ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ პოეზიაში. უძველესი დროიდან ყოვლადწმინდას უგალობდნენ ჰიმნოგრაფთა თაობები:
იოანე მინჩხი, მიქაელ მოდრეკილი, დავით აღმაშენებელი, დემეტრე-დამიანე, თამარი... მას მიმართავდნენ როგორც სასოებას და იმედს, როგორც შუამავალს ადამიანსა და მაცხოვარს შორის. ღვთისმშობელი დასახულია "ქალწულთა შვენიერებად", "ცად სულიერად", "ზღუდედ და ნავსაყუდელად ყოველთა ქრისტიანეთა", "კაცთა დაბნელებული ბუნების განმაახლებლად", "ადამის ასულად", "კიბედ აღმყვანებელად კაცთა ზეცათა სასუფეველსა".
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს განადიდებდნენ საერო პოეზიაშიც. შეწევნას ევედრებოდნენ პირადი, ეროვნული თუ ზოგადადამიანური ტკივილის და ცოდვა-მადლის დამტევი და მატარებელი ქართველი პოეტები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გალაკტიონ ტაბიძე, ნიკო სამადაშვილი... ჩვენი დროის პოეტთა შორის ეს თემა განსაკუთრებით ბესიკ ხარანაულის პოეზიაში აქცენტირდება და "ახალი დროების" სათქმელსა და სათხოვარს იტევს. ლექსი "სირცხვილის შემდეგ" ღვთისმშობლისადმი აღსარებაა, რომელიც გაჯერებულია ცოდვისა და დანაშაულის განცდით, "შიშველ ნერვებად რომ თრთის" ბესიკ ხარანაულის პოეზიაში. შინაგანი ქვეყნიერების საყრდენისა და დედაბოძისადმი სწრაფვა ასეა გამოთქმული:
დედა გვაკლია ყველას, დედა,
ეს კი არა, ნაოჭასხმული,
ის - დიდი დედა -
ქუთუთოებქვეშ შემნახავი ჩვენი სირცხვილის".
საიდან იღებს დასაბამს ქართულ მწერლობაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განდიდების ტრადიცია და როგორ გრძელდება ახალ დროში?
გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, ქალბატონი ლელა ხაჩიძე, რომელმაც არაერთი საინტერესო პუბლიკაცია და ნაშრომი მიუძღვნა ამ საკითხის კვლევას.
- იმ უმთავრეს სიწმინდეთა შორის, რომლებისკენაც მიპყრობილი იყო ჩვენს წინაპართა მზერა, ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ეს მოხდა ძალიან სწრაფად, ქვეყნის გაქრისტიანებისთანავე. ამის უმთავრეს მიზეზად უნდა მივიჩნიოთ გადმოცემა ღვთისმშობლის წილხვედრად საქართველოს მიჩნევის შესახებ, რამაც ჩვენი ქვეყანა სამუდამოდ, განსაკუთრებული ნდობით, იმედითა და სიყვარულით დაუკავშირა ყოვლადწმინდას. ამავე დროს, ეს იყო დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატება გასდევს ქართულ ხელოვნებას, ფრესკას, საგალობელს, ტოპონიმიკას - საერთოდ ქართულ ცნობიერებას.
- "ქალის კულტი" ოდითგანვე არსებობდა საქართველოში, რომელიც ღვთისმშობელსა და წმინდა ნინოს უკავშირდება...
- რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად საქართველოს მიჩნევამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქალის როლი, როგორც ამბობენ, "ქალის კულტი" საქართველოში. ღვთის ნებით, საქართველოს საბოლოო (სახელმწიფოებრივ დონეზე) გაქრისტიანება დაუკავშირდა კვლავ ქალის - წმინდა ნინოს სახეს, რომელსაც გრიგოლ რობაქიძე ასე მიმართავს: "დაო და დედაო, ღვთისმშობლის დობილო". უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქალის განსაკუთრებულ როლს ვარაუდობენ ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ საქართველოში. პროფესორ რევაზ სირაძის თვალსაზრისით, წარმართობის დროინდელ საქართველოში არსებობდა "დედა-უფლის" კულტი, რომელსაც ეტიმოლოგიურად უკავშირდება სიტყვა "დედუფალი" ("დედოფალი").
ღვთისმშობლის მადლი ფარავდა და წარმართავდა დიდი თამარის მოღვაწეობას, ქეთევან დედოფლის მოწამებრივ ცხოვრებას...
- როგორ გამოიკვეთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე სასულიერო მწერლობაში?
- ღვთისმშობელი ერთ-ერთი წამყვანი თემაა საერთოდ ქრისტიანულ მწერლობაში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ღვთისმშობელი მეოხი, შუამდგომელია ცოდვით დამძიმებულ ადამიანსა და მაცხოვარს შორის.
"ქალწულო, ბრალეულთა
თავსმდებო, რომელმან სიტყუაი
განაზრქე ხორცითა და კარვითა მიწისაითა,
სიზრქე
უსასოებისაი
განმძარცუე, რათა
მონანული შეგივრდე შენ!"
ასე მიმართავს მას წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი. საგულისხმოა, რომ საეკლესიო პოეზიაში - ჰიმნოგრაფიაში, რომელიც უამრავ საგალობელს მოიცავს, ასეთი წესია დადგენილი - მცირე ფორმის საგალობელი ან ჰიმნოგრაფიული კანონის ყოველი გალობა მთავრდება ყოვლადწმინდისადმი მიძღვნილი ტროპარით, რომელსაც "ღვთისმშობლისა" ეწოდება.
"არაი უხილავს მზესა
ქალწული დედაი თვინიერ შენსა,
არცა ჩემოდენ ბრალეულსა - ნათელი მისი,
გარნა მე შენითა
ოხითა, დედოფალო,
ვესავ ხილვად ნათელსა
ძისა შენისასა
და ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა!"
ამ სიტყვებით მთავრდება დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი".
მრავალი საგალობელი მიემართება უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ჰიმნოგრაფიული ტრადიცია მათაც "ღვთისმშობლისანს" უწოდებს. განსაკუთრებული ძალითაა ასახული ღვთისმშობლის სახე მისი მიძინებისადმი მიძღვნილ საგალობლებში. ეს დღესასწაული - მარიამობა, რომელიც ასე ახლობელია ქართველი კაცისთვის, თითქოს აერთიანებს წუთისოფელსა და ზესთასოფელს, სააქაოსა და სასუფეველს. ამ დღისადმი მიძღვნილი შესანიშნავი საგალობელი - ვრცელი ჰიმნოგრაფიული კანონი ეკუთვნის X საუკუნის დიდ ქართველ ჰიმნოგრაფს იოანე მინჩხს. საგალობელი ასე იწყება:
"ნათელო ბუნებითო,
მოეც სინათლე
გონებასა ჩემსა დაბნელებულსა,
რაითა ღირსად აღმოვთქუა ქებაი
დედუფლისაი
უაღრეს ბუნებათა და განვნათლდეთ ყოველნი
შემოკრებულნი ესე ქებად დღესასწაულსა ამას".
იოანე მინჩხი მისთვის დამახასიათებელი თეოლოგიური სიღრმითა და დიდი ლირიზმით გვიჩვენებს ამ დღესასწაულის "ორმაგ" ბუნებას - მწუხარებისა და სიხარულის ერთიანობას:
"დედაო მხსნელისაო,
მონანი შენნი
მგლოვიარე ვართ მიცვალებასა შენსა,
რამეთუ
დღეს განგუეშორები შენ ჩვენგან და
კუალად მიხარის, რამეთუ მიხუალ სუფევად
ძისა შენისა თანა სასოი და მეოხი ჩუენი!"
ქართულ "ღმრთისმშობლისანებს" შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე-დამიანეს საგალობელს:
"შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სურნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინვებული".
"შენ ხარ ვენახი" სრულყოფილი ნიმუშია ტექსტის და მუსიკის "ზეობისა".
ქართველი ჰიმნოგრაფები ღვთისმშობელს მიმართავდნენ როგორც სასოებას და იმედს. ამავე დროს, ჰიმნოგრაფიაში შეიქმნა მისი განსხვავებული სახეც - ჯვარცმასთან მდგომი სასოწარკვეთილი დედისა, რომლის გოდება სულის სიღრმემდე აღწევს. ამ ტრადიციის სათავე ქართულ მწერლობაში უკავშირდება დიდი ქართველი მეცნიერისა და მოღვაწის წმინდა ეფრემ მცირის სახელს, რომელმაც ქართულ ენაზე შესანიშნავად თარგმნა ცნობილი ბიზანტიელი ჰიმნოგრაფის - თეოფანე გრაპტოსის (IXს.) "გალობანი გოდებისათვის ღვთისმშობელისა". ესაა გულისშემძვრელი ადამიანური გლოვა, რომლის გულგრილად წაკითხვა შეუძლებელია. ჩვენ ეს თარგმანი გამოვავლინეთ პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ ქართულ ხელნაწერში და საგანგებო გამოკვლევა მივუძღვენით. როგორც გაირკვა, წმინდა ეფრემ მცირის ეს თარგმანი წარმოადგენს დავით გურამიშვილის პოეტური შედევრის - "ტირილი ღვთისმშობლისას" და სულხან-საბა ორბელიანის ერთ-ერთი ქადაგების ("სწავლა ქრისტეს ვნებისათვის და გლოვისათვის სულისა") წყაროს. უნიკალურია ღვთისმშობლის სახე, რომელსაც ქმნიან დავით გურამიშვილი და სულხან-საბა ორბელიანი. ესაა მარტო დარჩენილი სასოწარკვეთილი დედა, რომელიც კვლავ გამოჩნდება ვახტანგ VI-ის ლექსში: "ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა".
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მრავალი ქართველი მწერლისთვისაც იქცა შთაგონების წყაროდ...
- ესაა ამოუწურავი თემა. რა თქმა უნდა, დროის შესაბამისად იცვლებოდა ფორმა, ჟანრი, სტილი.
"დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია...
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულ ხალხსა;
საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!"
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ ილია მართლის ბაგით აღვლენილი ქართველი ხალხის ამ ლოცვით მთავრდება ილიას მონუმენტური პოემა - "აჩრდილი". ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ასახულია მის სხვა მრავალ ნაწარმოებშიც.
ღვთისმშობელია სიყვარულისა და სასოების მიზეზი აკაკი წერეთლის შემოქმედებაშიც. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, გაგვერკვია, რომ აკაკის ლექსებთან მიწერილი "ჩემს სათაყვანოს" სწორედ ქართველთა "საკუთარ" მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გულისხმობს. ჯვარცმასთან მდგომი ღვთისმშობლის განცდებს აკაკი ასე აგვიწერს:
"შენც იქვე ახლოს, მორწმუნეთ რიცხვში,
გხედავ სიწმინდით მოსხივცისკარეს!
ქრისტეს სამსჭვალით თვით გამსჭვალული,
მსხვერპლად ცოდვილთა ცრემლებს ჰღვრი მწარეს".
ღვთისმშობლის ტანჯვასთან ზიარებას აკაკი სულიერი ამაღლების ძალად აღიქვამს:
"ყოველი წვეთი შენი ცრემლების
ციურ მანანად გულს მეწვეთება
და სასოებით სარწმუნოება
მეც მიდიდდება... მიორკეცდება".
- ღვთისმშობლის სახე ახალ დროშიც თან სდევს ქართველ მწერალთა შემოქმედებას...
- "დედაო ღვთისავ! მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე".
ეს უკვე გალაკტიონის მიერ ადამიანურ განცდათა ზღვარზე შექმნილი პოეტური შედევრია. აქ ღვთისმშობლის სახეს ის ტრაგიზმი ახლავს, რომლითაც სავსეა მისი ცხოვრება და შემოქმედება. ღვთისმშობლის სახე გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში ცალკე კვლევას მოითხოვს და იგი პოეტის სულის უღრმეს შრეებამდე მისვლის ერთ-ერთი გზა შეიძლება აღმოჩნდეს.
ვფიქრობთ, საქართველოში ღვთისმშობლის კულტის ერთ-ერთი მშვენიერი გამოვლინებაა გიორგი ლეონიძის ნოველა "ღვინჯუა". ალბათ ყველას გახსოვთ, როგორ ბრუნდება ქარბუქსა და ყინვაში შინ წასული ღვინჯუა უკან, რადგან დაავიწყდა უმთავრესი - ყოვლადწმინდის სადღეგრძელო. ერეკლე მეფეს ეს სადღეგრძელო მოუსმენია ერთი ნინოწმინდელი გლეხის ოჯახში და ამ ფაქტს პირველად წერილობით ადასტურებს ალექსანდრე ორბელიანი. ეს უკვე ცნობიერების სხვა, მაგრამ არანაკლებ საინტერესო დონეა.
საერთოდ, ამ თემაზე უსასრულოდ შეიძლება მსჯელობა. ამჯერად კი საუბარს დავამთავრებ გალაკტიონის საოცარი, შეიძლება ითქვას, "შემაჯამებელი" სტრიქონებით:
"და არ მშორდება ღვთისმშობლის მზერა -
სავსე ქართული პატიოსნებით".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი