აკურთხებს მღვდელი ჩვეულებრივ წყალს და იგი უხრწნელი ხდება, ლოცულობს მღვდელი ლიტურგიისას და მისი ლოცვით ღმერთი ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს ხორცად და სისხლად გარდასახავს
ოდესღაც ადამიანები ყოვლისშემძლე ღმერთს პირისპირ ესაუბრებოდნენ და მუდმივად უფლის მადლთან იმყოფებოდნენ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.
დღეს ამ მადლთან თანაზიარობისათვის მხოლოდ საკუთარი ძალისხმევა არ არის საკმარისი, აუცილებელია მონაწილეობა საღვთო საიდუმლოებებში, მათი აღსრულება კი მხოლოდ სასულიერო პირების ძალაუფლებაშია. ისინი, ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათზე ის უხილავი მადლია გადასული, რომელიც მოციქულებს სულთმოფენობისას ცეცხლის ენების სახით ხილულად დაადგათ თავზე.იმის შესახებ, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რატომ უნდა მივაგებდეთ მათ ესოდენ დიდ პატივს, ან რამდენად მძიმეა მღვდლობის ჯვარი, გვესაუბრება თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე).
მღვდელი - ხატი ქრისტესი
- მამაო, რა არის მღვდლობის საიდუმლო, რატომ დაგვიდგინა უფალმა მღვდელმსახურები და რა ძალაუფლება მიანიჭა მათ?- მღვდლობა ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა ახალი აღთქმის ეკლესიაში. საერთოდ, როცა ეკლესიაში რაიმე მოვლენას საიდუმლოთი ვახასიათებთ, იგულისხმება, რომ გარეგნული მხარის მიღმა იხილვება გარკვეული მისტიკური საიდუმლო, რომელიც ჩვენთვის მიუწვდომელია. ეს ყველაფერი ეხება მღვდლობის საიდუმლოსაც. თუ გვექნება იმის პრეტენზია, რომ ბოლომდე ავხსნათ, რას ნიშნავს მღვდლობა, ჩვენი მცდელობა წინასწარვე იქნება განწირული.
მღვდელი - ეს არის ხატი ქრისტესი. ჩვენ პატივს მივაგებთ ფიცარზე დახატულ სახეს და ეს პატივისცემა აღიწევა პირველსახემდე - მაცხოვრამდე. შეურაცხყოფა ხატისა არის შეურაცხყოფა თავად ღვთისა, პატივისმიგება ხატისა არის პატივისმიგება ღვთისა, ხოლო მღვდელი გაცილებით აღემატება ფიცარზე საღებავებით დახატულ ხატს, რამეთუ იგი, შეიძლება ასე ითქვას, ცოცხალი ხატია ქრისტესი.
ჩნდება კითხვა - საერთოდ რა საჭიროა მღვდლობის ინსტიტუტი? საბჭოეთგამოვლილი ადამიანების ცნობილი გამოთქმაა - ეკლესია მწამს, მაგრამ მღვდელი არაო. ამის საპასუხოდ ნახევრად იუმორით ვამბობთ ხოლმე: ეს იგივეა, რომ მედიცინა გვწამდეს, მაგრამ ცოცხალი ექიმის დანახვა არ გვინდოდეს. ასეთი ადამიანები განიკითხავენ მღვდლობას. მაგრამ იციან კი, რას ნიშნავს მღვდლობის ინსტიტუტი? რატომ არსებობს, რა ფესვები აქვს მას, ან რად გვჭირდება?
ყველაფერი იქიდან უნდა დავიწყოთ, თუ რატომ განკაცდა ღმერთი, რატომ მოვიდა იგი ადამიანად:
სამყარო შექმნილია პიროვნული ღვთის მიერ, ე.ი. სამყაროს საწყისი არა უპიროვნო ძალა, არამედ პიროვნებაა. რწმენა კი ნიშნავს ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას, მაგრამ ადამიანის მაგალითზე ვიცით, რომ პიროვნება ადამიანური ბუნების გარეშე არ მოიაზრება და არც ადამიანურ ბუნებაზე დაიყვანება. ამიტომ, თუ ადამიანს ვერ ვხედავთ, ვერ ვხედავთ მის სულს, მის ხორცს, მასთან პიროვნულ ურთიერთობას ვერ დავამყარებთ. ე.ი. სანამ ადამიანს არ ექნებოდა საშუალება, ღმერთი თავისი ხორციელი თვალით დაენახა, თავისი ფსიქიკით ეგრძნო, ანუ სანამ ღმერთი მისთვის ხელშესახები არ გახდებოდა, იგი ვერ მოახერხებდა მასთან სრულყოფილ პიროვნულ ურთიერთობას, მისი რწმენაც ვერ იქნებოდა სრულყოფილი. მრავალთაგან ერთ-ერთი მიზეზი ღვთის ადამიანად მოსვლისა, განკაცებისა სწორედ ეს არის. ღმერთმა თავისი განკაცებით ანუ ადამიანად მოსვლით მოგვცა საშუალება, მასთან პიროვნული ურთიერთობა გვქონოდა.
ღმერთმა შეისხა ადამიანური ხორცი და სული, მაგრამ პიროვნულად ადამიანი იგი არასოდეს ყოფილა. ქრისტეს ხორცისა და სულის მიღმა იყო არაადამიანური, ღვთაებრივი პიროვნება. იგი მოვიდა ჩვენთან, მაგრამ დედამიწაზე ხილულად მხოლოდ სამწელიწად-ნახევარი იმოღვაწა, ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ ზეცად ამაღლდა. ნუთუ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობის საშუალება წაერთვა კაცობრიობას, ნუთუ მხოლოდ ეს სამწელიწად-ნახევარი, ისიც - ერთ მუჭა ადამიანებს, ჰქონდათ? რა თქმა უნდა, ასე არ არის, ეს უსამართლობა იქნებოდა.
მოციქულებისა და ქრისტეს უახლოესი მეგობრების მსგავსად, ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა რომ გვქონოდა, მან ეკლესია დააარსა. პავლე მოციქული ეკლესიას მისტიკურ სხეულს, ქრისტეს ცოცხალ ორგანიზმს უწოდებს. უფალი თავის მიერ დაარსებულ ეკლესიას უდიდეს ძალაუფლებას აძლევს, ჩვენ კი ეკლესიასთან ურთიერთობისას საკმაოდ სერიოზულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. უფალი მოციქულებსა და მათ მემკვიდრე სასულიერო პირებზე პირდაპირ ამბობს: თქვენს მიმართ დამოკიდებულებით განიზომება ჩემდამი დამოკიდებულება, ანუ როგორც თქვენ მოგექცევიან, ისე მომექცევიან მე. თქვენი მიმღები ჩემი მიმღებია, თქვენი უარმყოფელი - ჩემი უარმყოფელი. როდესაც სასულიერო პირთან გვაქვს ურთიერთობა, ამით ვამჟღავნებთ, როგორი ურთიერთობა გვექნებოდა ქრისტესთან, 2000 წლის წინ რომ დავბადებულიყავით.
ვიღაც იტყვის - სად ქრისტე და სად ჩვეულებრივი ადამიანიო, მაგრამ მათ შორის უდიდესი საერთოა, რადგანაც ქრისტესაც ზუსტად ისეთი ადამიანური ბუნება - ხორცი და სული ჰქონდა თავისი უძლურებებით, გარეგნობით, ანატომიით, ფიზიოლოგიით, როგორიც ჩვენ, გარდა ცოდვისა. მეორეც, მღვდელი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. ეს ცნობიერება დაკარგულია ჩვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, თავისი ინდივიდუალური თვისებებით, პიროვნული მიდრეკილებებით მღვდელიც ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ იგი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი. ცნობილია მაქსიმე აღმსარებლის ასეთი შედარება: ხმალი არის ცივი, ძლიერი, მტკიცე და მჭრელი, მაგრამ თუ მას ცეცხლში გავახურებთ, ჭრის გარდა, წვავს კიდეც. საოცარი რამ მოხდა: სიმხურვალემ შეიძინა ჭრის თვისება და ჭრამ კი სიმხურვალისა. ეს თვისებები თითქოს აირია ერთმანეთში, მაგრამ ხმალი ხმლად დარჩა, ცეცხლი - ცეცხლად. ასევეა ხელდასხმის შემდეგ - როცა მღვდელზე სულიწმიდის მადლი გადადის, იგი აღარ არის ჩვეულებრივი ადამიანი, იგი ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელი ხდება. სიტყვა მღვდელი სწორედ ამას ნიშნავს.
თავდაპირველად ღვთაებრივი ცეცხლი მოციქულებზე სულთმოფენობის ჟამს გარდამოვიდა, როცა ისინი აღივსნენ სულიწმიდის მადლით და ხალხს რომ დაენახა, სწორედ ამ კონკრეტულ ადამიანებზე იყო სულიწმიდის მადლი და არა ვიღაც სხვებზე, ამისთვის ღვთაებრივი ცეცხლი ხილულად, ცეცხლის ალების სახით დაადგათ თავზე. ალბათ ეს იმის მაგვარი ცეცხლი იყო, რომელიც ყოველწლიურად გადმოდის მაცხოვრის საფლავზე აღდგომის წინა შაბათს. ხალხმა დაინახა, რომ ეს ადამიანები გახდნენ ქრისტეს ეკლესია, ქრისტეს მემკვიდრეები. 12 მოციქული, რა თქმა უნდა, არ ეყოფოდა არც მაშინდელ კაცობრიობას და შემდგომში - მით უმეტეს. ამიტომ ისინი ღირსეულ მოწაფეებს გამოარჩევდნენ, თავზე ხელის ფიზიკური შეხებით გადასცემდნენ ღვთაებრივ ცეცხლს. საეკლესიო კანონიკის თანახმად, მღვდელმთავარს ორი ეპისკოპოსი მაინც უნდა ასხამდეს ხელს, ამას უნდა ესწრებოდეს მრევლი და ამბობდეს "აქსიოს" (ღირსია), ანუ ხელდასხმა ყველას თვალდასანახად უნდა ხდებოდეს, ფარული ხელდასხმა აკრძალულია ეკლესიაში. ყველასთვის საცნაური უნდა იყოს, რომ ეს ადამიანია მემკვიდრე უკვე კონკრეტული ეპისკოპოსებისა, რომლებიც ასევე ხელდასხმის უწყვეტი ჯაჭვის მეშვეობით მოციქულთა უშუალო მემკვიდრეებს წარმოადგენენ. სხვათა შორის, ის უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც დღემდე არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიაში, არ არის სექტებში. ისინი გვარისმყიდველ ადამიანებს ჰგვანან, რომელთაც, ასწლეულებიც რომ გავიდეს, სინამდვილეში, ნაყიდი გვარის სისხლთან არანაირი კავშირი არ ექნებათ.
აკურთხებს მღვდელი ჩვეულებრივ წყალს და იგი უხრწნელი ხდება, ლოცულობს მღვდელი ლიტურგიისას და მისი ლოცვით ღმერთი ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს ხორცად და სისხლად გარდასახავს. ეს შემაძრწუნებელი საიდუმლოა, მღვდელი ამ დროს შუამავალი ხდება ერსა და ღმერთს შორის, საკურთხეველში ერისათვის ლოცულობს, მისთვის გამოითხოვს წყალობას. წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისმგებლობაა თავად მღვდლისათვის. ეს არის შემაძრწუნებელი რეალობა, რომელსაც, პირველ რიგში თავად მღვდელი უნდა განიცდიდეს, უპირველესად თავად მღვდელს უნდა ეშინოდეს იმ მადლისა, რომელიც მასშია. თუ მღვდელს ამისი განცდა არ აქვს, იგი ვერ იქნება კარგი მღვდელი.
სხვაა მღვდლობა, სხვა - მოძღვრობა
- რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საბერძნეთში, მღვდელს გარკვეული წლების მანძილზე არა აქვს მოძღვრობის უფლება და მხოლოდ საიდუმლოებებს აღასრულებს?- ეს პრაქტიკა მართლაც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში და, ჩემი აზრით, ძალიან კარგია. დედამიწაზე არ არსებობს უფრო მეტი ძალაუფლება, ვიდრე სამღვდელო, რადგანაც მხოლოდ სამღვდელო ძალაუფლებას შეუძლია ადამიანს ცოდვები მიუტევოს. მაგრამ სხვაა მღვდლობა, სხვა - მოძღვრობა. ხელდასხმის შემთხვევაში ადამიანი ყოველთვის ხდება მღვდელი, მაგრამ შეიძლება ვერასოდეს გახდეს მოძღვარი. მოძღვრობა კიდევ სხვა რამეს გულისხმობს. სხვადასხვა ნიჭებისა და სათნოებების აღორძინებას ძალიან დიდი შრომა სჭირდება, როგორც ინტელექტუალური, ისე სულიერი. გარდა ამისა, სჭირდება გამოცდილება. თუ მღვდელი საკუთარ თავზე არ მუშაობს, იგი ვერ შეძლებს მოძღვრობას. გრიგოლ ღვთისმეტყველის წერილებში ბევრი საინტერესო წერია მღვდლობაზე. წმინდა მამა ამბობს, რომ უდიდესი მორჩილების სკოლა უნდა გაიაროს ადამიანმა, თავად უნდა იყოს ნათელი, რომ იგი სხვას მიანიჭოს, თავად უნდა იყოს მოძღვარი, რომ სხვაც დამოძღვროს, თავად უნდა იყოს ბრძენი, რომ სხვას გადასცეს სიბრძნე. თუ აქეთკენ არ მიისწრაფვის მღვდელი, იგი ვერასდროს შეასრულებს მასზე დაკისრებულ უდიდეს ფუნქციასა და მისიას. მით უმეტეს, ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც მოწამლულია ანტიეკლესიური ქადაგებებით, ფილმების, გაზეთების საშუალებით. კომუნისტური კულტურა გაჟღენთილი იყო ღვთისმგმობი წარმოდგენებითა და აზრებით. დღემდე ბევრში სიტყვა მღვდელი იწვევს ფილმების პერსონაჟების - ოხროხინესა და ენუქის ასოციაციას. ეს სამწუხარო ფაქტია, რაც ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში ძალიან ღრმადაა ჩაბეჭდილი. დღევანდელი მღვდელი იმიტომაც უნდა იყოს სახე ქრისტესი, რომ, არა თუ დიდი ხნის ნაცნობობის შემდეგ, არამედ პირველსავე დანახვაზე ადამიანს უარყოფითი შეხედულებები გაუქარწყლოს, ანუ იგი გარეგნულადაც მოწესრიგებული უნდა იყოს.
სამღვდელო ხარისხები
- ვიცით, რომ სხვადასხვა სამღვდელო ხარისხი არსებობს. როგორ არის გადანაწილებული უფლებები საეკლესიო იერარქიაში? - სამღვდელო ხარისხში სამი იერარქიაა: მღვდელმთავარი, ანუ ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი. სამივე სამღვდელო ხარისხია, მაგრამ დიაკონს არ შეუძლია ღვთისმსახურების აღსრულება, არ შეუძლია კურთხევის მიცემა, იგი, ძირითადად, ეპისკოპოსის დამხმარეა, ასევე მღვდლისაც, ღვთისმსახურების პროცესში. მას უკვე შეუძლია ტრაპეზს შეეხოს და ეზიაროს არა როგორც ერისკაცი, არამედ როგორც ღვთისმსახური. ესაა მღვდლობის პირველი, მოსამზადებელი საფეხური.
მღვდლისგან განსხვავებით, მღვდელმთავარი უშუალოდ მოციქულთა საყდარზე ზის. მღვდელს საიდუმლოებების აღსრულების უფლება აქვს ეპისკოპოსის კურთხევით და არა დამოუკიდებლად, არ შეუძლია ხელი დაასხას ანუ სამღვდელო მადლი სხვას გადასცეს, ეს მხოლოდ მღვდელმთავრის ძალაუფლებაშია.
თუ მღვდელი გამოვა მღვდელმთავრის მორჩილებიდან, მისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაშინ მის მსახურებას მადლი აღარ მოსდევს. აქ ვგულისხმობთ, როცა მღვდელმთავარი მართლმადიდებელია და თავისი მსოფლმხედველობით არ არის ეკლესიის მტერი. როცა მღვდელმთავარი მწვალებლობის ქადაგებას იწყებს და ეკლესიის წინააღმდეგ მიდის, მაშინ მღვდელს უკვე მართებს, მას აღარ დაემორჩილოს და სხვა მღვდელმთავარს მიმართოს. ამ შემთხვევის გარდა, მას არა აქვს უფლება, მღვდელმთავრის კურთხევის გარეშე იმოქმედოს.
- რა შემთხვევაში ხდება მღვდლის განკვეთა?
- ეს ყველაფერი დაწვრილებით არის გადმოცემული სჯულის კანონში - თუ მღვდელი გარკვეული სახის მომაკვდინებელ ცოდვებს ჩაიდენს, მას განკვეთა ემუქრება, რადგანაც სჯობს ადამიანი დაყენებული იქნეს მღვდელმსახურებისაგან, ვიდრე არაწმინდა ხელებით შეწიროს უსისხლო მსხვერპლი, ანუ წირვა დააყენოს.
- მამაო, რატომ არის, რომ ხელდასხმის შემდეგ მღვდელს აღარ შეუძლია დაქორწინება, ან რატომ აღარ ატარებს მღვდელი საქორწინო ბეჭედს?
- თუ დავაკვირდებით, სამღვდელო ხელდასხმისა და ჯვრისწერის საიდუმლოებების რაღაც ნაწილები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, საოცარი ისაა, რომ ჰგავს გარეგნული ფორმებითაც. ჯვრისწერისას წყვილი, მღვდლის მეშვეობით, ანალოღიაზე დაბრძანებულ მაცხოვრის ხატს უვლის გარშემო. მღვდლად კურთხევისას ასევე სამჯერ ხდება შემოვლა ტრაპეზის ირგვლივ. ამ დროს იგივე ლოცვები იკითხება, რაც ჯვრისწერისას, ანუ ხელდასხმისას მღვდელი საიდუმლოდ იწინდება ზეციურ სიძესთან - ქრისტესთან, ასევე ეკლესიასთან, ამიტომ აღარ უკეთია საქორწინო ბეჭედი.
რა თქმა უნდა, მღვდლობა მას პირადი ოჯახის პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს, მას მეუღლე და შვილები ჰყავს და კვლავაც რჩება მეუღლედ და შვილების მამად, მაგრამ თუ მოძღვარი დაქვრივდა ან ცოლი წავიდა მისგან, ან არ იყო მანამდე დაქორწინებული, მას აღარ აქვს დაქორწინების უფლება, რადგანაც ყოველი ადამიანი ან უკვე არის, ან პოტენციური შვილია მისი.
- რა პასუხისმგებლობა ეკისრება მღვდლის მეუღლეს?
- ხელდასხმის შემდეგ მღვდელი თვისობრივად ახალ საფეხურზე ადის და ადის თავის ოჯახთან - მეუღლესა და შვილებთან ერთად. ამიტომ მღვდლის მეუღლე ინაწილებს მოძღვრის ჯვარს. თუ მეუღლე თავის მოძღვარ მეუღლესთან ერთად არ აიღებს ამ ჯვარს, ეშმაკი დაამარცხებს, მისი საშუალებით ქმარსაც დაამარცხებს, დამარცხებული ქმარი კი ვეღარ იმღვდლებს. ამიტომ მღვდლის მეუღლეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. აღარას ვამბობ იმაზე, რომ მოძღვრის მეუღლე სახე უნდა იყოს ქრისტიანი დედაკაცისა. თუ მისი ქმარი ქრისტეს ბაძავს, თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უნდა მიბაძოს.
გარდა ამისა, მოძღვართან ხომ უმეტესობა ტკივილით მოდის, პრობლემა მოაქვს, მოძღვარი ძალიან მძიმდება. თითქოს სანაგვე ყუთია, მოდიან ადამიანები, ჩაყრიან ამ სანაგვეში ნაგავს, ეშმაკებსაც დაგიყრიან. უდიდესი ბედნიერებაა, თუ შინ მეუღლისაგან, შვილებისაგან სიმშვიდე და სიხარული გელოდება, როცა იცი, რომ მეუღლე მოღიმარი შეგხვდება, იცის, რომ დამძიმებული მიხვედი და სიყვარულს, სითბოს დაგახვედრებს, შვილები კარგ შვილობას გამოიჩენენ. ოჯახი მღვდლისათვის ერთგვარი ნავსაყუდელი უნდა იყოს.
- საერთოდ, რამდენად მძიმეა მოძღვრის ჯვარი?
- ერთ ადამიანს სურდა, სამღვდელო გზას შედგომოდა. მე შევესწარი, პატრიარქმა როგორ ჩამოუყალიბა მას, რა არის მოძღვრობა - უწმინდესი ჩაფიქრდა და შემდეგ სულ სამი სიტყვით განუმარტა: მოძღვრობა - ეს არის ცხოვრება სხვებისთვისო.
მოძღვრის ცხოვრებაში უამრავი განსაცდელია, ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანის, ზოგადად, ქრისტიანის ცხოვრებაში ყოველთვის არის განსაცდელები, მაგრამ მოძღვრის ცხოვრებაში ისინი განსაკუთრებულად გამძაფრებულია. მრავალი თავია მიძღვნილი სამოძღვრო ღვთისმეტყველებაში, თუ რა კონკრეტული განსაცდელები აქვს მოძღვარს ისეთი, რაც ერისკაცს არა აქვს და მოძღვარსაც არ ჰქონია ერისკაცობაში. შეიძლება ითქვას, მისთვის მოიცლიან ხოლმე დაცემული ანგელოზები, მაგრამ ეს კვლავ მის გამოსაწრთობადაა. ყველა მოძღვარი გოლგოთაზე ადის, მთავარია, მან შუა გზაზე არ თქვას უარი, რათა მოღალატე არ აღმოჩნდეს.
- რატომაა, რომ ყველაზე აღმატებულს - უფალს შენობით ვესაუბრებით, მოძღვარს კი თქვენობით მივმართავთ?
- უფალს არ შეიძლება თქვენობით ელაპარაკო, რადგანაც "თქვენობა" გარკვეულ გაუცხოებას ბადებს. უფალთან საუბარი ყველაზე ინტიმური, ყველაზე გულისხმიერი, ყველაზე ფაქიზი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში. შეუძლებელია, სხვის წინაშე მთელი გულით ილოცო. ამიტომ ამბობს უფალი, შენს საუნჯეში ჩაიკეტეო. რაც შენს გულში ხდება, გარეთ არც უნდა გამჟღავნდეს, საკმარისია, ამ დროს "თქვენ" თქვა და უკვე გაუცხოება ხდება.
რაც შეეხება მოძღვარს, სამწუხაროდ, მასთან ასეთი სიახლოვე არ არის, ადამიანური წინაღობები გვიშლის ხელს. თუ მას შენობით დაელაპარაკები, დაკარგავ კრძალვასა და რიდს. და რაკი ჩვენს ენაში მოკრძალებული მიმართვის ეს ფორმაა ("თქვენ") მიღებული, მოძღვარსაც ასე მივმართავთ. უფალთან ეს კრძალვის დაკარგვა არ გვემუქრება, ის ღმერთია, ყოვლისშემძლეა.
როგორი მორჩილებაა საჭირო სულიერი მოძღვრისადმი
- მოძღვართან ურთიერთობისას ყოველთვის ვერ ვზომავთ. არიან ადამიანები, რომლებიც ეურჩებიან სულიერ მამას, ზოგს კი, პირიქით, იგი გაღმერთებული ჰყავს და მისი სიტყვის გარეშე ნაბიჯს არ გადადგამს. როგორი მორჩილებაა საჭირო სულიერი მოძღვრისადმი ან, საერთოდ, რა საჭიროა მორჩილება?- ქრისტიანობა არ არსებობს მორჩილების გარეშე. ხშირად მორჩილება მცდარად არის გაგებული და მას უპირისპირებენ თავისუფლებას. ამის მიზეზია მორჩილების ვერ ან არგაგება. მორჩილება არის გზა თავისუფლებისაკენ. მოვიყვან რომის იმპერიის მაგალითს. როდესაც ღირსეული რომაელი მოქალაქის ოჯახში ჩნდებოდა ვაჟი, ბავშვი დაბადების მომენტიდან რომის თავისუფალი მოქალაქე იყო, მაგრამ ეს თავისუფალი მოქალაქე ოჯახში მამის აბსოლუტურ მორჩილებაში იზრდებოდა და ეს მორჩილება იყო გზა თავისუფლებისაკენ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის დაბადებისთანავე იწერებოდა საბუთი მისი რომის მოქალაქეობისა და აბსოლუტური თავისუფლებისა, რეალურად ის ჯერ არ იყო თავისუფალი, იგი გახლდათ მამის უსიტყვო მორჩილი, თავისუფლებას მორჩილების გზის გავლით სწავლობდა.
მორჩილებისას წინმდგომი ადამიანის გამოცდილებას სრულად ვიღებთ, მის გაკვალულ გზაზე მივდივართ და უფრო დიდ ასპარეზზე გავდივართ, იმ ასპარეზს კი თავისუფლება ჰქვია, მაგრამ ეს გზა რომ გავიაროთ, უნდა გავყვეთ მას.
მორჩილი საკუთარ ეგოიზმს, საკუთარ ვნებებს და, რაც მთავარია, საკუთარ სიამაყეს ამარცხებს, რომელიც ხელს უშლის თავისუფლებაში. მაგრამ ყველაფერში არსებობს ზომიერება, ქრისტიანობაში ესაა ოქროს შუალედი. ნებისმიერი გადახრა, მარცხნივ თუ მარჯვნივ, უკვე დარღვევაა. მოძღვრისადმი მორჩილება ასევე ოქროს შუალედში სავალი გზაა, რომელიც რთულია, მისგან ნებისმიერი გადახრა დამღუპველია. ეს გადახრებია სრული დაუმორჩილებლობა მოძღვრისადმი, როცა მოძღვარი მხოლოდ იმიტომ სჭირდებათ, რომ ცოდვები ჩამოუთვალონ. ასეთ ადამიანს შეიძლება არც ჰყავდეს მოძღვარი და ხან ერთთან მიდიოდეს, ხან მეორესთან, ხან მესამესთან. მოძღვარს იგი მარტოოდენ საიდუმლოს აღმსრულებლად იყენებს - რომ მან შენდობის ლოცვა წაუკითხოს, არა აქვს არანაირი სურვილი, მისი გამოცდილება გაიზიაროს, მისი დარიგება მიიღოს, ანუ თვითნებობს.
მეორე უკიდურესობაა, როცა ხდება მოძღვრისადმი სრული დამონება და მისი დაყენება, ჩანაცვლება ქრისტეს ადგილას. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში შეიძლება ზოგიერთი მოძღვარიც სცოდავდეს. მოძღვარმა ისე უნდა იმოძღვროს, რომ ქრისტესკენ მიმავალი გზა არ მოუჩრდილოს სულიერ შვილებს, იგი არის, პედაგოგი, მიმყვანებელი ქრისტესთან, იგი მხოლოდ ხატია და არა თავად ქრისტე. როგორც ფიცარზე დახატული ხატი არ შეიძლება ქრისტედ აღვიქვათ, მაგრამ ის საჭიროა, მისი საშუალებით ქრისტესთან ურთიერთობა შეგვიძლია, ასევეა მოძღვარიც. მოძღვარი ძალიან უნდა ფრთხილობდეს, არც თვითონ გადაამლაშოს და თუ სულიერ შვილს ამისკენ სწრაფვა აქვს, ისიც აუცილებლად დაამუხრუჭოს. სხვა შემთხვევაში იგი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს.
- შეიძლება თუ არა მღვდელი მღვდელმსახურების გარდა სხვა საქმიანობასაც ეწეოდეს?
- დღევანდელ სინამდვილეში მღვდელს იმდენი საქმე აქვს ტაძარში, შეიძლება ითქვას, თავის მოსაფხანი დრო არ რჩება. ვერ წარმომიდგენია, სხვა საქმე როგორ უნდა აკეთოს, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც არის. გამართლება ისაა, რომ მატერიალურად უჭირთ. ეს სამწუხარო რეალობაა, სამღვდელოების უდიდეს ნაწილს მართლაც უჭირს მატერიალურად. მხოლოდ გარეგნულად ჩანს სავსე ტაძრები, უამრავი მრევლი, მაგრამ სინამდვილეში მღვდლის შემოსავალი ძალიან მწირია. აქედან გამომდინარე, ზოგი მღვდელი სხვა საქმიანობასაც ეკიდება. თუ მეურნეობას ეწევა, მესაქონლეობას, ინტელექტუალურად შრომობს, ეს კიდევ შეიძლება, მაგრამ არის შრომის ისეთი სახეობები, რომლებიც შეიძლება დამამცირებელი აღმოჩნდეს მღვდლისათვის და მის სულში შფოთი და ქაოსი შეიტანოს. ყველა შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ მღვდელს საამისოდ დრო ნაკლები აქვს.
შესაწირავი
- ხშირად სხვადასხვა მსახურების შემდეგ ადამიანებმა არ იციან, როგორ შეწირონ მღვდელს...- ამისათვის სპეციალური ყუთები დგას ტაძარში. ზოგი ფიქრობს, რომ შესაწირავი ეკუთვნის ტაძარს და არა მღვდელს. ეს აბსურდია, ისეთივე, ვთქვათ, მედიცინისთვის გამოყოფილი თანხიდან ექიმი ხელფასს რომ არ იღებდეს. ეკლესია, უპირველესად, არის მღვდელი მასში არსებული მადლით და ის მრევლი, რომელიც მისგან სულიერად იკვებება. პავლე მოციქული ძალიან მარტივად ამბობს: ჩვენ გაძლევთ სულიერს და რა დიდი ამბავია, თქვენგან ხორციელი მივიღოთო. შეიძლება ასე ვთქვათ: ეკლესია, სასულიერო იერარქია, ვალდებულია, სულიერ შვილებს სულიერი საზრდო მიაწოდოს, ხოლო მრევლი მოვალეა, შეინახოს მოძღვარი და, რა თქმა უნდა, ტაძარი. ამისათვის ეკლესიაში არსებობს შესაწირავის ინსტიტუტი, ზოგიერთ ეკლესიაში (საბერძნეთი, რუსეთი, დასავლეთის ზოგიერთი ნომინაცია...) ხელფასებიც კი არსებობს, მაგრამ იქ მრევლი სავალდებულოდ თავისი შემოსავლის 10%-ს იხდის (აქაც რომ ასე იყოს, მღვდელს შემოსავალიც ექნება და მატერიალურადაც არანაირი პრობლემა არ შეექნება). ჩვენი ეკლესია არ ითხოვს ამას. ადამიანი ნებაყოფლობით წირავს, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით, რომ შესაწირავი უნდა იყოს სინდისისა და შესაძლებლობის მიხედვით. მღვდელი უანგარო უნდა იყოს, სხვისთვის ბოლომდე იხარჯებოდეს, არასოდეს იფიქროს იმაზე, შეწირავს თუ არა ეს ადამიანი, მაგრამ ამავე დროს, მრევლმა უნდა იფიქროს ტაძარზე, მასში მომუშავე ადამიანებზე, მღვდელზე, მესანთლეებზე, მთელი დღე ჭიანჭველებივით რომ ფუსფუსებენ ტაძარში.
- მამაო, ასეთი დატვირთული რეჟიმი, ძირითადად ფეხზე მდგომი მსახურება ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის. თქვენი თქმისა არ იყოს, მღვდელი ვერც ფეხბურთს ითამაშებს და ვერც აუზზე ივლის. მაშ, როგორ უნდა განიტვირთოს?
- შეიძლება შინ ველოტრენაჟორი ჰქონდეს ან ფიზიკურად იმუშაოს, მაგრამ გარეთ სპორტული სამოსლით რომ გამოვიდეს - პირადად მე შეუძლებლად მიმაჩნია. იქნებ ეს ჩემი სულიერი სისუსტიდან გამომდინარეობს - რომ განვიმოსო, საკუთარი ცოდვების გამო დამავიწყდება, რომ მღვდელი ვარ, ამიტომ სჯობს, შემოსილმა ვიარო.
- ზოგიერთ ადამიანს სასულიერო პირის მცირე შეცდომაც არ გამორჩება, ფიქრობს, რომ არ შეიძლება, მღვდელს რამე შეეშალოს.
- ქრისტეა ერთადერთი უცოდველი, მღვდელი ხატია ქრისტესი, იგი არ არის თავად ქრისტე. უნდა ბაძავდეს უფალს, მაგრამ თავად ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანია. მას აუცილებლად აქვს პირადი ცოდვები, რომლებიც ძალიან ხშირად ვლინდება. თუ მრევლს არ უყვარს მოძღვარი, იგი გამადიდებელი შუშით სწორედ ამ ცოდვებს ეძებს. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ იგი მტერია. არც ოჯახის მამაა უნაკლო, მასაც აქვს მანკიერებები, სისუსტეები. შვილს ხომ მაინც უყვარს, ხომ არ მოიძულებს ამის გამო? თუ მრევლი ხედავს მოძღვრის ცოდვებს, გააძლიეროს ლოცვა მოძღვრისათვის, მეტად იზრუნოს მისთვის. ნუ კი განიკითხავს, ხანდახან მაინც წამოდგეს დილაადრიან ან ღამით და თავისი სულიერი მოძღვრისათვის ილოცოს, რათა იგი ღმერთმა გააძლიეროს. ესაა ჭეშმარიტი სიყვარული. თუ მაინცდამაინც ცუდს ვეძიებთ, მას ყველგან აღმოვაჩენთ, პირველ რიგში კი საკუთარ თავში.
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი