გაეღვიძა როზას, სიხარულით აევსო გული. გადაწყვიტა, მონათლულიყო, მაგრამ ქმარმა სთხოვა, მამაპაპეული სარწმუნოებისთვის არ ეღალატა და ხათრი ვეღარ გაუტეხა. მონათვლით არ მონათლულა, მაგრამ ხატი დიდი პატივით დაასვენა საგანგებოდ გამოყოფილ კუთხეში და წინ ყვავილებიანი ლარნაკი დაუდგა. კარგი ბიჭია ვინმე და ხატს უდიერად შეხედავს - უმალვე როზას რისხვა დაატყდება თავს. სანთელსაც ხშირად ანთებს ხოლმე ხატის წინ და ოჯახს ავედრებს ღვთისმშობელს. იმედი აქვს, ქმარსაც დაითანხმებს და მოინათლება.
იმ ოჯახს კი, ხატი რომ შინიდან გამოაძევა, მალე დიდი უბედურება დაატყდა თავს. ჯერ ბავშვები წავიდნენ იმქვეყნად, მერე - მათი მშობლები, ბებო და პაპა კი მეზობლების დასამარხები გახდნენ.
ნეკრესის სასწაული
მტერს ალყაში მოუქცევია ნეკრესის სალოცავი და იქ თავშეფარებული ქართველები. ყოველი დღე, ყოველი საათი მტერს გამარჯვებასთან აახლოებს. საკვებიც გამოილია და ხსნაც არსაიდან ჩანს. შეწუხდა ხალხი, ქალებმაც იარაღი აისხეს, ილოცეს და ბრძოლისთვის მოემზადნენ. მაგრამ როგორ გინდა გაარღვიო ალყა - მტერი ხომ შენზე ათჯერ მეტია და უკეთ შეიარაღებული!უცბად ჩოჩქოლი ატყდა: სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის თავგადადდებულ რაზმში ერთს აზრად მოსვლია, მოდი, ღორები დავსეროთ და მტერზე მივუშვათო. "ეგრე ვქმნათ, ეგრეო", - სიხარულით აიტაცეს სხვებმაც. ჯერ ღორების ჭყვიტინმა გააყრუა იქაურობა, მერე კი ნეკრესის გალავნის კარი გაიღო და ტკივილისაგან გადარეული კოლტი პირდაპირ მოალყეებისკენ გაქანდა.
სპარსელები ერთხანს გაკვირვებულები უცქერდნენ ამ სანახაობას, მერე კი გონს მოვიდნენ და მიხვდნენ: პირუტყვი მათ "დასალაშქრად" მიექანებოდა და თან ირგვლივ ყველაფერს "უწმინდური" სისხლით ბილწავდა. "ოო, წყეული გიაურები, ეს რა მოიფიქრესო!" - ყვირილით გაიფანტნენ ურჯულოები. ალყა გაირღვა. ღორების კოლტს ქართველების რაზმი მოჰყვა, რომელთაც ადვილად დაამარცხეს დაბნეული მტერი და სამშვიდობოს გავიდნენ.
ღვთის მადლით, იმ დღეს ყველა გადარჩა - დიდიც და პატარაც.
მას შემდეგ ყოველ წელიწადს, შობა დღეს (იმ დღეს, როცა ეს სასწაული მოხდა) იწყება ნეკრესობის დღესასწაული, რომელიც ერთი კვირა გრძელდება. საიდან არ მოდის ხალხი! მაგრამ მთავარი ის არის, რომ ტაძარში შესაწირად ღორები მოჰყავთ. თუმცა ღორის შეწირვა რა გასაკვირია, - აკი "უფლისაა ქვეყანა და სავსება მისი".