* იოანე მოსხს მოუთხრობდა დიონისე ასკალონელი ეპისკოპოსი: იყო ერთი ბერი იოანე მძოვარი, რომელსაც იერუსალიმიდან მოშორებით ჰქონდა კელია.
ამ ღირს მამას წმინდა ადგილების მოლოცვა უყვარდა და მოივლიდა ხოლმე ასურეთს, სელევკიას, ეფესოს... წასვლის წინ გაამზადებდა ღვთისმშობლის ხატის წინ კანდელს და ეტყოდა უფლის დედას: "დიდი ხნით შორ გზაზე წავალ შეწევნითა შენითა, დამიცავი მე და თვითონ იზრუნე შენი კანდელისთვის. ისე ჰქენი, როცა შენი მონა დაბრუნდება, ჩამქრალი არ დახვდესო". ხან ორი-სამი თვის, ხანაც ნახევარი წლის მერე ბრუნდებოდა და კელიაში ღვთისმშობლის კანდელი ყოველთვის ანთებული ხვდებოდა.
* საგულისხმოა ერთი ამბავი, რომელიც იოანე მოსხს მოუთხრო საბაწმინდელმა მთავარმა მღვდელმა ამბა სტეფანემ: აღარ მინდოდა ჩემს მონასტერში ზიარება, რამეთუ მორწმუნესა და დიდებულს უწოდებდნენ მეფე კონსტანტინე ურჯულოს, ღვიძლი ძმის მკვლელს, რომელმაც განდევნა სამართალი და მრავალი ბოროტება ჩაიდინა. უძლურების გამო მონასტრიდან გასვლა არ შემეძლო. მამასახლისმა ბრძანა, ჩემთვის არც პური მოეცათ და არც სხვა სახმარი. ამ განსაცდელზე მეტად ის მაწუხებდა, რომ უზიარებელი ვრჩებოდი.
ერთხელ, ძილში ვიხილე, ვითომ ეკლესიაში, წმინდა მოწამეთა საფალვების წინ ვიდექი და ტირილით ვლოცულობდი. ამ დროს მოვიდა თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ტირილის მიზეზი მკითხა; შევჩივლე, უზიარებელი ვრჩები-მეთქი. გამიღიმა - მოიტანე შენი კოლოფებიო. გავიქეცი და მოვიტანე კოლოფები (სანაწილეები), მან გამივსო ისინი (უფლის ხორცით) და მითხრა: "წაიღე და ნუღარაფერს იჯავრებ, იცოდე, ამით ნურავის აზიარებ, ვინც მის (კონსტანტინეს) სახელს ახსენებს, ვინც მათთან ეზიაროს, ეშმაკთან ეზიარებაო". გამეღვიძა გახარებულს. კოლოფები სავსე დამხვდა უფლის წმინდა ნაწილებით. ისინი ისეთი სპეტაკი იყო, ჩემს სიცოცხლეში მსგავსი არასოდეს მინახავს. მისით ვეზიარებოდით მე და ჩემი მოწაფე ამბა ბასილი, რამეთუ ისიც მოხუცებული იყო.
* მამა გაბრიელი (ზირინიანოვი, +1915) თავიდან ოპტის უდაბნოში კარგა ხანს იყო მორჩილად, მაგრამ ერიდან (ერისკაცული მოვალეობიდან) განთავისუფლების ნებართვა ჯერ არ მიეღო. ეს აწუხებდა. ერთხელ ძილში ხედავს, თითქოს მოაბრძანებს (საეკლესიო) ბაირაღს, რომელზეც ღვთისმშობლის უცნობი ხატია გამოსახული. ამ ხატიდან კი ხმა მოესმა: "მადლობდე და ლოცულობდე ჩემდამი, რამეთუ მე შენი შემწე ვარ". გაბრიელი გულშემუსვრილი ეამბორა ღვთისმშობლის სახეს და გაიღვიძა. იმავე საღამოს მისმა მეგობარმა, მამა ნიკანდრომ მას წმინდა სერგის ლავრიდან ჩერნიგოვის ღვთისმშობლის ხატი მოუტანა - სწორედ ის, გაბრიელმა სიზმარში რომ ნახა. მეორე დღეს სახელმწიფო პალატიდან თავისი განთავისუფლების (ერისკაცული მოვალეობებიდან) ნებაც მიიღო.
* 1821 წლის ბერძენთა აჯანყების პერიოდში თურქი ჯარისკაცებით აივსო ათონის სავანეები. მონასტრებს მათი შენახვა და უზარმაზარი გადასახადების გადახდა დაეკისრათ. დაცარიელდა ივერთა სავანე, იქ მხოლოდ რამდენიმე ბერი დარჩა. თურქები ღამღამობით ხედავდნენ ქალს ყრმით ხელში და იფიქრეს, ამათ აქ ქალებიც ჰყავთ გადამალულიო. დაიჭირეს მონასტრის დარაჯი მამა გრიგოლი და წამების ფასად იქ ქალის ნახვას სთხოვდნენ. ნაცემმა მამა გრიგოლმა თურქები კარიბჭის ღვთისმშობლის ხატთან მიიყვანა და უთხრა, "ეს არისო". შეშინებული ჯარისკაცები მიმოიფანტნენ.
* ათონური გადმოცემა მოგვითხრობს: ერთხელ მღვდელმა, რომელსაც ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში ყოველდღიური წირვა-ლოცვის და პარაკლისის გადახდა ჰქონდა დავალებული (იგი უეჭველად მღვდელმონაზონი ბენედიქტე ქიოტიშვილი იქნებოდა, თურქებმა ივერონის მონასტერში წირვა-ლოცვის ნება მხოლოდ მას დართეს), თვალი მოჰკრა შავოსან ქალბატონს - ცოცხით გვიდა მონასტრის ეზოს. მღვდელი გაქვავდა. ბოლოს მხნეობა მოიკრიბა და ჰკითხა: - რას აკეთებო. უცნობმა უპასუხა: - მოვიდა დრო, რომ გავწმინდო იგი, რადგან ამდენი წელი არავის დაუგვიაო.
მამა პაისი ათონელი ამგვარად ჰყვება ამ ამბავს: თვითონ ღვთისმშობელმა გამოართვა ცოცხი ეზოში მომუშავე ბერს - კარგად დაგვა არ შეგძლებია, მომეცი ცოცხი, თვითონ გამოვწმენდო.
ამ ამბავს თომას კვირაში ღამისთევის ლოცვით იხსენებენ.
* ღვთისმშობლის ეს ხატი იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა ტრაპიზონში ყოფნისას დიონისეს მონასტრის დამფუძნებელს, წმინდა დიონისეს გადასცა. 1592 წელს კი ხატი მეკობრეებმა მოიტაცეს. თვითონ ღვთისმშობელი გამოეცხადა მეკობრეთა მეთაურს და უთხრა: "ბოროტო კაცო, საპყრობილეში რატომ ჩამსვი? წამიყვანე ჩემს სახლშიო". მეკობრე ვერ მიხვდა ამ სიტყვების მნიშვნელობას და გზა განაგრძო. უეცრად ზღვა აბობოქრდა, მეკობრე მიხვდა სიზმრის შინაარსს, გაიქცა სკივრისკენ, სადაც ღვთისმშობლის ხატი ედო. სკივრი დალეწილი დახვდა, ხატი კი მთლიანად მირონით იყო დასველებული. მეკობრემ ხატი ხელში აიღო თუ არა, ქარიშხალი ჩადგა. ხატი უკან მიაბრძანეს. ამ ამბავმა ისე იმოქმედა, რომ მეკობრეებმა მონაზვნად აღკვეცა მოინდომეს.
* წმინდა ანას სკიტის მაღლა, წმინდა პანტელეიმონის კალივაში ცხოვრობდა მამა გერონტი. იმ ადგილებში წყალი არ იშოვებოდა და მამა გერონტის მორჩილი მუდმივად დრტვინავდა. ღირსმა გერონტიმ ილოცა და ღვთისმშობელს შესთხოვა, კლდიდან ცოტაოდენი დასალევი წყალი გამოედინა. უფლის დედამ, რა თქმა უნდა, შეისმინა მისი ლოცვა და კელიის ახლოს, კლდიდან წყარომ გამოხეთქა. ეს წყალი წმინდა იყო. მოგვიანებით მორჩილმა ფერდობის გასწორება და ბაღის გაშენება მოინდომა. აიღო წერაქვი და იმ ნაპრალის გაფართოება დაიწყო, საიდანაც წყალი მოედინებოდა. იფიქრა, მეტი წყალი წამოვა და ბაღს მოვრწყავო. ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: "რადგან ბაღი გჭირდება, ამიერიდან წყალი ქვემოდან ამოიტანეო". მას შემდეგ წმინდა წყალმა ქვემოთ ჩაინაცვლა.
* თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესიის სიახლოვეს მდებარე აღდგომის სახელობის ტაძარში დასვენებულია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "შენ ხარ ვენახი". ეს ახალშექმნილი ხატი (1996წ.) კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ უფლის დედა მუდამ ჩვენთანაა.
წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძრის წინამძღვართან, მამა არჩილთან, ერთი შეწუხებული მორწმუნე მივიდა, მისთვის რომელიღაც მოძღვარს "შენ ხარ ვენახის" ხატის ასლის კურთხევაზე უარი უთქვამს. "დიდად განვიცადე, - ჰყვება მამა არჩილი, - ორიგინალის წინაშე ღვთისმშობელ მარიამს შევევედრე, რაიმე დამაფიქრებელი მაგალითი მიეცა ამ მოძღვრისთვის". რამდენიმე დღის შემდეგ ტაძარში ორი აღელვებული ქალბატონი (მათ შორის ერთი იმ მოძღვრის სულიერი შვილი აღმოჩნდა) მივიდა და მოძღვარს "შენ ხარ ვენახის" ხატთან პარაკლისის გადახდა სთხოვა. მათ ნათესავს ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, ექიმები უარს ეუბნებოდნენ - ასაკოვანია და ვერ გადარჩებაო. ნათესავებმა ხელწერილით დაადასტურეს ოპერაციაზე თანხმობა. ოპერაცია მეორე დღეს იყო დაგეგმილი. მოძღვარმა პარაკლისი გადაუხადა და თან ღვთისმშობლის ხატთან ანთებული კანდელის ზეთი გაატანა, რათა ავადმყოფისთვის ოპერაციამდე ეცხოთ. მოძღვარმა ქალებს "შენ ხარ ვენახის" ლამინირებული ფოტოასლიც გაატანა.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - ტვინის სიმსივნიანი ნაწილი ავადმყოფს ამოჰკვეთეს. როცა ნაოპერაციევი გონს მოვიდა, თავთან დასვენებული "შენ ხარ ვენახის" ხატი ხელში აიღო და ცრემლიანი თვალებით ეამბორებოდა, გულში იკრავდა. სამი დღე ასე გაგრძელდა. ნათესავებმა ვერ შეძლეს ხელიდან გამოერთმიათ ხატი. სამი დღის შემდეგ, როცა მეტყველების უნარი დაუბრუნდა, დაეკითხნენ, რად არ გვანებებ ხატსო. მაშინ მან მოუთხრო, თუ როგორ ჩაიყვანეს ჯოჯოხეთში, რა იხილა იქ, როგორ იტანჯებოდნენ ცოდვილნი: მრუში, კაცისმკვლელი და ა.შ. კი მაგრამ, ხატს რატომ არ გვანებებდიო, - ჩაეკითხნენ ნათესავები. ამან ამომიყვანა ჯოჯოხეთიდანო, - მიუთითა ხატზე ჯოჯოხეთიდან დახსნილმა. საგულისხმოა, რომ ეს ქალბატონი მანამდე არ იყო ეკლესიური, არ იცოდა, რომ არსებობდა ასეთი ხატი და არც უნახავს. ოპერაციიდან
ერთი თვის თავზე ეს ქალბატონი თვითონ ეწვია მამა არჩილს, მოუთხრო, რაც თავს გადახდა და მადლობა შესწირა ღვთისმშობელს. მომხდარის შესახებ ეკლესიურმა ნათესავმა თავის მოძღვარს მოუთხრო... "მოგვიანებით ამ მოძღვარმა თავად გამოგზავნა თავისი ერთ-ერთი სულიერი შვილი, რათა ხატთან უშვილოთა შემწეობის პარაკლისი გადამეხადაო", - ბრძანებს მამა არჩილი.
* ბოლოს კი თითქმის ჩვენი თანამედროვე მამის, იოსებ ათონელის (მღვიმელის) ცხოვრებიდან გვსურს ერთი ეპიზოდი შემოგთავაზოთ. მამა იოსები 1959 წლის 28 აგვისტოს, მარიამობას გარდაიცვალა.
მამა იოსებს უკურნებელი სენი სჭირდა (სიცოცხლის ბოლოს) და სულიერი შვილები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. იგი წინააღმდეგი იყო, ღვთისმშობლის წილხვედრი ათონის მთა დაეტოვებინა, თუნდაც მცირე ხნით, სამკურნალოდ.
ქოშინი ტანჯავდა. ერთხელ მის სულიერ შვილს მამა იოსებს (ვათოპედელს) ესმა, რომ თავის მყუდრო კელიაში მამა იოსები ვიღაცას ესაუბრება. მამა იოსები ამბის გასარკვევად შიგნით შევიდა. მან ხომ იცოდა, რომ ამ დროს მოძღვართან არავინ არ უნდა ყოფილიყო. რას ხედავს: მამა იოსებს ჩაუკრავს გულში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ეამბორება მას და ესაუბრება: "დედოფალო, დედოფალო ჩემო, ნუ დამიტევებ. მე ვეამბორები შენს ხატს, შენ ხომ თვითონ იყავი ალერსიანი ჩემდამი!" "ჩვენს დედოფალს ესაუბრები, მამაო? - ჰკითხა მამა იოსებმა (მცირემ) და შეევედრა, - მომიყევი, გევედრები, რას ნიშნავს შენი სიტყვები?"
მამა იოსებ მღვიმელმა შემდეგი რამ მოჰყვა:
"ოდესღაც, ჩემი განსაცდელებისას ღვთისმშობელმა დიდად მანუგეშა ამ ხატით. ამას ახლა ვიხსენებ და ვლოცულობ ღვთისმშობლისადმი. წმინდა ანას მცირე სკიტში, როცა თქვენ (სულიერი შვილები) არ იყავით ჩვენთან (მამა იოსებთან და მის თანამოსაგრე, სულიერ ძმა არსენასთან ერთად), რაღაც მომენტში გამიძლიერდა განსაცდელები და მწუხარება და ღვთისმშობელი იყო ჩემი ერთადერთი ნუგეშისმცემელი. წავედი ჩვენს პატარა საყდარში, კანკელთან მივედი, სადაც მისი ხატი ბრძანდებოდა. ვლოცულობდი და შეწევნას ვევედრებოდი. მე ხომ თვით ღვთისმშობელი დამპირდა, რომ მისი იმედი მქონოდა. როცა განსაცდელებისას აშკარად ქრება მადლის სიახლოვის შეგრძნება, შფოთი იზრდება. ადამიანი განსაკუთრებით შიშით ლოცულობს. "ისწრაფვე შეწევნად ჩვენდა, რამეთუ მოწყალე ხარ და ძალგიძს შეწევნა, უკუეთუ ინებებ, - ვღაღადებდი, - ვის ვთხოვო შეწევნა, თუ არა შენ, სულთა და ხორცთა მკურნალო?" გულგაფაქიზებული, აცრემლებული ვიდექი სწორედ ამ ხატთან. უეცრად, ადრინდელივით, ღვთისმშობლის სიახლოვე ვიგრძენი. იმ საყდარში სივიწროვე იყო. კანკელიდან სტასიდიამდე, სადაც ვიდექი, ერთი მეტრიც კი არ იქნებოდა. უეცრად დავინახე, რომ ღვთისმშობლის ხატი გაბრწყინდა და ამასთან ერთად ადამიანის სხეულის ბუნებრივი ზომები მიიღო. იგი უკვე ხატი კი არა, თვით ღვთისმშობელი დედოფალი იყო, ცოცხალი, მზესავით მბრწყინავი, როგორც ყოველთვის, თავის სახეში შეაერთებდა დედობისა და ქალწულობის ნაკვთებს. მე კი, მდაბალი, მას ვუცქერდი, რამდენადაც ნებას მაძლევდა ჩემი მომაკვდავი ბუნება და კეთილმოკრძალებულად თავი დავხარე, მეტი ცქერა აღარ შემეძლო, რამეთუ მისი ყოვლადწმინდა ყრმა, ჩვენი უტკბესი იესო, მის მკლავებში მზეზე უმეტესად ბრწყინავდა. მისადმი უმნიშვნელო სიყვარულით ავსებულმა სრულიად დავივიწყე საკუთარი თავი და მხოლოდ ვკვირობდი. მაშინ გავიგონე ღვთისმშობლის კეთილსურნელოვანი და თაფლზე უტკბესი ხმა: "განა არ გითხარი, რომ ჩემი იმედი გქონდეს? სასოს რატომ წარიკვეთ? აიყვანე ხელში და მიირქვი ქრისტე!" და მან გამოიწოდა თავისი ნეტარნი ხელნი ისე, რომ უწმინდესი ყრმა იმდენად მომიახლოვდა, შემეძლო ხელში ამეყვანა! გაოცებული ვერც გავინძერი. მაშინ ყოვლადნეტარმა იესომ გამოიწოდა პაწია ხელნი და სამჯერ მომითათუნა სახესა და თავზე! სული ჩემი უზომო სიყვარულითა და სინათლით აივსო, ისე, რომ ფეხზე დგომის თავიც არ მქონდა. დავეცი ძირს, ვქვითინებდი, იმ ადგილის ამბორს ვცდილობდი, სადაც ყოველთა დედოფალი იდგა, რამეთუ ის ისევ თავის ხატზე განმარტოვდა, მე კი ნუგეში და კეთილსურნელება დამიტოვა. ადგილი, სადაც ის იდგა, დიდხანს კეთილსურნელებდა და მუდმივად მახსენებდა ნეტარ აღთქმას! აი, რას ვიგონებ ახლა, ვარწმუნებ ღვთისმშობელს, რომ არ დამვიწყებია მისი აღთქმა, რაც დღეს სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ წამიყვანოს ამ ცხოვრებიდან თავისი საყვარელი ძის სასუფეველში".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი