თავის მორიგ სტატიას არქიმანდრიტი გრიგორი (ზუმისი) ეკლესიის აქტუალურ საკითხებს უძღვნის.
პუბლიკაციის დასაწყისში დოქიარის მონასტრის იღუმენი საუბრობს იმ ბერთა დევნის შესახებ, რომლებიც არ ეთანხმებიან კრეტაზე ჩატარებული კრების შედეგებს.
"ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქრისტემ გაგვათავისუფლა და ადამიანი ქრისტეში თავისუფლების თანამონაწილე გახდა. ამიტომ სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რომ უდანაშაულო ბერები იდევნებიან, ხოლო მუსულმანები ხარობენ თავისუფლებით და მფარველობით საეკლესიო თუ საერო ხელისუფლებათა მხრიდან".
ასეთივე დევნა იყო მაშინ, როცა საეკლესიო კალენდარი ახალ სტილზე გადაყავდათ, რის შედეგადაც ეკლესიაში მოხდა განხეთქილება.
მე არ ვარ ზილოტი (მოშურნე), მაგრამ არც ეკუმენისტი ვარ. სულაც არ მომწონს, როცა მსოფლიო პატრიარქი რომის პაპთან და სხვა აღმსარებლებთნ ერთად ლოცულობს და სურათებს იღებს. იმედი მქონდა, რომ კრეტის კრება ამხელდა ეკუმენიზმს და არა გაამყარებდა მას კრების დონეზე.
ამ დიალოგით (სხვა აღმსარებლებთან) მართლმადიდებელ ეკლესიას არავითარი სარგებელი არ მიუღია. პირიქით, ამან მოიტანა დაბნეულობა ხალხში და დაამწუხრა მორწმუნე ქრისტიანები.
მე არ ვწყვეტ ჩემი ეპისკოპოსის მოხსენიებას (თუ მას კრება არ დაგმობს). მე არ მსურს ეკლესიის გახლეჩვა, რადგან ეს დიდ ცოდვად მიმაჩნია.
მე ვრჩები ეკლესიაში მორჩილებით და ტკივილით ვეუბნები საკუთარ დედას:
- დედა ეკლესიავ, მე ვერ ვპოულობ სიმშვიდეს შენს სიტყვებში, დამეხმარე. ნუ მიმატოვებ ვიწრო ბილიკებსა და ლაბირინთებში მოხეტიალეს.
მართლმადიდებლური აღმსარებლობის გზა რთულია.
მას საფუძვლად უდევს არა გაელვებები და აფეთქებები (უკმაყოფილებისა), არამედ ღვთის შიში და ღრმა რწმენა, რომ ეკლესია ქრისტეს მისტიკური სხეულია. უფალი ეკლესიის თავია, ხოლო ჩვენ ყველანი, ჩვენი მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიის თანასწორი და თანაბარუფლებიანი წევრები ვართ, რომელთაც გვჯერა, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი (ერესისა) მას ვერ მოერევიან. ჩვენ გვჯერა და ვაღიარებთ, რომ ეკლესია საყოველთაო და წმინდაა. ჩვენ არ გვჯერა, რომ არსებობს კიდევ სხვა "ეკლესიები", იმის მიუხედავად, შეინარჩუნეს თუ არა მათ ჭეშმარიტების კვალი ანდა შეგნებულად მალავენ თუ არა სიმართლეს.
დაე განამტკიცოს ქრისტემ მისი ეკლესია, რადგან თუ ჩვენ დავკარგავთ ეკლესიის ერთიანობის რწმენას - ყველაფერი დაიშლება.
წყარო:
http://www.vimaorthodoxias.gr