სწორედ ღვთისმშობელს უნდა ვთხოვოთ შუამდგომლობა უფალთან
დიდი მარხვის მეხუთე კვირის შაბათს დაუჯდომლის შაბათი ეწოდება.
ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სადიდებელ-საგალობელი ანუ ღვთისმშობლის დაუჯდომელი. დაუჯდომელი ლოცვის შესრულების დროს მღვდელმსახურები და მრევლი არ უნდა დასხდნენ, არამედ ფეხზე უნდა იდგნენ ან დაიჩოქონ.საეკლესიო სწავლების თანახმად, დედა ღვთისმშობელმა VII-VIII საუკუნეებში სამგზის გადაარჩინა კონსტანტინოპოლი მტერთაგან განადგურებას. გასაკვირი არცაა, რომ მადლიერების გამოსახატავად პირველი დაუჯდომელი ლოცვა ბერძნულ ენაზე შეიქმნა და ღვთისმშობელს მიეძღვნა. გადმოცემით, დაახლოებით დიდი მარხვის მეხუთე კვირის შაბათს უხსნია პირველად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ბიზანტიის დედაქალაქი. სწორედ ამიტომ ღვთისმშობლის დაუჯდომელი ლოცვა ამ დღეს ყოველწლიურად იკითხება ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი წაკითხვა სხვა დროს არ შეიძლება. როგორც სასულიერო, ისე საერო პირებს შეუძლიათ (და კარგიც იქნება), ხშირად ილოცონ ღვთისმშობლის დაუჯდომელი.
სწორედ ღვთისმშობელს უნდა ვთხოვოთ შუამდგომლობა უფალთან, რათა შეგვეწიოს და მეოხ გვექმნეს. მარიამ ქალწული მადლითა და ღმერთთან სიახლოვით აღემატება ყველა ქმნილ არსებას; ამიტომ მიაჩნია ეკლესიას უპატიოსნესად ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესად სერაფიმთა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრება საუკეთესო მაგალითია ყველასთვის, განსაკუთრებით კი ქრისტიანი ქალებისთვის.
ქალწულებს იგი გამოუთქმელი სულიერი და ხორციელი სიწმინდის მაგალითს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ქალწული მარიამი ყოველი ღირსებითა და მშვენიერებით იყო სავსე, საოცარი თავმდაბლობითა და სიმშვიდით გამოირჩეოდა. ამიტომ ქალწულებმა, ღვთისგან ბოძებული ხორციელი თუ სულიერი მშვენიერებით რომ ქედმაღლობენ, უნდა იფიქრონ, ვინ შეიძლება იყოს უმშვენიერესი და უდიდესი მარიამისა, რომელიც ამასთან საოცრად თავმდაბალი და მშვიდი იყო.
დედებიც ხშირად უნდა დაფიქრდნენ, როგორი დედა იყო ყოვლადწმინდა მარიამი. მაცხოვრის შობის შემდეგ მას თავი აღარ ახსოვდა, თავისი ძის ცხოვრებით ცხოვრობდა. ამავე დროს, თუ გვსურს, შევიტყოთ, როგორი მინდობილება და სასოება უნდა გვქონდეს ღმრთის განგებულებისა, გოლგოთის მთაზე ავაზაკებს შორის ჯვარზე გაკრული იესო და მის წინაშე მდგომი ღვთისმშობელი წარმოვიდგინოთ. რას იგრძნობდა დედა, რომლისთვისაც შვილი ყველაფერი იყო? მაგრამ მან ყოველივე დაითმინა, რადგან ჰქონდა რწმენა და სჯეროდა ღვთის განგებულებისა. ჭირი და უბედურება ჩვენც სულგრძელად უნდა დავითმინოთ...
ღვთისმშობლის დაუჯდომელი ლოცვა ასე იწყება: "ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ, ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ, სძალო უსძლოო". ამ სიტყვებში გადმოცემულია მთელი დაუჯდომლის მოკლე შინაარსი.
ღვთისმშობლის დაუჯდომელში ხშირად მეორდება სიტყვა "გიხაროდენ". აღსანიშნავია, რომ პირველად ეს სიტყვა წმინდა წერილში მაშინ გვხვდება, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და მიმართა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა!" რა სანუკვარი სიტყვებია: "გიხაროდენ, მიმადლებულო" - გიხაროდენ, მადლმოსილო, უფალი შენთანა. ეს საოცარი სიტყვები აღგვიძრავს სურვილს, ჩვენც მადლმოსილნი გავხდეთ, ხოლო თუ ადამიანი მადლმოსილია, თუ გაუღებს გულის კარს მადლს, მუდამ გახარებული იქნება.
როგორც ყველა ლოცვას, დაუჯდომელსაც დიდი ძალა აქვს და გულმოდგინედ მლოცველნი სათხოვრის კეთილად აღსრულებას მივიღებთ.
..........................
ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
როგორც ყველა ლოცვას, "დაუჯდომელსაც" დიდი ძალა აქვს