(ნაწილი მესამე)
ღვთისმშობელი და მისი ხატის ამსახველი რამდენიმე სიმბოლო
1. დედა ღვთისა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მოკრძალებული დამოკიდებულება აისახა უძველესი ქრისტიანების წმინდა გადმოცემებში.
მათში დიდი სისათუთითა და მოწიწებით არის წარმოდგენილი მისი ცხოვრება, საქმეები და გამონათქვამები. სწორედ ასეთი მასალა გვაძლევს საშუალებას, ნათლად წარმოვიდგინოთ ყოვლადწმინდა და მარადის ქალწული ღვთისმშობლის ნამდვილი ხატი. ღვთისმშობელი და მისი ხატის ამსახველი რამდენიმე სიმბოლო
1. დედა ღვთისა
წმინდა გადმოცემაში გათვალისწინებულია მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელის (+96 წ.), მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი ეპისკოპოსის (+107 წ.) სიტყვები და წმინდა ამბროსი მედიოლანელი ეპისკოპოსის (+397 წ.) ქმნილება "ქალწულებისა და ქორწინების შესახებ", რომლის პირველ თავში - "ქალწულების შესახებ" ნათქვამია: "ღვთისმშობელი როგორც სხეულით, ისე სულითა და გულით იყო ქალწული; მას ახასიათებდა: კეთილგონიერება, უმანკოება და ღვთისმორჩილება; წიგნიერება და შრომისმოყვარეობა; იყო წინდახედული, სიტყვასწორი და სიტყვამცირე. წესად ჰქონდა უშურველობა, არასოდეს არავის შეურაცხყოფდა. თვალში საცემი იყო მისი მუდმივი კეთილმოსურნეობა. სინამდვილეს ყოველთვის საღად აფასებდა და ყოველგვარ ქება-დიდებას გაურბოდა. მშობლებს მის სახეზე არასოდეს შეუნიშნავთ დამდურება ან წყრომა. მორიდებული ადამიანის გვერდით მედიდურობა არასოდეს გამოუხატავს. ღვთისმშობელი არ განრიდებია უმწეოს, უსანათოსა და გასაკითხს. მისი მზერიდან მძლავრობა და სუსხი არასოდეს გამოსჭვიოდა. მის ბაგეს წინდაუხედაობა არ მოსწყვეტია. მისი ქმედებით უხერხულობა არასოდეს შექმნილა: ქცევით ის ყოველთვის მორიდებული იყო; საქციელი წყნარი და ხმა თანაბარი ჰქონდა; ისე რომ, სიწმინდით აღსავსე მისი სული მუდმივად ვლინდებოდა მის სრულყოფილ გარეგნობაში. ღვთისმშობლისთვის ყოველი ჟამი მარხულობით განისაზღვრებოდა: ეძინა მხოლოდ აუცილებელობის შესაბამისად და მაშინაც მხოლოდ სხეული ისვენებდა, სული კი ფხიზლობდა, უკვე წაკითხულს იმეორებდა, ან ფიქრობდა, კვლავაც სინჯავდა უკვე ნაფიქრალს, ანდა წინასწარ ჭვრეტდა მომავალს. შინიდან მხოლოდ ეკლესიაში წასასვლელად გამოდიოდა. საშიშროებით აღვსილ იმდროინდელ სინამდვილეში ის მუდმივად უახლოესი ადამიანებით იყო გარემოცული. ახლობლები მხოლოდ გაბოროტებული მტრებისგან იცავდნენ, ხოლო მისი ბუნების ნამდვილი მცველი ზნეკეთილობა იყო".
ეკლესიური ცხოვრების ისტორიკოსმა ნიკიფორე კალისტომ (XIV ს.) შემოგვინახა წმინდა გადმოცემა, რომელში ნათქვამია: "ღვთისმშობელი საშუალო სიმაღლის (სხვანი მიიჩნევენ - საშუალოზე ოდნავ მაღალი) იყო; თმა ოქროსფერში გადასდიოდა; ჰქონდა ზეთისხილისფერი სწრაფი თვალები, ნათელი გამოხედვა; ნელშავი რკალისებრი წარბები, ოდნავ მოგრძო ცხვირი; ბაგე - ნეტარი, კეთილხმოვანი; სახე - არამრგვალი; გრძელი, მშვიდი ხელის თითები... საუბარში ყოველთვის კეთილგანწყობას ინარჩუნებდა, არც გაიცინებდა და არც გაგულისდებოდა; მისთვის უცხო იყო ყოველგვარი ნებიერობა და მოჩვენებითობა, იგი ყოველთვის უბრალო, ალალ-მართალი და უყვედრებელი იყო, მასში აშკარად შეიმჩნეოდა სასოება და ღვთისმორჩილება. მისი ჩასაცმელი ფერთა ბუნებრიობით გამოირჩეოდა, რასაც ნათლად მოწმობს ხატებში წარმოდგენილი მისი შესამოსლის ფერები. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა მისი ქმედება უდიდესი მადლით იყო გასხივოსნებული". ნიკიფორე კალისტომ ეს მასალა წმინდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსის (+403 წ.) წერილებში მოიპოვა.
2. ღვთისმშობელი მარიამი
ქრისტიანულ აზროვნებაში მარიამის სახელად "ღვთისმშობლის" დამკვიდრება დაკავშირებულია უფალი იესო ქრისტეს ორი ბუნების (ადამიანისა და ღმერთის) ჰიპოსტასური ერთიანობისა და მათი თავისებურებების ურთიერთმიმართების გაგებასთან - communicatio idiomatum. ამასთან, უეჭველად უნდა გვახსოვდეს, რომ, მართლმადიდებლური დოგმატიკის მიხედვით, ქალწულმა მარიამმა შვა ქრისტე, მაგრამ მას ღმერთი ანუ ღვთაებრივი ბუნება არ უშვია. ღვთაებრივი ბუნება არ შეიძლება იშვას, ის მუდამ იყო და არავითარ დროში დაბადებას არ ექვემდებარება. მარიამმა შვა ღმერთი "სიტყვა" ანუ მისი ადამიანური ბუნება. სახარებაში ვკითხულობთ: "დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა" (იოან. 1:1-3). ნათელი ხდება, რომ მიუხედავად ღმერთის ადამიანური ბუნების დაბადებისა, დაბადების სუბიექტი მაინც ღმერთი - ძე ღმრთისა იყო, რომელიც სულიწმინდით ქალწულში ჩაისახა და ქალწულისაგან იშვა. შესაბამისად, ქრისტე არის ერთი პიროვნება, ერთი ჰიპოსტასი და არ შეიძლებოდა ასეთი ჩასახვის შედეგად სხვა ვინმე დაბადებულიყო. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ დაბადებულა "რა", ანუ არ დაბადებულა არც ღმერთის ბუნება და არც ადამიანის ბუნება; დაიბადა "ვინ", ანუ პიროვნება - ღმერთი "სიტყვის" ადამიანური ჰიპოსტასი. როგორც ღირსი ანასტასი სინელი წერს, "დაბადება თავისთავად ჰიპოსტასის დამატებაა" და ამიტომ ერთადერთი ჰიპოსტასი, რომელიც ქალწულმა მარიამმა შვა, იყო ღმერთი სიტყვა, რომელიც დაიბადა ადამიანად, ანუ ღმერთმა თავის ერთიან პიროვნებაში დაიმატა სრულფასოვანი ადამიანური ბუნება. მთავარ პრობლემად მარიამის ღვთისმშობლად (Theotokos) სახელდების საკითხი გადაიქცა. შეიქმნა დაახლოებით ისეთივე გარემოებები, როგორიც თეოპასქიტური (წმინდა სამების წევრთა განხორციელებასა და მათ ვნებებთან დაკავშირებული) დავების დროს იყო. ამ შემთხვევაში მიმდინარე დავისთვის უდიდესი მნიშვნელობა იმას ენიჭებოდა, რომ მაცხოვრის ქმედება და მასთან დაკავშირებული მოვლენები ორი თვალსაზრისით უნდა განხილულიყო: ერთი მხრივ, მაცხოვარს ორი - ადამიანისა და ღმერთის ბუნება აქვს, ხოლო მეორე მხრივ, საქმე გვაქვს ერთ ჰიპოსტას სიტყვასთან. აქედან გამომდინარე, რადგან ორი სხვადასხვა ბუნება ერთ ღმერთს - სიტყვას მიეკუთვნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი ბუნება ერთმანეთთან თანაარსებობის პროცესშია. ამ თვალსაზრისით კი ღმერთის დაბადებისა და სიკვდილის შესახებ ლაპარაკი შესაძლებელი ხდება.
მაცხოვრის ადამიანური ბუნება არასოდეს არსებობდა დამოუკიდებლად და განცალკევებით. თავისი მყოფობა მან თავიდანვე ჰიპოსტას სიტყვისგან შეიძინა, განკაცების მომენტიდან ძე ღვთისას მახასიათებლად გადაიქცა, შესაბამისად, ის დასაწყისშივე განღმრთობილი იყო. წმინდა იოანე დამასკელი წერს: "ამრიგად, წმინდა ქალწული ღვთისმშობლად არა მხოლოდ სიტყვის ღვთაებრივი ბუნების გამო მოიაზრება და იწოდება, არამედ იმიტომაც, რომ ქალწულში ადამიანური ბუნება განიღმრთო და მასში ჩასახვაც და ჩასახულის განსხეულებაც სასწაულებრივად მოხდა, ანუ სიტყვის ჩასახვა და თავად სიტყვაში ძე კაცის განსხეულება; ისევე როგორც ღვთისმშობელი მიენდო ზებუნებრივად ღვთაებას, უფალსა და ყოვლის შემოქმედს, რათა მასში ღმერთი დაბადებულიყო და განკაცებული განღმრთობილიყო, ის, უფალი იქმნა კაცადაც და მან ეს ერთობა სწორედ ისეთად დაიტია, როგორიც იყო, როგორიც არის; ლაპარაკია ქრისტეს არა მხოლოდ ღმერთობაზე, არამედ მის ადამიანობაზეც, ანუ იმაზე, რაც ჩვენზე უმაღლესია და რაც ჩვენნაირია. მაგრამ ჩვენ მსგავსად შობილი კი არ გახდა ჩვენზე უმაღლესი, არამედ მასში საწყისშივე იყო ორი - ღმერთისა და კაცის ბუნება, მუცლადღების ჟამს მას უკვე ჰქონდა ორივე ბუნება. კაცის მყოფობამ სიტყვაში პოვა განკაცება".
"ღვთისმშობელი" ღვთივშთაგონებული სახელია. სახარება წმინდა ელისაბედისა და წმინდა ქალწული მარიამის შეხვედრის შესახებ გვიამბობს: "როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულიწმიდით ელისაბედი. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა?" (ლუკ. 1:41-43), - ამ მიმართვით წმინდა ელისაბედმა წმინდა მარიამი უფლის დედად, სხვაგვარად რომ ვთქვათ, "ღვთისმშობლად" მოიხსენია.
როგორც ჩანს, ტერმინი "ღვთისმშობელი" თავდაპირველად ალექსანდრიის სკოლაში დამკვიდრდა. ბიზანტიელი ისტორიკოსი სოკრატე სქოლასტიკოსი თავისი "ეკლესიის ისტორიის" მეშვიდე წიგნში ტერმინის გაჩენას ორიგენეს სახელთან აკავშირებს და მიუთითებს, რომ ეს სიტყვა პირველად რომაელთა მიმართ ეპისტოლეს ორიგენესეულ კომენტარებშია ნახსენები, რომელმაც, საუბედუროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია. დღემდე შემორჩენილ წყაროთა შორის უძველესია პავლე სამასადელის (III საუკუნე) მიმართ მიწერილი წმინდა დიონისე ალექსანდრიელის ხელმძღვანელობით მოწვეული ალექსანდრიელი ეპისკოპოსების კრების მასალები, სადაც ნათქვამია, რომ იესო ქრისტე განკაცდა და იშვა წმინდა ღვთისმშობელი ქალწული მარიამისგან.
თუ თავად ტერმინი "ღვთისმშობელი" მესამე საუკუნეზე უფრო ადრეულ წყაროებში არ გვხვდება, იესო ქრისტეს სასწაულებრივი განკაცების შესახებ წმინდა მახარებლებთან ერთად მოციქული პავლეც მოგვითხრობს. ეპისტოლეში გალატელთა მიმართ ვკითხულობთ: "როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს" (გალ. 4:4). ეს სიტყვები ნათლად მეტყველებენ, რომ რადგან ღმერთმა თავისი ძე მოავლინა, ქალი, რომლისგანაც იგი იშვა, ღვთისმშობელია. ცოტა მოგვიანებით, I-II საუკუნეების მიჯნაზე, წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი ეფესელთა მიმართ გაგზავნილი წერილის მეთვრამეტე თავში წერს: "ჩვენი უფალი იესო ქრისტე მარიამში ღმერთის ნებით დავითის შთამომავლად სულიწმინდით ჩაისახა".
როგორც ცნობილია, ეს საკითხები განხილულ იქნა 431 წელს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ნესტორის მწვალებლური მოძღვრების წინააღმდეგ მოწვეულ მესამე მსოფლიო კრებაზე, რომელიც წმინდა მარიამს ღვთისმშობლად (თეოტოკოს) არ მიიჩნევდა და მას ან ადამიანისმშობლად (ანთროპოტოკოს), ან ქრისტესმშობლად (ქრისტოტოკოს) იხსენიებდა. მესამე მსოფლიო კრების მუშაობის შედეგად, წმინდა კირილე ალექსანდრიელმა შეადგინა აღმსარებლობის საბოლოო, შეთანხმებული დასკვნა, რაც პრაქტიკულად მესამე მსოფლიო კრების ოროსს წარმოადგენდა, სადაც ვკითხულობთ: "შესაბამისად მიღწეული შეთანხმებისა მაცხოვარში ორი ბუნების შეურევნელი ერთიანობის შესახებ, წმინდა ქალწულს ვაღიარებთ ღვთისმშობლად, და ეს იმის გამო, რომ მასში განხორციელდა და განკაცდა ღმერთი ლოგოსი, და მან უფალმა მისგან იღვაწა ტაძარი თვისი".
ისმის კითხვა: რა იყო მიზეზი ამ ტერმინისადმი ასეთი დიდი ყურადღებისა და პრინციპული დამოკიდებულებისა? საქმე ის არის, რომ მარიამის ღვთისმშობლობის უარყოფა, მკაცრი დოგმატური პრინციპებიდან გამომდინარე, ღვთის განკაცების უარყოფის ტოლფასი იქნებოდა, რაც ქრისტიანობას, თავისთავად, ნესტორიანობად გადააქცევდა. თუ უარს ვამბობთ მარიამ ქალწულის ღვთისმშობლობაზე, მაშინ განკაცებისა და მარიამისგან შობის სუბიექტი ღმერთი სიტყვა კი არა, ვინმე მისგან განსხვავებული, ცალკეული, თვითჰიპოსტასირებული ადამიანი ხდება, რომელიც თავისი არსებობით აბრკოლებს და შლის ღვთის განკაცებისა და "იესო ქრისტეში ორთა ბუნებათა განუყოფელად, განუყრელად, შეურევნელად და უქცეველად შეერთებას".
3. ღვთისმშობლის პოროვნებასთან დაკავშირებული რამდენიმე სიმბოლო
ღვთისმშობლის თაყვანისცემის ამსახველი პირველი სურათები წარმოდგენილია რომის კატაკომბებში, სადაც ქრისტიანები დევნას აფარებდნენ თავს. აქ შემორჩენილ მეორე საუკუნის გამოსახულებებში ნათლად მოჩანს, როგორ აღესრულებოდა ტრადიციული ღვთისმსახურება. კატაკომბებშია ნაპოვნი მარიამ ღვთისმშობლის პირველი ფრესკები ("ბალაამ ბეყორის ძე ღვთისმშობლის წინაშე", "ღვთისმშობელი და ახალშობილი ძე ღვთისა", "მოგვთა თაყვანისცემა" და სხვა). ამ ფრესკებსა და სხვა გამოსახულებებს ჯერ კიდევ ანტიკური ელფერი დაჰკრავს. ასკეტური ელემენტები მათში ნაკლებადაა წარმოდგენილი. აქ აქცენტირებულია მშობლის მფარველობითი და დედობრივი ძალა. გამოსახულებაში ყურადღებას იქცევს მეტყველი თვალები. ამ გამოსახულებებიდან ჩანს, რომ ღვთისმშობლის თაყვანისცემას ჯერ ჩამოყალიბებული, საბოლოო და კანონიკური სახე არ მიუღია. ღვთისმშობლის ერთ-ერთ მეტაფიზიკურ სიმბოლოდ იაკობის კიბე წარმოგვიდგება. წმინდა წერილში ვკითხულობთ, რომ იაკობს "ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე. აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზეც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია. შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივრცობა დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ; შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა" (დაბ. 28:12-14). და მართლაც, ღვთისმშობლისა და მისი ძის წყალობით ადამიანისთვის ცა აღარ არის მიუწვდომელი.
სხვა სიმბოლოა "მაყვალი შეუწველი". გამოსვლის წიგნში ვკითხულობთ: "მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს, ცხვარს. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს. გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი. თქვა მოსემ: მივალ და ვნახავ ამ დიდებულ სანახავს, რატომ არ იწვის მაყვლოვანი. დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა ღმერთმა შუაგული მაყვლოვანიდან: მოსე! მოსე! მიუგო: აქა ვარ. უთხრა: ახლოს ნუ მოხვალ! გაიძრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა. უთხრა: მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა. თქვა უფალმა: ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი. რაკი გავიგე მისი გასაჭირი, ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში" (გამ. 3:1-8).
ნეტარი იერონიმე წერს: "ქალწულისგან ის უნდა შობილიყო, ვინც უდაბნოში შეუწველი მაყვლიდან მოსეს ესაუბრა". ეს აზრი მრავალგზის გვხვდება საეკლესიო საგალობლებში.
საკმაოდ ძლიერ ცეცხლში იყო გახვეული მაყვლის ბუჩქი, - წერს წმინდა კირილე ალექსანდრიელი, - მაგრამ ცეცხლის გრძელი ენები მაყვლოვანს არ აზიანებდა. რაც ხდებოდა, ადამიანის გონებისთვის მართლაც მიუწვდომელი და ძნელად წარმოსადგენია. ბუჩქი მთლიანად ცეცხლშია გახვეული და თავისი თბილი შეხებით ცეცხლი მას მხოლოდ ათბობს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ცეცხლმა თავისი ჭეშმარიტი ბუნება და ძალა მიივიწყა, "რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთამნთქმელი ცეცხლი" (ებრ. 12:29) და მართლაც, როგორც ბალახი ვერ უძლებს ცეცხლთან შეხებას და ნადგურდება, ისე ღმერთია ადამიანისთვის მიუწვდომელი. დაწერილია: "ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება" (ფსალმ. 102:15). თუმცა ეს იყო ძე კაცისას - ქრისტეს შობამდე: "რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება" (კოლ. 2:9) და ის არის "მპყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი" (1 ტიმ. 6:16). ანუ იმისათვის, რომ კაცთათვის მისაღწევი გამხდარიყო, ღმერთმა დააშთო საკუთარი ძალოვანება და უსაზღვრო თვინიერებით ქალწულის ტაძარში დამკვიდრდა. და რაც ღმერთთან შეხების გამო თავისი ადამიანური ბუნებით (ანუ ღვთისმშობლის სხეული) არარად უნდა ქცეულიყო, მან წახდენას არ დაუქვემდებარა; სწორედ ამ უდიდესი მადლით მოსილი მოვლენის პირველხატია "მაყვალი შეუწველი". ეს ამბავი გასაგებს ხდის ქალწულისგან შობილი მაცხოვრის სიტყვებს: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემ მიერ" (იოან. 14:6). ამრიგად, ცეცხლმა ლმობიერება გამოიჩინა და სუსტი მცენარე იმის გამო არ დაიწვა, რათა ცნობილი გამხდარიყო, რომ ადამიანისთვის ღმერთი მიუწვდომელი არ არის და ეს ნათლად მოჩანს ჩვენი მაცხოვრის განკაცების საიდუმლოში. იესო ქრისტეს მობრძანების შემდეგ ყოველ ჩვენგანში ღვთის სიტყვის მარცვალი შემოვიდა. ამისათვის ღმერთს არც ცოდვისთვის დასჯა, არც კანონის მიხედვით განკითხვა და არც გაკიცხვა არ მოუთხოვია. სიტყვამ ჩვენში ნათელი შემოიტანა, დავარგდა, ფრთხილად მოიზარდა და მომწიფდა: "რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ", - ბრძანებს უფალი. და როგორც ცეცხლმოდებული მაყვლოვანი არ იწვოდა, ისე ჩვენ არ ვისჯებით ჩვენი ცოდვების გამო და ცეცხლოვანი ძალა სულიწმინდისა ჩვენში სიმშვიდით სუფევს, რადგან მონობის სული როდი მიგვიღია, რომ კვლავ გვეშინოდეს, არამედ ძეობის სული მივიღეთ, რომლითაც ვღაღადებთ: "აბბა, მამაო!" (რომ. 8:15), - ბრძანებს წმინდა პავლე მოციქული.