2010 წლის 12 დეკემბერს, წმინდა აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს, საზეიმო წირვის შემდეგ მონასტერში მოაბრძანეს 40 წმინდანის ნაწილი, რომელიც რუსეთიდან ჩამოაბრძანეს. ეს წმინდა ნაწილები დაბრძანებულია ნეკრესის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.
საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიამ წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი მღვდელმთავრის ხსენების დღედ დააწესა 29 ნოემბერი (ახალი სტილით 12 დეკემბერი).
ღვთის განგებით და წმინდა აბიბოს ნეკრესელის ზეციური ლოცვა-კურთხევით, 1997 წლის შობის მარხვაში, საუკუნეთა შემდეგ აღსდგა ნეკრესის ეპარქია. 2000 წლის 7 იანვარს კი განახლდა და აღდგა ნეკრესის მამათა მონასტერი.
ქართველი ერი ყოველთვის ღირსეულ პატივს მიაგებდა წმინდა მღვდელმთავარს და განსაკუთრებულად აღნიშნავდა მისი ხსენების დღეს. ნეკრესის მამათა მონასტერში არასდროს შენელებულა მლოცველი მრევლის მსვლელობა და წმინდა მღვდელმთავრის თაყვანისცემა. ამიტომაცაა, რომ დღესაც ასე დიდია მისი მეოხება მისდამი მვედრებელთა მიმართ. დღესაც მრავალ სასწაულს და შეწევნას იღებენ მისდამი მვედრებელი ქრისტიანენი.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევითა და ნეკრესელი მიტროპოლიოტი სერგის (ჩეკურიშვილი) ძალისხმევით 2000 წელს აღდგა წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელის სახელობის მამათა მონასტრის სულიერი ცხოვრება. იმჟამად მონასტრის ძმობაში შედიოდა ერთი მღვდელმონაზონი და ოთხი მორჩილი. ღვთის შეწევნით მონასტრის საძმო გაიზარდა.
2004 წელს ნეკრესელი მიტროპოლიტის - სერგის კურთხევითა და შეწევნით, ნეკრესის ქვედა მონასტერთან აშენდა წმინდა აბიბოს ნეკრესელის სახელობის ტაძარი. 2009-2010 წლებში მეუფე სერგის მოღვაწეობითა და საქართველოს მთავრობის დახმარებით, აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა მონასტერში არსებულ ისტორიულ შენობა-ნაგებობებს; კეთილმოეწყო მონასტერთან მისასვლელი გზა; აშენდა ბერების საცხოვრებელი სახლი.
მონასტერში ყოველდღიურად აღესრულება წირვა-ლოცვა, პარაკლისი და დაუჯდომელი წმინდა აბიბოს ნეკრესელისა, პანაშვიდი მიცვალებულთათვის.
მონასტერში წერენ კანონიკურ ხატებს. აკეთებენ ფიჭისგან სანთლებს და ნახშირებს ლიტურგიისათვის. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, სადაც მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული.