თქმული, რომ ღმერთის გარდა არავინაა უცოდველი, თუნდაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დღე იცოცხლოს (შდრ. იობ. 14,4), იმათ როდი გულისხმობს, ვინც პიროვნულად სცოდავს; ერთი დღის ჩვილს როგორ შეუძლია შესცოდოს? ამ სწავლებით ჩვენი სარწმუნოების ის საიდუმლო გამოითქმის, რომლის თანახმად ადამიანური ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია. ღმერთს ადამიანი ცოდვილი არ შეუქმნია, მან იგი უმანკო და წმინდა შექმნა. მას შემდეგ, რაც პირველქმნილმა ადამმა ამპარტავნების გამო დაკარგა სიწმინდის ეს სამოსი და ხრწნადი და მოკვდავი იქმნა, ადამის თესლისაგან წარმოშობილი ყოველი ადამიანი ჩასახვისა და შობისთანავე პირველმშობელთა ცოდვის თანაზიარია. ვინც ამ გზით იშვა, თუნდაც არანაირი ცოდვა არ ჩაედინოს, უკვე ცოდვილია იმ პირველმშობელთა ცოდვით. ამ მიზეზით მოვიდა სხვა შობა ანუ აღორძინება, რომელიც სული წმინდის მიერ ააღორძინებს ადამიანს წმინდა ნათლისღებით, კვლავ აკავშირებს მას ღვთაებრივ ბუნებასთან, ისევე, როგორც მაშინ, როდესაც იგი ღვთის ხელებმა შექმნეს; აღადგენს მის ყველა სულიერ ძალას, განაახლებს მათ და იმ მდგომარეობაში მოიყვანს, რომელშიც იყო პირველქმნილი ადამის შეცოდებამდე. ამგვარად შეჰყავს იგი ღვთის სასუფეველში, რომელშიც უნათლავს არ შეუძლია შესვლა, განანათლებს უფლის ნათლით და მისეულ სიხარულს აგემებს.
"არამედ რაი-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული", - გვასწავლის მოციქული (2 კორ. 5,17). ქრისტიანი ნათლისღებით ხდება ახალი დაბადებული. ემბაზიდან გამოსული კაცი სულაც აღარ ჰგავს ემბაზში შესულს. როგორც ნათელი - ბნელის, როგორც სიცოცხლე - სიკვდილის, ისეთივე საპირისპიროა ნათელღებული უნათლავისა. უსჯულოებებში მუცლადღებული და ცოდვებში შობილი კაცი ნათლისღებამდე ცოდვის მთელ შხამს ატარებს მისგან გამოწვეული შედეგების მთელი სიმძიმით. იგი ღვთის რისხვის ქვეშ იმყოფება, ბუნებით მრისხანების შვილია; დაზიანებულია, მოშლილია შინაგანად, მოშლილია ნაწილთა და ძალთა ურთიერთდამოკიდებულებაც და ისინი უმეტესად ცოდვის გამრავლებისკენ არიან მიმართულნი, დამორჩილებულია სატანის ზემოქმედებას, რომელიც უნათლავში, მასში მყოფი ცოდვის მიზეზით, ძალაუფლებით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, იგი სიკვდილის შემდგომ გარდაუვალად ჯოჯოხეთის მოხარკეა, რომელშიც დაიტანჯება თავის თავადთან (ეშმაკთან) და მის მსახურებთან ერთად.
ნათლისღება ყველა ამ ბოროტებისგან გამოგვიხსნის. იგი წარხოცავს წყევლას ქრისტეს ჯვრის ძალით და გვიბრუნებს კურთხევას: ნათელღებულნი ღვთის შვილები არიან, როგორც თავად უფალმა უწოდა მათ. "ხოლო უკუეთუ შვილ, მკვიდრცა, მკვიდრ ღმრთისა თანა და თანა-მკვიდრ ქრისტესა" (რომ. 8,17).
ჩვენი გადარჩენისათვის იქცა რა ჭეშმარიტ ადამიანად, ქრისტე მაცხოვარმა ყველა ადამიანური ასაკი გაიარა, ჩვილი და სათუთი ყრმობიდან მოყოლებული მამაკაცის სრულ ასაკამდე. იგი სიმდაბლით დაემორჩილა ადამიანურ კანონებს და უდიდესი სიზუსტით ასრულებდა მოსეს სჯულს. ვერავინ, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - ვერ იტყვის ახლა იმას, რომ მან თითქოს იმიტომ შეცვალა ზოგიერთი წეს-ჩვეულება კანონისა, რომ არ შეეძლო მისი შესრულება; არა, მას არცერთი მცნება არ დაურღვევია. ებრაული კანონი 30 წლამდე არავის აძლევდა საღვთო მსახურებისა და ხალხის სწავლების უფლებას, ამიტომაც იესო მაცხოვარმა 30 წელი გაატარა იმ დროს სრულიად უცნობ პატარა ქალაქ ნაზარეთში, ხუროს მორჩილ საქმეებში და მისთვის განკუთვნილი დროის დადგომის მოლოდინში, რათა ქვეყნისათვის გაცხადებულიყო და კაცთა მოდგმის გადასარჩენად დაედო თავი. უფლის ნათლისღების სვინაქსარში ვკითხულობთ: "იესო ქრისტე მოინათლა ოცდაათი წლისა, იმ ასაკში, როცა ადამიანი ადვილად იხრება ნებისმიერი ცოდვისაკენ. წმინდა ოქროპირისა და თეოფილაქტეს თქმით, როგორც პირველ ასაკს - ყრმობას ახლავს უამრავი მოურიდებლობა და უგუნურება, მეორეს - სიჭაბუკისას ახასიათებს სხეულის ხორციელი გულისთქმებით აღგზნება; ხოლო ოცდაათწლიანი, სრული მამაკაცის ასაკისათვის დამახასიათებელია მომხვეჭელობის, ფუჭი დიდებისმოყვარების, მრისხანებისა და ყოველი ცოდვისადმი მიდრეკა. აი, ამ ასაკამდე გადადო უფალმა თავისი ნათლობა, რათა ყოველი ასაკის კანონი შეესრულებინა: რათა გაეწმინდა და გაენათლებინა მთელი ჩვენი ბუნება და მოეცა ძალა ვნებათა დასათრგუნად და სასიკვდილო ცოდვებისაგან დასაცავად". როდესაც შეუსრულდა ოცდაათი წელი, როცა წმინდა იოანე ნათლისმცემელმა თავისი ქადაგებებით იუდეველებს დაანახა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ქრისტე, მაშინ მოვიდა, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა ის, რომელსაც ასე დიდხანს ელოდა ხალხი, მესია, იესო გალილეით, ისეთი მხრიდან, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ წარმართებთან ერთად, ამიტომაც იუდეველები იქაურებს აგდებით უყურებდნენ, არ მოელოდნენ იქიდან ჩვეულებრივ წინასწარმეტყველსაც კი. მოვიდა იესო ნაკლებად ცნობილ და იუდეველთათვის არაფრით გამორჩეული ქალაქ ნაზარეთიდან, მოვიდა იორდანედ იოანესა, დიდი თავმდაბლობით, როგორც უბრალო ხის მუშაკი, როგორც ადამის ერთი მოკვდავი შვილი, ნათლისღებად მისგან.
***
უფალი მონებთან ერთად, მსაჯული ბრალეულებთან ერთად მიდის მოსანათლად.მაგრამ ნუ აღშფოთდები ამით: სწორედ ამ თავმდაბლობაში განსაკუთრებით ბრწყინვალებს მისი სიმაღლე. და რა უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ნათელი იღო და სხვებთან ერთად ეახლა თავის მონას იგი, ვინც ინება, ამდენი ხანი დაეყო ქალწულის წიაღში, დაბადებულიყო ჩვენი ბუნებით, მიეღო გვემა და ჯვარი და გადაეტანა ყველაფერი, რაც მან გადაიტანა? საოცარი ისაა, რომ მან, ღმერთმა, ადამიანად გახდომა მოიწადინა; ყოველივე დანარჩენი უკვე ამის შედეგი იყო. ამიტომაც წინდაწინ ამბობდა იოანე, რომ ღირსი არაა მისი ხამლის საკვრელი გახსნას (ლკ.3.16), ამბობდა აგრეთვე, რომ ქრისტე მსაჯულია, ვინც ყველას დამსახურებისამებრ მიჰკერძებს, და ყველას უშურველად მოჰფენს სულიწმინდას, რათა შენ ნათლისღებად მიმავალს რომ დაინახავ მას, არ მიიჩნიო მდაბლად და უმცირესად. აი, რატომაა, რომ იოანე ნათლისმცემელი მოსულ უფალს აკავებს და ეუბნება: მე მიხმს შენ მიერ ნათლისღება და შენ ჩემდა მოხვალა? (მათ.3.14). რადგან იოანესეული ნათლობა სინანულის ნათლობა იყო და მას ადამიანი ცოდვის გააზრებამდე მიჰყავდა, იმისთვის, რომ არავის ეფიქრა, თითქოს იესოც ამ განზრახვით მივიდა იორდანეზე, იოანე მას უწოდებს კრავს და ქვეყნიერების ცოდვების გამომსყიდველს. იგი, ვისაც შეეძლო მთელი კაცობრიობის ცოდვების გაქარწყლება, რასაკვირველია, თავად უცოდველი იყო, ამიტომ არა თქვა იოანემ: აჰა, უცოდველი! არამედ, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია: რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი. რათა ამით ირწმუნო, და რომ ირწმუნო, დაინახო, რომ იგი რაღაც სხვა მიზნით მოდის ნათლისღებად, ამიტომ ეუბნება იოანე მის წინაშე მოსულ ქრისტეს: - მე მიხმს შენ მიერ ნათლისღება და შენ ჩემდა მოხვალა?
მიუგო იესო და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შვენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაცხოვრის ამ პასუხში ჩანს ღვთის ძის დიდებულებაც და კაცთა ძის თავმდაბლობაც. "აცადე აწ" - მოიცილე თავიდან შენი ადამიანური წარმოდგენა; გააკეთე ის, რაც დავალებული გაქვს და მეც იმას შევასრულებ, რაც საჭიროა. ისწავლე, ისურვო ის, რაც მე მსურს, ზედმეტად ნუ ჩაღრმავდები იმის გამოცდაში, რისი გაკეთებაც მე მინდა. "აცადე აწ" - ნუ იქადაგებ ჯერ ჩემი ღვთაებრიობის შესახებ, ნუ ამცნობ ჩემს სამეფოზე; აცადე ეშმაკს, მე ისე მომეახლოს, როგორც მიდის უბრალო ადამიანთან; მიეცი მას საშუალება, რომ მე შემებრძოლოს, რათა მან თავისი კუთვნილი ჭრილობა მიიღოს. საიდუმლოა და დაფარულია ის, რასაც ახლა მე ვაკეთებ. "აცადე აწ" - ახლა ჩემი დიდების კი არა, დამდაბლების დროა. "რამეთუ ესრეთ შუენის" - რადგან ასე გვეკუთვნის ჩვენ "აღსრულებად ყოველი სიმართლე", კანონისა და ღვთის ნების შესრულება. პირველმა ადამმა არ შეასრულა ერთი მცნება და ამისათვის დაისაჯა მთელი მოდგმა კაცობრიობისა; მე, ახალმა ადამმა, არა მარტო უნდა შევასრულო ღვთის ყველა მცნება, არამედ ამ მცნებებთან შეთანხმებული ადამიანური კანონებიც, და ამით უნდა ვიხსნა კაცთა მოდგმა. "აცადე აწ": ყოველთვის ასე არ იქნება, იოანე, "შენ მე მიხილავ იმ მდგომარეობაშიც, რაშიც ეხლა გინდა რომ დამინახო", შენ ნახავ, როგორ შეიმუსრება ჩემგან უფლება სატანისა; შენ იხილავ, ზეცის, ქვეყნისა და ჯოჯოხეთის ძალნი როგორ მოიხრიან ჩემს წინაშე თავს - ყოველივე ამას შენ ნახავ, იქამდე გმართებს მოთმინება. ახლა კი მე შენგან უნდა მივიღო ნათლობა, ისე, როგორც ადრე მივიღე წინდაცვეთა. ღმერთმა, ჩემმა მამამ, გამოგგზავნა ხალხის მოსანათლად; რადგან მე ადამიანი გავხდი, ამიტომ მეც მეკუთვნის შენგან ნათლისღება. თუ მეზვერენი შენგან მონათვლით ადიდებენ უფალს, მეც ხომ მეკუთვნის იმავეს გაკეთება? ხოლო თუ არ ვიზამ ამას, მაშინ განა არ მივემსგავსები მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომელთაც არ მიიღეს რა შენგან ნათლობა, მოირიდეს ღვთის ნება იმათი ცხონებისა?.. "აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის" ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე, მე კანონმდებელი ვარ და შვილი კანონმდებლისა, ამიტომ მე უპირველესად თავად მევალება მცნებათა შესრულება, შემდეგ კი ყველგან გავაცხადებ ჩემს უფლებამოსილებას. მე ჯერ უნდა შევასრულო კანონი, და მხოლოდ ამის შემდეგ ვამცნო მადლი; მე უნდა დავასრულო ძველი აღთქმა, და შემდეგ ვიქადაგო ახალი, აღვბეჭდო იგი ადამიანთა გულებში, გავამაგრო იგი ჩემი სისხლით და დავბეჭდო ჩემი სულით; მე უნდა ჩავიდე ჯოჯოხეთის ქვესკნელში იქ მყოფი მიცვალებულების ამოსაყვანად; ჩემი სხეულის სამდღიანი სიკვდილით მე უნდა მოვკვეთო და გავანადგურო დიდი ხნის მეუფება სიკვდილისა; მე იქ უნდა ავიდე სხეულით, სადაც მარად ვიმყოფები, როგორც შეეფერება ღვთაებას; მე უნდა მივიყვანო მამასთან ადამი; მე ახლა უნდა მოვინათლო ამ ნათლობით, შემდეგ კი მივანიჭო ყველას ნათლობა ერთარსი სამებისა; ახლა დამასხი შენი მარჯვენა ხელი, ნათლისმცემელო, ჩამფალი იორდანეს წყალში მსგავსად ახალშობილისა, რომელიც სახვევებში ეხვევა; შეეხე ჩემს თავს, რომლის წინაშეც ძრწიან და ქედს ხრიან სერაფიმნი". და ნათლისმცემელი აღარ შეეწინააღმდეგა მეტად, აღსრულებულიყო სიმართლე ღვთაებრივი.
ასევე საყურადღებოა, რომ ბერძნულ ორიგინალში სიტყვა "სიმართლე" ამგვარად ჟღერს: "დიკაიოსუნე", რაც ქართულად ნიშნავს იმგვარ სიმართლეს, რასაც მოითხოვს რჯული და კანონი. ანუ ამ კონტექსტში სიტყვა სიმართლე ნიშნავს: აღვასრულოთ სჯულისკანონის ყველა მოთხოვნა. "მაგრამ განა სჯულში ეწერა, "რომ ქრისტე მოვიდოდა იორდანეში ნათლისღებისთვის? რა თქმა უნდა, არა. მაშ, რას გულისხმობს მაცხოვარი? გულისხმობს შემდეგს: სჯულის მიხედვით, თუ იუდეველები მას გულისხმიერად კითხულობენ, ყოველი ადამიანი, როდესაც გამოჩნდება ხმა მღაღადებლისა, ესაიასგან მოსწავებული უნდა მოვიდეს იორდანესთან და ნათელ იღოს იოანესგან. მაშ, იუდაური განბანის წესს შეენაცვლება იოანეს ნათლისცემა წყლითა სინანულად. ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი, რომლის შემდეგაც იესო ქრისტე მოციქულთა მიერ, ნათქვამია იოანეს სახარებაში (იოანე 3,22), ნათელს სცემს არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სულითა წმინდითა.
"მაშინ იოანე მიუშვა მას". იგი უდიდესი მოკრძალებით უყურებდა, იესო ქრისტე როგორ იხდიდა სამოსს, ყველა სხვა ცოდვილის მსგავსად, წინამორბედმა თვითონ შეიყვანა იესო წყალში, აკანკალებული ხელი შეახო მის თავს და მაშინვე იორდანეს წყალში შთაფლა. წარმოთქვა რაიმე სიტყვა ნათლისმცემელმა ამ დროს? ალბათ არა. რა სიტყვა უნდა მოეძია მას ღმერთის მოსანათლად? მაშინ არ იყო სიტყვის თქმის დრო, არამედ დრო მოწიწებისა და კრძალვისა: - უცოდველს არაფერი ჰქონდა სააღსარებო, ამიტომ, ნათელს-იღო იესო, და მეყვსეულად, მაშინვე აჩქარებით აღმოვიდა წყლისა მისგან, და აღაპყრო რა ზეცისკენ თვალნი, თავისი ზეციური მამისადმი, დაიწყო ლოცვა-ვედრება, რათა მას დაელოცა მისი მოღვაწეობა კაცთა მოდგმის საცხოვნებლად, რათა მისი განბანით სიწმინდე გავრცელებულიყო ცოდვილ მოდგმაში ადამიანებისა. აჰა, განეხუნეს ცანი: გარდამოხდა მისთვის, რათა ჩვენ გვიჩვენოს, რომ ნათლობა ყველას განუღებს ზეცას, ადამის მიერ დახშულს.
დავუშვათ, არსებობენ ადამიანები უძლურებათა გარეშე, დაბადებიდან ყოველგვარ ბიწიერებას განშორებულნი; თუმცაღა, წმინდა პავლე მოციქულის თანახმად, ეს შეუძლებელია: "ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა. ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა" (რომ. 3,23-24). ასეთები, თუნდაც რომ ყოფილიყვნენ, ყველანი ადამისაგან წარმოიშობიან, ყველა მცნების გარდასვლის ცოდვითაა შობილი; ამიტომ უფლის მსჯავრით სიკვდილი განეჩინათ და ქრისტეს გარეშე ვერ ცხონდებიან.
***
ადამიანებს იოანე უფრო დიდი ეგონათ, ცხადია, იქიდან გამომდინარე, რომ იცოდნენ, მთელი ცხოვრება უდაბნოში იყო და ტყის საჭმლით იკვებებოდა, იესო კი შინ იზრდებოდა. გარდა ამისა, იოანე ბერწმა ქალმა შვა, იესო კი ლამაზმა ყმაწვილმა ქალმა. რაკი ჯერ არავინ იცოდა განგებულების გამოუთქმელი საიდუმლოებანი, იესო იოანეზე მცირედ მიაჩნდათ. იმისთვის, რომ ეს თვალსაზრისი არ დამკვიდრებულიყო ხალხში, იესოს ნათლისღებისთანავე განიხვნება ზეცა და სულიწმინდა გარდმოვა და გაისმება ხმა, რომელიც იესოს წარმომავლობას მის მხოლოდშობილებას იუწყება - ესე არს ძე ჩემი საყვარელი.სული ღმრთისა გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. რატომ სწორედ ტრედის სახით? რადგან ტრედი ფრინველთა შორის ყველაზე სუფთაა, არაწმინდა ადგილას არასოდეს დაჯდება, უმანკო და უბოროტო ფრინველია. მაშ, ყოვლადწმინდა სამება გამოხატავს, რომ სული მამისა არის წმინდა და უმანკო. ასევე სიმბოლო მშვიდობისა, როგორც ნოეს მიუტანა მტრედმა ზეთისხილის რტო და ეს იყო ნიშანი მშვიდობისა, ასევე მაცხოვართანაც მტრედი არის სიმბოლო სიმშვიდისა. მშვიდობისა, რომელიც ქრისტე იესოს განკაცებამ, ნათლისღებამ და მკვდრეთით აღდგომამ უნდა მოუტანოს კაცობრიობას. მხოლოდ ამის შემდგომ, როცა აღსრულდა ყოველივე, ე.ი. სიმართლე რჯულისა და გარდამოხდა სულიწმინდა, გაისმა ხმა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.
აქ უკვე აშკარად განცხადდა სამების საიდუმლო, როდესაც ძე წყალში ინათლებოდა, სულიწმინდა გარდამოვიდა ტრედის სახით და მამა ღმერთის ხმა გაისმა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. მხოლოდშობილი ძე, ჩემგან საუკუნეებზე უწინ შობილი და დაუსაბამო! "რომლისაგანაც ყოველი შეიქმნა", ჩემი სწორი ძალაში, ხელმწიფებასა და დიდებაში! ეს არის ჩემი ძე, მასშია ყოველი ჩემი ნება-სურვილი, სისრულე მთელი ჩემი სახიერებისა, ვისგანაც ხალხზეც გადმოვა ჩემი სიყვარული! ასე დაამოწმა მამა ღმერთმა თავის მხოლოდშობილ ძეზე; ასე საზეიმოდ მან ეს გაუცხადა არა მარტო იოანეს, არამედ ყველას, ვინც იწამებს ქრისტეს, რომ ეს ნათელღებული იესო არის ჭეშმარიტი მესია, ქრისტე მაცხოვარი ქვეყნისა. და რომ არ ეფიქრათ, რომ ეს ხმა ეკუთვნოდა იოანეს, სულიწმინდა, თავისი გარდამოსვლით, თითქოს თითით ანიშნებდა, როგორც იოანეს, ისე იქ მყოფთ, რომ ეს სიტყვები იოანეს კი არა, იესო ქრისტეს ეკუთვნოდა. მაშინ, ალბათ იტყვიან: რაღატომ არ ირწმუნეს იუდეველებმა იესო ქრისტე? თავიანთი გულქვაობის გამო, - გვპასუხობს წმინდა ოქროპირი. მოსეს დროსაც ბევრი სასწაული მოხდა, მაგრამ ხალხმა, ხმების, საყვირებისა და ელვის შემდგომ ჩამოასხა ხბო; მათაც კი, რომლებიც ესწრებოდნენ ნათლისღებას, შემდგომში კი დაინახეს ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა, მაინც არ ირწმუნეს. თუკი ისინი, რომელთაც საკუთარი თვალით იხილეს მკვდრების აღდგომა, ისე იყვნენ გაბოროტებულნი, რა გასაკვირია, თუ მათ არ ირწმუნეს ხმა, რომელიც მოისმა ზეციდან? როცა სული იმყოფება უგრძნობლობაში, გახრწნილებასა და შურში, მაშინ იგი ვერ რწმუნდება ვერავითარ სასწაულში.
ამ დღიდან დაიწყო უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ადამიანთა გამოხსნისათვის მსახურების შესრულება; ამის შემდეგ იოანე ქადაგებდა არა მომავალ, არამედ მოსულ მესიაზე. ქრისტეს ნათლისღებამდე მისი დიდება, როგორც მხსნელისა, ხალხისათვის დაფარული იყო; ახლა, ნათლისღებისას კი იგი თითქოს საზეიმოდ დადგინდა წმინდა სულით თავისი ამქვეყნიური მსახურების შესასრულებლად, თითქოს მთელი ქვეყნიერების წინაშე ეცხო მირონი და გამოცხადდა მეფედ, მღვდელმთავრად და წინასწარმეტყველად, ამიტომაც იწოდება იგი ქრისტედ, რაც ცხებულს ნიშნავს.
***
"რომელმან არა ნათელ-იღოს, მას ცხორებაი არა აქუს, გარნა მარტვილთა ხოლო, რომელთა თვინიერ წყლისა ნათლისღებისა დაიპყრან სასუფეველი; რამეთუ, რაჟამს იხსნიდა ჯუარითა სოფელსა მაცხოვარი და გუერდსა უგმირეს, გამოხდა სისხლი და წყალი, რაითა რომელთამე ჟამსა მშვიდობისასა სულითა წმიდითა და წყლითა ნათელ-იღონ და რომელთამე კუალად ჟამსა დევნისასა თვისითა სისხლითა ნათელ-იღონ".