რამდენიმე დღეა ინტერნეტსივრცეში ვრცელდება 60 ათონელი ბერის ღია წერილი, რომელშიც ბერები კრეტის მსოფლიო კრებას მწვალებლურს უწოდებენ.
ამ წერილის საპასუხოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოშ კანცელარიაში აცხადებენ, რომ წმინდა მთა სინამდვილეში მხარს უჭერდა კრებას, ბერების წერილი კი მხოლოდ კერძო აზრია.
ათონის წმინდა მთის 60-მა ბერმა ღია წერილი მისწერა წმინდა კინოტს, რომელშიც დაგმობილია კრეტაზე ჩატარებული კრება - ბერებმა მას ანტიმართლმადიდებლური უწოდეს და მოითხოვეს შეწყდეს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსის მოხსენიება ღვთისმსახურებაზე.
ბერები მოითხოვენ კინოტისგან, რომ მოწვეულ იქნას "წმინდა სინაქსისი" ერთადერთ საკითხზე - დაიგმოს კრეტის კრებაზე მიღებული დოკუმენტები. წერილში ნათქვამია, რომ ბერებმა შეისწავლეს კრების ტექსტები, აგრეთვე ცნობილ ღვთისმეტყველთა და მიტროპოლიტთა პასუხები. დასკვნა ის არის, რომ კრება იყო ანტიმართლმადიდებლური და ერეტიკული - აღნიშნულია წერილში.
წმინდა მთის ბერები აცხადებენ, რომ კრება ოფიციალურად აკანონებს ეკუმენიზმის ერესს, სხვა ერესებმა კი "ბოლოს და ბოლოს მიაღწიეს თავიანთ მიზანს - სექტების ეკლესიებად აღიარებას" ანუ "პაპიზმი და სხვა ერესები აღიარებულია ეკლესიად და არა ერესად". წერილში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ კრების მიერ იგნორირებულია ბერობა და განსაკუთრებით ათონის წმინდა მთის დამოკიდებულება პაპიზმისა და ეკუმენიზმისადმი.
"ამიტომ გთხოვთ და მოველით, რომ განიხილავთ ამას, როგორც თქვენს სულიერ მოვალეობას და მოიწვევთ საგანგებო ორმაგ სინაქსისს, რათა ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ამ კრებას ერეტიკოსთა, არაკანონიკური და ავაზაკთა კრება ეწოდოს" - ნათქვამია წერილში.
ბერები ამბობენ, რომ თუ კინოტი ამას არ იზამს, მაშინ ისინი იძულებულნი იქნებიან თავად იმოქმედონ და შეწყვიტონ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიება ღვთისმსახურებაზე.
"მსოფლიო პატრიარქი სინოდალური ტექსტების სულისჩამდგმელია. აშკარაა, რომ იგი სიტყვითაც და საქმითაც მონაწილეობს ერესში - საუბარია ერთობლივ ლოცვებზე არამართლმადიდებლებთან, უცნაურ დოგმატიკურ სწავლებებზე, რომლებიც არამართლმადიდებლური და ანტიპატრისტიკულია".
ღია წერილს ხელს აწერენ დიდი ლავრის, ვათოპედის, ქილანდარის, ყუთლუმუშის, სტავრონიკიტას, ფილოთეოსის მონასტრების ბერები, აგრეთვე კარეესის, კაფსალის და სხვადასხვა სკიტებში მოღვაწე ბერები.
კონსტანტინოპოლში ათონის წერილს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ. როგორც მსოფლიო პატრიარქის არქიდიაკონმა იოანე ქრიზავგისმა განაცხადა, ეს წერილი უნდა განვიხილოთ, როგორც რამდენიმე ათეული ბერის აზრი კრების შესახებ და არა როგორც წმინდა მთის ოფიციალური პოზიცია. "ათონის მთის წმინდა კრებულმა სინამდვილეში მხარი დაუჭირა კრებას - განაცხადა ქრიზავგისმა. - მსოფლიო პატრიარქმა წმინდა მთას სწორედ იმიტომ შესთავაზა კრეტაზე წარმომადგენლის გაგზავნა, რომ მიესალმება და პატივს სცემს წმინდა მთის აზრს (და შესაძლოა, უფრო მეტად, ლოცვას)."
წმინდა მთამ მიიღო პატრიარქ ბართლომეოსის წინადადება და კრეტაზე გააგზავნა ათონის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი მოსახლე - სტავრონიკიტას არქიმანდრიტი ტიხონი, XX საუკუნის უდიდესი მართლმადიდებელი წმინდანის, პაისი ათონელის მოწაფე. არქიმანდრიტი ტიხონი არა მხოლოდ ესწრებოდა კრებას, არამედ კონსულტაციებსაც უწევდა მონაწილეებს ტექსტებზე მუშაობისას.
"არქიმანდრიტ ტიხონის საფუძვლიანი და თანაგრძნობით სავსე რჩევები ასახავდა ათონის ბერობის ჭეშმარიტ ბუნებას", - ამბობს ქრიზავგისი. ბერების მამხილებელი წერილის ორიგინალი შენახული არ არის. მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე მიბმული ბმული - იხილეთ წერილის ორიგინალი - აჩვენებს error 404-ს.
წყარო: http://www.vimaorthodoxias.gr/
http://www.ng.ru