ჩვენ ვილოცებთ ტაძარში, ხოლო მრევლი სახლში - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი
24.03.2020
"მარნეულში წირვა-ლოცვა და ყველა ღვთისმსახურება აუცილებლად ჩატარდება", - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა
გიორგიმ (ჯამდელიანი) რადიო "მარნეულთან" საუბრისას.
მეუფე გიორგის თქმით, წირვა-ლოცვას მღვდელთმსახურები ტაძრებში ჩვეულებრისამებრ აღავლენენ, ხოლო მრევლი სახლში ილოცებს.
"ჩვენ, ღვთისმსახურები ჩავატარებთ წირვა-ლოცვას. ვფიქრობთ, რომ რადგან ეს ორი კვირა განსაკუთრებული პერიოდია მარნეულისათვის და შეზღუდულია ადამიანების გადაადგილებაც კი, ჩვენ ვილოცებთ ტაძარში, ხოლო ჩვენი ეპარქიის მრევლი დარჩება სახლში და ილოცებს ჩვენზე", - გვითხრა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა
მეუფის თქმით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია მზადაა ნებისმიერ დროს მოემსახუროს მოსახლეობას და შეძლებისდაგვარად, დახმარებაც გაუწიოს.
რაც შეეხება მარნეულში მცხოვრებ მუსლიმებს, საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყველა სახის კოლექტიური ლოცვის შეჩერების გადაწყვეტილება 20 მარტს მიიღო.
დღეს, 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.