ანას მფარველი ანგელოზი 20 წლის წინ გამოეცხადა და ერთიანად შეუცვალა ცხოვრება.
მანამდე ეკლესიიდან შორს იყო, ჩარჩობდა, უწესოდ ცხოვრობდა. ახლა კი უკვე დიდი ხანია მოსკოვის ერთ-ერთ მონასტერში მსახურობს. თავის საოცარ ფერისცვალებაზე ჰყვება: - "მაშინ ტაძარში იშვიათად თუ შევირბენდი ხოლმე და სანთელს დავანთებდი. ვიცოდი იესო ქრისტეს სახელი, ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა და, რა თქმა უნდა, ღვთისმშობლისა. ვსპეკულანტობდი. მოსკოვში ნაცნობი უცხოელებისგან ვყიდულობდი საქონელს და დონეცკში ვყიდდი. ვეშმაკობდი, მყიდველს ვატყუებდი, საქონელს ვუცვლიდი, ყველანაირი საშუალებით ვცდილობდი ფულის შოვნას. ეს იყო ჩემი ცხოვრების მიზანი.
ერთხელ მორიგი რეისიდან დონეცკში ვბრუნდებოდი. ვაგონის ზედა საწოლზე ვიწექი. უეცრად თითქოს სადღაც ჩავვარდი, მაგრამ ვგრძნობ, ისევ საწოლზე ვწევარ. უეცრად ჩემს წინ თეთრი, თვალისმომჭრელი სამოსით მოსილი ჭაბუკი დავინახე. მისი ნათელი სახე სითბოს და სიმშვიდეს ასხივებდა, ასეთი სახეები ადამიანებს არა აქვთ. ბეჭებზე სპეტაკი, მარმაშივით ფრთები ჰქონდა. სულში ჯერ განუცდელი სიმშვიდე და სიყვარული დამიტრიალდა. მიყურებს სიყვარულით სავსე ნათელი თვალებით და მეუბნება: - გამარჯვება, ანა (მაშინ არც ვიცოდი, რომ ქრისტიანულად ანა მერქვა). ბაგეგაუხსნელად ფიქრებში ვკითხე ბრწყინვალე სტუმარს: - ვინ ხარ? მაინცდამაინც გზაში რატომ გამომეცხადე, რატომ არ დამაცადე შინ მისვლა-მეთქი. შენი დრო დადგა, სადაც არ უნდა ყოფილიყავი, უნდა მენახეო, - მითხრა ანგელოზმა. მისი საოცრად ტკბილი ხმა, რომელიც ნაკადულის რაკრაკს ჰგავდა, ახლაც ჩამესმის ყურში. მაშინ ქრისტიანულ ლიტერატურას არ ვკითხულობდი, არ ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდნენ ანგელოზები, ან თუ არსებობდნენ საერთოდ. ანგელოზმა ხელი შემახო. რაღაცნაირი მსუბუქი და ჰაეროვანი შეხება ვიგრძენი. ხელთ გამჭვირვალე, ბოლოებწამახული პლასტიკატის მილი ეპყრა, ისეთი, ექიმები სისხლის გადასხმისას რომ იყენებენ. მილის ერთი ბოლო ხელში, მოსახართან ჩაიდგა, მეორით კი გულის არეში, ნეკნის ქვეშ შემეხო. მსუბუქი ჩხვლეტა ვიგრძენი და მილი ჩემს სხეულში გაჩერდა. ამ ადგილას შემდგომში დიდხანს ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს თითებით მაწვებიანო.
ანგელოზის ნებას დავემორჩილე, მწამდა, ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ ხდებოდა. გამჭვირვალე მილში ამოძრავდა ნათელი არსებიდან ჩემში გადმომავალი ღია წითელი სითხე. ვგრძნობდი, როგორ გადმოდიოდა და იღვრებოდა ჩემს სხეულში ეს "სისხლი".
თითქმის მთელი დიდი ჭიქა ცხოველმყოფელი სისხლი შევისრუტე. როცა ბოლო წვეთი ჩაიღვარა, მილი ისევ ისეთი გამჭვირვალე და წმინდა დარჩა, თითქოს მასში არაფერს გაევლოს. ბოლო წვეთმა ამოიბუყბუყა. ანგელოზმა გამომაძრო მილი, შეინახა და მითხრა, - მორჩა ყველაფერიო.
ვუყურებდი და ვერაფერს ვხვდებოდი, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ორსულად ვყოფილიყავი. ის ადგილი, სადაც "სისხლი" გადამისხა ანგელოზმა, შემისივდა, ბურთივით გახდა. "რაც შემეძლო, ყველაფერი გაგიკეთე", - მითხრა და ვიგრძენი, როგორ დამიარა სხეულში "სისხლის" ცხოველმყოფელმა ნაკადმა. ყველა კუთხე-კუნჭულს რომ მისწვდომოდა, ხელ-ფეხი გავშალე.
გავახილე თვალები. იმავე მდგომარეობაში ვიწექი, როგორშიც დამტოვა ანგელოზმა. ბალიშს ჯერაც ეტყობოდა ჩემი ფრჩხილების კვალი. ეტყობა, მაშინ დავატყვე, როცა ვცადე წამოწევა, კარგად რომ მეცქირა "სისხლის გადასხმისთვის".
დაახლოებით ოთხი წუთი გაგრძელდა ძილბურანი. ამ წუთებმა კარდინალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ყველაფერს ბურუსში ვხედავდი, ბურუსი გაიფანტა და დავინახე მგზავრების სახეები, ისინი ბრწყინვალე ანგელოზის ხილვის შემდეგ მოქუფრულნი და პირშავნი მეჩვენნენ.
დონეცკში ჩასვლისთანავე ტაძარში წავედი. უამრავი სასულიერო შინაარსის წიგნი ვიყიდე, ვკითხულობდი და ვცდილობდი გამეხსენებინა, რაც თავს გადამხდა.
მოგვიანებით, როცა მღვდელს მოვუყევი, მითხრა: - ეს შენს ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს ნიშნავს, მადლობა შესწირე ღვთისმშობელს. ეს შენს გამოსაფხიზლებლად მოხდაო.
ანას მფარველი ანგელოზი მეორედ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის და ზეციურ ძალთა ხსენების დღეს გამოეცხადა. მართლაც მთლიანად შეიცვალა მისი ცხოვრება, ღვთისკენ მოიქცა, ვაჭრობას თავი ანება, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, იქ ერთ-ერთ აღდგენილ მონასტერში მოძღვარმა მუშაობა დააწყებინა. ახალი ნაცნობები გაიჩინა. თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა.
"იმ დღეს მონასტრის მეგობარმა სტუმრად დამპატიჟა, - ჰყვება ანა, - შინ გვიან დავბრუნდი და დაღლილს ხატების წინ, ხალიჩაზე დამეძინა. უეცრად ვგრძნობ, უკნიდან ვიღაც მიახლოვდება. "ნაცნობია" - ვიცი, არაფერს დამიშავებს. რატომღაც შემობრუნებას და შეხედვას არ ვცდილობ. ის კი ფრთხილად და ხმადაბლა, რომ არ შემაშინოს, მეუბნება: - წამოდექი და გამომყევიო. უსიტყვოდ დავმორჩილდი. დერეფანს გავუყევით, ლიფტში შევედით. ლიფტი პირდაპირ ცაში მიცურავს. მარცხენა მხარეს ვიღაცის გვერდით ყოფნას და დახმარებას ვგრძნობ. ასე მგონია, მისი სუნთქვაც კი მესმის, ნაზად მეხება. ხელზე ვეყრდნობი. ამ გამჭვირვალე ლიფტიდან დავცქერი ქალაქის მცხოვრებთ. რაც უფრო მაღლა ავდივარ, უფრო ნათლად ჩანს ამ ადამიანთა ხასიათი, სურვილები, ცხოვრების წესი, უხეში და ბიწიერი. ავდივართ მაღლა და ადამიანთა საზოგადოება საცოდავ მდგომარეობას იღებს: დანგრეული სახლები, ნაგავი, დალეწილი ნივთები, მაგრამ ადამიანები ამას ვერ ხედავენ და გამუდმებით რაღაც ჭინჭებს იზომებენ, დახეულია თუ ახალია, სულერთია, მთავარია, რაც შეიძლება მეტი შეიძინონ, უფრო მეტი ჭამონ, ამოიყორონ მუცელი ნებისმიერი საჭმლით. აშკარად ვხედავ, ჩვეულებრივი ადამიანური მოთხოვნილება როგორ გადადის დიდ ცოდვაში - გემოთმოყვარეობაში.
გამახსენდა ჩემი ცოდვები, მუდამ უკმაყოფილო რომ ვიყავი. აი, სადამდე შეიძლება მივსულიყავი. შიშმა და სირცხვილმა დამრია ხელი.
ანგელოზმა წამიყვანა. გავდივართ ფართო ქუჩაზე. ორივე მხარეს მოაჯირებია. ჯერ ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს. ანგელოზი პასუხობს ჩემს მდუმარე შეკითხვას: "ეს მრუშობის საზვერეა". მიმიყვანა ერთ ბნელ მოაჯირთან, რომელზეც მძიმე რკინის ჯაჭვებით მიებათ დედიშობილა გოგონა. ადრე რომ მენახა, მისი დიდად შემშურდებოდა. გოგონა ხელ-ფეხით გაუნძრევლად იყო მიმაგრებული. ფეხმძიმესავით უზარმაზარ მუცელზე ხვრელი უჩანდა. შიგნით რაღაც შავი და მყრალი ფუთფუთებდა. ორივე მხარზე შავი ფიგურები ადგნენ, რომელთაგანაც ყინვა იფრქვეოდა.
ახლოს რომ მიმიყვანეს, შიშით ფეხები წამერთვა. გოგონას ამ საუკუნო სატანჯველს სიკვდილი ერჩივნა. ისე შემაძრწუნა მისმა თვალებმა, რომ ის შემოხედვა ახლაც მახსოვს.
კინაღამ გონება დავკარგე, ანგელოზმა ხელი შემაშველა და ნანახი ამიხსნა: - მას მშობიარობისწინა ტკივილები აქვს, მაგრამ ბავშვის შობა და დედობა აღარ შეუძლია. არ დაუცხრება ეს ტკივილები, რადგან სიცოცხლეში ყველა საშუალებით იშორებდა ნაყოფსო. ჯალათები სიამოვნებით უცქერდნენ მის ტანჯვას.
ანგელოზმა პროსპექტის მეორე მხარეს წამიყვანა. მთელ სიგრძეზე შიშველი ქალები მიეჯაჭვათ. იქვე ისხდნენ მათი ჯალათები. ყველას თავისი სატანჯველი ჰქონდა. შემეშინდა, მეც ხომ მათნაირი ცოდვები მქონდა. ვხედავ იმ სატანჯველს, რომელიც მელის და გულწრფელი სინანულით შემიძლია გამოვისყიდო. ვუსმენ მათ ყვირილს და გული მეწურება.
უეცრად რკინის უზარმაზარ დისკოს ვხედავ, მასზეც ქალის სხეულია დაბმული რკინის ჯაჭვებით და ღვედებით. ის მეცნობა, მაგრამ რატომღაც გულგრილად ვუცქერ. მერე ყურადღებით ვაკვირდები. შევძრწუნდი. ეს ხომ მე ვარ! მაგრამ თვალები მაქვს უსიცოცხლო, მკვდარივით. მივხვდი, მეც იგივე მელოდა, რაც ამ ქალებს. მაგრამ შავი ფიგურის ხმა მესმის, - ჯერ შენი დრო არ დამდგარაო. შეშინებულს გამომეღვიძა.
მეგობართან ანგელოზის დღეს გამართულ წვეულებაზე დავაგვიანე. ვიჯექი ჩემთვის და სხვათა მხიარულებას ვეღარ ვიზიარებდი. ვფიქრობდი ჩემს საშინელ ხვედრზე, რაც მელოდა, თუ არ შევინანებდი და ჩემს მფარველ ანგელოზზე, რომელმაც წინასწარ მახილვინა ყოველივე.
ანგელოზის მესამედ გამოცხადებაზე ანა მოჰყვა: ერთ მონასტერში სატრაპეზოში ვმსახურობდი. დილიდან საღამომდე მონასტერში ვტრიალებდი. ორი პატარა შვილი მყავდა, საქმეებით დაკავებული მათ თითქმის ვერ ვნახულობდი, ყურადღებას ვერ ვაქცევდი. მეორე გამოცხადებიდან წლისთავზე ჩემი მფარველი ანგელოზი მოვიდა და სადღაც წამიყვანა. მიმიყვანა ერთ შენობასთან და მითხრა: - შედი შიგ. ეგ შენი სახლიაო. ახლა სახლი აღარ მაქვს-მეთქი. მართლაც, მონასტერში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. ანგელოზმა გამიმეორა: - შვილო, ეს შენი სახლიაო. პირველი ოთახი ლამაზი ავეჯით იყო გაწყობილი, იატაკზე დიდი ხალიჩა იყო გაშლილი, ზედ კი ბავშვების სათამაშოები ეყარა და თითქოს ჩემს შინაგან მდგომარეობას მიანიშნებდა. ისეთი ნაცნობი გარემო იყო, რომ დარჩენა მომინდა, მაგრამ ანგელოზმა თითქმის ძალით გამომიყვანა. შევედით ერთ მოუწყობელ ოთახში. ეტყობოდა, ბავშვებისა იყო. შიგ იდგა ორიარუსიანი, ზამბარებგამოჩრილი საწოლი. კედლები შეულესავი იყო და ქარი ზუზუნით დაქროდა. არ მინდა ამ ოთახში ცხოვრება-მეთქი, - გავიფიქრე, მაგრამ ანგელოზმა მსუბუქად მიბიძგა და ზამბარებზე ცხვირი რამდენჯერმე მიმარტყმევინა. დამრიგებლურად მითხრა: - კუთხისკენ გაიხედეო. მივხვდი, ამ ხილვით უფლის ანგელოზმა დამანახა, რომ შვილებისადმი სათანადო ყურადღებას არ ვიჩენდი. დავფიქრდი ჩემს შვილებზე, რომელთა მიმართ ზრუნვა ჩემი მოვალეობა იყო და არ ვასრულებდი, ამის გარეშე კი ჩემს ღვაწლსა და ქრისტიანულ შრომას ფასი ეკარგებოდა. დედაკაცი ხომ შვილთა გაჩენით და გაზრდით ცხონდება".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი