრო (ტელევიზიით, რადიოთი, ინტერნეტით და ბეჭდური მედიით გავრცელდა საუდის არაბეთში, პალესტინასა და ყველა მეზობელ ქვეყანაში).მოგვითხრობს ბეცახურის მონასტრის იღუმენი ეგნატე (მაცხოვრის საფლავის საძმო):
- ხსენებული არაბი რამდენიმე წლის წინ დაქორწინებულა ერთ მდიდარ ქალზე, რომელიც უშვილო აღმოჩნდა. გადიოდა წლები, მაგრამ ცოლ-ქმარს შვილი არ უჩნდებოდა. საუდის არაბეთში არაერთ ექიმს მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. ვაჟს მშობლები კიდევ ერთი ცოლის შერთვას ურჩევდნენ, რამდენადაც მამაკაცს, მათი კანონის თანახმად, ოთხი ცოლის ყოლის უფლება აქვს.
ძალზე დაღლილმა და გულგატეხილმა არაბმა ცოლთან ერთად მეზობელ სირიაში დასასვენებლად და გულის გადასაყოლებლად გამგზავრება გადაწყვიტა. დამასკოში ლიმუზინი იქირავეს, რომლის მძღოლიც გიდის მოვალეობასაც ასრულებდა და სირიის ღირსშესანიშნაობათა ჩვენება სთხოვეს.
მუსულმანმა მძღოლმა, რომელსაც ცოლ-ქმრის მოწყენილობა არ გამოჰპარვია, მიზეზს დაეკითხა და როდესაც შეიტყო, ურჩია, რომ სირიაში, მართლმადიდებელ ქრისტიანთა "სეინდანალიას" (არაბულად ქალწულ დედოფალს ნიშნავს) სახელობის მონასტერში მისულიყვნენ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი მოელოცათ, რომელსაც მორწმუნენი შვილის შეძენას ევედრებიან (მონასტერში ხატის მომლოცველთ აძლევენ ფითილს ამ სასწაულთმოქმედი ხატის კანდელიდან).
არაბმა და მისმა მეუღლემ მძღოლს "ქრისტიანების ქალწულთან" წაყვანა სთხოვეს და აღუთქვეს, რომ თუ ნატვრა აუხდებოდათ, 20 000 დოლარს აჩუქებდნენ, მონასტერს კი - 80 000 დოლარს შესწირავდნენ.
მართლაც, მივიდნენ მონასტერში და ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც მონაზვნებმა აუხსნეს. შინ დაბრუნების შემდეგ ქალი დაორსულდა და ლამაზი და ჯანსაღი ბიჭი გააჩინა.
მეუღლის მშობიარობისთანავე არაბმა თავისი აღთქმის შესრულება განიზრახა და სირიელ მძღოლს დაურეკა, რომ დამასკოს აეროპორტში დახვედროდა და მონასტერში წაეყვანა.
სამწუხაროდ, მძღოლმა ბოროტი საქმე ჩაიფიქრა და ორ თანამზრახველთან ერთად არაბის მოკვლა და გაძარცვა განიზრახა, მას კარგად ახსოვდა, რომ არაბს მონასტრისთვის შესაწირად 80 000 დოლარი მოჰქონდა.
არაბს აეროპორტში დახვდნენ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს და სიცოცხლეს გამოასალმეს, შემდეგ მისი სხეული დაანაწევრეს, - თავი და კიდურები წარკვეთეს, საბარგულში იმ განზრახვით ჩატენეს, რომ სხვაგან დაეფლათ, მაგრამ როდესაც ცენტრალურ მაგისტრალზე გამოვიდნენ, უეცრად ლიმუზინის ძრავა ჩაქრა, მათ მანქანიდან გადმოსვლა მოუწიათ... ცოტა ხანში გამვლელმა მძღოლმა გააჩერა და დახმარება შესთავაზა, მაგრამ დანაშაულის გამჟღავნების შიშით იუარეს და ხელით ანიშნეს, წასულიყო... თუმცა, ამ უკანასკნელმა საბარგულიდან ჩამოღვენთილი სისხლის წვეთები შენიშნა და პოლიციას შეატყობინა, რომელიც 5 წუთში ადგილზე მივიდა და ბოროტმოქმედებს საბარგულის გახსნა მოსთხოვა... სხვა გზა აღარ ჰქონდათ და შიშით აცახცახებულმა მძღოლმა საბარგულს ახადა და... იქიდან სრულიად საღ-სალამათი არაბი გადმოვიდა...
მანქანის საბარგული სისხლით იყო სავსე, ხოლო არაბს - კისერსა და კიდურებზე ნაკერების კვალი ეტყობოდა...
- "ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც მითხრა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია, მოჭრილი სხეულის ნაწილები მიმიკერა", - განაცხადა არაბმა.
ლიმუზინის მძღოლსა და მის თანამზრახველთ ენა მუცელში ჩაუვარდათ, თვალებს არ უჯერებდნენ, ჭკუიდან შეიშალნენ და გაჰყვიროდნენ: "მოგკალით, აგკუწეთ, თავი მოგაჭერით და ეს შენ ხარ?! შენ ადამიანი არ ხარ!"
პოლიციამ მათ ხელბორკილები დაადო და ფსიქიატრიულში წაიყვანა, თავად არაბი კი - საავადმყოფოში გაამწესეს, სადაც ექიმებმა და მეცნიერებმა წერილობით დაადასტურეს აღსრულებული დიდი სასწაული. აშკარად ჩანდა სხეულზე ძაფით ნაკერები...
არაბი საქვეყნოდ, მედიის მეშვეობით აღიარებდა: "ყოვლადწმინდამ გამიკერა სხეული და თავისი ძის ძალით აღმადგინა", თან მართლმადიდებლურად მონათვლის დიდ სურვილსაც ადასტურებდა.
ხსენებულ სასწაულს უდიდესი გამოხმაურება ჰქონდა. მკვდრეთით აღმდგარმა არაბმა ამ ამბის შესახებ მეგობრებსა და ნათესავებს შეატყობინა, რომ სირიაში ისინიც ჩასულიყვნენ და ყოვლადწმინდა დედისთვის მადლობა ეთქვათ. მოკლე ხანში ყველანი ჩავიდნენ და არაბმა 80 000-ის ნაცვლად მონასტერს 800 000 დოლარი შესწირა.
ამ სასწაულის შესახებ ვინმეს რომ უამბობს, თხრობას ასე იწყებს: "როდესაც მუსულმანი ვიყავი, ეს ამბავი მაშინ შემემთხვა და ამის შემდეგ აღარც მე და აღარც ჩემი ოჯახი მუსულმანები აღარ ვართო..."
ამ ფაქტმა მხოლოდ არაბეთი კი არა, მთელი ახლო აღმოსავლეთი შეძრა, თუმცა, მუსულმანი სასულიერო პირები სასწაულის უარყოფასა და დაკნინებას შეეცადნენ, რადგან მრევლის მასობრივი გაქრისტიანების შეეშინდათ.
***
კარგა ხნის წინ არქიმანდრიტ საბა ტელიანიდს, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო ათონის წმინდა მთიდან, თბილისურ ბინაში ვეწვიე. არ ვიცი, გზად რამ მაფიქრებინა, - ნეტავ მამა საბამ რამე მისახსოვროს-მეთქი, თან საკუთარი სურვილის შემრცხვა, მაგრამ ეს ფიქრი გულიდან ვეღარ გადავიგდე...როგორც ყოველთვის, მის პატარა ბინას იმ დღესაც უამრავი ადამიანი სტუმრობდა, განსაკუთრებული ყურადღება არც მოუქცევია და ამას არც ველოდი... შინ გაბრუნებას ვაპირებდი, რომ უეცრად მისი ხმა მომესმა: - დამაცადე, ფისუნია, დამაცადეო!.. თან ისეთი თვალებით შემომხედა, ღიმილნარევი სითბოთი, მივხვდი, ჩემი გულისთქმა ამოიცნო... ცოტა ხანში მეზობელი ოთახიდან მცირე ხატი გამომიტანა და გადმომცა... ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იყო, "სამხელად" წოდებული, რომლის ასლიც სულ მალე ათონიდან დიდ სამებაში ჩამოაბრძანეს... იმ დროს დიდი განსაცდელი მედგა და ღვთისმშობელმა ამგვარად მანუგეშა მამა საბას ხელით. ის სიხარული დღემდე მითბობს გულს...
***
და კიდევ ერთი ამბავი: ათიოდ წლის წინ საპატრიარქოს სარედაქციო საქმეზე მივაკითხე. კარგა ხანს ვიდექი დერეფანში, როდესაც პატრიარქის მისაღებიდან ჩემთვის უცნობი სასულიერო პირი გამოვიდა, რაღაც მკითხა და ისევ შებრუნდა... გავიდა რამდენიმე წუთი და ოთახიდან მისი ხმა მომესმა, კითხულობდა, - ის გოგონა სად არისო? მივხვდი, მე მგულისხმობდა და გამიკვირდა... დერეფანში გამოვიდა და ღვთისმშობლის მცირე ხატი გამომიწოდა,- ამ სასწაულთმოქმედი ხატის ასლი კვიპროსზე ბრძანდება, შეგეწიოთო...მოგვიანებით შევიტყვე, რომ იგი კვიპროსზე მოღვაწე ძალზე სათნო ადამიანი, დეკანოზი ზაქარია ფერაძე იყო...
მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გულისხმავყავ, თუ რატომ მობრძანდა ეს დიდი სიწმინდე ჩემნაირ ცოდვილთან, - "კიკოსის" ღვთისმშობელს ხომ განსაკუთრებულად უშვილობისას ევედრებიან და მეც დიდად მეიმედება მისი... დიდო დედაო, გთხოვ, დედობის ღირსი გამხადე!