"კარიბჭის" მკვითხველს ახლახან შევთავაზეთ ჭიათურაში მდებარე მღვიმევის დედათა მონასტრის მცირე ისტორიული ცნობები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. მადლიერების წერილებიც მრავლად მივიღეთ.
როგორც "ჭიათურა ნიუსისგან" შევიტყვეთ, მღვიმევის დედათა მონასტერს ახალი სამონასტრო კომპლექსი დაემატება. მონასტერი ზემო იმერეთში, ჭიათურის მახლობლად სოფელ მღვიმევში მდებარეობს. იგი ციცაბო კლდეებში ბუნებრივი გამოქვაბულის პირას დგას. ლიტერეტურაში მღვიმევის მონასტერი მხოლოდ XVIII საუკუნიდან იხსენიება.
გარდა დიდი ეკლესიისა, მღვიმევის გამოქვაბულში მოთავსებულია ნახევარზე მეტად კლდის მასივში შეჭრილი მცირე ზომის სამლოცველო. ეკლესიის ქვეშ კამარით გადახურული ხელოვნური გვირაბია გაკეთებული, რომელიც თავის დროზე, ჩანს მონასტრამდე მისასვლელ საიდუმლო გზას წარმოადგენდა.
მღვიმევის მონასტრის მთავარი ეკლესია არის უგუმბათო, ორნავიანი. ეკლესიას ცხრა სარკმელი აქვს: შვიდი თაღოვანი და ორი მრგვალი. იატაკი ეკლესიაში ქვისაა. XIII საუკუნის მეორე ნახევარს უკავშირდება მღვიმევის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიაც. მღვიმევის ფასადების მორთულობა ნიკორწმინდაში მოცემული მხატვრობის გადმოღებაა.
ცნობილია, რომ მღვიმევის ფრესკული მხატვრობის ძველ ფენაში წარმოდგენილი საერო პირები, წარწერების თანახმად მღვიმევის აღმშენებლები, რაჭის ერისთავები - ძმები რატი და ნიანია კახაბერიძეები არიან. XIII საუკუნეში მათ ყვირილის ხეობაში ააგეს საგვარეულო ეკლესია და სურვილი ჰქონდათ, მიემსგავსებინათ ნიკორწმინდის ტაძრისთვის. დღეს კი მღვიმევში მონასტერია დაფუძნებული და დედების მიერ აღვლენილი ლოცვა მომლოცველებს დიდ ნუგეშს აძლევს.
ვისაც გსურთ უფრო ვრცელი ინფორმაცია მიიღოთ მონასტრის შესახებ, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ გასულ მასალებს.
მღვიმევის ულამაზესი მონასტრის დედების მიერ აღვლენილი ლოცვა, მომლოცველებს დიდ ნუგეშს აძლევს