სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი დაადგინეს
21.11.2020
სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად სერბეთის ეკლესიის დაქვრივებული საპატრიარქო საყდრის
მოსაყდრედ (ადგილის მცველი, მოადგილე) აირჩიეს დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი (ევიჩი). იგი საპატრიარქო ტახტს მომავალი პატრიარქის არჩევამდე უხელმძღვანელებს.
ამას გარდა, წმინდა სინოდმა შუმადიას ეპისკოპოსი იოანე განამწესა ბელგრადისა და კარლოვაცის სამთავარეპისკოპოსოს დროებით მმართველად.
◾️ შაბათს, 2020 წლის 21 ნოემბერს, სრულიად სერბეთის პატრიარქ ირინეოსის ცხედარი დაასვენეს ბელგრადის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც შესრულდა საღმრთო ჟამისწირვა.
◾️ ახლად შესვენებული პატრიარქისათვის საღმრთო ჟამისწირვა და დაკრძალვის მსახურება შესრულდება კვირას, 22 ნოემბერს, ვრაჩარის წმინდა საბას სახელობის ტაძარში, ამის შემდეგ პატრიარქ ირინეოსს გადაასვენებენ წმინდა საბას ტაძრის კრიპტაში (ტაძრის საკურთხევლის ქვეშ მდებარე საძვალე).
აღსანიშნავია, რომ სერბეთის ეკლესიის ახლად არჩეული მოსაყდრე, მეუფე ქრიზოსტომოსი 2004 წელს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის კურთხევისას ეწვია საქართველოს, როგორც სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი.