იქ მდებარე ბერძნული მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა არქიმანდრიტი ფილუმენი, რომელიც იმავე დროს წმინდა მიწაზე რამდენიმე ბერძნულ მონასტერსა და ტაძარს ხელმძღვანელობდა. იგი ცნობილი იყო დიდსულიერი ცხოვრებით და ტყუპისცალი გახლდათ არანაკლებ დიდსულიერი მამის, ელპიდესი, რომელმაც თავისი ცხოვრების გზა ათონზე დაასრულა. მთელი ცხოვრება მათ ღმერთს მიუძღვნეს და არაფერი გააჩნდათ ანაფორების გარდა. მამა ფილუმენი კეთილშობილი სულისა იყო. ხშირად სალოსობდა და თავს იფარავდა კაცთაგან. მან ამით მრავალი არაბი ეშმაკეული განკურნა.
ერთი კვირით ადრე იაკობის ჭის მონასტერში ფანატიკოსები მოვიდნენ და მოითხოვეს ჯვრებისა და ხატების აღება - ეს ადგილი ებრაელთა სიწმინდეაო. ყვიროდნენ, ილანძღებოდნენ და ბოლოს დატოვეს იქაურობა. 1979 წლის 29 ნოემბერს, კოკისპირული წვიმის დროს ისინი შეიჭრნენ მონასტერში. შემოსილი მამა ფილუმენი მწუხრისთვის ემზადებოდა, თანაც იმ დღეს მისი მფარველი ანგელოზის, წმინდა ფილუმენის ხსენება იყო. მას ქრისტეს უარყოფას აიძულებნენ, ამას მოწმობს მარჯვენა ხელზე წაჭრილი სამი თითი, რომლითაც ის ჯვარს ისახავდა. სახე დაუჩეხეს, შებილწეს იქაურობა, მაგრამ ამისთვის არავინ დაუჭერიათ.
პატრიარქმა მოითხოვა, გადაეცათ გარდაცვლილის სხეული, რომელსაც ხუთი დღე სამედიცინო ექსპერტიზას უტარებდნენ. დაკრძალვისას მამა ფილუმენს დაჩეხილი სახე უბრწყინავდა. 1983 წლის 30 ნოემბერს მამა ფილუმენის საფლავი გახსნეს. იქიდან კეთილსურნელება ამოვარდა, სხეული გაუხრწნელი იყო, რაც მთავარია, დაჩეხილი სახე შეხორცებოდა და წვერიც კი გაზრდოდა მიცვალებულს (!). 2009 წლის 11 სექტემბერს მოხდა ღირსი ფილუმენის კანონიზება და მას მღვდელმოწამე ეწოდა. იერუსალიმის მართლამდიდებელი ეკლესია წმინდა ფილუმენის ხსენებას 16 (29) ნოემბერს აღნიშნავს.
ამბობენ, როცა წმინდა ფილუმენს აწამებდნენ, ეს რაღაცნაირად იგრძნო და იხილა მისგან ათასობით კილომეტრით დაშორებულმა ტყუპისცალმა მამა ელპიდემ.