ძველი ქართველები შვილებს უპირველესად ღვთისა და მამულისთვის ზრდიდნენ. ამიტომ, როცა შვილი არ ეძლეოდათ, კურნებას ღმერთს და მის წმინდანებს სთხოვდნენ. არასოდეს მოქცეულან ზოგიერთი დღევანდელი ქართველივით - მოლებს და ლამია-ჯადოქრებს რომ ევედრებიან შეწევნას.
ღვთის დიდი რწმენა და უბრალოება იყო ჩაქსოვილი ჩვენს წინაპართა წმინდა ლოცვებში და ამიტომაც იბადებოდნენ დიდბუნებოვანი მამულიშვილნი, ნათელნი ამა სოფლისანი.
უშვილო ქართველნი, პირველ რიგში, ყოვლადწმიდა სამებას ევედრებოდნენ, გარკვეული სახის აღთქმას დებდნენ. ხშირად პირველშობილს უფალს შესწირავდნენ, ვითარცა წმინდა გრიგოლ ხანძთელს, რომელიც საშოითგან დედისა შეწირული იყო ღვთისთვის, ან პატარას დათქმულ ასაკამდე "ბერად შეაყენებდნენ". ამ პერიოდში თმას არ მოჰკვეცდნენ, ხორცის ჭამას უკრძალავდნენ, ღვთის შიშითა და სიყვარულით გაზრდიდნენ.
უფლის შემდეგ ქართველებს სასოება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა ჰქონდათ. მთაში, ყოველ სოფელში, იყო საყდარი ან ნიში "ადგილის დედისა", რომელიც მფარველობდა იმ მიწას და მას ღვთისმშობლობით ლოცულობდნენ, ევედრებოდნენ ოჯახის ბედნიერებას. საქართველოში განსაკუთრებული სასოებით ლოცულობდნენ გვარის სალოცავს და სახლის, ოჯახის, მფარველ ანგელოზს. ხშირად, როცა დიდი ოჯახი გაიყოფოდა, ცალკე წასული შვილები არასოდეს ივიწყებდნენ მამის სახლის მფარველ ანგელოზს, რომელსაც ფუძის ანგელოზს უწოდებდნენ, მას შესთხოვდნენ ოჯახის გამრავლებას და ბედნიერებას. მთაში დღევანდლამდე იყო შემორჩენილი ჩვეულება: სახლის საგანგებოდ გამოყოფილ კუთხეში წმინდა სანთელს ანთებდნენ და ღვთისა და მის ანგელოზთაგან წყალობას გამოითხოვდნენ. ძველ საქართველოში დიდი რწმენა ჰქონდათ სვეტიცხოვლისა. ჯერ ერთი, საპატრიარქო საყდარს ბევრი სოფელი ეკუთვნოდა და იქ მცხოვრებნი სვეტიცხოვლის ყმებად მიითვლიდნენ თავს, და მეორე: იცოდნენ, რომ იქ, სადაც უფლის კვართია დაკრძალული, მიწაც კი მაკურნებელია. ამის საბაბს იძლეოდა ერთი ეპიზოდი წმინდა ნინოს ცხოვრებიდან. წმინდა ნინომ, უფლის გამოცხადებით, სწორედ ამ ადგილიდან აიღო მიწა და შეაჭამა უშვილო ცოლ-ქმარს, რომელთაც კურნება მიიღეს და "ჰშვეს ძე და ასულებ მრავალ". განსაკუთრებით შეეწეოდა უშვილოებს მცხეთის ჯვარი, რომელიც სასწაულმოქმედი ხისგან იყო შექმნილი (ახლა ეს ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარშია დაბრძანებული). "მრავალნი უშვილონი მივიდოდნენ და ითხოვდნენ შვილიერებას და შვილმრავალ იქმნებოდეს". და არა მარტო იქ მიმსვლელთ მიანიჭებდა კურნებას, არამედ მათაც, ვინც შორიდან შეევედრებოდა, "მუნთქვესვე შეწევნითა მისითა მიიღეს მადლი".
მცხეთაში, ჯვრის მონასტრის ქვემოთ, ფერდობზე, წყარო მოედინება. "ძუძუს წყაროს" ეძახიან და იგი წმინდა ნინოს ლოცვითაა აღმოცენებული. აქვე პატარა საყდარია, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღადგინეს მორწმუნეებმა. აქ მოსალოცად დღესაც მოდიან არა მარტო რძეგამშრალი მეძუძური დედები, არამედ უშვილონიც.
წმინდა ნინო და მის ხელთ ნაპყრობი ვაზის ჯვარიც შეეწეოდა ქართველებს, რამეთუ დედა ნინოც ხომ ნაყოფი იყო მისი მშობლების - ზაბულონის და სოსანას წმინდა ლოცვებისა.
ანჩისხატსა და კეცის ხატთან, ხახულისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატებთან მიახლებისას სახიერი უფალი მიანიჭებდა ივერიელებს კურნებას.
განსაკუთრებული რწმენით ევედრებოდნენ ჩვენი წინაპრები წმინდა შიო მღვიმელს და წმინდა დავით გარეჯელს და ისინიც არ უცრუებდნენ სასოებას. მათ მიერ დაარსებული მონასტრების დღევანდელი მკვიდრნი გვამცნობენ წმინდანთა მიერ მოხდენილ მრავალ ახალ სასწაულს (იხ. "კარიბჭე" #3, 2005).
წმინდა გიორგის მიერ მოხდენილი სასწაულნი ხომ მართლაც უთვალავია. დალოცვილი მთავარმოწამე გახლდათ ქართველთა მძიმე ცხოვრების ჯვრის მტვირთველი.
ქსნისა და არაგვის ხეობებიდან აუყვებოდნენ ხოლმე აღმართს უშვილონი. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ მიმავალ მლოცველებს თან მიჰქონდათ ხოლმე აკვნები და ვერცხლის თასები, რომელთაც სალოცავს სწირავდნენ. დაიდებდნენ კისერზე უმძიმეს ჯაჭვს და შესთხოვდნენ მთავარმოწამეს: შენს მეხვეწართა, შენს მლოცველთა, წულგაჭირვებულებს, წული გაგვიჩინეო. ამ თასებს შორის ერეკლე მეფის რძლის ქეთევან მუხრან-ბატონის ამგვარწარწერიანი თასიც ერია: მოეც მეფე ირაკლის ძეს ბატონიშვილს ვახტანგს შვილიერებაო...
შვილიერებას მთიულეთში შესთხოვდნენ კიდევ წიფორის წმინდა გიორგის და ზეგარდის წმინდა გიორგის სალოცავებს. მლეთიდან შვიდ კილომეტრში მდებარეობდა ღუდის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სალოცავი, "ქვა წულად მქცეველი". ეს ხატი შვილიერების (ანუ მთიულურად - წულიანობის) მომტანია. ხალხური თქმულებით, ღუდის ხატობაზე ერთ მლოცველ დედაკაცს კალთაში ბავშვივით გრძელი ქვა გამოუხვევია, მზარეულთან მისულა და ზედმეტი კერძი უთხოვია. ქვა, განგებით, მართლაც წულად (ანუ ბავშვად) ქცეულა. ლომისობის წინა ორშაბათს, ხატის დღეობას, ღვთისმსახურნი ღუდის ეკლესიის კედლებიდან მიწას ჩამოფხეკდნენ, უშვილო ქალს თავზე გადააყრიდნენ, ნაწილს კი წყალში გახსნიდნენ და ქალს ასმევდნენ.
მოხევეები ახალშეძენილ ვაჟს ან ახალ პატარძალს პირველად ბეთლემის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ნიშთან ალოცებდნენ ხოლმე. ხევში ოჯახის მფარველად წმინდა შიო ითვლებოდა და მას შესთხოვდნენ ბედნიერებას. ყოველ სოფელში ნიში იყო ან საყდარი კვირიასი (ანუ უფლისა). ამ ხატის დღესასწაული კვირაცხოვლობას მოდიოდა და იგი იყო მფარველი იმ სოფლებისა.
ფშავში, პატარძალს შვილი დროზე თუ არ გაუჩნდებოდა, პირველად ქმრის გვარის სალოცავში ალოცებდნენ, შემდეგ კი ქალი მამის სალოცავში მიდიოდა საწირავ-სანთლით (ასე იყო მთელ საქართველოში). თუ ეს ლოცვაც არ გაჭრიდა, გაუდგებოდნენ გზას ხევსურეთისკენ, ხახმატის ჯვრისკენ, რომელიც ქალების მფარველად ითვლებოდა. მას რჯულიან-ურჯულოთა სალოცავსაც ეძახდნენ, რადგან მისგან წყალობას ისევე, როგორც ანატორის ჯვრისგან, თვით მაჰმადიანი ქისტებიც გამოითხოვდნენ.
ფშავში თერთმეტი სათემო ხატი იყო, მაგრამ მთავარი სალოცავი მაინც ლაშარის ჯვარი და თამარის ხატი გახლდათ. წმინდა თამარი ქალების მფარველად მიაჩნდათ ფშავლებს. ქალები წამლის სახსრად ხატს ერთ ცხვარს სწირავდნენ და ასე მიმართავდნენ: "შენამც იდიდები, დიდებულო თამარ ნეფეო, ღელის აქიმ-დედოფალო ჩიქილა-ზინზილიანო, მკურნალად წამალთა გამამწერელო".
ხევსურთა იმედი და მთავარი სალოცავი გუდანის ჯვარი გახლავთ, ხოლო ხახმატის ჯვარი დიაცთა მფარველია.
თუშეთში, ჭონთიოდან 4 კმ-ში, მდებარეობს არდოტიდან (არხოტიდან) გადმოტანილი თხურსიეხის ღვთისმშობლის ხატი. სულთმოფენობისას ანუ "სანებავის" (წმინდა სამების) დღეს, აქ უამრავი მლოცველი მიდიოდა საკლავ-საწირით და ღვთისმშობელს ოჯახის გამრავლებას სთხოვდა: "ღვთისმშობელო არდოტისაო, შენ ჩაგვიგდე ხვაიდ ბარაქა, გვიმატ ფურსა და ფურის ხბოსა, კაცსა კაცრეულობასა... დაგვიწერე მზეწველასა ჯვარიო".
თუშეთში, შენაქოს მახლობლად, აგვერთის ნასოფლარია. აქ იყო სალოცავი კურეხის ჯვარი. მას შესთხოვდნენ თუშები ვაჟიანობას. ხატობა დღეს აქედან უძეო მამაკაცს გაიტაცებდნენ ხოლმე ყმაწვილები და დაბლა მდებარე სალოცავამდე ჩაათრევდნენ, სადაც დეკანოზი დაამწყალობებდა.
კახეთში განსაკუთრებით ლოცულობდნენ ალავერდის წმინდა გიორგის. აწყურის თეთრი გიორგის სალოცავში, ისევე როგორც ლომისაში, იყო დიდი მძიმე ჯაჭვი, რომელსაც ქედზე იდებდნენ მლოცველნი.
ჰერეთში უშვილოთა შემწე ქურმუხის წმინდა გიორგი გახლდათ, რომლის მოსალოცად ახლაც კი დადიან სხვა რჯულისანი.
რაჭაში, სოფელ ღების სამხრეთით, რიონის გაღმა გორაკზე, დანგრეული ტაძრის ადგილას რაჭველებს სამსართულიანი კოშკი აუგიათ და მას დედა ღვთისას ეძახდნენ. აქ ძირითადად ქალები ამოდიოდნენ ხოლმე აღდგომის მესამე კვირას. უშვილონი შვილს სთხოვდნენ, ორსულნი - მშვიდობიანად მოლოგინებას, ხოლო უძეონი - ვაჟის გაჩენას.
სამცხეში უშვილონი ვარძიის ღვთისმშობელს ევედრებოდნენ, ორსული კი შვილის შერჩენას სთხოვდა. იქ ადრე ორი პატარა ვერცხლის აკვანი მდგარა. ასე სწამდათ: ორსულის ხელის შეხებისას თუ აკვანი თავისთავად დაირწეოდა, ქალს შვილი შერჩებოდა, თუ აკვანი დარწევისას გადაბრუნდებოდა - არ შერჩებოდა. ჯავახეთში, ვისაც შვილი არა რჩებოდა, დაივლიდა 7 კომლს, შეაგროვებდა სააკვნე ფიცარს, გაამართვინებდა აკვანს და მასში ჩააწვენდა ახალშობილს. სოფელ ბარალეთის ახლოს, ნასოფლარ სირგვში ამაღლების ჯვრის სალოცავია. აქ ამაღლებისას მოდიოდნენ ჯავახნი და ევედრებოდნენ ღმერთს კაცისა და საქონლის გამრავლებას.
ქართველთა შემწე და უშვილოთათვის შვილის გამომთხოველი იყო ქართლში ატოცის წმინდა გიორგი, გერის წმინდა გიორგი, თბილისში ქაშვეთის წმინდა გიორგი...
ერთაწმინდაში წმინდა ესტატეს ევედრებოდნენ, რკონში - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ხოლო ლეხურის ხეობაში - წმინდა თადეოზს (ცამეტ ასურ მამათაგანს). 1740 წლამდე წმინდა თადეოზის წმინდა ნაწილები, ვითარცა წმინდა შიოს ნაწილნი, მისი ხსენების დღეს, თავისით ამოიწეოდნენ ხოლმე და სასწაულს ახდენდნენ.
ქვაბთახევის მონასტერში იქ მოწყვეტილ დედათა მოსახსენიებლად ფეხშიშველნი შედიოდნენ და ასე ევედრებოდნენ უფალს.
სამეგრელოში, თუ პატარძალი უშვილო გამოდგებოდა, თავისი გვარის ხატში - "ჯინჯხატში" ალოცებდნენ. თუ ეს არ უშველიდა, წაჩხურის მთავარანგელოზის ტაძარში "მოსკე წაჩხურის" ხატთან ილოცებდნენ. ამ ხატს ვაჟების მომცემს უწოდებდნენ. ეს სალოცავი მდებარეობს მარტვილის რაიონის სოფელ წაჩხურში, მაღლობზეა და ძნელად მისასვლელია... აქ მოდიოდნენ უშვილონი თუ უძეონი მთელი სამეგრელოდან, აფხაზეთიდან და თვით სათათრეთიდანაც კი. წაჩხურის ხატობა ნააღდგომევის პირველ ხუთშაბათს იმართებოდა (ცააშხა დღეს). მლოცველთ მოჰქონდათ თავისი სიგრძის სანთელი, ვერცხლის ძაფი, სანთელ-საკმეველი და მთავარანგელოზს შესთხოვდნენ შველას. როცა შვილი შეეძინებოდათ, მეორე წელსვე სამადლობელოდ აახლებდნენ საკლავს. წაჩხურის ხატს და ილორის წმინდა გიორგის ხატს პატარა ვერცხლის აკვნებს სწირავდნენ და ღვთისგან კურნებას იღებდნენ. წალენჯიხის რაიონში იყო სალოცავი, რომელსაც "ალერტ ხარჩილს" უწოდებდნენ. აქ ძირითადად წალენჯიხიდან გამოთხოვილი ქალები მოდიოდნენ და შვილს ითხოვდნენ.
ასურეთში, წმინდა სვიმეონის 15 მეტრს სიმაღლის სვეტიდან მცირე ნაწილიღაა დარჩენილი, დანარჩენი უშვილო თუ უძეო ხალხს გამოუთხრია და "შეუჭამია". ჩვენ არ გვჭირდება ასურეთში წასვლა. დაილოცოს ჩვენი საქართველო, ღვთისმშობლის საქართველო, აქ ყოველი გოჯი მიწა ჩვენი წინაპრის სისხლითაა განწმენდილი და სასწაულმოქმედია. თუ ღვთის ნება იქნება და თუ ჩვენც შვილები ღვთისა და მამულისთვის გვენდომება, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კურთხევა არ მოგვაკლდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი