ბოლო დღეებში მეშვიდე დღის ადვენტისტთა სექტა თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ავრცელებს ანონიმურ პლაკატებს,
რომლითაც ადამიანებს 19-დან 26 ოქტომბრამდე ე.წ. "სასულიერო-ზნეობრივ პროგრამაზე "მოციქულთა რწმენაზე" იწვევს. პლაკატის შინაარსიდან პრაქტიკულად შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რომელ რელიგიურ მიმდინარეობასთან გვაქვს საქმე.
ანონიმურ პლაკატზე გამოსახულია ბიბლია და ჯვარი, ხოლო ტექსტში ვკითხულობთ: "თქვენ მოისმენთ: ყოველ შეხვედრაზე მუსიკალურ პროგრამას; თქვენ იხილავთ: თანამედროვე პრეზენტაციების მეშვეობით საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას". იქვე მითითებულია საკონტაქტო ინფორმაციაც და შეხვედრების ადგილიც - ცუცხვათის ქუჩაზე (მეტრო ისანთან). ცხადია გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის უცნობია, რომ სინამდვილეში მეშვიდე დღის ადვენტისთა სექტის თბილისის ცენტრალურ ოფისში ეპატიჟებიან ქადაგებისა და მათი სექტაში გადაბირების მიზნით. ეს არცაა გასაკვირი - ნებისმიერი სექტა იცავს ანონიმურობის პრინციპს - ცდილობს, ადამიანი მანამდე გადაიბიროს, სანამ ის ამ სექტის რაობისა და ისტორიის შესახებ რეალურ ინფორმაციას მიიღებს.
ანონიმურ პლაკატში ასევე ნათქვამია, რომ "ყველა შეხვედრაზე დასწრების შემთხვევაში საჩუქრად მიიღებთ ბიბლიას და 2019 წლის უნიკალურ წიგნს", თუმცა არაა დაკონკრეტებული, რომელ ახალ "უნიკალურ" წიგნზეა საუბარი (ცხადია სექტანტებისთვის მათი ორგანიზაციის მიერ გამოცემული ნებისმიერი წიგნი თუ ჟურნალი "უნიკალურად" და უტყუარ "ჭეშმარიტებად" ითვლება და სექტანტურ ლექცია-ქადაგებებზე დასწრების შემდეგ ადამიანებს სექტანტურ ლიტერატურას დაურიგებენ).
ამჟამად ადვენტისტთა სექტას საქართველოში 600-მდე მიმდევარი ჰყავს (ამ სექტას ე.წ. "ეკლესიები" აქვს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, თელავში, ახმეტასა და ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში).
აღსანიშნავია, რომ ადვენტისტთა სექტამ თბილისში პირველად 2005 წლის მარტში ჩაატარა მსგავსი სატელიტური სამქადაგებლო-მისიონერული აქცია ახალი მიმდევრების მოზიდვის მიზნით. კიევიდან პირდაპირი ტრანსილაციით ყოველდღიურად გადმოიცემოდა ადვენტისტი პასტორის - მარკ ფინლის ქადაგებები თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში. მოქალაქეთა მოზიდვის მიზნით სექტანტებმა მაშინაც მასობრივად დაარიგეს თბილისის ქუჩებში მოსაწვევები და გააკრეს პლაკატები, რომლითაც ადამიანებს კიევიდან ქრისტიანული შემეცნების პროგრამის პირდაპირი ტრანსილაციის საყურებლად და ყოველდრიურ "ჯანმრთელობის ლექციებზე" დასასწრებად იწვევდნენ, ხოლო მითითებულ ტელეფონზე დარეკვისას კონფესიის დაკონკრეტების მოთხოვნის შემთხვევაში აცხადებდნენ, რომ ისინი წარმოადგენდნენ "ქრისტეს მეორედ მოსვლის მომლოდინეთა ეკლესიას".
"ჯანმრთელი ცხოვრების წესში" კი სექტანტური თვალთახედვით გარკვეული აკრძალვების დაცვა იგულისხმება. ყველა ადვენტისტი ვალდებულია, იდღესასწაულოს შაბათი. ამ დღეს ეკრძალებათ მუშაობა, კერძის მომზადება და რამის ყიდვაც კი. სექტის წევრები იცავენ ელენ უაიტის მიერ შემოღებულ კვებით აკრძალვებს (ე.წ. "სანიტარულ რეფორმას") - არ ეკარებიან ღორის ხორცს, ყავას, ჩაის, ღვინოს, კოკა-კოლას და ა. შ. "ალკოჰოლის მიღება, როგორიც არ უნდა იყოს მისი კონცენტრაცია, ნარკოტიკის ზემოქმედებას ჰგავს. ფაქტობრივად, ალკოჰოლი ნარკოტიკს უტოლდება. ამგვარად წაბილწულ ადამიანს არა აქვს ადგილი ცათა სასუფეველში... მადა ხშირად გვიბიძგებს, მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც არათუ არ აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას, არამედ ხშირად ვნებს კიდევაც მას. ორიენტირება იმაზე, თუ როგორ იკვებება უმრავლესობა ჩვენს ირგვლივ, შეცდომაა... იმისთვის, რომ გავიგოთ, რომელი საკვებია ჯანსაღი და სასარგებლო, უნდა გავეცნოთ უფლის ჩანაფიქრს ადამიანის კვების შესახებ. მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, კაკალი - აი, რა განგვიწესა შემოქმედმა საკვებად", - ნათქვამია ადვენტისტური "ახალი ცხოვრების" სწავლების კურსის სახელმძღვანელოში (გამოცემულია ქართულადაც).
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრმა 2005 წლის მარტში გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ რომ აღნიშნული ტელეტრანსილაციები და "ჯანმრთელობის ლექციები" სექტანტების მიერ იყო ორგანიზებული.
ყოველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს , რომ ქუჩაში გავრცელებული, ერთი შეხედვით გაურკვეველი წარმოშობის ფურცლებისა თუ ბროშურების უკან, როგორც წესი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მოწინააღმდეგე სექტა დგას. სექტანტმა მისიონერებმა შესანიშნავად იციან, თუ პირველივე შეხვედრისას გაუმხელენ თავიანთ კონფესიურ კუთვნილებას, შესაძლოა პოტენციურმა "მოსაქცევმა" ახლობლებისგან თუ ლიტერატურიდან ამ მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოიძიოს და სრულიად გაუქრეს რწმენა იმ ილუზორული დაპირებებისადმი, სექტაში გაწევრების შემთხვევაში რომ სთავაზობენ. ამიტომ მსგავსი "შემოთავაზებების" დროს საჭიროა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და მუდამ გვახსოვდეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის დარიგება: "საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღმერთისგან არიან თუ არა სულნი, იმიტომ, რომ მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად" (1 იოანე 4,1).