რა "დამსახურება" აქვს საქართველოს წინაშე ნარიმან ნარიმანოვს?!
21.05.2020
რადიო "მარნეულის" ინფორმაციით (21.05.2020), "მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში მდებარე,
აზერბაიჯანელი მწერლის ნარიმან ნარიმანოვის, ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდა. ძეგლის დაზიანებული ფილები ახლით ჩაანაცვლეს. ძეგლის რესტავრაციის დროს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მარნეულის მერის ზაურ დარგალის ინიციატივით ხორციელდებოდა. მარნეულის საკრებულოს დეპუტატმა აზად ქარიმოვმა აღნიშნული ინფომრაცია უარყო და განაცხადა, რომ მარნეულის მერიამ ძეგლის რესტავრაციის სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც მარნეულის მერიაში, 21 თებერვალს, ძეგლის რეაბილიტაციის მოთხოვნით წერილი შეიტანეს. ქარიმოვის განცხადების საპასუხოდ მარნეულის მერმა რადიო "მარნეულს" განუცხადა, რომ ძეგლის რესტავრაცია მერიის ინიციატივით ხორციელდებოდა და სამომავლოდ იმ სკვერის რეაბილიტაციაცაა დაგეგმილი, სადაც ნარიმანოვის ძეგლი დგას".
აღსანიშნავია, რომ მარნეულში არსებული ძეგლის გარდა ნარიმან ნარიმანოვის აზერბაიჯანული მუზეუმი და მისივე ბიუსტი თბილისშიც არსებობს. თბილისში, იოსებ გრიშაშვილის 41 ნომერში გასულ წელს ცნობილი აზერბაიჯანელი ბოლშევიკის, აზერბაიჯანის სსრ-ის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის (1920–1921) და სახალხო კომისრების თავმჯდომარის (1920-1922) ნარიმან ნარიმანოვის მუზეუმი გაიხსნა, იმ ნარიმან ნარიმანოვის, ვინც 1921 წლის 5 ივლისს საქართველოს მოღალატე ფილიპე მახარაძესთან ერთად ხელი მოაწერა საქართველოს უძველესი ისტორიული კუთხის - საინგილოს (მაშინდელი ზაქათალის ოლქის, ამჟამად ზაქათალის, კახის და ბელაქნის რაიონების) აზერბაიჯანის სსრ-სთვის ჩუქებას! საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ხელმოწერილ, რუსულ ენაზე შედგენილ ამ სამარცხვინო და უკანონო დადგენილების მე-4 პუნქტში ნათქვამია: "საქართველოს სსრ უარს ამბობს ყოველგვარ პრეტენზიაზე ზაქათალის ოლქის მიმართ, რაზეც საქართველოს რევკომი გამოსცემს შესაბამის დეკლარაციას". ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია... ამ რუსული დოკუმენტის ორიგინალი კი შეგიძლიათ იუთუბიზეც იხილოთ ისტორიკოს გიორგი კალანდიას ფილმში "ჰერეთი"...