"დედაჩემის გარდაცვალების წლისთავს სტაროდუბსკის ერთ-ერთ ტაძარში შევხვდი და ღვთისმსახურების დასრულების შემდგომ, მშობლის მრავალრიცხოვან ნათესავებსა და მეგობრებს, რომელნიც ჩემსავით მისი სულის საოხად იყვნენ შეკრებილნი, მადლობა გადავუხადე ჩვენი ოჯახის მწუხარების გაზიარებისათვის და მიცვალებულის სულისთვის ლოცვის და მათი მოხსენიების აუცილებლობაზეც ჩამოვუგდე სიტყვა...
ჩემი სიტყვები ახლო მეგობრებმა იმ სუფრასთანაც გაიხსენეს, რომელიც მოხუცი მამის სანუგეშოდ გავმართე", - იხსენებდა ერთი მღვდელი.
"- დიახ, მამაო, - მითხრა ერთმა დამსწრეთაგანმა, რომელსაც უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება ჰქონდა და ძალზე საპასუხისმგებლო თანამდედობაც ეკავა, - საკუთარ თავზე გამოვცადე გარდაცვლილთა სულის საოხად აღვლენილი ახლობელთა ლოცვის ძალა და ღრმად მწამს, რომ ლოცვა ძალზე სათნოა ღვთისთვის და ძალზე საამო და შვებისმომგვრელი - მიცვალებულთათვის.
კიევში მსახურებისას მიძინების სახელობის მონასტრის ერთ ბერთან ვახლობლობდი... ერთ საღამოს, როდესაც იგი მსტუმრობდა, ვთხოვე, რომ უახლოეს ნათესავთა სულთათვის ლოცვა აღევლინა...
ბერი დამპირდა და მონასტერში დაბრუნდა, მე კი დასაძინებლად მოვემზადე...
სიზმრად ჩემთან გარდაცვლილი მშობლები მოვიდნენ და გახარებულებმა ქედისმოდრეკით დიდი მადლობა გადამიხადეს...
როგორც შემდგომ დავაზუსტე, ხილვა ზუსტად დაემთხვა იმ დროს, როდესაც ღვთისმოსავმა ბერმა ჩემი თხოვნა აღასრულა და წმინდა კვეთისას, ნაწილთა ამოღების ჟამს მშობელთა სახელები მოიხსენია"...
***
ერთ-ერთ ტაძარში მღვდლის გარდაცვალების გამო მისი ადგილი სხვა მღვდელმსახურმა დაიკავა, მაგრამ, მრევლის საუბედუროდ, ახალდანიშნული მღვდელიც, პირველივე მსახურების შემდგომ, რამდენიმე დღეში აღესრულა...ტაძრის წინამძღვრად ახალი მოძღვარი დაინიშნა, რომელიც ტაძარში მივიდა, გარდაცვლილი მოძღვრის საქმეები გადაიბარა და პირველსავე კვირას ტაძარში საღმრთო ლიტურგიის ჩასატარებლად მოემზადა.
როგორც კი საკურთხეველში შევიდა, შიშის ზარმა შეიპყრო: - სამეუფო ტახტის ახლოს მისთვის უცნობი, სრული საწინამძღვრო სამოსით მორთული მღვდელი იდგა, რომელსაც ხელ-ფეხი რკინის დიდი ბორკილებით ჰქონდა გადაჯაჭვული...
უაღრესად დაბნეულმა მოძღვარმა როგორღაც გონება მოიკრიბა, სულით განმტკიცდა და ღვთისმსახურება ისე დაიწყო, ვითომც არაფერი მომხდარიყო...
როგორც კი წირვა დასრულდა, მოძღვრის გასაოცრად, მოჩვენება უხილავ იქმნა... საგონებელში ჩავარდნილი მღვდელი მიხვდა, რომ გამოცხადებული ღვთისმსახური ცოცხალთა შორის აღარ ეწერა, მაგრამ იმას კი ვეღარ მიმხვდარიყო, თუ რას ნიშნავდა ასეთი საშინელი სახით გამოცხადება... ერთი რამ კი შენიშნა, რომ უცნაური მოჩვენება მთელი ლიტურგიის განმავლობაში მდუმარებდა, მაგრამ დროდადრო დაბორკილ ხელებს მაღლა ასწევდა და ახალ მღვდელმსახურს საკურთხევლის ერთი ადგილისაკენ მიუთითებდა, სადაც, ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული არ უნდა ყოფილიყო...
იგივე განმეორდა მეორე წირვისასაც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახალმა მოძღვარმა მეტი ყურადღება მიაქცია მითითებულ ადგილს...
მოულოდნელად მღვდელმა კუთხეში, წმინდა სამსხვერპლოს სიახლოვეს, იატაკზე პატარა, ძველი ტომსიკა დაინახა... როდესაც პირი მოხსნა, იხილა მცირე ზომის ფურცლები, რომლებზეც მოსახსენიებლად ცოცხალთა და გარდაცვლილთა სახელები ეწერა... ეს ის მოსახსენებლები იყო, რომლებსაც მრევლი, ჩვეულებისამებრ, პროსკომიდიისას შეგზავნის ხოლმე სამკვეთლოში.
მღვდელმა უფლისაგან გულისხმაჰყო, რომ ეს ის მოსახსენებლები იყო, რომლებიც მისმა წინამორბედმა და აწ ტყვედქმნილმა ძმამ თავის დროზე ან უდებების, ან უყურადღებობის გამო წაუკითხავი დატოვა...
იწყო თუ არა გულისხმიერმა მოძღვარმა საღვთო მსახურება, უპირველეს მოვალეობად ჩათვალა, რომ კვეთისას ყველა იმ ცოცხალ თუ გარდაცვლილ ადამიანთა სახელები მოეხსენიებინა, რომლებიც ნაპოვნ ფურცლებს შეენახა და მოხდა საოცრება: - როგორც კი კითხვა დაასრულა, საიქიოდან მოსულ სტუმარს ხელ-ფეხიდან ჯაჭვები ძირს ძგრიალით დასცვივდა, თავად ის კი უსიტყვოდ და მოწიწებით მიუახლოვდა მოძღვარს, მადლობის ნიშნად მუხლებში ჩაუვარდა და იმ წამსვე უჩინო იქმნა...
***
კიევის ღვთისმშობლის მიძინების ლავრაში ორი მონაზონი იღვწოდა: - მღვდელი ტიტე და დიაკვანი ევაგრე. რამდენიმე წლის მანძილზე იმდენად ძმობდნენ ერთურთთან, რომ სხვებს აკვირვებდათ მათი ერთობა... მაგრამ კაცთა მოდგმის მტერი ხომ დასაბამითგან სთესს თავთუხთა შორის ღვარძლს და ავსულმა ამ ორ მოსიყვარულე გულს შორისაც იმგვარი მტრობა ჩამოაგდო, რომ სიძულვილითა და რისხვით აღვსილნი ერთურთს ზიზღის გარეშე თვალსაც ვერ უსწორებდნენ. როდესაც ღვთისმსახურებას შეუდგებოდნენ და რომელიმე საკმევლის კმევას იწყებდა, მეორე გვერდზე ისე დგებოდა, რომ საკმევლის სუნი არ შეეყნოსა, ხოლო ზოგჯერ, თუკი ეს უკანასკნელი თავის ადგილას რჩებოდა, პირველი ისე აუქცევდა გვერდს, რომ მისგან რაც შეიძლება, შორს დამდგარიყო...
ორი ძმის ამგვარმა სიძულვილმა დიდხანს გასტანა და ისინი, შეურიგებელნი და მოქიშპენი, ღვთისადმი უსისხლო მსხვერპლშეწირვას მაინც კადნიერად განაგრძობდნენ... ლავრის საძმო ბევრს ეცადა, მაგრამ ვერაფრით შეარიგეს.
გამოხდა ხანი. მღვდელი ტიტე ძლიერ დაავადდა. მომაკვდინებელმა სენმა ლოგინად შთააგდო. ამ განსაცდელმა გამოაფხიზლა, საკუთარი საქციელი სრულად გაისიგრძეგანა და სინანულით აღვსილს მწარე ტირილი წასკდა...
მღვდელმა თავის დიაკვანს ძმა გაუგზავნა და მისი პირით შენდობა ითხოვა, მაგრამ გამძვინვარებულმა ევაგრემ დანაბარების მოსმენაც არ ისურვა, ისე იწყო მისი ლანძღვა და წყევა.
საძმომ, ხვდებოდა რა დიაკვნის სულის დამღუპველ მდგომარეობას, ევაგრესადმი თანაგრძნობით აღვსილმა ძალით მიიყვანა მომაკვდავი ტიტეს სენაკში. მღვდელმა როგორც კი თავისი მეგობარყოფილი მტერი დაინახა, ძმათა დახმარებით სარეცლიდან გაჭირვებით წამოიწია და ევაგრეს ტირილითა და პატიების თხოვნით მუხლებში ჩაუვარდა, მაგრამ დახეთ, დიაკვნის გულმხეცობას! ადამიანის სახედაკარგულმა ევაგრემ მტირალ ტიტეს ფიცხლად აქცია ზურგი და გააფთრებულმა შეჰყვირა: - არც ამ და არც მომავალ ცხოვრებაში მასთან შერიგება არ მსურსო! ამ სიტყვებით ძმებს ხელიდან გაუსხლტა და კარისაკენ გავარდა, თუმცა, იქამდე ვეღარ მიაღწია, უეცრად პირქვე დაემხო...
ბერებმა წაქცეულის წამოყენება სცადეს, მაგრამ რაოდენ დიდი იყო მათი გაოცება, როდესაც ევაგრე მკვდარი იხილეს... მას სხეული იმგვარად გაჰყინვოდა, გაქვავებოდა, თითქოს რამდენიმე საათის გარდაცვლილი ყოფილიყო, მაგრამ ეს არაფერი: ისინი იმან უფრო გააოცა, როდესაც იმავე წუთს მუხლზე დაცემული, მომაკვდავი ტიტე ფეხზე ისეთი ჯანსაღი წამოდგა, თითქოს ცხოვრებაში ფრჩხილიც კი არ ასტკივნიაო...
მათ თვალწინ აღსრულებული სასწაულით შეძრწუნებული ძმები სასწაულებრივად გამოჯანმრთელებულ ტიტეს შემოეხვივნენ და ეკითხებოდნენ, - ეს რას ნიშნავსო?!
- მძიმედ რომ დავსნეულდი, სანამ ჩემი ძმის მიმართ გულძვირი გახლდით, ვხედავდი ანგელოსებს, რომელნიც ჩემი საწოლისაგან მოშორებით იდგნენ და ჩემი სულის მდგომარეობისა გამო ცხარედ ტიროდნენ, არაწმინდა სულების ხროვა კი შორიახლოს შეყრილიყო და სიხარულისგან ადგილზე ხტოდა... ეს გახლდათ ის მიზეზი, რამაც ძმასთან შერიგება გადამაწყვეტინა.
როდესაც ევაგრე ჩემს სენაკში შემოიყვანეთ და მუხლებში ჩავუვარდი, იგი კი, ზიზღით აღვსილი, წყევით გაგისხლტათ ხელიდან, მაშინ ვიხილე, ერთმა მრისხანე ანგელოსმა როგორ ჩასცა ევაგრეს ცეცხლოვანი შუბი და უსულო მიწას დაანარცხა... იმავე ანგელოსმა მაშინვე ხელი გამომიწოდა, ფეხზე წამომაყენა და მომაკვდინებელი სენისაგან უცებ განმკურნა.
გაოცებულმა საძმომ ევაგრეს მძვინვარე სიკვდილი მწარედ დაიტირა და ამ დღის შემდეგ მღვიძარება და ლოცვა-ვედრება კიდევ უფრო გააძლიერა... ბერები მარადის ფხიზლად იყვნენ და ცდილობდნენ, რომ მზის ჩასვლას განრისხებულნი არასოდეს შეხვედროდნენ, რამეთუ ავისმხსომებლობა უსაშინლესი მანკია და საძაგელია ღვთის წინაშე.