24.10.2013
ათონის მთიდან, წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწე ქართველმა ბერმა, ერმოლაოსმა (ჭეჟია), სასიხარულო ამბავი გვამცნო:
"მინდა გაგიზიაროთ ჩემი უდიდესი სიხარული: ათონის წმიდა მთაზე, 80-წლიანი პაუზის შემდეგ, უწყვეტი ქართული წირვა-ლოცვა აღდგა! 21 სექტემბერს, დედა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, სიმონ-პეტრას მონასტრის კუთვნილ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სენაკში ოთხმა ქართველმა ბერმა დაიდო ბინა და დაიწყო უწყვეტი ღვთისმსახურება. ეს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა! უკანასკნელად უწყვეტი წირვა-ლოცვა ქართველი ბერების მიერ აღესრულებოდა პანტელეიმონის მონასტრის კუთვნილ წმინდა სტეფანეს სახელობის სენაკში, რომელსაც 1919 წელს ივერონის მონასტრის სენაკიდან გამოყრილმა 17-მა ქართველმა შეაფარა თავი. სამწუხაროდ, 1932 წლის 4 სექტემბერს (ძვ. სტილით) ამ სენაკს ხანძარი გაუჩნდა, რომელმაც იმსხვერპლა რამდენიმე ბერი, სრულიად დაიწვა ბიბლიოთეკა და არქივი. მას შემდეგ ათონზე ქართულ ენაზე უწყვეტი წირვა-ლოცვა ბერებს აღარ აღუვლენიათ. გილოცავთ, ჩემო მეგობრებო, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ დიად მოვლენას და ყველას გთხოვთ, ვილოცოთ ერთად ახალ ქართულ სავანეში მოღვაწე ბერებისთვის: წინამძღვარი - არქიმანდრიტი გრიგოლი (თოიძე). საძმო: მღვდელ-მონაზონი ეგნატე (გოგალაძე), ბერი მალაქია და მორჩილი დავითი. დედაო ღვთისავ, შეეწიე ჩვენს ძმებს, რომ ღირსეულად ადიდონ უფალი ჩვენი იესო ქრისტე! უფალო, კაცთმოყვარეო, გევედრები, შეისმინე მათი ლოცვა და გააერთიანე და ააღორძინე ჩვენი სამშობლო - საქართველო".