დიდება შენდა, ღვთისმშობელო, სულიწმინდისეულ ნიჭთა სავანეო, ქვეყიერებისთვის მომადლებულო საგანძურო, მოუაზრებელო სიხარულო ქრისტიანეთაო!
დიდება შენდა, მიმადლებულო, იოაკიმ და ანას მხცოვანების ღვთის მადლით განმნედლებელო, მათ კეთილთესლთაგან სასწაულებრივად აღმომორჩებულო. "აჰა, ბერწი, დახშული მართალი ანას საშოდან ქვეყნიერებას მოევლინა მტრედი სიცოცხლისა, ყოვლადკურთხეული ქალწული მარიამი, რჩეული ჭურჭელი ღვთისა, რომელმაც თავის წიაღში დაიტია მხსნელი სოფლისა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც იხსნა კაცობრიობა ცოდვათა თვისთაგან. მედღესასწაულე ეკლესია ადიდებს და ღირსებით აღამაღლებს სიცოცხლის მტერდს, ღვთის დედას, და ნეტარს უწოდებს მას, რამეთუ იგია წინასწარმაუწყებელი ცოდვით წარღვნილი კაცობრიობის სასჯელისგან გამოხსნისა". გიხაროდენ, ყვავილო კეთილსუნნელოვანო, რამეთუ შენგან აღმობრწყინდა ვარსკვლავი სიცოცხლისა, ნათელი ქვეყნიერებისა! გიგალობთ შენ, წიაღო მადლისაო, რომელმან იტვირთე მტვირთველი ყოველთა ცოდვისაო! ნეტარ ხარ შენ, დედაო მაღლისაო, რომელმან გვიშევ წყარო ყოვლისა ნეტარებისაო! გნატრით შენ, ბეთლემო, არა ქვათაგან, არამედ სიწმინდით ნაშენო, რომელშიც სათნო იჩინა დამკვიდრება წმინდამყოფელმა ჩვენმა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, რამეთუ სისხლთაგან შენთა ნასაზრდოებმა სულიერი საზრდელ-სასმელი მოგვმადლა ყველას!
წმინდა ქალწული სიმაღლეა მშვენიერებისა, წყაროა სიცოცხლისა, რამეთუ მისგან სვა სიცოცხლის წყალი ყოველმა სულიერმა. იგია დასაბამის მიმცემი დაუსაბამოისა, განახლება ევასი და მშობელი ადამის მადლში მშობელისა. გიხაროდენ, იაკობის ხილვის აღსრულებაო, კიბეო ზეციურო, რამეთუ დაბადებულნი შენ მიერ დამბადებელსა თანა იხილვიან! დიდება შენდა, ცეცხლოვანო მაყვალო მოსესო, რომელმან საღვთო განგებულებისამებრ მოგვივლინე განმლეველი მონობისა, განმაქარვებელი ეშმაკისეული მომაკვდინებელი ცეცხლისა!
ღვთის სულიერ ქმნილებათაგან ერთადერთი ღვთისმშობელია, რომელშიც ასე სრულად და სისავსით თავმოყრილია სათნოებათა მთელი საუნჯე. იგია მყუდროება სულისა, ნათელი გონებისა, მომნიჭებელი მშვიდობისა, გვირგვინი უბიწოებისა, მფარველი დემონთაგან, დამხსნელი შიშთაგან და მანუგეშებელი საფრთხეთაგან. ნეტარ ხარ შენ, სძალო ზეციურისა სიძისაო, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩვენი წინაშე ძისა შენისა და ღვთისა ჩვენისა! ბეჭედო სიმართლისაო, ტაკუკო მირონისაო, ანგელოზთაგან გაკვირვებულო და ქერუბიმთა და სერაფიმთაგან მიუწვდომელო. "აღმომავალო უდაბნოდ, ვითარცა რტო, კუამლო საკუმეველისაო, ღვთის სადიდებლად ნაკმევო, გუნდრუკო მღვდელსმახურებისაო, ვენახო მადლმოსილო, ცხოვრების მტევნის მომსხმელო". მოწამეთაგან აღსრულებულო, მართალთა სიმდიდრეო, სიხარულად გარდამაქცეველო მწუხარებათა ჩვენთაო.
დედა აღმატებულად საყვარელია შვილებისთვის ხორციელთა შორის; სამოციქულო ეკლესიაც ერთი და შეუდარებლად ძვირფასია მართლმადიდებელთათვის. შვილებზე განრისხებულ მამასთან დედაა შუამდგომელი შესარიგებლად; ასევე ღმერთს დაშორებულ ადამიანთათვის ღვთისმშობელია მარადის მეოხი და შემრიგებელი.
ყოვლადწმინდა მარიამი ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა კაცობრიობისთვის. უფალმა თავის სიყვარულში სრულყო იგი, მოიხსენა და დაიფარა მიწიერი, მებრძოლი ეკლესია მისით, "წმინდა ქმნილი ოთხივ ქარისგან შემოკრიბა სასუფეველში, რომელიც მასვე განუმზადა". მისი წმინდა საშო ღვთის საყდრად იქნა მომზადებული, მუცელი კი ცაზე უვრცესია, რადგან ხილული ცა და სამყარო აღარ იარსებებს, ხოლო მაცხოვრის სიცოცხლის სიტყვები, რომლებიც იშვა და აღმოითქვა მისგან, იღაღადებენ უკუნისამდე, რამეთუ ერთია, რომელშიც არს ყოველი მადლი, სიცოცხლე და ჭეშარიტება და რომლისგან დასაბამი მიეცა ყოველ ქმნილს - მამა, ძე და სულიწმინდა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი