რომის პაპი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდა.
შეხვედრა 15 სექტემბერს შედგა ვატიკანში რუსეთის პატრიარქის, კირილის კურთხევით. ფრანცისკი გულითადად მიესალმა მიტროპოლიტ ილარიონს, რომელიც იქ ჩასულ რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს. დელეგაციის ჩასვლის მიზანი კი მართლმადიდებელ და რომის კათოლიკურ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის ფარგლებში მორიგ გართიანებულ სხდომაზე დასწრება გახლავთ.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა სხდომის დაწყებამდე ფრანცისკს პატრიარქ კირილისგან საჩუქრად გადასცა კვერცხის ფორმის რელიქვარიუმი, რომელშიც წმინდა სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილი იყო ჩაბრძანებული.
პაპი აღაფრთოვანა ამ საჩუქარმა, იგი მოწიწებით ემთხვია რელიკვარიუმს და სთხოვა მეუფე ილარიონს, რომ მოსკოვის პატრიარქისთვის მადლიერება და ძმური სიყვარული გადაეცა მისგან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს გასული წლის თებერვალში, ჰავანაში, რომის პაპისა და რუსეთის პატრიარქის შეხვედრის შემდეგ მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის განვითარებული სიტუაცია.
გარდა ამისა, საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ქრისტიანთა მძიმე მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. მხარეებმა აღნიშნეს რომ იქ აუცილებელია შემდგომი კონსოლიდირებული მოქმედება.
მიტროპოლიტმა ილარიონმა ფრანცისკს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ეკლესიის მიერ სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის შესახებ.
ბოლოს მხარეებმა ისაუბრეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ, აგრეთვე - რომისა და მოსკოვის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა გაცვლითი სასწავლო ტურების პერსპექტიულ პროექტზე.
წყარო:
http://www.romfea.grP.S. როდესაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი განაცხადა კრეტაში გამართულ კრებაში მონაწილეობაზე, მავანი ძალები ჩვენს ეკლესიას რუსული კურსის განხორციელებასა და რუსეთის პოლიტიკურ მორჩილებას აბრალებდა. მაგრამ რუსეთს კრებამდეც და კრების შემდეგაც, თავისი გარკვეული პოლიტიკური მიზნები აქვს, ჩვენი ეკლესია კი მხოლოდ მართლმადიდებელი სარწმუნოების ერთგულებით იღებდა და იღებს ყველა გადაწყვეტილებას.