მთელი გულით ღვთის ნებას მივენდე და მხოლოდ ერთი რამ მსურდა - ცოდვათა მიტევება
ნიჟნი-ნოვგოროდიდან მოსკოვში რკინიგზით ვბრუნდებოდი. ვლადიმირის სადგურზე კუთხეში მიმჯდარი ერთი ბერი შევნიშნე, რომელიც წიგნს კითხულობდა.
ბერის სახე არაჩვეულებრივი მეჩვენა, თოვლივით თეთრი თმა-წვერი ჰქონდა და დიდი შავი თვალების ახალგაზრდული გამოხედვა. კითხვა რომ დაამთავრა, გვერდით მივუჯექი და ვინაობა ვკითხე. ერთ-ერთი მონასტრის მაშენებელი გამოდგა და პეტერბურგში მონასტრის საქმეზე მიდიოდა. 30 წლის წინ შემდგარიყო ბერად, ერისკაცობაში ლეიბ-გვარდიის პოლკის ოფიცერი ყოფილიყო.- ეტყობა, ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი მოგიხდათ?
- მართლაც, სიამოვნებით მოგითხრობთ, ოღონდ ცოტა გრძელი ამბავია და კარგი იქნება, თუ ჩემს ვაგონში გადმოჯდებით, რადგან მატარებელი საცაა გავა.
მართლაც, გადავჯექი მის ვაგონში. საბედნიეროდ, იქ ჩვენს გარდა არავინ იყო. მან მიამბო:
- მწუხარებით და სირცხვილით უნდა გავიხსენო ჩემი წარსული. დავიბადე ცნობილ და მდიდარ ოჯახში. მამა გენერალი მყავდა, დედა - თავადის ასული. მშობლები ადრე გარდამეცვალნენ და ჩემი აღზრდა ბებიამ ითავა. მასწავლებლად ერთი ფრანგი ამიყვანეს, რომელიც საფრანგეთიდან სიკვდილით დასჯას გამოქცეოდა. ამ თვითმარქვია მასწავლებელს ღმერთი არ სწამდა და ზნეობრივადაც ვერაფერი შვილი იყო. აბა, მისგან სასიკეთოს რას ვისწავლიდი. მრავალი ცუდი რამ ჩავიდინე. 18 წლისა უკვე გვარდიის პოლკის იუნკერი ვიყავი და მებატონე გახლდით 2000 გლეხისა. ჩემზე ზრუნვა იკისრა ბიძაჩემმა, რომელიც ოსტატი იყო ფულის მოხვეჭისა და ამას მეც მიმაჩვია. ამასობაში კორნეტი გავხდი. დანიშნულიც მყავდა, ულამაზესი ქალი.
ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 სექტემბერს, სამსახურიდან შინ ვბრუნდებოდი. მშვენიერი დღე იდგა. ეტლი გავუშვი. ფეხით მივუყვებოდი ნევის პროსპექტს. უცებ აუხსნელმა მწუხარებამ მომიცვა. საშინელი წინათგრძნობა სულს მიმძიმებდა. გავიარე ყაზანის ტაძართან, შიგნით შევედი. ჩემს სიცოცხლეში პირველად მომინდა ლოცვა. თვითონაც არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინ, ვევედრებოდი, აეშორებინა ჩემთვის უჩინარი საფრთხე. ტაძრიდან გამოსულს ერთმა ჩვილბავშვიანმა ქალმა მოწყალება მთხოვა. აქამდე უწყალო ვიყავი გლახაკთა მიმართ, ეს საცოდავი ქალი კი შემეცოდა, ფული მივეცი და ილოცე ჩემთვის-მეთქი, - ვთხოვე. გზა გავაგრძელე. თავს საშინლად ვგრძნობდი, შინამდე ძლივს მივაღწიე. "მიშველეთ!" - შევძახე ერთგულ მსახურს, სტეფანეს, ყრმობიდან რომ ცდილობდა უკეთურებათაგან ჩემს შეჩერებას. სტეფანე მხარში ამომიდგა. გონება დავკარგე. სიზმარივით მახსოვს, დამესივნენ ექიმები, ყველა ჩემს გარშემო ტრიალებდა, საშინლად მტკიოდა თავი...
ასე უგონოდ თურმე თორმეტი დღე ვყოფილვარ, მერე კი თითქოს გამეღვიძა, გონს მოვედი, მაგრამ თვალების გახელის თავი არ მქონდა, ვერც პირი გავაღე სიტყვის სათქმელად. არც განძრევა შემეძლო. ჩემს ყურთან ვიღაც ჩუმად ლოცულობდა: "უფალმან მწყსოს მე და მე არა მაკლდეს, ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრა მე, წყალთა ზედა განსასვენებელთასა გამომზარდა მე" (ფსალ. 22).
ოთახის კუთხიდან კი ჩემი ორი კოლეგის საუბარი მომესმა. "მეცოდება საწყალი, - ამბობს ერთი, - სიკვდილი ჯერ ადრე იყო მისთვის, მერე რა ქონება დატოვა, მდგომარეობა, მშვენიერი საცოლე..." "სარძლოზე კი რა გითხრა, - თქვა მეორემ, - დარწმუნებული ვარ, ანგარებით მიჰყვებოდა... ვალოდია კი ნამდვილად მეცოდება. ახლა ფულსაც ვერავისგან ისესხებ, ის კი უარს არასოდეს გეუბნებოდა და თანაც დიდი ხნით გაძლევდა". "მართალია, - დაუმოწმა პირველმა, - სხვები ძუნწობენ... მაგის ცხენებს ალბათ გაყიდიან. ეგებ პარადერა (საუკეთესო ცხენი) შემეძინა".
"რა ხდება? - გავიფიქრე გაოგნებულმა, - ნუთუ მოვკვდი? ნუთუ სულს ესმის, რაც ხდება მკვდარი სხეულის გარშემო? ესე იგი ჩემი სული უკვდავია. არა, შეუძლებელია მკვდარი ვიყო, ვგრძნობ, რომ ხმელ ტახტზე ვწევარ და მუნდირი მკერდზე მიჭერს. ცოცხალი ვარ! ვიწვები, დავისვენებ, ძალას მოვიკრებ, თვალსაც გავახელ. ალბათ როგორ შეეშინდებათ!"
დრო გადის. საათის ზარმა რამდენჯერმე ჩამოჰკრა. ფსალმუნთა კითხვა გრძელდება. საღამოს, პანაშვიდზე უამრავი ახლობელი და ნაცნობი შეიკრიბა. ყველაზე ადრე ჩემი საცოლე მოვიდა მამასთან, მოხუც თავადთან ერთად.
- მწუხარე სახე უნდა გქონდეს, - დაარიგა მამამ, თუ შეგიძლია, შეეცადე, რომ იტირო.
- როგორმე მოვახერხებ თავის დაჭერას, - უთხრა ქალიშვილმა, - მაგრამ ტირილს კი ვერ შევძლებ. კარგად იცით, რომ არ მიყვარდა ვალოდია, მას თქვენი სურვილით მივყვებოდი, თავს ვწირავდი ოჯახს...
- ვიცი, - უთხრა მამამ, - მაგრამ რას იტყვიან, თუ გულგრილს გნახავენ? ამ სიკვდილმა დიდი დარტყმა მოგვაყენა, შენი ქორწინებით ფეხზე დავდგებოდით. აწი სადღა ვნახავთ ასეთ ხელსაყრელ სასიძოს?
რა თქმა უნდა, ფრანგულად საუბრობდნენ, რომ მედავითნეს და მსახურებს არ გაეგოთ. მხოლოდ მე მესმოდა მათი.
პანაშვიდის შემდეგ დასამშვიდობებლად მომიახლოვდა ჩემი ყოფილი საცოლე. ტუჩებით დიდხანს დამეკრა გაციებულ ხელზე, თითქოს ვეღარ სცილდებოდა. ძალით გაიყვანეს, ტუქსავდნენ, მწუხარებისგან თავს ნუ იკლავო. "რა ამაღელვებელია, რარიგ ჰყვარებია", - ისმოდა ირგვლივ.
ჰოი, რა ცრუ და ვერაგი ხარ, ადამიანო. აი, სიყვარული სატრფოსი, აი, მეგობრობა ამხანაგთა! მე უგუნურს კი თავდავიწყებით მიყვარდა და ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მასთან ყოფნით ვიქნებოდი ბედნიერი.
როცა პანაშვიდის შემდეგ ყველა წავიდა, ჩამესმა ჩემი საყვარელი ერთგული ყმის, სტეფანეს ტირილი. მისი ცრემლები შუბლს მისველებდა: "ვის ხელში დაგვტოვე, ჩემო საყვარელო, ახლა რაღა გვეშველება? გევედრებოდი, გაუფრთხილდი თავს, ბატონო-მეთქი! შენ კი ჩემი მოსმენაც არ გინდოდა. დაგღუპეს შენმა ამხანაგებმა ღვინის სმით და ყველანაირი გარყვნილებით. შენი სიკვდილი ახლა მათ სულ არ ადარდებთ, მხოლოდ შენი მსახურნი დაგტირით!" სტეფანესთან ერთად სხვა მსახურებიც ტიროდნენ. მე მათ გულწრფელად ვუყვარდი, რადგან არ ვჩაგრავდი და ღალასაც არ ვუზრდიდი. თუმცა სინდისის წინაშე უნდა ვთქვა, რომ ასე უდარდელობით ვიქცეოდი: ფული ბლომად მქონდა და თავს არაფერზე ვეუბნებოდი უარს. ასე რომ, გულწრფელი სიყვარული ამ უბრალო ადამიანების, ყმათა გულებში ვნახე.
დადგა გრძელი, გაუთენებელი ღამე. ყური მივუგდე ფსალმუნის კითხვას, ჩემთვის სრულიად უცნობ სიტყვებს. მე ხომ აქამდე არ გადამიშლია ეს ღვთაებრივი და უტკბესი წიგნი.
"შენდამი, უფალო, ხმა-ვჰყო, ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმდები ჩემგან... ისმინე, უფალო, ხმაი ვედრებისა ჩემისაი, ვედრებასა ჩემისა შენდამი... უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა, მას ესვიდა გული ჩემი" (ფსალმუნი 27).
"უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი" (ფს. 37)...
ღრმად შემეჭრა გულში ფსალმუნის სიტყვები, გონებით ვიმეორებდი და მხურვალედ ვლოცულობდი. მთელი ცხოვრება არაწმინდებით დასვრილი ქსოვილივით თვალწინ გადამეშალა. რაღაც უხილავი, წმინდა, სპეტაკი რამ თავისკენ მიზიდავდა. აღთქმა დავდე, რომ გამოვსწორდებოდი და შევინანებდი. თუ შემიწყალებდა უფალი, სიცოცხლეს მის სამსახურს მივუძღვნიდი. მაგრამ ვაითუ ქვეყანაზე დაბრუნების ნება აღარ მაქვს? რა იქნება, თუ ეს ცოცხალი მკვდრობა არ შეწყდება, ვაითუ ცოცხლად დამმარხონ?
მეორე დღეს სტეფანემ ჩემს ქერა, ხუჭუჭა თმაში მთელი ბღუჯა ჭაღარა შენიშნა.
შემდეგ, როცა ძილში კუბოში გატარებული ღამე წარმომიდგებოდა, გიჟივით, კივილით, სიმწრის ოფლდასხმული წამოვიჭრებოდი ხოლმე ლოგინიდან.
გათენდა. სულიერი ტანჯვა უფრო გამიძლიერდა. ჩემი სასიკვდინო განაჩენიც კი მოვისმინე - დღეს საღამოს გავასვენებთ და ხვალ დილით დავკრძალავთ ნეველის ლავრაშიო.
დილით, პანაშვიდისას, ვიღაცამ სახეზე ოფლი შემნიშნა და ექიმს მიუთითა. ოთახში ცხელა და დაიორთქლაო, - თქვა ექიმმა, პულსი გამისინჯა და დაუმატა: - პულსიც არა აქვს, ცხადია, გარდაცვლილია.
ენით გამოუთქმელი ტანჯვაა - მკვდრად გთვლიდნენ და ელოდო იმ წუთს, როცა კუბოს სახურავს დაგიჭედებენ. გაყრიან მიწას და არა გაქვს ძალა, მოძრაობით, ხმით ან ამოსუნთქვით ანიშნო, რომ ცოცხალი ხარ! თანაც თავს გუშინდელზე სუსტად ვგრძნობდი. იმედი აღარაფრისა! საშინელმა სასოწარკვეთამ შემიპყრო, სისხლი თავში ამივარდა, მომეჩვენა, რომ მთელი შიგანი შემეკუმშა და შემერყა, გულიდან კი წყევის, ლანძღვის ნიაღვარმა ამოხეთქა... მაგრამ, ეტყობა, მფარველი ანგელოზი მიცავდა: რაღაც შინაგანი გრძნობა მკარნახობდა იმ წმინდა ლოცვის სიტყვებს, კუბოში მწოლიარემ რომ გავიგონე:
"ღმერთო ჩემო, შემიწყალე, დამინდე მე, რამეთუ ვიღუპები... არაწმინდა ვარ და აურაცხელია ჩემი ცოდვა, მაგრამ უსაზღვროა შენი მოწყალება. მომიხსენე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძვალნი ჩემნი! მომეცი დრო, განვიწმინდო სინდისი, შევცვალო ჩემი ცხოვრება!
შენი ვარ - მაცხოვნე მე!"
გადის კიდევ რამდენიმე მტანჯველი და უსიხარულო საათი და მე უკვე სიცოცხლის დაბრუნებას კი არ ვითხოვ, ვევედრები მშვიდ სიკვდილს, როგორც ხსნას მომავალი საშინელი სატანჯველისგან. ძლიერი ლოცვით ნელ-ნელა სულიც დამიმშვიდდა: სამარეში საშინელ სიკვდილს უკვე დამსახურებულად ვთვლიდი. მთელი გულით ღვთის ნებას მივენდე და მხოლოდ ერთი რამ მსურდა - ცოდვათა მიტევება.
ამგვარი გრძნობებით ვიყავი განმსჭვალული საღამოს პანაშვიდისას. პანაშვიდი დასრულდა. კუბოთი ამწიეს და ისე შემანჯღრიეს, რომ უეცრად მკერდიდან სუნთქვა აღმომხდა. ერთმა მეორეს გადაულაპარაკა: - მიცვალებულმა, მგონი, ამოისუნთქაო. ხომ არ მოგეჩვენა? - შეჭოჭმანდა მეორე. საკინძე შემხსნეს, გამათავისუფლეს და უკვე ხმამაღლა ამოვისუნთქე. ყველა მე მომცვივდა. ექიმმა სწრაფად გამიხსნა მუნდირი, ხელი გულზე დამადო და გაკვირვებულმა თქვა: - გული უცემს, ის სუნთქავს, ის ცოცხალია!.. საკვირველი შემთხვევაა!
სასწრაფოდ გადამიყვანეს საძინებელში, გამხადეს, ლოგინში ჩამაწვინეს, სპირტით დამზილეს. თვალები გავახილე და დავინახე მაცხოვრის ხატი, რომელიც ჩემს კუბოსთან ანალოღიაზე ესვენა (ეს შემდგომ შევიტყვე). ცრემლის ნაკადი წამსკდა თვალთაგან და გული შემიმსუბუქა. საწოლთან იდგა სტეფანე და სიხარულისგან ტიროდა, იქვე იჯდა ექიმი და მარიგებდა, რომ მშვიდად ვყოფილიყავი. მას ჩემი მდგომარეობისა არა ესმოდა რა.
ექიმის დახმარება სრულიადაც არ მჭირდებოდა, ძალა სწრაფად მემატებოდა, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ მისი, რომ ჩემი თხოვნით, ჩემი ნახვა ყველას აუკრძალა, - ავადმყოფს ნუ შევაწუხებთო.
მარტოობაში გავატარე რამდენიმე დღე. ჩემი სულის ნუგეში და საზრდელი დავითის საღმრთო ჰიმნები იყო. მათგან ვსწავლობდი ღვთის რწმენას, სიყვარულს და იმას, თუ როგორ უნდა მემსახურა უფლისთვის.
მრავალი ნაცნობი ირეოდა ჩემი საძინებლის კართან, ცნობისმოყვარეებს გაცოცხლებული მკვდრის ნახვა უნდოდათ. ყოველდღე მოდიოდა ჩემი ყოფილი სასიმამრო - ეტყობა, სასურველი სასიძოს ხელიდან გაშვება არ უნდოდა. მაგრამ მე არავის ვიკარებდი.
გამოჯანმრთელებისთანავე ზიარებისთვის მოვემზადე. ჩემი მოძღვარი სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი მღვდელი იყო. მან გამიმყარა ამ სოფლის დატოვების სურვილი. პირველ რიგში მშვენიერი თავადის ასულის ქმრობაზე ვთქვი უარი, შემდეგ თადარიგში გავედი, გავათავისუფლე ყმები, გავყიდე ქონება, ზოგი მამული მის კანონიერ მფლობელს დავუბრუნე. ერთი წლის შემდეგღა მოვახერხე თავი დამეღწია მიწიერ საზრუნავთაგან. მყუდრო ნავსაყუდლის მოსაძებნად რამდენიმე მონასტერი მოვიარე, ბოლოს იმ უდაბნოში დავსახლდი, სადაც ახლა ვცხოვრობ. ჩემი ერთგული სტეფანე გავათავისუფლე, მაგრამ მან ფული არ გამომართვა და ცრემლებით მთხოვა, შენთან დამტოვეო. ჩვენთან, მონასტერში აღესრულა ისე, რომ ბერად არ აღკვეცილა: აბა, მე ცოდვილი ბერობის რა ღირსი ვარო, - ამბობდა.
ღირსმა მამამ თავისი თავგადასავლის თხრობა ასე დაასრულა: ის, რაც გიამბეთ, არის ღვთის დიდი მოწყალება. ჩემი სული რომ ეხსნა საშინელი ცოდვებისაგან, სახიერმა და კაცთმოყვარემ დაუშვა, განმეცადა გზანი სიკვდილისანი და კუბოს სასთუმალში ამხელოდა თვალნი სულისანი, რათა მერე არ დამეძინა საუკუნო სიკვდილის ძილით.
დეკანოზ გრიგოლ დიაჩენკოს
"სულიერი სამყაროს" მიხედვით
"სულიერი სამყაროს" მიხედვით