“კვირის პალიტრის” მკითხველი ერთ წიგნად აკინძულ პატრიარქის ეპისტოლეებს მიიღებს.
სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის შესახებ უკვე ყველას სმენია. ეს წიგნები ყველასთვის საჭირო და აუცილებელია და მოთხოვნაც შესაბამისია. მკითხველთა უპრეცედენტო გამოხმაურებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, გამომცემლობა “პალიტრაის” გახმაურებული სერიის, “სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის”, გამოცემა გრძელდება. მე-11 ტომში “ეპისტოლენში” შესულია უწმინდესისა და უნეტარესის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები 1978 წლიდან 2015 წლის ჩათვლით. “კვირის პალიტრის” მკითხველი გაზეთთან ერთად 8 თებერვალს მიიღებს ამ შესანიშნავ გამოცემას, რომელიც ყოველი დროისთვის სათანადო რჩევა-დარიგებით, საზოგადოებისათვის აქტუალური თემებით არის გაჯერებეული. უწმინიდესის ლოცვა-კურთხევით გამოცემული “ეპისტოლეები”, ვფიქრობთ, მკითხველის სამაგიდო წიგნად იქცევა.
საზოგადოების აქტიურობა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი უნივერსალური ათეულის გამოცემის გაგრძელებისა. ბოლო 5 თვის განმავლობაში, სანამ ათეულის ტომები ეტაპობრივად გამოდიოდა, სერიის მე-10 წიგნის გამოსავლენად მკითხველის გამოკითხვა აქტიურად მიმდინარეობდა. ხმათა უმრავლესობა - 15038 - ერგო “მითოლოგიას”, რომელიც მე-10 ტომად გამოვიდა, ხოლო მეორე ადგილი (14098 ხმა) პატრიარქის ეპისტოლეებს.გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- უწმინდესი პატრიარქის ყოველი ეპისტოლე გაჯერებულია საღმრთო წერილით, დიდი სიბრძნით. საზოგადოება გულანთებული ისმენს მამობრივი მზრუნველობით აღსავსე თითოეულ სიტყვას, რომელიც ყოველი კაცის გულამდე აღწევს. უწმინდესის ეპისტოლეებმა ,,განუხვნა მათ გონებანი მათნი გულისხმისყოფად წიგნთა”. უწმინდესის სიტყვები, ქადაგებანი სამარადისოდ დაიუნჯებს მორწმუნის გულში, მკითხველი საუკუნო საგზალსა და ნუგეშს მიიღებს ამ წიგნის გაცნობით.
წმინდა დავით მეფსალმუნის სახელობის ტაძრის მღვდელ-მონაზონი მიქაელი (ბრეგვაძე):
- მაცხოვრის მიერ ეკლესიის დაარსებისთანავე, ეკლესიის მამები და მამამთავრები, ყოველთვის, საკუთარ სამწყსოს, ზეპირ ქადაგებებთან ერთად, ეპისტოლარულ ძეგლებსაც უძღვნიდნენ. ეკლესიის მმართველები ყველაზე მნიშვნელოვან სულიერ და ყოფით მოვლენებს ეხმაურებოდნენ, განმარტავდნენ ქრისტეს მოძღვრებებს, შეაგონებდნენ, ანუგეშებდნენ, აფრთხილებდნენ, ასწავლიდნენ, როგორ უნდა გაერჩია და გამოეცნო ხალხს მაცხონებელი კეთილი და წარმწყმედელი ბოროტი, რომელიც სხვადასხვა ავბედობის ჟამს სახელს და სახეს იცვლის ერში...
უკვე ახალი აღთქმის წმინდა წიგნებში ჩვენ გვაქვს ეპისტოლეები, საყოველთაო ხასიათის კათოლიკე ეპისტოლეების სახით, ასევე კერძო ადრესატისადმი მიძღვნილი რომელიმე ქვეყნის, ქალაქის, დასახლების ან პიროვნებისადმი. მაგალითად, ეპისტოლე რომაელთა მიმართ, ან ტიმოთეს მიმართ, ანდაც თესალონიკელთათვის მიწერილი და ასე შემდეგ. ეკლესიის წერილობით საგანძურებში მოგვეპოვება უძველესი პაპების, პატრიარქების და მღვდელმთავრების ეპისტოლეები. ამიტომ დღესაც, ამ საეკლესიო ტრადიციის კვალდაკვალ, ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულებზე, რომელთაც კაცობრიობა შეცვალა და მიმართულება და საშუალება მისცა სამყაროს მარადიული სიცოცხლისა და სიყვარულისაკენ - მაცხოვრის შობის და დიდებული აღდგომის დღეს, საქართველოს ეკლესიის მამათმთავარი საჭირო ეპისტოლეებით ულოცავს, უქადაგებს და შეამტკიცებს ღვთივრჩეულ სამწყსოს... საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ეკლესიისათვის.
როგორც, მაგალითად, საავადმყოფოებში თავს იყრის საერთო ჯანდაცვის სტატისტიკა, სამართალდამცავ ორგანოებში - დანაშაულთა მონაცემები, განსხვავებულ სამინისტროებში მრავალფეროვანი შემაჯამებელი ანგარიშები, ასევე, ეკლესიაში კარგად ჩანს და აისახება ერის სულიერი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, უწმინდესი საყდრის საჭეთმპყრობლის ეპისტოლეები უმნიშვნელოვანესი სულიერი გზავნილია, რომელიც სულიერ დანაშაულებს, სულიერ ავადმყოფობებს ებრძვის და ამხელს, ხოლო ერის სულიერ-კულტურულ დონეს ამდიდრებს და უფალთან მიმაახლებელ სიმაღლეზე აჰყავს.